Monday, October 25, 2010

,,სამოთხის გვრიტები" მონაწილეობენ აკაკის კვირეულში.....

აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკის“ შესწავლის შემდეგ დავინტერესდით , ბიძინა ჩოლოყაშვილის გვარით.....
     ჩოლოყაშვილები – Cholokashvili
ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ერთი რამ კი ცხადია, რომ ეს გვარი წარმოსდგება ,,ჩოლოხას” ანუ ,,ჩოლოყას” სახელისაგან. ხევსურეთში გახეიბრებულ კაცს დღესაც ,,ჩოლეხის” ეძახიან. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შესახებ ი. მაისურაძე წერს: ,,ჩოლოყაშვილი, საკ. სახ. ჩოლოყა, ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი იტყვიან ირუფაქიძობას”. ელ. მეტრეველს კი მიაჩნია, რომ ჩოლოყაშვილთა ფუძემდებელი შეიძლება ყოფილიყო XVI ს. დამდეგით დათარიღებული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებული ჩოლოყა.
პ. იოსელიანი წერს, რომ ისტორიაში უცნობია ამ გვარის მოძრაობა ძველი საწყისიდან, მაგრამ გვაროვნული გადმოცემები გვატყობინებს, რომ მეფის დრომ და არეულობამ ისინი ხევსურეთის მთებში გადაისროლა, შემდეგ კი მუცოდან, ხევსურეთის ადგილიდან, კვლავ გადასულან მატნის ხეობაში, კახეთში, სადაც არსებობს ეკლესია და ხატი ღვთისმშობლის ცხრაკარას სახელწოდებით. პ. დოლგორუკის მიხედვით, თავად ჩოლოყაშვილთა წინაპრები 1320 წლამდე დაღესტანში, გიმრის ოლქის მფლობელები იყვნენ. ლეკების განუწყვეტელი, შემაშფოთებელი და ხშირი თავდასხმების გამო, მათ მიიღეს მართლმადიდებლური სარწმუნოება და საქართველოში გადასახლდნენ.
მეფე გიორგი V მათ უბოძა კახეთში არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამქრალი თავადური გვარის ირუფაქიძეების მფლობელობა. ერთი შტო კი თავადი ჩოლოყაშვილების გვარისა ისლამური დარჩა და ელისუის სულთანების სახელწოდებით ელისუის ოლქს ფლობდნენ 1843 წლამდე. აქ მოკლედ უნდა შევნიშნოთ, რომ დაღესტნის გარკვეული ნაწილი ამ პერიოდისათვის საქართველოს ემორჩილებოდა, ბუნებრივია, შესაბამისი ოლქების მფლობელები გარკვეული აზრით ქართველები იქნებოდნენ, ისიც მთის მოსახლეობიდან, გარდა ხევსურობისა ჩოლოყაშვილთა სხვა ქართველობას გამორიცხავს გადმოცემები, სათანადო ფოლკლორული მასალა, მათი მუცოში ცხოვრება, ავბედითობის ჟამს ხევსურეთში ყოფნა და ა.შ. რაც შეეხება მე-19 საუკუნეში ჩოლოყაშვილთა ერთი შტოს კიდევ დაღესტანში თავადურ არსებობას, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მუცოს რეზიდენციასთან. იგი ამ დროისათვის ფლობდა დაღესტნის ტერიტორიას, რომელსაც ხევსურები განაგებდნენ. ესეც რომ არა, ზოგიერთი ლიტერატურული წყაროსა და სათანადო მასალების მიხედვით ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მომდინარეობს, რასაც, გარკვეული გაგებით, არც ზემოთ დასახელებული ლიტერატურა ეწინააღმდეგება.
ხევსურეთში შემორჩენილი ზეპირი ინფორმაციის თანახმად, ჩოლოყაშვილთა გვარი კახეთში მუცოდან გადასახლებულმა ერთი ხეიბარი კაცის შთამომავლებმა შეჰქმნეს. ამ კაცის ბარში გადასახლება გარკვეულად გამოიწვია ობიექტურმა პირობებმაც. გადმოცემის მიხედვით, მას ჰყავდა ძმები, რომლებსაც მიწების სიმცირის გამო უკმაყოფილება მოსდიოდათ მამულის განაწილებაზე. ხევსურეთში სხვა დასასახლებელი ადგილიც არ იყო, ამდენად არსებობის გარკვეული პირობების დასაკმაყოფილებელი საშუალება რომ ეშოვა და ძმებს შორის უკმაყოფილებაც არ ყოფილიყო, ამ ხეიბარ კაცს გადაუწყვეტია კახეთში გადასახლება – მატნის ტერიტორიაზე, რომელიც მეფეს ხევსურებისათვის ჰქონდა ნაბოძები, გადასახლებულა კიდეც. მას სახელად ,,ჩოლოყას” ეძახდნენ და მისმა შთამომავლობამაც ჩოლოყაშვილთა გვარი მიიღო.
