ქსანზე რომ...
შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე
ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს,
ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე,
ჩემს საქართველოს შეემატოს.
შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად,
ქარში ფრიალებენ პეპელები. . .
ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ,
მთელ საქართველოს ვეფერები.
საღამო ქართლში
ქარი - ბებერი, ბუზღუნა მნათე,
მტკვარი - ოლარი, ნაქარგი მთვარით,
ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს
ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი.
გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები,
ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია. . .
ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით
მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან.
ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდი
და ყანის პირზე ყვავის სოსანი -
ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი,
თვალები ლურჯი - იესოსავით.
თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები,
ახლა იით და შროშნით ფენილი
და ქედნებივით ჩანან ტაძრები, -
ქრისტეს უბიდან ამოფრენილი.
გადაძახილი
აღარ ვიცი,
ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს
უცხო მუმლი მისევია,
ქართლი,
როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე
მისვენია.
გვერდით მიდევს
ვერცხლისფერი ამულეტი,
თვალს ვარიდებ გადამტვრეულ,
პირბლაგვ მახვილს,
„რა უყავით,
რა უყავით მამულები?!“ –
ტირილის ხმით
ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა
ათას ჩემისთანა გულთან დაობს,
ხან მრისხანებს,
ხანაც გლოვის ისმის ზარი -
„ ვის მიეცით
ეს წყალ-ჭალა საიგავო,
უფლისაგან
სასოებით ნაბოძვარი?!“
ამობრწყინდი, მზეო,
ღამის გამთენებო,
ჩვენ თუ არა,
სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს. . .
გაიღვიძეთ,
გაიღვიძეთ, ქართველებო! –
დამდგარია
ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი,
ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს
უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე
მისვენია.
გამთენიისას
შორს ბუბუნი გააქვთ მუხებს,
ისმის ჩიტთა რია-რია,
ნამი ბრწყინავს, ალბათ წუხელ
ანგელოზებს უტირიათ.
ცა რომ ღრუბლის კარავს გაშლის,
ხევში ჩაჰფენს ნისლის ფთილებს,
იგალობებს შავი შაშვი,
დილას ყელში გამოივლებს.
ქართლის მთები ფერხულს კრავენ,
ათრთოლებენ ნაძვს და ღვიას
და ჩანჩქერთა რძისფერ მკლავებს
შავ კლდეებზე ჩამოშლიან.
ჰგავს ნიავი მინდვრის მგოსანს, -
ტრფობით ბევრჯერ წვეს და დაგეს,
ჩაეხვევა ვარდს და სოსანს,
ბაგეს გადაიბადაგებს.
კვლავ ბუბუნი გააქვთ მუხებს,
მათრობს ჩიტთა რია-რია,
ნამი ბრწყინავს, ბაღში წუხელ
ანგელოზებს უტირიათ.
ცხრაჯერ
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი
ქალმა კოშკიდან ამაყად,
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,
ერთხელ არავინ ამამყვა.
ცხრაჯერ ვამტვრიე ცხრა კლიტე
ან ცხრაკლიტული რა იყო. . .
კარი დავტოვე ღრიჭოდა,
მაგრამ არც ერთხელ გაიღო.
ცხრაჯერ ვიქეცი თეთრ შუნად,
დავწურე მკერდის მტევნები,
ფეხთ ვეცი მონადირეთა,
სად იყო გამომდევნები?!
ცხრაჯერ შევბღავლე ქარაფებს,
ცხრაჯერ დუმილმა დამსუსხა,
ჯავრით გულშეწუხებულსა
არავინ გამეპასუხა.
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი
ქალმა კოშკიდან ამაყად,
ცხრაჯერ ჩავშალე ნაწნავი,
ერთხელ არავინ ამამყვა.
ლექსებს ვკითხულობ
ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,
დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,
გთხოვ, მაპატიო, მე როცა მიჭირს,
ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.
იდგა დარი თუ გრიგალს მივქონდი,
სულ მწამდა, უცხო ნაპირს ვნახავდი,
ვერ დავიურვე მაინც სტრიქონი,
ვერ მოვიხადე ლექსის სახადი.
ნურვინ ჩამითვლის სურვილს აუგად,
მუდამ მლოცველი ვიყავ ამ მიწის,
რა ვქნა, თუ იის ეშხმა დამბუგა,
ბროწეულების ცეცხლში დავიწვი.
ქარი რომ ნისლის ბაირაღს გაშლის,
გულო, დარდით ნუ დამეხურები,
შორს ვარსკვლავები ბრწყინავენ ცაში,
როგორც იესოს ნაფეხურები.
