Wednesday, April 11, 2012


ილიას ნატერფალზე








რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები /ისტორიული ექსკურსი/ 1. გიორგიევსკის ტრაქტატი მე-15 საუკუნეში ქართული სამეფო-სამთავროთაგან კახეთი იყო პირველი, რომელმაც რუსეთის სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გააბა. ეს მოხდა 1483 წელს, როდესაც კახთა მეფე ალექსანდრე გიორგის ძემ ელჩობა მოავლინა რუსეთში. რუსული ორიენტაცია კახეთის მეფეების საგაერო-პოლიტიკური ხაზის არსებითი ელემენტი გახდა. ეს პოლიტიკა იმედების მხრივ მეტად ილუზიური, ხოლო რეალური შედეგების მხრივ, კი ძალზე ხშირ შემთხვევაში, ტრაგიკული იყო, რადგან რუსეთს მოპატიჟება სამხრეთ კავკასიაში ერთობ უარყოფითად აღიქმებოდა ირანისა და ოსმალეთის მიერ. ჯოხი კი ქართულ სამეფოებზე ტყდებოდა. ამ პოლიტიკის ლოგიკური დაგვირგვინება იყო 1783 წელს გიორგიევსკის ტრაქტატი. ამ დოკუმენტის თანახმად, ერეკლე II თავისი მემკვიდრეობის სახელით უარს ამბობდა ნებისმიერი სახელმწიფოს მფარველობაზე და მხოლოდ რუსეთის იმპერატორის უზენაესობას აღიარებდა. გიორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ავარდა ახალი მძლავრი ანტიქართული ტალღა მუსლიმანურ სახელმწიფოებსა და ხალხებში. 1785 წელს ხუნძახის მფლობელი ომარ_ხანი 20000-იანი ლაშქრით შემოესია ქართლ-კახეთს. ერეკლე იძულებული გახდა ომარ ხანისთვის ერთდროულად 10000 მანეთი მიეცა და ყოველწლიურად 50000 მანეთის გადახდა ეკისრა, ანუ ეყიდა მშვიდობა. 1795 წელს შაჰი აღა-მაჰმად-ხანი შემოესია აღმოსავლეთ საქართველოს. მიუხედავად კრწანისის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა, ქართველები დამარცხდნენ რიცხვმრავალ მტერთან. Mმტერმა აიღო თბილისი, მოედვნენ ქართლ-კახეთს. გიორგიევსკის ტრაქტატის პირობების თანახმად, რუსეთს უნდა დაეცვა თავისი მოკავშირე, მაგრამ მას Gამისათვის არაფერი გაუკეთებია. 2. რუსეთის მიერ საქართველოს I ანექსია რუსეთი ელოდა მომენტს და ასეთი მომენტიც მალე დადგა, როდესაც გარდაიცვალა ქართლ_კახეთის უკანასკნელი ხელმწიფე გიორგი XII, რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა კავკასიის ხაზის სარდალს, კრონინგს დაავალა გიორგი XII -ის მემკვიდრის ტახტზე ასვლა არ დაეშვა. 1802 წლის 12 აპრილს რუსეთის ჯარებით გარშემორტყმულ სიონის ტაძარში რუსეთის ახალი იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტი გამოაქვეყნეს და დამსწრე საზოგადოება ძალით დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულად ცხადდებოდა. ის, რაც ვერ გააკეთეს საუკუნეების მანძილზე რომაელებმა, ბიზანტიელებმა, სპარსელებმა, არაბებმა, მონღოლებმა და თურქებმა რუსეთის იმპერატორის ერთი ბრძანებით იქმნა გაუქმებული. 1801-1802 წლებში რუსეთმა დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო. 1802 წელს რუსეთის იმპერატორმა შექმნა დებულება ”საქართველოს მმართველობის შესახებ”. იმავე წლის მაისში თბილისში მოქმედება დაიწყო რუსეთის მმართველობამ. რუსეთმა საქართველოში კოლონიური პოლიტიკა გაატარა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საქართველოში ანტირუსული ძალების დასუსტება და განადგურება, ეკონომიკის ხელში ჩაგდება, გარუსება და საქართველოს შესვლა იმპერიის საზღვრებში. 1802 წელს კახეთის თავადები არ შეურიგდნენ რუსულ კოლონიურ პოლიტიკას და აჯანყდნენ, რაც დიდ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. ამ აჯანყებამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, მაგრამ რუსებმა მაინც შეძლეს საქართველოში თავიანთი მმართველობის დამყარება. 1832 წელს მოეწყო შეთქმულება, რომელიც, მართალია, ჩაიშალა, მაგრამ საფუძველი ჩაუყარა მე-19 საუკუნის სამოციან წლებში დაწყებულ ეროვნულ მოძრაობას. ამ მოძრაობას სათავეში ”თერგდალეულები” ედგნენ. მათ სამოციანელებსაც უწოდებდნენ. ესენი იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა. ეროვნული ცნობიერების გაძლიერების, ეროვნული კონსოლიდაციის მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მის გადარჩენას. ილია ამბობდა: ”სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან: ენა, მამული, სარწმუნოება. თუ ამათაც ვერ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით და რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას.” თერგდალეულთა მოღვაწეობის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მათ შეძლეს ქართველების და საქართველოს გადარჩენა. და აი, 1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს 4 საათსა და 50 წუთზე საქართველოს ეროვნულმა სააბჭომ დაამტკიცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ამიერიდან საქართველო სრულუფლებიანი დემოკრატიული სახელმწიფოა. მაგრამ დიდი ხანი არ დასცალდა ქვეყანას დამოუკიდებლობა. საბჭოთა რუსეთმა ახალი აგრესია მოამზადა ჩვენი სამშობლოს მიმართ და კიდეც განახორციელა. 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დაპყრობის შესახებ. საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმია უნდა შემოსულიყო, ვითომდა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველოს მშრომელების დასახმარებლად. 1921 წლის 11 თებერვალს, ლორეს რაიონში, რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული აჯანყება. გეგმის მიხედვით 16 თებერვალს ქართველი ბოლშევიკებისგან შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი(რევკომი). 16 თებერვალს საქართველოს რევკომმა დახმარების თხოვნით მიმართა საბჭოთა რუსეთს. საბჭოთა რუსეთის აგრესია მაინც ვერ შეინიღბა. მე–11 არმიამ საქართველოს საზღვრები 1921 წლის 16 თებერვალს გადმოლახა, ხოლო საქართველოს თხოვნა მოსკოვში ერთი დღის შემდეგ 17 თებერვალს გაიგზავნა. ასე დაიწყო რუსეთ–საქართველოს ომი. 3. რუსეთის მიერ საქართველოს II ანექსია 1921 წლის 15 თებერვალს სომხეთში მდგარი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები საქართველოში შემოიჭრნენ. საქართველოს თავს დაესხნენ აზერბაიჯანში დაბანაკებული მე–11 არმიის ნაწილებიც. საბჭოთა რუსეთმა კიდევ ორი მხრიდან შეუტია საქართველოს: სოჭის რაიონიდან აფხაზთში და ჩრდილო კავკასიიდან, მამისონის უღელტეხილიდან ქუთისისკენ. 1921 წლის 15-16 თებერვლიდან საქართველოს ჯარებმა საზღვარზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ დაიხიეს. 18 თებერვალს დაიწყო მე–11 წითელი არმიის იერიში თბილისზე. ქართული ჯარის სახალხო გვარდიის და მოქალაქეთა ნაწილების თავგანწირული წინააღმდეგობის შედეგად მტერი უკუგდებული იქნა. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სასწავლების კურსტანტებმა. 24 თებერვალს შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რადგან მტერმა შევსება მიიღო, ქართულ ჯარს კი რეზერვები არ გააჩნდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე–11 წითელი არმიის ნაწილები თბილიში შემოვიდნენ, ხოლო დემოკრატიული საქართველოს მთავრობა ბათუმში გადავიდა. შექმნილ ვითარებაში, 1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ემიგრაციაში წასვლისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უცხოეთიდან გაგრძელების შესახებ. იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ, ნოე ჟორანიას თავმჯდომარეობით, ასევე დამფუძნებელი კრების წევრების ნაწილმა ბათუმი დატოვეს და ემიგრციაში წავიდნენ. ამრიგად, 1921 წლის თებერვალ–მარტის ომი რუსეთთან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მარცხითა და ქვეყნის ოკუპაციით დამთავრდა. საქართველოში დამყარდა სოციალისტური წყობილება. 1921 წელს პარტიზანული რაზმი ჩამოყალიბდა. კახეთსა და ხევსურეთში აჯანყების ორგანიზებას შეუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მგრამ ეს აჯანყება სისხლში ჩაახშვეს. ქაქუცა შეუერთდა ქართველ ემიგრანტებს.დაიწყო საშინელი ტერორი და მოსახლეობის წმენდა. გაანადგურეს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი და მოწინავე გლეხობა. საბჭოთა სისტემამ კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაულები ჩაიდინა. მთელ საბჭოთა კავშირში რეპრესიებს სულ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის იყვნენ ქართული კულტურის ბრწყინვალე წარმომადგენლები: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავა იხიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე, პეტრე ოცხელი, სანდრო ახმეტელი, დიმიტრი შევარდნაძე. განმათავისუფლებლის მისიით შენიღბულმა საბჭოთა ხელისუფლებამ მე–2 მსოფლიო ომის დროს დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ეთნიკური წმენდა მიუწყო მრავალ ერს, ხოლო 30–იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ჰიტლერის ფაშისტურ რეჟიმთან. ეს ორი მონსტრი სახელმწიფო ერთობლივი გეგმით ახორციელებდა მსოფლიოს გადანაწილებას. ერის საუკეთესო მამულიშვილები არ ეგუებოდნენ წითელ ტერორს და ახალი დისიდენტური მოძრაობით იბრძოდნენ ქვეყნის გათავისუფლებისათვის. ამ მოძრაობას სათავეში ედგნენ დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ეროვნულ-განმათავისუფ� �ებელი მოძრაობის ყველაზე ამაღლებული და ტრაგიკული ფურცელი 1989 წლის 9 აპრილს ჩაიწერა. ამ დღეს ქართველი ხალხი მშვიდობიანი დემონსტრაციის გზით საქართველოს სსრ კავშირის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვდა. თბილისში მთავრობის სასახლის წინ მრავალათასიანი მიტინგი მოეწყო. მოშიმშილეები კიბეებზე იწვნენ. ღამით გაიცა ბრძანება მიტინგის დარბევის შესახებ. რუსთაველზე ტანკები შემოვიდნენ. ალესილი სასანგრე ნიშბებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა უიარაღო ხალხი დაარბია. იმ ღამეს 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 14 წლის იყო, ყველაზე უფროსი 73-ის. რუსეთის არმიამ გამოიყენა ნერვო-პარალიტიკური მხუთავი აირები, რომელთა მოქმედებას დღესაც განიცდიან იმ ღამით მოწამლულები. , 4. რუსეთ–საქართველოს III ომი 1990 წლის 28 ოქტომბერს ქვეყნის უმაღლესი საკანომდებლო ორგანოს უზენაეს საბჭოს ახალი, მრავალპარტიული არჩევნები დაინიშნა. ეს იყო ქვეყნის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა პოლიტიკურ პარტიათა ბლოკს ”მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”. ახლადარჩეულმა უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ 1990 წლის 14 ნოემბერს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია ზვიად გამსახურდია, ხოლო პრემიერმინისტრად – თენგიზ სიგუა. 1991 წლის 31 მარტს მოეწყო რეფერენდუმი. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უნდა ეპასუხა კითხვაზე: თანახმა იყო თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ კითხვას დადებითად უპასუხა. რაფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამრიგად, საქართველოში მშვიდობიანი გზით მოხდა საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია, რაც ეროვნული მოძრაობის სწორი ტაქტიკის შედეგი იყო. 1991 წლის 26 მაისს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საფუძველზე საქართველოს რასპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით ახალი ეტაპი დაიწყო ქართველი ერის ისტორიაში. რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრემ, საბჭოთა კავშირმა, შემდგომში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ, დსთ–ემ, დიდხანს ვერ აიტანა საქართველოს ჩამოცილება თავისი შემადგენლობიდან. წისასწარ დაგეგმილი პროვოკაციული ნაბიჯებითა და, სამწუხაროდ, ადგილობრივი აგენტურის აქტიური გამოყენებით, შეიარაღებული აჯანყების გზით დაამხო ახალგაზრდა დემოკრატია, ქვეყნიდან განდევნა კანონიერი ხელისუფლება და ომი წამოიწყო აფხაზეთში. განხორციელდა ქართველთა გენოციდი და ეთნიკური წმენდა. გაუგებარ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია. დაიწყო ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური განადგურებისა და 15 წლოვანი გაყინული კონფლიქტების პერიოდი. 2003 წლის 6 მაისს არაძალადობრივი მეთოდებით, მშვიდობიანად მოხდა სახელისუფლებო ცლილება საქართველოში. ვარდების რევოლუციის გზით მოსულმა ქვეყნის მთავრობამ ქვეყნის ორიენტაციის კურსი შეცვალა და გეზი აიღო ევროპული ინტეგრაციისკენ. დაიწყო სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მზადება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისათვის. ეს რუსეთისგან მისივე ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად იქნა აღქმული. საქართველოსთვის ,,მაპის ‘’ მინიჭების საკითხის დასმამ საერთაშორისო მასშტაბით, რუსეთის მოთმინების ფიალა აავსო. მან ისარგებლა კოსოვოსათვის დამოუკიდებლობის მინიჭებით და საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომი დაგეგმა. სამიზნე ახლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორია გახდა. ამ ომს უკვე უწოდეს რუსეთ–საქართველოს ხუთდღიანი ომი. ამდენად, რუსული კოლონიური პოლიტიკა, რომელსაც საფუძველს გეორგიევსკის ტრაქტატი უქმნის, დღესაც გრძელდება საქართველოში. 21-ე საუკუნეშიც ანალოგიურია ის ქმედებები, რაც რუსეთის მიერ განხორციელდა ჩვენს მიმართ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ტექსტზე მუშაობდნენ მოსწავლეები: თორნიკე შენგელია და ავთო გელხვიიძე კონსულტანტი; ისტორიის მასწავლებელი ანდრო ქინქლაძე