აღნიშნული ინფორმაციის ჭეშმარიტებას ადასტურებს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობრისა და თანამებრძოლის ალ. სულხანიშვილის ნაშრომი ,,მოგონებები შეფიცულთა რაზმზე”, სადაც წერია: ,,ხევსურეთი კარგად იცნობდა ჩოლოყაანთ გვარს მამა-პაპიდან. იქ დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, რომ ჩოლოყაშვილები ხევსურთა ჩამომავალნი არიან. ამ ლეგენდის თანახმად ბრძოლაში დაჭრილი ერთი სახელგანთქმული ხევსური დაკოჭლებულა; ამიტომ ,,ჩოლოხა” დაურქმევიათ მისთვის, ხოლო მეფეს კი თავადობა უბოძებია ქველობისათვის და ის ბარში დაუსახლებია, იქ, სადაც ჩოლოყაანთ ციხეა სოფელ მატანში.
ამგვარად, როგორც ჩანს, ჩოლოხა ხალხს გადაუკეთებია ჩოლოყაშვილად.” თვით ჩოლოყა კი ირუფაქიძეთა გვარის მფლობელი იქნებოდა, რადგან ჩოლოყაშვილთა წინაპრებს მეფემ ირუფაქიძეთა გვარი და ადგილ-მამული უბოძა. ჩოლოყაშვილთა ხევსურულ წარმომავლობაზე მეტყველებს ისიც, რომ მუცოში არსებობს ჩოლოყაანთ ნაციხარი, ამასთან ერთად, როგორც ახმეტის რაიონის სოფ. ბუღაანის მემკვიდრეებისაგან მომისმენია, ჩვენი ამ მთიან და მწირ მიწაზე დასახლება განაპირობა ჩოლოყაშვილთა წინააღმდეგობამო, რომლის შინაარსი ჩვენს წინაპრებს დროზე არ სცოდნიათო.
როცა მეფის მთავრობას მათთვის ბარში ჩამოსახლების უფლება დაურთია (კერძოდ, მატნის მიმდებარე ტერიტორიაზე), ჩოლოყაშვილები წინააღმდეგი წასულან.. მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მათ შეშინებიათ, ჩამოსახლებულებმა რომ გაიგონ ეს მიწები მეფის მიერაა ხევსურებისათვის ნაბოძები, მამულებს მოგვეკიდებიანო. უფრო მეტიც, ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ძირითად დასაყრდენად ხევსურეთს მიიჩნევდა. იგი როდესაც სოფ. ხახმატის ჯვარში მივიდა, ერთ-ერთი მოხუცი ქაქუცას მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა ახედ-დახედა და უთხრა: ,,შენ ქაქუცაო იმად ხარ კარგი ვაჟკაცი, რომ ჩვენი სისხლისა ხარო”.
ბიძინა და ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილთა გვარის სახელოვანი წარმომადგენლები არიან. ბიძინა XVII საუკუნეში ცხოვრობდა, ქაქუცა- XX-ში. ბიძინა ახმეტიდანაა. ახმეტაში, ჯვარპატიოსნის ეკლესიასთანაა მათი საძვალე, საგვარეულო კოშკი და ნანგრევებად ქცეული სასახლე. ქაქუცა კი მატნიდან იყო. იქ არის მათი საგვარეულო ეკლესია და ციხე-სიმაგრე. ჩოლოყაშვილები ცხოვრობდნენ ასევე ლალისყუში, ბაკურციხეში, ხაშმში და სხვაგან. ბიძინა და ქაქუცა იმ კუთხიდან იყვნენ, რომლის შესახებაც თქმულა ,,ომი და ლხინი კახისა, მოსაწონია კაცისა”.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი ირბაქიძეობას იტყვიანო. 1625 წელს მარაბდის ბრძოლას სხვებთან ერთად შვიდი ძმა ჩოლოყაშვილიც შეეწირა. ჩოლოყაშვილებიდან ზოგიერთებს დავასახელებთ: XVI საუკუნე, გარსევანი-– პოემა ,,ხილთა ქების” ავტორი. მის სახელს უკავშირდება რუსთაველის ლექსის მეტრის შეცვლა. გარსევანმა ავ გიორგი II-ის შვილი ლევანი გახიზნა და 1618 წელს გაამეფა. შერმადინი კი ქეთევან წამებულმა თავის შვილს-– თეიმურაზს შაჰ-აბასთან გააყოლა. საქართველოში დაბრუნებისას შერმადინის ხელის შეწყობით 1621 წელს თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ დაიწყეს ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ნიკოლოზი (ნიკიფორე ირბახი) თეიმურაზ I-მა დიპლომატიური მისიით ევროპაში მიავლინა. 1629 წელს ნიკიფორემ იტალიაში დაამზადებინა ქართული შრიფტი და დააბეჭდინა თავის მიერ შედგენილი ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონი” და ,,ლოცვანი. იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის წინამძღვრობისას ნიკიფორემ მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტი მოახატინა.