ღმერთო, მომმადლე მოთმენის ნიჭი,
დამბადე მწყემსად ანდა - ქვითხუროდ,
გთხოვ, მაპატიო, რომ როცა მიჭირს,
ლოცვების ნაცვლად ლექსებს ვკითხულობ.
არც არაფერი მომხდარა
ჟამია - გვიდგას მაისი,
ჟამია - გავირიყებით,
მოდის ცხოვრება თავისთვის,
მეც შორიახლო მივყვები.
იფნის რტო ქარმა მოხარა,
ლურჯ ცას ღრუბელი აურევს,
არც არაფერი მომხდარა, -
ვტირი,
ცრემლს ვიშინაურებ.
გაზაფხული ქსანზე
ზედ გულზე მადევს ეგ თბილი ხელი,
მოვდივარ, ვიცი, შენც გენატრები,
მოასკდებიან ღობეებს წნელის
ვარდისფერკაბა დები - ატმები.
თითქოს პირველად ვიყო მნახველი,
ისე მაბრუებს სურნელი ბელტის,
გადახეულა თოვლის საყელო
და აპრილს იის მოუჩანს კერტი.
სხვაგან თუ მისწრებს შენი წყურვილი,
თავქვეშ გავიფენ ბალახს ჭილოფად
და მოკისკისე სალამურივით
შვიდგან გავიხსნი გულზე ჭრილობას.
და როცა ჟამი თავისას მიზღავს,
აქედან ვიცი, რასაც მიპირებ, -
თუ მომკლავ, ალბათ, შემოდგომისას
და ხეთა ყვითელ ფოთლით მიტირებ.
ჯერ კი შენთან ვარ და ალბათ კიდევ
ბევრჯერ ამინთებ კოცონებს სულში
და პეშვით ხორბლის საკმეველს გიკმევ
პაპის კვალდაკვალ ჩამდგარი ხნულში:
„ ეს - ერს, გადურჩეს მეწყერს და ავდრებს,
ეს - სტუმარს, ესეც - შაშვსა და ოლოლს. . .“
და როგორც პაპამ მასწავლა ადრე,
ოჯახს ვახსენებ ყველაზე ბოლოს.
ქსანზე ვარ. . . ლურჯად ელავს ნაპირი,
მზით დაქარგულა მთათა კალთები
და საქართველოს ლოცავს აპრილი
აყვავებული შინდის სანთლებით.
ჯერ თუ არ გამომაღვიძე
სულ კლდე-ღრეს მოვეხეთქები,
რა მიგავს მშვიდს და იღბლიანს,
მაინც საწუთროს სურვილზე
არც როდის არ გამივლია.
მე რა სიმდიდრეს მაგულვებ -
უქონ-უპოვარს ხამლიანს,
ქვიშისფერ კლდესთან ნაწოლი
სულ სხვის სურვილმა დამლია.
წანწკარა ღელეს ნაჩვევი
დიდ ზღვებს ვერ გავყევ მორხევით,
სხვათ მუცოს ციხე ვეგონე,-
გულგამოხრული, ოხერი.
მე ქერის პური მალოღნეს,
სხვანი დალაღდნენ დიკითა,
ვერ იქნა, მაინც საწუთრომ
ფეხებზე ვერ დამიკიდა.
სიცოცხლე - ვისთვის ეკალი,
ვისთვის გაშლილი ბაღი ძევს,
ისე ვერ მომკლავ, სიკვდილო,
ჯერ თუ არ გამომაღვიძე!
ქართლი
როცა ქართლში გაზაფხული
აამწვანებს სერს და ყანობს,
ცხელი სისხლი ჩაუდგება
სამაჩაბლოს, სამუხრანოს.
დაშვენდება საულვაშე
დოლის პურს და ქერის თავთავს,
ქსანზე ნისლად აცურდება
წმიდა სული ერისთავთა.
მუხრანს ზემოთ ერთი შინდი
რომ ყვავილობს გამთენია,
ქეთევანის სულის საოხ
ანთებული სანთელია.
მიწას, ასჯერ გადაბუგულს,
თავზე ადგას სვეტი ნათლის,
პირჯვრის წერით სათქმელია:
ზემო,
ქვემო,
შუა ქართლი.
ქართლო, საქართველოს ძირო!
ქართლო, საქართველოს ფარო! –
არც არავინ გაგიტოლო,
ვერც ვერავინ შეგედაროს.