,,შუშანიკის წამება”.-ტესტური კითხვები:


1.რატომ მიდის ვარსქენი პეროზ მეფესთან?

2.ვისგან იგებს შუშანიკი ქმრის გამაზდეანების ამბავს?

3.რას ნიშნავს ,,სადიასპანოითა ცხენითა”?

4.რამდენი შვილი ჰყავს შუშანიკს?

5.ვინ არის სასახლის ეპისკოპოსი?

6.რას მიუხვდა შუშანიკი სპარს კაცს?

7.სად არის ნახსენები პირველად ავტორის სახელი?

8.რატომ მიდის ვარსქენი სანადიროდ?

9.რას ითხოვს ვარსქენი ცოლისაგან?

10.რომელ დაბაში ცხოვრობდა ვარსქენი?

11.რატომ არ აკარებს არაფერს პირს შუშანიკი პურობის ჟამს?

12.რატომ არ ასრულებს მცველი პიტიახშის ბრძანებას?

13.იცის თუ არა ვარსქენმა,რომ დედოფალთან ვიღაც შედის მოსანახულებლად?

14.რატომ ითხოვს ვარსქენი სამკაულებს ცოლისაგან?

15.რატომ აცვია დედოფალს პალეკარტის ქვემოდან ძაძა?

16.როგორ მოქმედებდა ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰერეთის მკაცრი ჰავა?

17.რამდენი წელი ეწამა დედოფალი?

18.რატომ არ იწმენდდა შუშანიკი სისხლს?

19.რას ნიშნავს სიტყვები: ,,ხუაშიადადრე”,,ატროშანი”,,კვირიაკესა”,,უაზნონი”,,ზეპურნი”. 20.როდის გარდაიცვალა შუშანიკი და სად დაასაფლავეს იგი?  

პროექტი ჩემი საყვარელი მწერალი ან პოეტი

მოკლე აღწერა საყვარელი მწერლის ან პოეტის გაცნობა აუდიტორიისათვის

ვრცელი აღწერა მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას საყვარელ მწერალზე ან პოეტზე,შეისწავლიან მის ბიოგრაფიას,გაეცნობიან მის შემოქმედებას,გააკეთებენ პრეზენტაციას მისთვის სასურველი ფორმით,გააცნობენ საზოგადოებას.

მონაწილეთა ასაკი 12-13 წელი ვადები,ხანგრძლივობა 2-3 კვირა შესაძლო აქტივობები • ინფორმაციის მოძიება,დახარისხება; • საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება; • კედლის გაზეთის გაკეთება; • სლაიდ-შოუზე მუშაობა; • პრეზენტაციის ორგანიზება. მოსალოდნელი შედეგები • შექმნილი კედლის გაზეთებით გამოფენის მოწყობა საკლასო ოთახში; • ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული თანატოლებისა და უფროსებისათვის; • სლაიდ-შოუს გაკეთებაში დახელოვნება; • ინტერესის აღძვრა; • მეტყველების ფორმების დახვეწა; • მოზარდის მკითხველად ჩამოყალიბებისადმი ხელშეწყობა.


სარგებელი სხვებისათვის მსმენელები კიდევ ერთხელ ეზიარებიან ნაცნობი თუ უცნობი შემოქმედის შემოქმედებას, ჩაებმებიან დიალოგში და შეაფასებენ მოსწავლეთა ნამუშევარს.მოსწავლეებისათვის ეს იქნება სტიმული, უფრო მეტ პროექტსი მიიღონ მონაწილეობა მომავალში, და , რაც მთავარია, ბევრი დაინტერესდება, გაეცნობა წარმოდგენილი მწერლის ან პოეტის შემოქმედებას, გაიზრდება წიგნის კითხვისადმი ინტერესი.

სამუშაო ენა ქართული საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი ქართველი და საზღვარგარეთელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედება.

ფასილიტატორი ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ლია ჩხაიძე  

თემა: ბედი და უბედობა ქვეყნისა და მამულიშვილისა -ნიკოლოზ ბარათაშვილი


სკოლა:ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა
კლასი:მე-11
მოსწავლე: სალომე ზურაბიანი
მასწავლებელი: ლია ჩხაიძე
2012 წელი



„მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია“, - არტურ შოპენჰაუერი. შეუძლებელია არ დაეთანხმო შოპენჰაუერის ამ გამონათქვამს. ადამიანები, რომლებიც არიან გენიოსები და, შესაბამისად, განსხვავებულები, არიან ყოველთვის მარტოსულები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ბედნიერები არიან... ბედი და უბედობა ადამიანის ცხოვრების თანამდევი მოვლენაა. ადამიანი იბადება და უბრალოდ, ან უნდა იყოს მასის რიგითი წარმომადგენელი, ან გენიოსი. თვალს ვავლებ რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნარ-ეკლიან ცხოვრების გზას და ვრწმუნდები, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც ცდილობდა რომ დარჩენილიყო საზოგადოების რიგით წარმომადგენლად, არადა მისი სული მაღალ მატერიაში საფრენად იყო გამზადებული. ღვთისაგან გაჩენილი ადამიანი მარტო არასდროსაა, უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მაშინ გრძნობს მარტოობას, როცა ვერ უგებენ... თუმცა ეს პრობლემა ბარათაშვილს არასდროს ჰქონია, მას ყველა ყოველთვის უგებდა, მაგრამ თავად იყო პიროვნება, რომელსაც სურდა თავისი ფიქრები და გულისტკივილი ნაკლებად მოეხვია სხვისთვის თავზე. ჩემი აზრით, პოეტის განსხვავებულობა, ამაღლებულობა, გონებრივი თვალით სხვაგვრი ხედვა იყო მიზეზი მისი სულიერი ობლობისა. მიუხედავად ამისა, ბიოგრაფები და თანამედროვეები მას მხიარულ ახალგაზრდად გვიხატავენ, დამცინავ, გონებამახვილ, კარგ მოცეკვავედ, თარისა და ჭიანურის დამკვრელად, ქალების მოტრფიალედ, მეგობართა წრის სულად და გულად. პოეტი თავის ლექსებსა და კერძო მიწერ-მოწერაში გვევლინება პესიმისტ, სკეპტიკოს ადამიანად. სხვა რომანტიკოსებთან შედარებით, ბარათაშვილი უფრო პათეტურია, მაგრამ უფრო ღრმაც. მას ახასიათებს ნათელი აზროვნება, შინაარსისა და ფორმის ჰარმონიული მთლიანობა. ძირითადი იდეა, რომელიც გაისმის მის პოეზიაში არის პესიმისტური განცდა ცხოვრების ამაოებისა, ადამიანის მისწრაფებათა უნაყოფობისა, ჩივილი სულიერი ობლობისა, სამყაროს მოსალოდნელი დაშლისა. ეს არსებითად მეტისმეტად განყენებული იდეაა, მაგრამ პოეტმა შეძლო მისი დაკავშირება ღრმა პირად განცდებთან და ლირიკული პეიზაჟის გარემოცვასთან. ბარათაშვილი ხომ არა მხოლოდ გენიალური შემოქმედი, არამედ მართლაც განსაკუთრებული ინტელექტუალური და ემოციური თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. თავისი სულიერი წყობით იგი გაცილებით მაღლა იდგა თანამედროვეებზე, და სწორედ ამის გამო, ასე მწვავედ განიცდიდა საკუთარ „ობლობას“ ადამიანთა შორის. ეს მარტოობა მისთვის იყო არა ლიტერატურული პროზა, არამედ ნამდვილი ჯვარი, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ატარებდა. ბედი და უბედობა ერთგულ მეგობრად აედევნა მარტოსულ პოეტს და ერთის იმედად არასოდეს ყოფილა. არც უბედობა ტოვებდა და არც ბედი ახარებდა სამუდამოდ. ცხოვრების ზღვაში შესულს ისე უტევდა ძლიერი ტალღა, თითქოს მისი გაწირვა და დაღუპვა განეზრახოს... პოეტიც არ ნებდებოდა... ის ხომ სულით ძლიერი და მეამბოხე ადამინია... „არა ბედთან შეგუება, არამედ ბრძოლა“ - ეს იყო მსი დევიზი... ყველაფერში გარკვევა კი უნდოდა. სურდა ყველაფრისათვის დაერქმია საკუთარი სახელი. სიკეთეს სიკეთედ აღიქვამდა, ბოროტებას - ბოროტებად... იდუმალი ხმა კი არ ასვენებდა, ჩასძახოდა და არიგებდა: „ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვო შენი სამშვენი...“ ვერ იპოვა მან შესაფერისი ადგილი ამ წუთისოფელში... უბედობამ იქედანვე დარია ხელი, გიმნაზიის კიბიდან რომ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა... თვალწინ დაიმსხვრა სამხედრო კარიერაზე ოცნება... ოცნებების მსხვრევა არა ახალია მისთვის, ნაცნობია... ვითომ არ კმაროდა, დატყვევბული სამშობლოს წუხილი რომ უკლავდა გულს, პირად სიყვარულში გაუმართლებლობამაც მოუკლა გული... თვალებში ჩახედა, დაუპირისპირდა იმ ბოროტ სულს, რომელიც კეთილ ანგელოზად ეჩვენებოდა, სინამდვილეში კი, გზას უბორკავდა, უხლართავდა და გასაქანს არ აძლევდა: „განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო სულო ბოროტო“- ეს არის პროტესტის გრძნობა... ეს არის უნარი, რომელიც აძლევს ძალას, წინ აღუდგეს უმსგავსობას, უსამართლობას, უმეცრებას, შეცვალოს ძველი და შეიყვაროს ახალი... გაკვალოს გზა, რომლისთვისაც პოეტური რაში - მერანი აურჩევია. მაგრამ, ისმის კითხვა, გადალახავს კი სევდიანი რაინდი „ბედის სამზღვარს?“ საქართველო ოდითგანვე პოეტთა ანუ სულის მუსკოსთა ქვეყანაა.ყველა პოეტი პოეტია,ქართველი პოეტი კი ორჯერ პოეტია.პოეზიას გენეტიკური კოდი მართავს,ცარიელ ადგილზე მათლაც არაფერი იბადება.თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ქართველ პოეტთა შორის, ნ.ბარათაშვილი მოვლენაა - ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი,რომანტიკული სულისკვეთებით აღსავსე,შეძლება ავხსნათ მარტოსულობის მთავარი მიზეზები.პირველი ეს იყო ქვეყნის ბედი და უბედობა,რომელსაც, როგორც საკუთარს, ისე განიცდის მგოსანი.1832 წლის შეთქმულებათა განდევნის შემდეგ თვით საზოგადოებასაც შიშიც ზარი დაეცა შეთქმულებათა ხვედრით. ეჭვი არ არის,მიძინებული იყო ყოველგვარი ადამიანური გრძნობა,შიშით ალბათ ფიქრიც კი ეძნელებოდათ.არაფერი აღარ იყო საზოგადოებაში ისეთი,რაც გასცილდებოდა ცხოვრების უბრალო და არამნიშვნელოვან მოვლენებს: ჭორები,მითქმა-მოთქმა,ზნეობრივი გახრწნილობა,უსულობა და უგულობა,-აი,რა სუფევდა იმ დროს და რა იყო ბარათაშვილის ტკივილის მიზეზი.სწორედ ამ პერიოდში დაიბადა საქართველოს ,,ობოლი სული...“ მას უნდოდა გვერდით ჰყოლოდა სული შემგნები მისი ტანჯვისა,სული მისი ოხვრის დამაამებელი,კვნესის მანუგეშებელი,ჭირის ოფლის შემშრობი,ჭირთ გამქარვებელი, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვერც კაცში და ვერც ქალში ვერ იპოვა ასეთი სული. ქვეყნის უბედობას ბარათაშვილი სიყრმიდანვე მკვეთრად განიცდიდა.მშობლიური ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს მის პოეტურ წარმოსახვაში.ეროვნულ გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა პოეტის აღზრდა პატრიოტულ გარემოში.მისი მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა,მაგრამ დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც ,,ბედი ქართლისა“,რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება.ამ პერიოდში ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისკენ. ქართლის ბედის დიდი მოზარე თავის პოემაში,,ბედი ქართლისა“გვიჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას,ქართველი კაცის მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების,მდინარეებისა და მდელოთა მშვენიერებას. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ საქართველოს.პოემაში შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა,არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება.პოეტი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს.პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეფის შთამაგონებელი ხმა, ეს არის მხცოვანი გმირის,მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ.ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას.ამასთან მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია ეროვნული ოპტიმიზის გრძნობით.ავტორი ეროვნულ ოპტიმიზმს ორგანულად უკავშირებს საერთო განმათავისუფლებულ იდეებს და საქართველოს ეროვნული ორგანიზმის განმთლიანების მიმდინარე პროცესს.იგი ხარბად ისუნთქავდა ეპოქის რევოლუციურ განწყობილებას და გრძნობდა,რომ თავისი სამშობლოს თავისუფლებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა იმ ძლიერ დუღილს,რომელსაც რუსეთისა და ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოწინავე აზროვნებაში ჰქონდა ადგილი,როგორც ისტორიული შორსმხედველობით დაჯილდოებული ადამიანი,ბარათაშვილი დროის სქელ კრეტსაბმელში ჭვრეტდა თავის ეროვნულ განთიადს,რომელის შორეული მომავლის ჰორიზონტზე პირველ სხივებს გამოსცემდა. ბარათაშვილის მარტოსულობის მეორე მიზეზი ეს იყო კარიერის მსხვრევა-მას ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა და უნდოდა სამხედრო საქმის მოწყობა,მაგრამ ამ შემთხვევაში ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და მისი ოცნება ოცნებადვე დარჩა,ნაადრევად,ბავშვობაში დაკოჭლდა,როს გამოც ცხადია ამ ოცნებას ვერ აისრულებდა.ის ასევე რუსეთში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა,მაგრამ უსახსრობამ,მატერიალურმა სიდუხჭირემ ცხადი გახადა,რომ იგი ამ მიზანსაც ვერ განნახორციელებდა. გთავაზობთ ფრაგმენტს ბარათაშვილის პირადი წერილიდან,რომელიც მან გარდაცვალებამდე მისწერა თავის ბიძას-გრიგოლ ორბელიანს და რომელშიც კარგად ჩანს ის იმედები,რასაც ის სამხედრო კარიერაზე ამყარებდა,აქაც,ისევე როგორც თითქმის ყველა ნაწარმოებში,იდუმალ,შინაგან ხმას ახსენებს: ,,...მე იმას ვამბობ , რომ შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესო ხვედრისაკენ,გული მეუბნება რომ, შენ არ ხარ ახლანდელი მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს,მაგრამ კაცი მინდა,რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილ ადგილას. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ,რა ხელმწიფურად დავხედავ ჩემს ასპარეზსა!“ სამწუხაროდ, მის ცხოვრებაში ასეთი კაცი არ გამოჩნდა.პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ კაეშანი ვერ მოიშორა.ამასთან დაკავშირებით კიტა აბაშიძე ასეთ აზრს გამოთქვამს: ,,ვინ მიხვდეს და მისწვდეს ცხოვრების საიდუმლოს? იქნება იმ შემთხვევამ, რომელმაც დაბადა იგი, ასეთი პირობებიც სპეციალურად მიუსაჯა..?იქნება მისი პოზიციისათვის სწორედ ამ კაეშნითა და სევდით გამოწვეული გარემოებანი იყო საჭირო,რომელშიც ის მუდამ იმყოფებოდა.” ჩემი აზრით,ამ წერილში ავტორის მსჯელობას საკუთარ ხვედრსა და მოწოდებაზე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად. აქ ირეკლება ის იმედები,რომლებსაც ჭაბუკი პოეტი სამხედრო კარიერაზე ამყარებდა.ფუფუნება და განცხრომა გრძნობას სიმძაფრეს აკლებს,ტანჯვა და უსიმოვნება მეტი ძალით აგრძნობინებს პოეტს ცხოვრების მძიმე საიდუმლოს,ამიტომ შესაძლებელია, ისტორიაც ისე გულქვად მოექცეს ზეცით კურთხეულ პოეტს,როგორც მისი თანამედროვეები მოექცნენ. აი, ამაში მდგომარეობს მარტოსული პოეტის ტრაგიზმი .ბედი და უბედობა,როგორც სიკეთე და ბოროტება,ბრჭყალებით რომ ჩასჭიდებია ერთმანეთს. რაც შეეხება მარტოსულობის ბოლო მესამე მიზეზს,ეს იყო სიყვარულში გაუმართლებლობა,როგორც მოგეხსენებათ, იგი შეყვარებული იყო ეკატერინე ჭავჭავაძეზე. უყვარდა გატაცებით,გულწრფელად,რომანტიკულად... სწორედ ამ გრძნობამ გახადა განსხვავებული სხვებისაგან.თუ დავაკვირდებით,მის ამდენ საიდუმლოებასთან ერთად აღმოვაჩენთ ასევე სიყვარულის ბარათაშვილეულ გაგებასაც,სიყვარული მას წარმოუდგება,არა როგორც ხორციელი ტკბობის წყარო,არა როგორც ამქვეყნიური,წამიერი სიამოვნების ნაირსახეობა,არამედ როგორც მშვენიერ სულთა მარადიული კავშირი,რომელიც არ მოითხოვს ,,გულის ვნებათა დადუმებას.“იგი აღნიშნავს იმ მკვეთრ ზღვარსაც,რომელიც ,,აშიკობასა“და ჭეშმარიტ სიყვარულს შორის არსებობს.ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი ნიჭია,რომელიც ღმერთა არგუნა ადამიანს,ვისაც ეს ნიჭი არ გააჩნია უბედურია.ბარათაშვილი სხვა თუ არაფრით,ამით მაინც იყო ბედნიერი,რომ მაინც განიცადა ის გრძნობა,რასაც ნამდვილი,ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია და რასაც ერთეულები განიცდიან.ეს ის გრძნობაა,რომლის გამოც ღირს ცხოვრება და არსებობა,ჩემი აზრით,ბარათაშვილის ცხოვრების ერთადერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო...ეს იყო მისი ბედიცა და უბედობაც,მწარე სიმართლეცა და ტკბილი ტყუილიც... სიყვარული არის ამ ქვეყნად წამიერიც და საუკუნოც,სიცოცხლისა და სიტკბოების მომტანი ძალა,რომელსაც ვერ ვიტყვით ბარათაშვილზე.მისი სიყვარული არ იყო წამიერი,იყო საუკუნო, ამავე დროს არა სიტკბოების მომტანი,არამედ პირიქით,მაგრამ მაინც სათუთი და ფაქიზი.ეს ის სიყვარული იყო,რომელმაც პოეტი არა რეალურ,არამედ პირიქითმიღმა სამყაროში ამოგზაურა, ,,დაამეგობრა“ ციურ სხეულებს,ალაპარაკა ბუნებასთან, მტკვართან, მთვარესთან... ცხოვრებისგან უარყოფილი პოეტისათვის უტყვი და უსულო ბუნება გახდა ერთადერთი,ყველაზე კარგი მეგობარი.მათ შორის სწორედ რომ სიყვარულის ძალით დამყარდა ასეთი მტკიცე,შეურყეველი და ერთგულებით აღსავსე კავშირი,რომელიც ეღირსა პოეტს თავის ისედაც მწარე ცხოვრებაში.ეს ექსტაზი პოეტისა ბუნების წინაშე ერთადერთი საგანი , რომელსაც არც ბედი შეეცილა და არც ის საზოგადოება,რომელსაც ეღირსა სახარბიელო ბედნიერება ასეთი კაცის თანამედროვეობისა... სიყვარული გრძნობაა,რომლის გარეშე არ ღირს ყოფნა...სიყვარული ნიჭიცაა,რომლის გარეშე ხარ ცარიელი...სულით ობოლი პოეტისთვის ეკატერინე იყო პიროვნება,რომელსაც მისი სიამაყიდან გამომდინარე,არ სურდა ამ გრძნობის სააშკარაოზე გამოტანა...აბა, რის სიმბოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ მის მიერ ნაჩუქარი ცისფერი ლარნაკი...ან მისი ფიქრები ტატოსთან ბაასისი დროს: ,,აჰ ნეტავი ნაკლები იმეტყველოს და მეტი იმოქმედოს“... რას შეიძლება მივაწეროთ მისი სიტყვები,თუ არა იმ დიდი სიყვარულს,რომელსაც იგი მის მიმართ განიცდიდა ... ,,გულდახურული ხარ, როგორც კედელი,მაღალი როგორც მთა,ვერ შევაღე შენი გულის კარი,მუდამ მაშინებს შენი სიღრმე და სიმაღლე...” ეკატერინეს არ შეუძლია წარმოიდგინოს,რა გიგანტურ ძალას ახსნიდა ბორკილებიდან,რა უსაზღვრო გენიას მისცემდა გასაქანს თავისი უბრალო თანხმობით,რომ ასეთი მსხვერპლი გაეღო.