არაგვის საერისთავოს გამგებელი ჯიმშერი 1747 წელს ერეკლე მეორესთან ებრძოდა აბდულა ბეგს, რის შედეგადაც ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლეს თბილისის ციხეები. პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი დავითი ერეკლე მეორის მდივანბეგი იყო. XX საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი აგრონომ-მევენახე სოლომონი – ,,მევენახეობის”, ,,მევენახეობა-ამპეროლოგრაფიისა და სხვათა ავტორი. ჩოლოყაშვილებიდან, განსაკუთრებით გამოირჩევა წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილი. მან თეიმურაზ I აიძულა, რომ იგი ერწოს ასაღებად გაეგზავნა. 1648 წელს ერწოს აღებით ,,საცა იყო ბრძოლა ცემითა თოფითა ძლიერი, ვიდრე უკუდრეკენცა იგინი”, ბიძინამ მეფეს თიანეთიც შეუნარჩუნა, თეიმურაზ I ერწო-თიანეთის გამგებელი გახდა. ეს მხარე იყო პლაცდარმი, საიდანაც ქართლის სამეფო პოლიტიკურ და კულტურულ ზეგავლენას ახდენდა კავკასიის მთიანეთზე. 1660 წელს გადაწყდა კახეთში 150 ათასი კომლი ელი ჩაესახლებინათ. 80 ათასი ოჯახის ჩასახლების შემდეგ მათზე ამბობდნენ:
ახმეტას სხედან თათრები,
სიტყვას ამბობენ ძვირსაო:
,,ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,
შიგ ჩავასახლებთ/ელსაო”.
ვენახის ჩაჭრა და შიგ ელების ჩასახლება კახეთის მოსპობას ნიშნავდა. სახლთუხუცესმა და სუფრაჯმა ბიძინამ თურქმან-ელებისაგან კახეთის განთავისუფლებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი ფეხზე დააყენა. აჯანყებაში ერისთავების ჩასართველად ბიძინამ თავისი სიმამრი – არაგვის ერისთავი ზაალი აჯანყების მეთაურად დაასახელა, ქსნიდან – შალვა და ელიზბარ ერისთავები, თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან – ზეზვა გაფრინდაული, ნოდარ ხოშარაული და გოგოლაური. 1660 წლის კახეთის აჯანყებას ბიძინა ხელმძღვანელობდა.
მისი სამხედრო ნიჭის გაბრწყინება იყო ის, რომ თავდასხმა ბახტრიონსა და ალავერდზე ისეთი სიზუსტით ჩატარდა, ციხე-სიმაგრეში გამაგრებული დამპყრობლები ბახტრიონიდან ალავერდისკენ, ხილო ალავერდიდან ბახტრიონისკენ გარბოდნენ. გზააბნეულნი ერთ ადგილას მიიმწყვდიეს. ა. საბინინის ნაშრომებში ,,საქართველოს სამოთხე” მოთავსებულ სურათზე ელიზბარი და შალვა თუ ჯვრებით არიან გამოსახული, ბიძინა ჯვართან ერთად შუბითაა დახატული. 1660 წლის აჯანყებით კახეთი გადაურჩა გადაშენებას. აჯანყებაში გამარჯვებული კახეთის მხსნელი გმირები, თავისი ერის აწიოკებისგან გადარჩენის მიზნით, სასიკვდილო განაჩენისთვის წავიდნენ ყარაღაჯში, მურთაზალ-ყულიხანთან. მან მძევლები ყაენს გაუგზავნა. წესის მიხედვით, ყაენმა აჯანყების მეთაურები კახეთში დაღუპულ ელთა ოჯახის წევრებს გადასცა.
მგლოვიარეებმა აღუთქვეს, მუსულმანობის მიღების შემთხვევაში სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ,,მაშინ დიდი მხნეობა გამოიჩინეს სამნივე ესე მოწამენი, უმეტესად ბიძინა ჩოლოყაშვილი, შეურაცხყო მაჰმადის რჯული და განამხნეობდა შალვასა და ელიზბარს და ეტყოდა, ნუ შეშინდებით, არამედ მივსცეთ თავი ჩვენი ქრისტესათვის სიკვდილსა. რამეთუ სიკვდილი უნებლიედ თანაგუაც და ვერავინ წიააღუდგების სიკვდილსა. აჰა, ჟამი ესე არს შესლვად სასუფეველსა შინა”. ელებმა ისინი საშინელი წამებით დახოცეს. ,,მახვილითა დაჭრეს იგინი ასოებად და დახვრიტეს, რომელიმე თოფითა და მახვილითა დაჭრეს”.
ბიძინა სპარსეთში მყოფ ევროპელ კათალიკოსებს დაუკრძალავთ. შემდეგ მადლიერმა ქართველებმა კახეთის აჯანყების მეთაურები საქართველოში – იკორთის ეკლესიაში გადმოასვენეს და მათი სახელები შარავანდედით შემოსეს – წმინდანებად შერაცხეს.