გადავძახი ოთხივ მხარეს,
სადაც მზერა გადამიტანს:
„ საქართველო ქართლით არი!“
ზეცა ამბობს:
„ჭეშმარიტად!“
მეფედ საქართველოისა
არ ითქმოდა არვის ნებით,
თუ სკიპტრას და ოქროს გვირგვინს
მცხეთას შენ არ უკურთხებდი.
უწინ ბევრჯერ ნაწამები,
მაინც მუდამ მთქმელი მართლის,
ერის მჩენი, გადამრჩენი -
ქართლი,
მშვენიერი ქართლი!
მცხეთას ლოცვად დაგიდგები,
ვიმარტვილებ,ვიმარხულებ,
თუ ათას წლებს შენ ასეთი
ეშხით გამოიზაფხულებ.
დღეისდღესაც ღვაწლი შენი,
მადლი შენი უდევს დვრიტად,
„საქართველო ქართლით არი!“
ცა მიმოწმებს:
„ჭეშმარიტად!“
მე ვით გეტყვი ანდა ქვეყნად
ღვაწლი შენი ვინ თქვას დათვლით. . .
დედასაქართველოისა,
გული საქართველოისა -
ქართლი,
საოცარი ქართლი!
მერე გაფრინდი
მიწას წივილით მივლოკავ,
გზები მინამქრეს ქარებმა,
სად მიჰყეფ, შავო ყორანო,
საითკენ მიგეჩქარება?
ჯერ ჩემი გული დაფლითე,
სისხლმა კოცონად იალოს,
ჯერ მე და. . .
საქართველოსკენ
მერე გაფრინდი, ტიალო!
საღამო არაგვზე
ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, -
ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს,
ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ,
მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.
რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა,
ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ,
თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან,
აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.
ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის,
აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს,
მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი,
რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.
ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს
და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის. . .
და არაგვიდან წამოსული მზე
ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.
თეთრი ყვავილი
ვკოცნიდი წითელ ყაყაჩოს,
ვარდი მეფინა მე პირად,
პატარა თეთრი ყვავილი,
თუმც ბაღს ვიცნობდი ზეპირად,
არც როდის შემიმჩნევია,
არც როდის თვალი მეჭირა,
წამოსვლა რომ დავაპირე,
წინწინ ის გამომეტირა.
ევას მონოლოგი
ტყისპირს, გათიბულ ღიღილოებში ვწევარ,
მთვარე უცნაურ და უცხო ჩრდილებს ლანდავს...
ცხელი ჩურჩული: „მოხვალ, ძვირფასო ევა?“
და უფრო ცხელი: „უკვე შენთან ვარ, ადამ!“
ბაგეა სველი და სურვილისგან ბრწყინავს,
ეს სარეცელი მინდვრის ბალახით ვკერე...
ოღონდ ნუ მეტყვი, რომ არ გიყვარდი წინათ,-
არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის მერე.
მკვდარ გვირილებზე გასრიალდება გველი
და თივის ზვინზე ჭრელი ლენტივით ცოცავს, -
შენ არ მიბოძე ეს ნეტარება მწველი?!
შენ არ მასწავლე ასე მხურვალე კოცნა?!
თმები ჩაშლილი, როგორც შრიალა ლელი,
მახვილი ბაგე და მკერდი მარმარით თლილი...
ღამე - იმ პირველ ცოდვისნაირად ბნელი,
ღამე -იმ პირველ ცოდვისნაირად ტკბილი.
რა დამავიწყებს მრისხანე ქუხილს -
„ევა!“
ზეციურ ბაღებს, იმათ ხიბლსა და ჯადოს...
ახლა ქალი ვარ...
ახლა დედა ვარ...
„მე“ ვარ
და ამ მშვენიერ სიყვარულისთვის გმადლობთ!
შემოდგომა
(სურათი)
მოჩანს ცის სილურჯეში
წეროების მწკრივი -
ანგელოზის მუჭიდან
ჩავარდნილი მძივი.
ჩუმად მომიკაკუნებს
ყრუდ დაგმანულ მინას,
შუაღამის მიჯნური -
შემოდგომის წვიმა.
თრთის ნეკერჩხლის ფოთოლი -
სიფრიფანა, თხელი,
თითქოს ემშვიდობება
ზაფხულს ნაზი ხელით.
მოჩანს ცის სილურჯეში
წეროების მწკრივი -
ანგელოზის მუჭიდან
ჩავარდნილი მძივი.
მე ვერ წავალ უსიმღეროდ
როგორ გადაყრუვდა არე,
მდელო გადაძოვა ხვატმა,
ღვინოდ ცრემლი მოვიხმარე,
პურად მოგონებებს ვატან.
