გიორგი კეკელიძე – “წითელი ოდა”
მოვიდა წითელი ბოშა.
ბრმა იყო წითელი ბოშა და
ხელებს ახელდა
და კამათელს ისროდა მზერასავით.
ვკითხე: რად მოხვედი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა?
მითხრა წითელმა ბოშამ:
მომეცი შენი ვერცხლის ძაფი
და კამათელი გეტყვის,
რომ ქარი შენი ზურგისაა,
გზები შენი პირისაა
და
მე დავუმალე ჩემი ძაფი
და
ბოშამ წყევლა დამიტოვა,
(ბოშა ჩრდილის გაღმა იდგა,
მზე მოეკიდა და
მოხრილი წავიდა…)
)თეთრ მთას იქით მეათასე ღამე გადავაგორე
და მაინც არ აივსო
ის უფსკრული მათი ლეშით(
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
… მაინც ვერ ავთვალე სხეულს წყევლა,
რელსებზე ხავსივით მოჭიდებულ,
ფარდით თვალდამუწულ გრძელ ვაგონზე
კოდალას ნისკარტით უკაკუნებს
წვიმა ცის ბუდიდან მოფრენილი,
სიზმრებს ჭიებივით ამომაცლის,
რომ თივაგათელილ ჯვალოსავით
დავიგო დამფრთხალი ძილი…
ქარი პირაქით მცემს,
გზებს კი ზურგის ჩრდილი
და მცემს ახდენილი ოცნებების
მოტკბო და უშენო სუნი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რად ბოშაო ჯავრიანო,
რად დამდე ჯადოს ბორკილი,
რად გამიხმე სიყრმის წლები..
აჰა, ჩემი ფეხით მოვსულვარ,
მარტო და სნეული მოვსულვარ,
ვერცხლის ძაფით მოვსულვარ
და ვერ მიცანი -
აჰა, მოვაბი ძაფი,
რას მომტირი ბოშა ქალო,
რად მაჩვენებ მტკივან პირსა,
ღარიბი ვარ, ტანტრე მქვია,
დამკარგა და ვეძებ ვირსა,
მოვაბი ძაფი წვრილი და არ მოვწიე,
ფუჭად მომღმუი და ფუჭად შემთხოვ,
ცრუდ მოვაბი ძაფი,
ცრუდ მოვაბი ძაფი ვერცხლისა და წვრილი,
არ მოვქაჩავ და არ მოგაცლი,
ცრუდ მოვაბი ძაფი -
შენი
მოსაცვლელი
კბილი
მოვატყუე
Posted in Literature | Tags: გიორგი კეკელიძე, Giorgi Kekelidze
No comments:
Post a Comment