i

Rate This
Quantcast

Sunday, October 10, 2010

შოთა ნიშნიანიძე

 

,,სამოთხის გვრიტების“ საყვარელი პოეტია შოთა ნიშნიანიძე.ვეცნობით მის პოეზიას........... 

შოთა ნიშნიანიძე


ხვალე

ვახტანგ ჯავახაძეს

რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
– დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!

ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.

ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.

– ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია "ღალატის"!
– ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!

იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!


ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე, ხვალე და ხვალე!


შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,
მიდი თვალე და თვალე!

Friday, October 8, 2010

გაიცანით პოეტი გიორგი კეკელიძე

 ვეზიაროთ ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებას....
გიორგი კეკელიძე – “წითელი ოდა”
მოვიდა წითელი ბოშა.
ბრმა იყო წითელი ბოშა და
ხელებს ახელდა
და კამათელს ისროდა მზერასავით.
ვკითხე: რად მოხვედი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა?
მითხრა წითელმა ბოშამ:
მომეცი შენი ვერცხლის ძაფი
და კამათელი გეტყვის,
რომ ქარი შენი ზურგისაა,
გზები შენი პირისაა
და
მე დავუმალე ჩემი ძაფი
და
ბოშამ წყევლა დამიტოვა,
(ბოშა ჩრდილის გაღმა იდგა,
მზე მოეკიდა და
მოხრილი წავიდა…)
)თეთრ მთას იქით მეათასე ღამე გადავაგორე
და მაინც არ აივსო
ის უფსკრული მათი ლეშით(

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
… მაინც ვერ ავთვალე სხეულს წყევლა,
რელსებზე ხავსივით მოჭიდებულ,
ფარდით თვალდამუწულ გრძელ ვაგონზე
კოდალას ნისკარტით უკაკუნებს
წვიმა ცის ბუდიდან მოფრენილი,
სიზმრებს ჭიებივით ამომაცლის,
რომ თივაგათელილ ჯვალოსავით
დავიგო დამფრთხალი ძილი…
ქარი პირაქით მცემს,
გზებს კი ზურგის ჩრდილი
და მცემს ახდენილი ოცნებების
მოტკბო და უშენო სუნი.