უბრალოდ შეიძლება ჩავთვალოთ,რომ პოეტმა მართლა ვერ გაუბედა,ქალმა კი ვერ შეიგრძნო და ჩვენთვის დაფარული დარჩა იმ ძალუმი პოეტური მარგალიტების ნაკადი,რაც ბარათაშვილის გულში დაგუბებულ ოკეანეს თავისი თანხმობით გამოსავალს მისცემდა... როდესაც ყველაზე ცუდად იყო,გადახედავდა მისი სიყვარულის ერთადერთ სიმბოლოს,თუ შეიძლება ასე ჩაითვალოს,ცისფერ ლარნაკს,რომლის დროსაც სიყვარულისა და ძლიერების ორი ნაპერწკალი იღვიძებდა.ცისფერი ლარნაკი ლურჯი ცის სიღრმეებში სამოგზაუროდ იწვევდა პოეტს...იქ ეწერა მის ფიქრებს გალაღება,ოცნებებს-ახდენა,სევდას- გაქარვება... ბარათაშვილი არ ცდილობს შეუთხზას თავის თავს რომანი.თუ მას უყვარს, ეს არის ნამდვილი,ხალასი სიყვარული,მოსაჩვენებლად არაფერს აკეთებს და მისი სიტყვის უკან ამაყად დგას შეუბღალავი ჭეშმარიტება. ტატო ამ მხრივ არის უდიდესი რეალისტირომანტიკოსებს შორის და უდიდესი რომანტიკოსი-რელისტებს შორის. ,,ჩანს მეტად სპეტაკი,მეტად ციურია ეს სიყვარული, რომ ის ხორციელ სინამდვილედ იქცეს“,-მუდამ ეს ფიქრები აწუხებდა ტატოს და ასეთ მდგომარეობაში მიჰყვებოდა მოდუდუნე მტკვარს,რომელიც მისი ყველაზე კარგი მეგობარი იყო, რომლის ნაპირებსაც ხშირად სტუმრობდა დარდის გასაქარვებლად...,,წინანდლის ვარდი“-სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს ბარათაშვილი კატოს... ,,წინანდალში ზღვა არაა,იასანმის ყვავილიდან გამოვიდა ჩვენი აფროდიტე...“ ეკატერინე ჭავჭვავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი! მეფურია მათი სახეც და სახელიც.სიყრმიდან ერთად უთამაშიათ,ურბენიათ,უმღერიათ,ტოლნი არიან,სწორნი არიან,თითქოს ერთიმეორისათვის შობილან და სწორედ მაშინ,როცა ყველაზე უფრო მშვენიერი,ყველაზე უფრო ბუნებრივი იქნებოდა მათი საბოლოო შეკავშირება,საბოლოოდ შორდებიან ერთიმეორეს... ეკატერინეს ხელს თხოულობს სამეგრელოს მთავარი და სხვა უკეთესე ხვედრი არც არის საძებნელი.ვინ დაეძებს რა განცდებშია ვიღაც ,,სული ობოლი“,უქონელი ტატო ბარათაშვილი! მას რჩება მხოლოდ სიყვარულისა და წერის უფლება.დელფინამ განხეთქილება შეაგდო ტატოსა და ეკატერინეს შორის და ორი ერთმანეთზე უფრო ამაყი სული რისხვით აავსო.ძნელია სიყვარულის გადარჩენა,როცა არცერთ მხარე ს არ სურს თავის მართლება.ორივეს ჰგონია,სხვაზე გამცვალა მეგობარმაო, და სიამაყე ამ შემთხვევაში რისხვის ცეცხლად ენთება.ნამდვილ სიყვარულს მცირე ჩრდილიც იოლად ზარავს და იჭკნობს. იქნება არ აპატია ამაყმა ქალიშვილმა სხვისთვის ლექსების მიძღვნა? იქნებ მართლა დელფინას ან სხვა რომელიმე ქალის ტრფობით ხდება განხეთქილება? ჩვენ არ ვიცით,იყო თუ არა ნათქვამი ეს შხამნარევი ფრაზა ,,არ ვსაჭიროებ სიყავრულსო.“ მაგრამ ყველაფრიდან ჩანს,რომ ითქვა რაღაც ამდაგვარი... ქალის ღირსებას მაშინ ედება ფასი,როცა უყვარს თავგამოდებით ერთი და გაურბის ყველა სხვას. ეკატერინე ყოყმანობს და ორ ბედს შორის ირჩევს მდარეს, მიუხედავად იმისა,რომ მან კარგად იცის,მაინც თვითონ არის პოეტის მუზა,თვითონ შთააგონა უკეთესე ლექსები.დავით დადიანია ის პიროვნება,რომელზეც არჩევანი შეაჩერა ჩვენმა ,,ვარდმა“. სწორედ სიყვარულის დიდი ტკივილია გამოხატული ბარათაშვილის იმ წერილში,რომელიც მან მაიკო ორბელიანს მისწერა, წერილში მოიგონებს იმ მშვენიერ ,,ვეჩერს“, რომლის დროსაც ძალიან მხიარული იყო, მაგრამ თურმე,როგორც ვგებულობთ სრულიად უმიზეზოდ, უანგაროდ... ისევ ეწვია მას მეგობარი სევდა და ნაღველი, რომლის გამოც იმ ღამემ ჩაიარა, როგორც ერთმა ლამაზმა სიზმარმა... წერილი გაჯერებულია მარტოობის სიმწარით,მიუხედავად იმისა,რომ მას გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდა, მაინც ობოლია ამ სავსე,ვრცელ სოფელში.დიდ გულისტკივილს გამოთქვამს,როდესაც ამბობს: ,,ვინც მაღლის სულის მექონი მეგონა,მას სული არ ჰქონია!ვისი გონებაც მრწამდა ზეგარდმო ნიჭად,მას არც თუ განსჯა ჰქონია,ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა,თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა,წვეთნი საშინელის საწამლავისა“-ალბათ რთული მისახვედრი არ არის,ვისაც შეიძლება გულისხმობდეს იგი ამ სიტყვებში...იმ სიყვარულს,რომელიც ეგონა რომ მაღალი სულის პატრონი იყო,რომელმაც მრავალი ცრემლი დაღვარა და თვითონაც დააღვრევინა,მაგრამ რა? ამ ყველაფერმა იმ ლამაზი სიზმარივით ჩაიარა... ,,ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელტვიან სიამენი სოფლისა“ ჩემი აზრით,ამ სტრიქონებიდან გამომდინარე,მარტოსულ ადამიანს ,,სიამენი სოფლისანი“არ გაურბიან,მაგრამ თვითონ სულით ობოლი ადამიანი იმდენად ცუდადაა, რომ თავად ან გაურბის, ანდა ვერ აღიქვამს მას,რადგან ასეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფს არასდროს ავიწყდება ის ადამიანი, ვის გამოცაა ასეთ სიტუაციაში: ,,მარად ახსოვს მას დაკრგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა“ ,,სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრლად,ამაყად და გრწამდეს,რომ იგი შეურჩენელნი არიან“, -ეს ის სიტყვებია, რომელსაც ტატო მაიკოს რჩევის სახით უტოვებს და რომლითაც თავად ცხოვრობს...მას სჯერა,რომ სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება კარგს არასდროს მოუტანს ადამიანს და ისიც სწამს,რომ არავის არაფერი შერჩენია და არც შერჩება... ჩემ მიერ წაკითხული, აკაკი გელოვანის ნაწარმოებიდან ,,სვეტი ნათლისა“განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო ერთი დეტალი,რომელშიც გამოხატულია დიდი სიყვარულის ძალა,ჩანს ,თუ რას ნიშნავს ანგარებით შეყვარება ,ან თუნდაც გათხოვება... ის, თუ რამდენად ძნელია,როდესაც სხვის გულისცემას მიჰყვები საკუთარის ნაცვლად... ქორწილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კატინა დის პირით სალამს უთვლის ჩვენს მგოსანს და თან ამ ყველაფერთან ერთად პატიებასაც სთხოვს, ამის გამგონე ბარათაშვილი ძალიან გაბრაზდება და პასუხობს,რომ საჩქარო გაემგზავროს თავის ბაბილონში,იქ სადაც მისი ნაბუქოდონოსორი დაკიდულ ბაღებს გაუშენებს და ჩემი ბრალი ნუ იქნება,თუ იმ ბაღებში ბულბულის ნაცვლად ზოგჯერ თუთიყუშნი უგალობენო.მას სჯერა, რომ ბედის შერისხული ბედთან შერიგებას არ აპატიებს.დარწმუნებით ამბობს, რომ მას შეუძლია ჩაიმარხოს უმაკოება სულისა,რწმენა მშვენიერებისა და იმედი განთიადისა,რადგან ეს უკანასკნელი ხომ ყველაზე ბოლოს კვდება...მიუხედავად იმ ტკივილისა,რომელიც ბარათაშვილმა მიიღო თავისი აფროდიტესგან,მაინს საუკეთესოს უსურვებს ცხოვრებაში და მთელი გულით უნდა რომ ბედნიერი იყოს,მაგრამ არ იცის ეს რამდენად ახდება და ამიტომ მაიკოს ეკითხება:იქნება კი? შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე თავისმა სიამაყემ დაღუპა,ის თავის განცდებს არ წერდა და არც ვინმეს უმხელდა,მაგრამ რასაც სატრფოს ენა და პოეტის კალამი ფარავს,ის არ დაფარა ქალის გულმა,სრულიად ჯანსაღი,ბედნიერ თავადის ასულს გული შეწუხებია საკუთარ ქორწილში.ჩვენ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ რამხელა უბედურება იქნებოდა ასეთი შემთხვევა, ჯერ თვითონ ეკატერინესათვის და შემდეგ, ბარათაშვილისთვის,რომელიც მიხვდებოდა გულის წასვლის ნამდვილ მიზეზს... თუ ყველაფერს კარგად ჩავუკვირდებით, ბარათაშვილის ცხოვრებაში საკუთარ თავს ამოვიცნობთ,მივხვდებით, რომ ჩვენ, სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს კი არა,თეატრში მოთამაშე მსახიობებს ვგავართ...ისეთებს,რომლებიც კი არ ვცხოვრობთ,არამედ ვარსებობთ და ვიღაცა სადღაც წერს და ერთობა ჩვენით...ვიღაცა ტირის და ისიც იმან შექმნა იმიტომ, რომ უნდა ვიტიროთ, ეს ხომ მისი მოვალეობაა...სადღაც მივყავართ და ჯერ არ ვიცით, რა მოხდება,იმიტომ რომ რეჟისორმა ჩვენი წარსული დაწერა და არ დაუწერია, რომ როცა წავალთ,შემდეგ რა მოხდება...მოვა ერთი დღე და რეჟისორს აღარ დავჭირდებით და გაგვაქრობს,მერე ვიღაცას ჩვენი გვამი შეეცოდება,წაიღებს და საფლავში ჩადებს...თუ ამდენი ტანჯვა და ტკივილი უნდა გადაგვხდენოდა თავს,მაშინ რისთვის შეგვქმნა,რისთვის გაგვაჩინა ღმერთმა? ამიტომაც უკვდავები უნდა ყოფილიყნენ მხოლოდ ადამი და ევა,რათა სხვა არავინ ყოფილიყო და მათზე დაეწერა მარტო? ალბათ ამიტომაც მიანიჭა უკვდავება,რომ საწერი ბევრი ჰქონოდა...მაგრამ მერე ვაშლი აჭამა ევას,რათა მოკვდავები გაეხადა და სხვებიც შეექმნა...ზოგს ლამაზად კლავს, ზოგს კი ცხოვრებას უუშნოებს, როგორც ეს ამ შემთხვევაში იყო...რატომ შეაყვარა ბარათაშვილს ეკატერინე , თუ მას სხვა სჭირდებოდა? ალბათ იმიტომ, რომ დაენახა რომ მას სხვაზე მეტად სჭირდებოდა იგი.. რატომ შეაყვარა დედამიწა? იმიტომ რომ მონატრებოდა...რატომ ასწავლა მონატრება? იმიტომ რომ , ალბათ,ასე ძლიერ შეყვარებოდა... ასე იყო და ასე იქნება... ბარათაშვილსაც ასე უნდა უყვარდეს, ენატრებოდეს, იტანჯებოდეს და ცხოვრობდეს, რადგან ,,ერთი დიდი კალამი და დიდი ფურცელია ყველა ადამიანის ცხოვრება,ასეთი გენიოსისი ხომ განსაკუთრებით... სამი რომანტიკოსიდან, ყველაზე ტრაგიკული ხვედრი ღმერთმა ყველაზე ნიჭიერს, გონებამახვილსა და ,,სულით ობოლ“ ადამიანს ნიკოლოზ ბარათაშვილს არგუნა. ხანმოკლე იყო მისი ცხოვრება, მაგრამ სამი სამარე გამოიცვალა: განჯის,დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონი.ის უცხო მიწაზე უპატრონოდ გარდაიცვალა ყველაგან დაუტირებელი,მანამდე კი იყო უბედობითა და მარტოობით სავსე 27 წელი.ტატოს მთელი სიმდიდრე მისი ლექსები იყო. ყოველდღე მტვრიან ქაღალდებით გამოჭედილ კანცელარიაში იჯდა და ისე მუშაობდა. ალბათ ბედის ირონიაა ისიც,რომ როცა განგება ასეთ ნიჭიერებას დააბერტყავს ადამიანს,დროზე ადრე წყვეტს მის სიცოცხლეს,რადგან გენიოსები სიყრმიდანვე ღმერთისეული სცენარის ამოცნობას ლამობენ ხოლმე... ,,მერანში“, ქართული პოეზიის შედევრში,პოეტის უიღბალო დასასრულია ნაწინასწარმეტყველები,მაგრამ მთავარ იმპულსად კი ბიძამისის ტყვედ ჩავარდნა შეიძლება ვიგულისხმოთ.ლექსის ლირიკული გმირი შეუპოვრად მიიისწრაფის უსასრულო თავისუფბებისკენ და ამის გამო, ყველაფერზე თანახმაა.იგი იმდენად დაღლილია მისი ერთფეროვანი ცხოვრებით,რომ მის შეცვლაში ყველაფერს და ყველას დათმობს,კერძოდ კი,მამულს,ნათესავებს,მეგობრებს,მშობლებს და ,,სატრფოსაც“ კი. იმ იმედით,რომ ვარსკვლევებსა და ციურ სხეულებს გაანდობს თავის გულისტკივილს. ბარათაშვილს სჯერა და დარწმუნებულიცაა იმაში.რომ მის მიერ წინ გადადგმული ეს ნაბიჯი უბრალოდ არ ჩაივლის,რომ ამით მომავალ თაობას გზას გაუკვალავს და ახსნის ბედისაგან შეჭედილ ბორკილს.როგორც უკვე აღვნიშნე,ტატომ თავის ნაწარმოებში საკუთარი ბედი იწინასწრმეტყველა,ნამდვილად ასეა... აბა, კარგად ჩავუკვირდეთ და მივხვდებით,რომ ის სიტყვები,რომელიც მან ,,მერანში“გააჟღერა: ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“ ნამდვილად ახდა,ვერც სამარეში მოისვენა მარად ნეტარმა მგოსანმა,რაც კიდევ ერთი უბედურებათაგანია მისი ცხოვრებისა. პირველი დაკრძალვა 1845 წლის 9 ოქტომბერს მოხდა განჯაში, მეორე-1893 წლის 25 აპრილს,როდესაც პოეტის ნეშტი განჯიდან თბილიში ჩამოასვენეს... ის ნამდვილად ჰგავდა წმინდანის ნეშტის გადმოსვენებას.სადგურში ხალხი თურმე მუხლს იყრიდა მისი ნეშტის წინაშე,პირველად კი ილია,აკაკი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.ხალხმა ეს ყველაფერი იმდენად განიცადა,რომ შავებით იგლოვეს და არ გაიხადეს,როგორც ახლობლებმა,ნათესავებმა,ასევე სულ უცნობებმაც კი. სიტყვით გამოსვლაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მისი თანამედროვეები და გულისტკივილით აღიარებდნენ, რომ ,,ბარათაშვილი იყო კარგი მთქმელი,მაგრამ ჩვენ არ ვიყავით კარგი გამგონნიო“. ყველაზე მეტად საპროგრამო კი აკაკი წერეთლის სიტყვა გახლდათ,რომელშიც იგი მწარე სიტყვებით გამოხატავს გყლსტკივილს სიკვდილთან დაკავშირებით და საყვედურობს კიდევ თანამედროვეებს,რომლებმაც სიცოცხლეში არ დააფასეს, წინ ეღობებოდნენ და თავიანთი დაუფიქრებელი მოქმედებებით ტანჯავდნენ მოღვაწეებს. ამ ყველაფრიდან გადის 45 წელი... ,,დიდუბის პანთეონი“კვლავ ხალხითაა გაჭედილი,მწერლებს დღეს უკვე მთაწმინდის აღმართზე ხელით აჰყავს ის, ვინც ოდესღაც ასე მსუბუქად, თავისი ფეხით ადიოდა და მთელ ღამეებს რომანტიკული სულისკვეთებით ატარებდა. ვინ იცის, რამდენჯერ უტეხია ღამე,თავისი ბედითა თუ უბედობით დათრგუნულს! ამიერიდან ის უკვდავებას ეკუთვნის,აიხდინა თავისი იმედები ციურ და მიღმა სამყაროსთან დაკავშირებით,დღეს უკვე თავზე დასციმციმებს ნათელი უკვდავებისა,შუქვარსკვლავი! ცის ნათელი ეფინება სამივე სამარეს.მთაწმინდა-ეს კი ბოლოს ხსენებული სამუდამო სამარეა მგოსნისა,ვისაც ასე ძლიერ უყვარდა მთაწმინდის მიწა,ცა.ჰაერი, უყვარდა და ამ ყველაფრით ცხოვრობდა კიდეც! აქ განისვენებს ჩვენი ბრძენი მესიდუმლე, ჩვენი გაუხარებელი მგოსანი-ტატო ბარათაშვილი! ჩვენი ხალხის დარდი და დიდება,პიროვნება,რომლის იმედიც მუდამ ჰქონდათ და რომელმაც ისე თუ ასე, მაინც დასძლია ის ყველა პრობლემა, რომელიც არსებობდა მის გარშემო და მზიანი დილა გაგვითენა... დავით გურამიშვილის უკვდავი სტრიქონები მახსენდება: ,,მე უბედური ვიყავ იმიტომ,რომ ჩემი ქვეყანა იყო უბედური“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედიც და უბედობაც საყვარელ მამულს უკვშირდება.თავისუფლება ისეთი მონაპოვარია,რომელიც მსხვერპლად არც არავის და არც არაფერს უნდა შეეწიროს.რომანტიკოს პოეტს კი ესმის ბორკილდადებილი სამშობლოს ურვა და ბედნიერებაც სანთლით საძებნელი გახდომია...ბედიც და უბედობაც ერთგულ მგზავრად ადევნებია და ,,მერნის“დაუცხრომელი ჭენებით მიარღვევს სივრცეს იქ, მიღმა სამყაროში, სადაც უწერია მის ოცნებებს განხორციელებa, იმედებს გაღვიძება, სურვილის ახდენა...  