ჩემს ბაღჩაში ვარდი გახმა,
შენთან სიო ძეწნებს არხევს...
სიყვარული არ მინახავს,
სიყვარულზე დარდი ვნახე.
ვერცხლის შიბებს ჟანგი ფარავს,
ვინ მიშველის დროის მძევალს,
სიყმაწვილემ ჩაიარა,
ახლა ჩამავალი მზე ვარ.
ვეფერები შროშნის ღეროს,
სუმბულს ლურჯი რიდე ბურავს,
მე ვერ წავალ უსიმღეროდ,
კარს ტირილით ვერ გავხურავ.
ბინდში სევდით ვუმზერ მთვარეს,
ძველ ჭიშკარს და ღობის ლატანს,
ღვინოდ ცრემლი მოვიხმარე,
პურად მოგონებებს ვატან.
შვილისადმი
თუმცა იღბალი იმგვარად მთარსავს,
ბევრჯერ ჩამატყდა ხელში ჭინჭილა,
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.
შენ ჩემს სუყველა იარას შველი,
არა ტკივილი არ გეურჩება
და ვგრძნობ, რომ შენი პატარა ხელით
თვითონ სიცოცხლე მებღაუჭება.
ახლა ამ ზეცას მლოცველის მსგავსად
შევყურებ რწმენით, განა - იჭვითა...
ნუ გეშინია, არ წავალ არსად,
ვიდრე შენ კაბის ბოლო გიჭირავს.
აკვანი
(მიტოვებული სოფლის სურათიდან)
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და
უკარფანჯრებო შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.
ჯარაზე თეთრი ობობას ქსელი
და წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებს...
და ვეფერები მთრთორვალე ხელით
აკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.
ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის
და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი...
და მოძალადე თურქ-სელჯუკივით
გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.
და როცა ბინდი დადგება გარეთ,
არსად კერიის შუქი არ ღვივის,
ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარე
და შენს აკვანში წვება ბალღივით.
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და
ღმერთო, რა ვნახე, შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.
ავტოპორტრეტი
თუ მომკლავ, დროით მომკალი,
ეგრე ვერ დამლევ წამობით, -
პოეტი ვარ და სამყარო
ჩემში გადის და გამოდის.
ხან კლდის თავს ვიწექ ჯანღივით,
ხან მზვრისპირს იად ვხარობდი,
სისხლად ნანჩქრევი ლექსებით
სიკვდილთან ჯიბრსა ვლამობდი.
ღვთისმშობლის კალთას ნამთხვევი
სხვის უბე-კალთას ვხამობდი...
მომსურდა - ცისკრად გავთენდი,
მომსურდა - მოვსაღამოვდი.
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
დაე, იქუხოს და გაავდარდეს
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,
დიდი სიძულვილი არ მადარდებს,
მცირე სიყვარულმა შემაშფოთა,
სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...
იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,
ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.
ლურჯი ბილილები დამკარგვია,
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი,
მახვილის სიმრავლე რას გარგია, -
მკლავი, მომქნეველი, აღარ არი!
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
სამშობლოს ვეძებ
არის ჟამი, რომ
ხალხმა უნდა თამამად იხმლოს,
შენ კი ქარიშხლებს
დრონი მუდამ ავად გახლიდნენ,
მითხარი მაინც,
ღვიძლო ჩემო
და ჩემო სისხლო,
ამ გოლგოთაზე
მერამდენედ უნდა ახვიდე.
აღარ დასრულდა
მტრის ბოღმა და ავი ქადილი?
როდემდე უნდა მოითიბოს
ტყვიებით ლელი...
მცხეთის მთებიდან
ნისლი, როგორც ნინოს მანდილი,
ზეცისკენ მიდის
ფერმკრთალი და ცრემლებით სველი.
ყველა სიავე
გარდიხდება ოდესმე მისხლით,
ასე ყოფილა,
ძველ დროთაგან ასე ითქმევა,
დღეს თუ არ, ხვალე -
ძმათა ჩვენთა უმანკო სისხლი
წითელი ვარდის შადრევნებად
ამოიფრქვევა.
არ დადრკე ოღონდ!
არც თავდახრით მიდგე ჩეროში,
უფლის იმედით იოცნებე
უკეთეს ბედზე...
ტირილით დადის
დამარცხებულ საქართველოში
სული ჩემი და
გამარჯვებულ სამშობლოს ეძებს.