. . . . . . . . . . . . . . . . . .
რად ბოშაო ჯავრიანო,
რად დამდე ჯადოს ბორკილი,
რად გამიხმე სიყრმის წლები..
აჰა, ჩემი ფეხით მოვსულვარ,
მარტო და სნეული მოვსულვარ,
ვერცხლის ძაფით მოვსულვარ
და ვერ მიცანი -
აჰა, მოვაბი ძაფი,
რას მომტირი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა,
ღარიბი ვარ, ტანტრე მქვია,
დამკარგა და ვეძებ ვირსა,
მოვაბი ძაფი წვრილი და არ მოვწიე,
ფუჭად მომღმუი და ფუჭად შემთხოვ,
ცრუდ მოვაბი ძაფი,
ცრუდ მოვაბი ძაფი ვერცხლისა და წვრილი,
არ მოვქაჩავ და არ მოგაცლი,
ცრუდ მოვაბი ძაფი -
შენი
მოსაცვლელი
კბილი
მოვატყუე

მოსწრებული სიტყვა-თქმანი. აკაკი

 დიდებული მგოსანი რომ შესანიშნავი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოებული,ყველასათვის ცნობილია....

აკაკის ნაკვესები

მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მომენტი აკაკის ცხოვრებიდან
აკაკიმ ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი მახვილი ენითა და სიტყვა პასუხით. მე გთავაზობთ რამოდენიმე მათგანს.
1. ერთი ნაცნობი შეეკითხა აკაკის:
- როგორ მოვიქცე, რომ არც მწვადი დავწვა და არც შამფურიო?
- ეგ ქუთაისის ბანკს უნდა ჰკითხოთ, რომელიც ამდენი ხანია კიდეც მაძლევს პენსიას და არც მაძლევსო!
2. აკაკი ერთხელ ”ივერიის” რედაქციაში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა. ხელში ხელის მომწერთა სია ჩაუვარდა. გადაშალა და სწორედ ისეთ გვარებს წააწყდა, რომლებიც ”ძ”-ით იწყებოდა.
- ძილამდე ჩასულა ”ივერიის” რედაქციაო,-იხუმრა აკაკიმ.
3.”დროების” რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზედ ლაპარაკობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც ”ლელოს” ფსევდონიმით წერდა ”დროებაში”.
ამ დროს რედაქციაში შემოვიდა აკაკი და შეუტია მეუნარგის:
- სუ, ლელო!
4. ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: ”თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო”. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა:
- რამე როგორ გაატარეო?
- რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე კიდევ ლექსებმაო,- მიუგო აკაკიმ.
5. ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:
- ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?
- შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო,- მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.
6. საბანკო არჩევნების დროს ზოგიერთი კენჭოსანი ყვიროდა:”კენჭი მოგვეცით, კენჭი! კენჭმა უნდა გაგვასწოროსო”!..
- ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი, ან ლოდს და დაიშურებს თქვენთვისო,- მიაძახა აკაკიმ.
7. ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.
- ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზეო?
- იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებითო!- მიუგო აკაკიიმ.
იმედია ცოტა მაინც დაგაინტერესათ და წაიკითხეთ
წყარო: წიგნი ”აკაკი ნაკვესები” და ჩემი ხელები

თხზულებების კონკურსი

მოსწავლეებმა შეადგინეს ჟურნალი,რომელიც აკაკის 170 წლისთავს მიეძღვნა და , რომელშიც მათი ნაწერებია შესული...........

აკაკი-170

აკაკი წერეთლის დაბადების 170 წლისთავისადმი                                     მიძღვნილი კვირეული:


1. შეკრება საფიხვნოში თემაზე:
          ,,აკაკი მოძღვარი, დამრიგებელი, მნათე                                                                      მომავლის...”
2. აკაკი-ხალხური მარგალიტების შემკრები,                     
              გამომზეურებელი, გამომყენებელი...
3.აკაკის ნაკვესები- ,,მოსწრებული სიტყვა-თქმანი”.
4.ფილმების ჩვენება.
5.თხზულებებისა და ნახატების კონკურსი.