მოსწავლე: ნინო ჭიკაიძე
პედაგოგი: ლიაჩხაიძე
2012 წელი

მთის შვილი...

მთის შვილი ავად გამხდარა,
მთისკენ აქვს პირი მზესაო,
სადღაც ოცნებაც გამქრალა
ფანდურს სიმები წყდებაო...
ამ მიტოვებულ სახლებში
მხოლოდ სიჩუმე ბინადრობს,
მე კი შორიდან გიმღერი,
შორიდან განცდებს გიამბობ...
შენს კალთებზედა ვივლიდი,
ავამღერებდი ოცნებებს,
დილით მზეს გავუღიმებდი,
მოვსვამდი წმინდა წყაროებს,
გზად დაგიკრეფდი გვირილებს,
ფიქრებს თამამად გიმხელდი,
გიძღვნიდი მოკლე სტრიქონებს,
მთვარეს დილამდე ვუმზერდი..
მთაო ! ოცნებით გიმღერი,
გათბობს ფერები ცისაო,
შენთვის ვარ შვილად მოსული,
შენშია ფერი მზისაო...

უფალო! ნუ გამიწყრები,
შემინდე ნაბოდვარიო,
მხოლოდ შენ გესმის ფიქრები
მთიულის ნაფერალიო....


მონატრება

დილა გათენდაო, - ყვირის მაღვიძარა...
დილა უმწეო და დილა ნამიანი...
ვდგავარ ფანჯარასთან,
სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...
სული დაგუბებულ წვიმას შეუერთდა...
ზეცას სილაჟვარდე თითქოს გაპარვოდა,
წვიმა მოღალატე მიწას მიეტმასნა...
უკვე ტკივილამდე...
სუნთქვა მომაშველე, თორემ უმზეობა ვიცი სულ გამყინავს...
ვდგავარ უმწეო და ვდგავარ ნამიანი,
მინდა გაქცევა და წინ ვერ გადავმდგარვარ...
დილით გამაღვიძა ჩემმა მაღვიძარამ,
კვლავაც მაუწყა,რომ დილა თენდებოდა...
ჩემი დღე დამდგარა, ჩემი დღე დამდგარა...
ვდგავარ ფანჯარასთან, სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...


გაძარცვული სული...

დღითიდღე უფრო და უფრო ვიცლები, თითქოს მოსწყვიტეს მზეს მზის სხივები, გამომაცალეს ფეხქვეშ მიწა და ახლა უმწეოდ ნიავს მივყვები... დავეძებ ჩემი სახლის საძირკველს, მაგრამ მომტაცეს და შორს წაიღეს... წამართვეს უფლება - ,,დედა” სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... ვეღარ ვპოულობ ვერც უფლის ტაძარს, დავყვები ნიავს აღმა და დაღმა... მომწყვიტეს დედის მკერდსა და კალთას და ნიავს მისცეს ჩემი გზის მართვა... გამძარცვეს, სული სულ გამიყინეს, მზის სხივის სითბოც არ მაპოვნინეს, წამართვეს უფლება - თბილი სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... დამჩემდი... სიტყვები სიტყვებს ვეღარ პოულობს, რა უცნაური სითბო დამჩემდა, მზემ ცივ მთვარესთან როგორ იომოს მხატვარი ფერებს უკვე არჩევდა... გაწოლილია ჩვენს შორის ხიდი, აქ, შენს სუნთქვამდე მოსვლა ძნელია... მხატვრის ნახატში მატულობს ფიქრი, მხატვრის ნახატი უკვე ძვირია... უკვე საშინლად ამოგიჩემე, მე ამ ფერებში ვრჩები მალულად, სიტყვები სიტყვებს გადაემტერნენ, მზე ცის ნახატში გადამალულა... ამოგიჩემე...უკვე საოცრად..


უცნაური...(სევდიან ნოტებზე)

მოდი... შენ მაინც მესაუბრე უსიტყვოდ, ფიქრით, მკრთალი ღიმილით, მოდი... ვუშენოთ ჩიტებს ბუდე მზით გამთბარი, მთვარით ნათელი, მოდი... გავშალოთ ოცნებები ამ ცარიელ, თეთრ სივრცეებში, მოდი... ვეღარ მოვერევი ამდენ ბარგს და დავეცემი... გზები მიდის, ნეტავ საით? გშორდები, თუ დაგეწევი... მეშინია... აქ უშენოდ ბეწვის ხიდზე ვერ გავივლი... მოდი...მოდი...გადავშალოთ ოცნებები სივრცეში, ავამღეროთ კლავიშები გათოშილი ფიქრებით...  

თემა: ჩემი ფიქრები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე

სკოლა:თბილისის 32-ე საჯარო სკოლა
კლასი: მე-9 მოსწავლე: ნინო ებრალიძე
მასწავლებელი: ასმათ ჭარელიძე
2012 წელი




,,ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით- გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა- ამას აღარაფერი ეშველებაო- და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე,”-ამბობს ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე და ვხვდები, სიტყვაკაზმული მწერლობის უდიდესი მოამაგე თავის ხურჯინში საგზლად ალაგებდა იმ ძვირფას ქმნილებებს,ასე რომ გაუადვილებდა სვლას მიწიდან ზეცამდე და მესაათესაც არასოდეს მოუნდებოდა ამ წიკწიკა საათის გვერდით გადადება... ვკითხულობ ნოდარ დუმბაძის მშვენიერ მოთხრობებს და სული მევსება სინაზით,სითბოთი და სიყვარულით...ვგრძნობ,მისი შემოქმედება მეხმარება დავძლიო სულიერი სისუსტე და ვიბრძოლო ზნეობრივი სრულყოფისათვის. მოთხრობა ”HELADOSI“ არის პაექრობა ბენძენ იანგულისა და თბილისელ ჯემალს შორის.ბერძენ ჭაბუკს არ ეთმობა ვენეციის გზატკეცილის ყოჩობა და ცდილობს დაიმორჩილოს ჯემალი,რომელმაც სიტყვა და ხელი შეუბრუნა დაუმარცხებელ რაინდს,იანგულიმ შური ვიოლინოზე იძია.... იმ დღეს დასრულდა თბილისელი ”ჰარიფის” მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა - ბრძოლა არსებობისათვის.ყოველ დღე იბრძოდნენ ბიჭები,იბრძოდნენ პატიოსნად,არ ისმოდა გინება,არ სცემდნენ წაქცეულს.ჯემალს,ყოველი ბრძოლის დროს,თვალს სჭრიდა და აკრთობდა იანგულის მკერდზე ლათინური ასოებით ამოსვორინგებული სიტყვა ”HELADOS”. თქვა,ბერძენი ბიჭი დამარცხდა,თუმცა დუელი კვლავ გრძელდებოდა,რადგან იანგულის საკუთარი თავისთვის უნდოდა დაემტკიცებინა სიძლიერე... ბიჭებს მალე მოსწყინდათ ომი და გინებაზე გადავიდნენ,უშვერი სიტყვებით ამკობდნენ ისინი ერთურთს და მერე,როცა სალანძღავი სიტყვების არსენალიც შემოელიათ,კოკას რჩევით ჯემალმა დედა შეაგინა ბერძენ მემწვანილეს...ამის შემდეგ ნახევარი წლის მანძილზე გრძელდებოდა ქართულ-ბერძნული ”შენი დედა ვატირე”.იანგულის გინება ავემარიასავით ესმოდა ჯემალს.მაგრამ ერთ დღეს ბენძენმა ბიჭმა დედა აღარ შეაგინა ჯემალს.მიზეზი? მან გაიგო,რომ თბილისელს დედა არ ჰყავდა...ამით დამთავრდა ომი...ძალიან მალე ნაცემი იანგული მიადგა ნინა ივანოვნას კარს,ჯემალმა გაიგო,რომ თურმე სოხუმელი ბერძნები ელადაში ბრუნდებოდნენ,სამშობლოს ებრუნდებოდა იანგულის მამაც,თავად იანგულის კი არ ეთმობოდა სოხუმი,ვენეციის გზატკეცილი,შავი ზღვა,რკინიგზის ხიდი,მეგობრები,ულამაზესი მიდამო....მისი ელადა სოხუმი იყო და სამშობლო უფრო ღრმად ჰქონდა ჩამარხული გულში,ვიდრე მკერდზე ამოსვირინგებული სიტყვა ”HELADOS”.საქართველოზე შეყვარებული ბიჭი სასტიკად სცემა ხრისტო ალექსანდრიდმა,მისთვის გაუგებარი იყო,რატომ არ სურდა მის შვილს შინ,სამშობლოში დაბრუნება. ... სოხუმის პორტში ბერძნებით სასვე თეთრი პოსეიდონი იდგა. სოხუმელები ცრემლებით აცილებდნენ თავიანთ სისხლსა და ხორცს შორეულ სამშობლოში,ელადაში მიჰყავდა ნაცემი იანგულიც მამას. -ჯემალ,მე მიყვარს დედაშენი,-ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ყოფილ მეტოქეს გემზე მყოფი იანგული,რომელიც წავიდა,მაგრამ ძალიან მალე სამუდამოდ დაბრუნდა სამშობლოდ მიჩნეულ სოხუმში. ... ვკითხულობდი მოთხრობას და ვტიროდი,მებრალებოდა იანგული,რომელიც ცხოვრებამ ისე გათელა,როგორც დიდოელი ლეკი თელავს ნაბადს,უდედოდ გაზრდილს,მოუცლელი მამის ანაბარა მიტოვებულს ქუჩა მიაჩნდა საკუთარ სახლად,ვენეციის გზატკეცილი ეძვირფასებოდა,მას არ ჰქონდა სხვა სამშობლო საქართველოს გარდა,ამიტომაც არ ეთმობოდა და გულში ღრმად ჰქონდა ამოჭრილი სიყვარული იმ ქვეყნისა,სადაც იშვა და გაიზარდა,სიკეთის სხივმა გაუთბო გული,იგრძნო ტკივილიც და სიყვარულიც...მას მამის,ხრისტო ალექსანდრიდის,მსგავსად არ ეძახდა საბერძნეთში მყოფი მამა-პაპის სისხლი და ამიტომ მოვალედ არ თვლიდა თავს იქ წასულიყო.. ქართული მიწა იზიდავდა და,როგორც ჩანს,სიყვარული სოხუმის მიწისა იმდენად ძლიერი იყო,რომ იანგული დაუსხლტა მამის ძლიერ ხელს და შავი ზღვის ტალღებს მინებდა თეტრ ”პოსეიდონს” გამოქცეული. იანგული ტკივილია,რომელიც იმდენად მწარეა,ვერ დაითმენ და ვაჟკაციც ქალისებრ აცრემლდები... მეც დავტირი ბერძენ ჭაბუკს,რომელსაც ძალიან უყვარდა და მშობლიურად მიაჩნდა ქართველთა და აფხაზთა სამკვიდრო-სოხუმი,მან,მიუხედავად თვისი ბერძნული წარმოშობისა,არ იცოდა მშობლური ელადის სიტკბო და სიყვარული,ამიტომ ელადა მისთვის მხოლოდ გულზე,მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ასოებით დასვირინგებული სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა,ნამდვილი,მარადიული სიყვარულით კი ის მიწა უყვარდა,სადაც თვალი გაახილა და ”სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე”... რა შეიძლება ვთქვა ხრისტო ალექსანდრიდზე..შვილისაგან განსხვავებით მან,მართლაც,იცის მშობლიური ელადის სიტკბოება,განიცდის ნოსტალგიას,ეჩქარება სამკვიდროში დაბრუნება და ვერ ეგუება შვილის ურჩობას.მას იანგულის სურვილი სოხუმში დარჩენისა შვილის ახირება ჰგონია,რადგან მისთვის უცხოა ის განცდა,იყო ბერძენი და ელადის ნაცვლად სოხუმზე ფიქრობდე... არ ვიცი, სად დაიბადა ხრისტო.იქნებ საბერძნეთში,ან იქნებ სოხუმშიც... იქნებ დედა ბერძნულად უმღერდა ნანინას,მიტოვებული სამშობლოს ხატებას გულზე ამოსვირინგებულ სიტყვაზე უფრო ღრმად უმარხავდა და სიკვდილის წინ,ვიდრე უკანასკნელი სუნთქვა გაეცლებოდა,ჩასძახოდა:შენ მაინც დაბრუნდიო მშობლიურ ელადაში,ვინ იცის?! ვფიქრობ იანგულზე,ხრისტო ალექსანდრიდზე...ორივე მებრალება და მეტირება,მათი თავგადასავალი მახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას-ფერეიდნელთა სევდას,სულ ახლახან საკუთარი სამკვიდროდან (სოხუმიდან და ცხინვალიდან)აყრილ ქართველებს,ვკითხულობ წიგნებს,ვესაუბრები მშობლიურ მიწას მოწყვეტილ ადამიანებს,რომლებიც ცხოვრობდნენ აქ,საქართველოში,მაგრამ ცოცხლობენ იმედით თავიანთ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებისა,არ ასვენებთ დარდი და სევდა და მზად არიან დაბრუნდნენ იქ,საიდანაც იძულებით აყარეს... თუკი იანგულის თავგადასავალი წაგიკითხავთ და გიტირიათ,თუკი ფერეიდანელ ქართველთა გულის ნადებს ჩასწვდომიხართ და სიბრალული გიგრძვნიათ,თუკი ერთ ლტოლვილ ქართველთან მაინც გისაუბრიათ,ალბათ მიხვდებით,რომ,როგორც ხეს უჭირს იცოცხლოს ფესვებს მოწყვეტილმა,ასევე ადამიანებს ეძვირფასებათ და არ ეთმობათ მიწა,სადაც შობილან,გაზრდილან და საიდანაც უზმობდნენ აჩრდილები მამა-პაპათა. თავდაპირველად იანგული გავიცანი ქუჩის ხულიგან ბიჭად.ასეთები თითქოს უნდა გძულდეს,გეზიზღებოდეს,მაგრამ მე მის მიმართ სიძულვილი,მით უფრო ზიზღი არ მიგრძვნია,რადგან მასში,მიუხედავად ქუჩის ბიჭობისა,დავინახე პატიოსნება,ღირსება,სიამაყე,დიდი სიყვარული.იანგული უპატრონოდ ყოფნამ და უყურადღებობამ აქცია ქუჩის ბიჭად ,ხულიგნად,ამიტომ აღარ შეაგინა ჯემალს,ავემარიასავით ლამაზი სიტყვებით,როდესაც გაიგო,რომ მისი მეტოქე ობოლი იყო... მიდის იანგული სოხუმიდან,ემშვიდობება ყველას და ყველაფერს,ისეთი მზრუნველობით აბარებს ჯემალს თავის აპოლონს,რომ ამ პერსონაჟის მიმართ თუნდაც ეს მონაკვეთი სიმპათიით განგვაწყობს... მჯერა,იანგული სიტუაციის მსხვერპლი გახდა,მზრუნველი მშობლების ხელში ის კარგი ვაჟკაცი დადგებოდა... რამდენი იანგული დადის ქუჩაში დღესაც,რამდენი თბილი გული ივსება სიცივით და ტკივილით,რამდენი კეთილი თესლი ხვდება ეკალ-ბარდსა და ქვა-ღორღში,ვინ იცის?!არადა,”საქართველო,შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!” ადამიანური სითბო,დედაშვილური მძლეთამძლე სიყვარული და კაცთმოყვარე ბუნება იანგულისმაგვარ ბიჭებს საზოგადოებისათვის სასარგებლო კაცებად აღზრდის.მეცოდება იანგული,მეცოდებიან მისი მსგავსი ყმაწვილები საზოგადოებისა და ქვეტნისატვის დაკარგული შვილები,ამიტომ ხშირად,ძალიან ხშირად ვფიქრობ მათზე და მეტირება.. ... და რადგან ძნელია იცხოვრო ფესვებმოწყვეტილმა,რადგან იანგული სევდაა დღევანდელი საქართველოსი,რადგან ვკითხულობთ მზესავით თბილი გულის მქონე კაცის ქმნილებებს და გვეტირება,იქნებ მეტი გვეფიქრა მშობლიური ბედიდან აყრილ ადამიანებზე,გაგვეთავისებინა მათი ტკივილი და ნორჩი ტოტები ბერმუხებთან ერთად მშვიდობიანი გზით დაგვებრუნებინა სამკვიდროში, ვიდრე კიდევ ესმით ადგილის დედის ძახილი, ახსოვთ ,,ლურჯი მთები,თეთრი სანატორია”, ვიდრე არ გაცივებულან ,,სინათლის მზენი” , მზით გამთბარ-გაცისკროვნებული გულები და აგონდებათ ,,კარალეთის დღეები”... ჩემს ნაფიქრსა და ნააზრევს, განცდილსა და აღქმულს ისევ ნოდარ დუმბაძის უკვდავი სტრიქონებით დავამთავრებ: ,, საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.”

თემა: დიდი პოეტი და იდეოლოგი - არსენ იყალთოელი ( XI-XII საუკუნე)


 სკოლა: ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლა
კლასი: მე-9 მოსწავლე: ნინო ებრალიძე
პედაგოგი: ასმათ ჭარელიძე


არსენ იყალთოელი XII საუკუნე

დავით აღმაშენებლის ეპიტაფია ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.”
ჩვენს მშობლიურ ენას ბურჯად და მესაჭედ ედგნენ ადამიანები,რომლებიც, სამშობლოს სიყვარულით გულაღტკინებულნი, იღვწოდნენ, ქმნიდდნენ, აჩუქურთმებდნენ თავიანთ ნააზრევსა და განცდილს, და შთამომავლობას უტოვებდნენ, როგორც უტყუარ მასალას, ჩვენი სახელოვანი წარსულის მოსაგონებლად.......რათა ვიცოდეთ, ,,რანი ვართ” და ,,რანი ვყოფილვართ”...სად გვიხნავს, სად გვითესია, რა მოსავალი მიგვიღია........ ძნელია, გამოარჩიო ღირსეულ მამულიშვილთაგან ერთ-ერთი და მასზე ისაუბრო, მაგრამ ამჯერად მე ყურადღებას არსენ იყალთოელზე შევაჩერებ.სხვებძე სხვები იტყვიან.ახალს ვერაფერს მოგახსენებთ,მაგრამ მინდა ჩემმა თანატოლებმა დაინახონ მისი სულიერი პორტრეტი,გაითავისონ და , მინდა დავრწმუნდეთ, რომ ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის”. არსენ იყალთოელი გახლდათ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, იდეოლოგი, მეცნიერი (ანატომიისა და ფიზიკის მცოდნე და სხვა). მას დიდი დამსახურება მოუძღვის ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ეროვნული იდეოლოგიის წინაშე. არსენ იყალთოელმა განათლება მიიღო კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიაში. შემდეგ შავ მთაზე მოღვაწეობდა. მთარგმნელობითი მოღვაწეობა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების მერე დაბრუნდა მანგანის აკადემიაში. შემდეგ დავით აღმაშენებლის მოწვევით გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა. მერე კახეთში იყალთოს აკადემია დაარსა. დავით აღმაშენებლის სიკვდილის მერე, 1125 წლიდან დამკვიდრებულა შიო მღვიმის მონასტერში, თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს აღარ უცოცხლია. მას ახასიათებენ როგორც: „თარგმანსა და მეცნიერთა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელს ყოველთა ეკლესიათა“. იგი უფრო დოგმატურ, პოლემიკურ და კანონიკურ ლიტერატურას თარგმნიდა. თარგმნისას მაქსიმალურად ცდილობდა ბერძნულ დედანს მიჰყოლოდა. როგორც ამბობენ, ამის გამო ოდნავი ძალდატანებაც გამოსდის ქართულ ენაზე. თვითონ წერდა: „თუ სიბნელე რაჲმე სადმე ანუ სიდუხჭირე შესდგამს, იგი ბერძნულისა შედარებულობისაგან არს და არა ქართულთა სიტყვათა დაშვენებასა ვერმეცნიერობისაგან“. არსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ცნობილი ავტორისა და 11 ანონიმის თხზულებაა. მათ შორის: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, ლეონ პაპის „ეპისტოლე“, თეოდორე აბაკურას „საკითხავნი საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (ჯერ ეფრემ მცირესთან ერთად, მერე ცალკე), „სიტყვისგება ჰურიათა მიმართ“, „თავნი სომეხთა წვარსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ალებისანი ოცდაათნი“. გარდა ამისა, გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“, ფოტი პატრიარქისეული რედაქციის 14-ტიტლოვანი „ნომიკანონი“, რომელსაც მისი თარგმანით „დიდი სჯულის კანონი“ ეწოდება. ჯერ კიდევ შავ მთაზე მოღვაწეობისას ეფრემ მცირეს ხელმძღვანელობით თარგმნიდა ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკურ თხზულებებს და სხვა. იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსებულა, თუმცა არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად არსებობა შეუწყვეტია. XII საუკუნეში კი იყალთოში დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩავიდა და აკადემიის აღდგენა დაიწყო. წარმოშობით იყალთოელი, გვარად მაყაშვილი იყო, წყაროებში ვაჩეს ძედ იხსენიება. მისი თაოსნობით, 1114-20 წლებში იყალთოს აკადემიას ფუნქცია დაუბრუნდა. არსენ იყალთოელი აკადემიის პირველი რექტორი იყო. მან თარგმნა და ერთ კრებულში `დოგმატიკონი~ (ყველაზე სრული ნუსხაა შ-1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტას სინელის `წინამძღვარი~; იოანე დამასკელის `წყარო ცოდნისა~, მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი; თეოდორე აბუკარის პოლემიკური ეპისტოლენი; მიქაელ ფსელოსის `პირმშოსათვის~; კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური თხზულებანი; არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე `დიდი სჯულისკანონი~, გიორგი ამარტოლის `ხრონოღრაფი~ და სხვ. არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ მას მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ _ `ანატომიკოსად~ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია `ვინ ნაჭარმაგევს მეფენი~. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი _ დოგმატიკური. ფილოსოფიაში სქოლასტიკის, არისტოტელიზმის მიმდევარია. მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხანანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს. არის ვარაუდი, რომ რუის-ურბნისის კრების განჩინების დამწერი და მასზე დართული დავით აღმაშენებლის ხოტბის ავტორი, დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის ჩამწერი, ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ მთარგმნელი, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასტული რედაქციის ავტორი -არსენ ბერი (არსენ ვაჩესძე) და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს. არსენ ბერისეული დავით აღმაშენებლის ხოტბა - „მეფესა დავითს“ და არსენ იყალთოელისეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია („ვის ნაჭარმაგევს მეფენი“) იმდენად მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებებია, რომ არ არის გამორიცხული, ერთი გენიოსის დაწერილი იყოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა არგუმენტებიც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა გენიოსი გვყავდა (ორი კი არა, მეტიც). პირადად მე, ორი არსენის, არსენ ბერისა და არსენ იყალთოელის, იგივეობა დამაჯერებლად მიმაჩნია. შესაძლოა არსენ იყალთოელი იმ ყრმათა შორის იყო, გიორგი მთაწმინდელმა რომ წაიყვანა კონსტანტონოპოლში აღსაზრდელად. დღეს გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ სიამაყე ჩვენი დიდი იმპერატორის საქმეებით, დავტკბეთ მისი მეგობრისა და თანამებრძოლის, დიდი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედის, არსენ იყალთოელის პოეტური და იდეოლოგიური ტალანტებით. მეცნიერებაში გამოთქმულია აზრი, რომ არსენ ბერი, შემდგენელი რუის-ურბნისის ,,ძეგლისდებისა” და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნებაა, რასაც ჩვენც ვიზიარებთ.რუის-ურბნისის საეკლესიო კრების წინასიტყვაობა საოცრად მაღალმხატვრული და პოეტურია, როგორც ,,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია”, შესაძლოა, ეს ორივე ნაწარმოები ერთი უნიჭიერესი პიროვნების შექმნილი იყოს. არსენ ბერის მაღალმხატვრული ქმნილება "დავით აღმაშენებლის ეპიტაფია”, გამოხატავს დიდი საქართველოს შექმნის იდეოლოგიას. დღეისათვის "დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის” ორი რედაქციაა ცნობილი. უფრო სწორად, ეპიტაფიის პირველი სტრიქონის ორი ვარიანტი იბეჭდება ხოლმე სხვადასხვა გამოცემებში. პირველი ვარიანტი ამგვარია: ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამეხსნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამეხსნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს, – აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამეხსნეს.” ასეთი რედაქციით აქვს გამოქვეყნებული დავით მეფის ეპიტაფია პავლე ინგოროყვას, (მანამდე სხვებსაც). როგორც ჩანს, მას უნახავს ეპიტაფია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზედ გელათში, როცა ის ჯერ კიდევ იკითხებოდა. სხვები პირველ სტრიქონს სხვაგვარად გვაწვდიან: "ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდივე პურად დამესხნეს”. და სხვა. ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, პირველი სტრიქონის რომელი რედაქცია იქნებოდა უფრო სწორი დავით აღმაშენებლის პერიოდისთვის, ისტორიზმიდან გამომდინარე. რიცხვი შვიდი ქართულ წარმოდგენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიტყვა მშვიდობა ნაწარმოები უნდა იყოს შვიდ-ობიდან ანუ ჰარმონიიდან და სხვა. ძველ ქართულ წყაროებში საქართველო სიმბოლურად შვიდი სამეფოს ერთობას წარმოადგენს. "ვეფხისტყაოსანშიც” საქართველოს ალეგორია ინდოეთი შვიდი სამეფოსაგან შედგება. თავისთავად ცხადია, რომ ეპიტაფიაში თუ გამოვაქვეყნებთ "შვიდნივეს", არავითარი შეცდომა არ იქნება და მიმანიშნებელი იქნება იმისა, რომ დავით აღმაშნებელი იყო სუზერენი, მფლობელი, "მასპინძელი" შვიდი მეფისა. ეს ნიშნავს, რომ იგი იყო დიდი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, შვიდი მეფის მეფე – იმპერატორი. ისევ, როგორც ეპიტაფიის მეორე და მესამე სტრიქონები სიტყვაკაზმულად, მაღალმხტვრულად, გენიალურად მოკლედ და ლაკონურად გამოხატავენ დავით აღმაშენებლის ღვაწლს, პირველი სტრიქონიც მის სტატუსს წარმოგვიდგენს. მეორე სტრიქონი: "თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამეხსნეს”, გადმოგვცემენ ისტორიას ქვეყანისა, სადაც გაბატონებულნი იყვნენ უცხოთესლნი და ისინი "გასხა", გარეკა წმინდა მეფემ, გაათავისუფლა სამი დამპყრობლისაგან (სპარსი, თურქი, არაბი) საქართველო. მესამე სტრიქონიც არა მხოლოდ პოეტურია, იგი ისტორიულია და იდეოლოგიურია. "თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს”. მართლაც დავით აღმაშენებელმა მკვიდრად გააერთიანა ამერი და იმერი. ამ სტრიქონში ქართული თემების ერთ ერად უფრო შედუღაბებაა გადმოცემული. მეოთხე სტრიქონი განსაკუთრებულად მაღალმხატრულია, პოეტურია, ემოციურია, ფილოსოფიურია, უზადოა. ბრწყინვალედ და უბრალოდ არის მოძებნილი და გადმოცემული ყოველივესი, თუნდაც დიადის დასასრული – სიკვდილი, ამაოება. ასევე მასში არის ჩაქსოვილი მთელი ერის გოდება წმიდა მეფის დაკარგვის გამო. ამასთან, ქრისტიანული რწმენა, ადამიანის განსვენება, გარდაცვალება. ახლა მოვუბრუნდეთ პირველ სტრიქონს. ვარიანტი, რომელიც სულ თავიდან შემოგთავაზეთ, გადმოგვცემს, რომ დავით მეფემ თორმეტი მეფე დასვა ნაჭარმაგევს "პურად”. ანუ იგი იყო თორმეტი მეფის მეფე, სუზერენი, იმპერატორი. ვფიქრობ, ეს ვარიანტი უფრო სწორი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს ვარიანტი გადმოცემული აქვს "ხელმწიფის კარის გარიგების” უცნობ ავტორს. ეს ნაწარმოები უნდა შექმნილიყო მეთოთხმეტე საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის დროს. "ხელმწიფის კარის გარიგების” თავში "ხელქვეშეთ მეფე-მთავართა დაჯდომის წესი” ვკითხულობთ: "და ზოგთა ვიეთმე ასრე უწერია, ვითა ტრაპიზონელი და შარვანშა, შანშე და სომეხთა მეფე რა მოვიდნენ, საჯდომი ერთი არ არის ოთხთავე. მამა არსენ იყალთოელი, ეგეთი კაცი მტყუანი როგორ ეგების? ამას შაირსა არა იგი იტყვის: "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად ჩაესხნეს”. მაშინ ორნი ოსთა მეფენი და კახთა მეფე, და ალვანთა მეფე, წანართა მეფე, სამნი ტაოელნი მეფენი და სომეხთა მეფე და ტრაპიზონელნი და შარვან შაჰენნი, – ესენი ჩაესხნეს ნაჭარმაგევს და თორმეტნი დასხდეს”... (ქართული მწერლობა, V, “გარიგება ხელმწიფის კარისა”, გვ. 81, თბილისი 1988). "ხელმწიფის კარის გარიგებით" მტკიცდება, რომ სწორია ვარიანტი “თორმეტნი”. ეს მთელ კავკასიას აღნიშნავს, ალეგორიულად მთელ დედამიწას. ასევე თორმეტი მოციქულის, საიდუმლო სერობის, დროის თორმეტი მონაკვეთის და ა. შ. სიმბოლიკას წარმოგვიდგენს. თუმცა, ეს ფრაზა სიმბოლური არ არის, ის ისტორიულ რეალობასაც გამოხატავს. ეს ფრაზა ამტკიცებს, რომ სხვა ქართულ და არაქართულ სამეფოთა გარდა დავით აღმაშენებელს ემორჩილებოდა ძველი ქართული ქვეყანა, "სამეფო”, ქალდია-ტრაპიზონის სამთავრო. ეს ადმინისტრაციული ერთეული ბიზანტიის მფლობელობაში იყო მანამდე. 1071 წლის მერე თურქებმა დაიპყრეს. თურქებიდან ქალდიამ თავი საკუთარი ძალებით გაითავისუფლა, კონსტანტინოპოლის დახმარების გარეშე. შემდეგ ბიზანტიის იმპერიასა და ტრაპიზონის სამთავროს მმართველ გავრათა საგვარეულოს შორის სიტუაცია დაიძაბა (პავლე ინგოროყვა, ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის საკითხთა გამო, გვ. 21-22, თბილისი 2003). მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენმა ყველა სეპარატისტულად განწყობილი მხარე მკაცრი მეთოდებით დაიმორჩილა, ქალდიას საფრთხე ძველი დამპყრობლისაგან არ შეხებია, ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის დამსახურებით და გაბრების საგვარეულოს მეცადინოებით. იმ დროიდან იწყება (აღდგა) დიდი საქართველოს გავლენის გავრცელება ტრაპიზონ-ქალდიაში ანუ შუა და დასავლეთ ლაზეთის მხარეში. იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელი გახდა თორმეტი მეფის სუზერენი, ამ თორმეტი სამეფოდან შვიდი გაუქმებული იყო და საქართველოს უნიტარული სახელწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. შვიდივე "სამეფო" ეთნიკურად ქართული იყო. მათ გამგებლებს, რომელთაც ნიშნავდა საქართველოს იმპერატორი, `მეფისა ადგილსა მჯდომები” ეწოდებოდა. ეს სამეფოები იყო: 1. კახთა (ეს სამეფო დავით აღმაშენებელმა 1104 წელს შემოუერთა საქართველოს, "ხელმწიფის კარის გარიგებაში" ეს სამეფო დასახელებულია მესამედ); 2. ალვანთა (1120 წელს შემოერთებული ყაბალა, ალვანთა ქვეყანა, "ხელმწიფის კარის გრიგებაში” მეოთხედ დასახელებული); 3. წანართა (“წანარეთის სამეფო”, "ხელმწიფის კარის გარიგებაში” მეხუთედ დასახელებული); 4-5-6. სამი ტაოს სამეფო (ტაო-კლარჯეთის ძველი სატახტოები); 7. "სომხითის” – ლორე-ტაშირის სამეფო (ძველი ქართული მიწა-წყალი, დასახლებული უმეტესწილ ქართველებით, სადაც სომეხ კვირიკიანებს დაარსებული ჰქონდათ ე.წ. სომეხთა სამეფო – ცენტრით სამშვილდე. ეს სამეფო თურქებმა დაიპყრეს ჯერ, ხოლო შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და დაუბრუნა საქართვლოს). ამ შვიდ ქართულ სამეფოთა გარდა დავით აღმაშენებლის მფლობელობაში როგორც ავტონომიური სამთავრო შედიოდა ქალდია – ტრაპიზონის ქართული ქვეყანა, რომელსაც იმ დროს მართავდა გრიგოლ გაბრა. ამას გარდა, დავით აღმაშენებელი იყო მფლობელი არაქართული წარმოშობის სამეფოების, ისინი "ხელმწიფის კარის გარიგებაში” მითითებულია: 1-2. ორი ოვსთა სამეფო (ოსური სამეფოები ჩრდილო კავკასიაში); 11-12. შარვანის საშაჰოები (1123 წელს შემოერთებული შირვანის და დრუბანდის ავტონომიური სამეფოები). დავით აღმაშენებლის ეპიტაფიით სიმბოლურად ირკვევა, რომ საქართველო არის ღვთის რჩეული ხალხი, თორმეტი სამეფოსგან შემდგარი სახელმწიფო. დიდი საქართველო შექმნა დავით აღმაშენებელმა თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვლენოვანი ადგილი ეკავა, დავით აღმაშენებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სასოს და განმანათლებელს დავითისა, ბერსა არსენის".  

1. პროექტი - დღევანდელი ყოფითი პრობლემები.
2.პროექტის მოკლე აღწერა - საზოგადოების დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს.
3.პროექტის ვრცელი აღწერა- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ ქვეყანაზე. ირგვლივ უინტერესოდ და მძიმედ მიდის საზოგადოების ცხოვრება. ნაწილი ფუსფუსებს და შრომობს ფუტკარივით, ზოგი მაღალი თანამდებობითაა უზრუნველყოფილი და ზოგიც სიღარიბის ზღვარზეა. დიდი წვალების და ტანჯვის მიუხედავად ,ადამიანები ძლივს არჩენენ ოჯახებს, ეკონომიისა და ნაკლები ხარჯვის გამო იშვიათად თუ რთავენ ნათურას და გათბობითაც ხელებს თუ შეითბობენ გაზზე.საშუალო შემოსავლის მქონეოჯახის ორი უფროსი წევრი აუცილებლად უნდა მუშაობდეს,რათა მოსული კომუნალური გადასახადები დროულად ერთმა მაინც გადაიხადოს ,მეორემ კი შვილების კვებაზე იფიქროს, ოღონდ არა დელიკატესები, არამედ უბრალოდ სადილი მიირთვას.უდიდესი ყოფითი პრობლემებით ცხოვრობენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფასი და სათნო ადამიანები.მოხუცები, რომლებიც კუთვნილი პენსიით ძლივს ახერხებენ საჭირო წამლის ყიდვას,ხოლო ელემენტარულ მოთხოვნილება, რომ ტკბილი საკვები მიირთვან, მეორეხარისხოვნად , ნატვრად რჩებათ. მაღაზიები კი გადაჭედილია სხვადასხვა უგემრიელესი თუ თვალისმომჭრელი პროდუქტით, მაგრამ აქვს კი ყველას იმის საშუალება, რომ ცოტა ხნით მაინც გაიხაროს, ამაყად შეიძინოს ის, რაც მას ძალიან უნდა?!- არა, ის ამას ვერ გაბედავს, რადგან მის უკან ოჯახია. ოჯახი, რომელსაც ყოველდღირად ცხოვრების გზაზე უამრავი ყოფითი პრობლემა ხვდება.
4.მონაწილეთა ასაკი- 15 წლიდან ზევით.
5. ვადები. ხანგრძლივობა- 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში- მოხუცთა თავშესაფარში წასვლა; მოხუცებთან გასაუბრება; ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის მოწყობა; ტკბილეულით გამასპინძლება.
7.პროექტის მოსალოდნელი შედეგი:
მოხუცები გაიხარებენ...კიდევ ერთი ლამაზი დღე დადგება მათ ცხოვრებაში...მოსწავლეები ისწავლიან უმწეოთა თანადგომასა და დახმარებას........
8.სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ ,თუ რა დიდი პრობლემების წინაშე დგანან საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი.
9.სამუშაო ენა- ქართული
10.საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი-არ საჭიროებს. 11.ავტორი- ნინო გიორგაძე-მე-10 კლასის მოსწავლე.32-ე საჯარო სკოლა.  

პროექტი


1.პროექტი- ,,ენის სიწმინდის დაცვა"
2.პროექტის მოკლე აღწერა - ქართული ენა უდიდესი საუნჯეა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
3.პროექტის ვრცელი აღწერა - ქართული ენა მდიდარია, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს მრავალი პრობლემა აქვს. დღესდღეისობით მას ძალიან ბევრი ადამიანი ამახინჯებს სხვადსხვა ტერმინებით. ენის სიწმნდის დაცვის საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალისტებს. მათ საუბარში არაერთი შეცდომა იპარება, როგორც გრამატიკული, ასევე სტილისტური. ხშირად ისინი ხმარობენ უცხოურ ტერმინებს, რაც დიდი დანაშაულია. ჯურნალისტის მეტყველებას გადამდები ძალა აქვს და თუნდაც უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის.
4.მონაწილეთა ასაკი- ჩემი აზრით, ეს თემა ნებისმიერი ასაკისთვის მისაღებია, მაგრამ ამჟამად პროექტი ჩატარდება მოზარდებში, დაახლოებით 15-17 წლის ბავშვებში.
5.ვადები, ხანგრძლივობა- 2 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- ინტერნეტის გამოყენება; ფორმატის გაკეთება, სადაც მოცემული იქნება სწორი და არასწორი ფორმები; ჟურნალისტების საუბარზე დაკვირვება და ბოლოს დიდი დისკუსია.
7.პროექტის მოსალოდნელი შედეგები- მე ვთვლი, რომ ეს თემა დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, თითოეული ადამიანის გულში გავაღვივოთ მშობლიური ენის სიყვარული.
8.სარგებელი სხვებისთვის- გაეცნობიან ამ პროექტის მთავარ არსს , რის გამოც გაკეთდა ეს ყველაფერი . შესაძლოა ბევრმა მართლაც შეწყვიტოს სხვადასხვა ტერმინების ხმარება და ქართული ენის დამახინჯე ბა.
9.სამუშაო ენა- ქართული.
10. საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი-ქართული.
11.ავტორი- ლიკა რაზმაძე. მე-10 კლასი.32-ე საჯარო სკოლა.