კაი ყმის ხელით ვკვდებოდი
ლომისით ბინდი ჩამოდის,
ლეშზე ხარობენ აფთრები,
არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,
მალვით არ ჩამისაფრდები.
და როცა მუხრანის ველზე
მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,
გულდაგულ გადამიდგები
მოყმე პირბადრი, ამაყი.
ორნივ ლაღნი და უკადრნი
სახელით, ციხე-ქავითა,
ცა წითდა ჩემი ფრანგულით,
შენ დამასწარი წამითა.
მთვარე გორს უკან ჩავიდა,
მეც ველეოდი, ვდნებოდი,
გულს მაინც მადგა ნათელი -
კაი ყმის ხელით ვკვდებოდი.
და ბოლო ამოქშენამდი
სული გათენდა, ამზევდა,
ავწიე და... გაკოცე
ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.
ფრთები
ჩემს ლაშას
ახლა უდაბნოს ქვიშაზე ვთბები,
ყელში მოწოლილს ვაკავებ ბგერებს,
ხომ მქონდა ერთხელ ცისფერი ფრთები,
მე რომ ვერაფრით ვერ შევიფერე.
რა შორი ჩანდა მანძილი ცამდე,
რა სველი იყო ცრემლით ბალიში...
მახსოვს, გაფრენა რამდენჯერ ვცადე,
მაგრამ მიწამ და შენ არ გამიშვით.
და მაინც,
ხმალი რაც უნდა ვლესო,
ეს ღამეები, სულ რომ ფიტავენ, -
როგორც ყინწვისის ლამაზ ანგელოსს,
შავით მოსირმულ ფრთებს მომიტანენ.
წაიკითხავენ ქარები მესას
და ჩუმი მოთქმით მიტირებს ლელი...
ოღონდ შენ ბაგეს არ დასცდეს კვნესა,
ოღონდ ბავშვივით არ წაგსკდეს ცრემლი.
შენს ძილს კვლავაც რომ მფარველი ვყავდე, -
ყველა ცრემლს უფლის კალთასთან მივფენ
და სიზმრის ფრთებით შენს სასთუმლამდე
იქიდან უფრო მსუბუქად ვიფრენ.
შენ ჩემი ლოცვა გიშველის
რას ნაღვლობს ორი გიშერი,
ღაწვზე რა დარდის მოლი წევს...
შენ ჩემი ლოცვა გიშველის,
მე შენი წყევლა მომიწევს.
სხვას დარჩა ჩემი წალკოტი,
სხვა სცემს დაფსა და ფანფარებს,
წარსულს, წლებისგან დაკორტნილს,
თავს ვეღარსაით ვაფარებ.
მზემ მთხოვა სული, ვერ მივე,
ვერც - ზღვას, შემომდგარს პირამდი,
ხან ცრემლი მწვავდა ჩემივე,
ხან გულგრილობით მყინავდი.
გზა აღარ ჩანდა უკან და
ვფანტე ბროლი და ბადახში,
მე სიყვარული მღუპავდა,
შენ სიძულვილით გადარჩი.
და ჟამს, გრიგალს რომ მომირწევს,
შევრჩი, ვით ალვა შიშველი...
მე შენი წყევლა მომიწევს,
შენ ჩემი ლოცვა გიშველის.
ჭრილობა - „ ქართლი“
მობრუნდა ჟამი,
როგორც ავი, მწარე სიზმარი
და ამ გრიგალში
ღირსეულად არ ჩანს მერემე...
ბედაურები
დიდი შალვას და ელიზბარის
თითქოსდა ისევ
სპარსეთის გზებს მიამტვერებენ.
წუთისოფელი
ხომ ისედაც ბევრჯერ გვნებია,
ასგზის ნაწამებს
ალბათ ეს დღეც უნდა გენახა...
ეს მწვერვალები
შენი ციხის ქონგურებია,
კვლავ აყვავდები უფლის ნებით
ღვთიურ ვენახად.
აქ ახლა ქარი
სულ სხვა ხმაზე სტვენს და ქამანჩობს,
მოთქმაა მწარე
და არც ჟამი არის მარტივი...
ჭრილობასავით გაიხსნება
ქართლში ყაყაჩო -
მეწამული და მოელვარე
ქრისტეს კვართივით.
მითხარი, რა გსურს
ანზორ აბულაშვილს
რად გენაღვლება
ტრამალი და
სურნელი ავშნის,
ხანდახან უცხო,
წარმართული ჟინით ენთები
და მერე
ცხელი სიზმრებიდან
შემოგვაქვს ცხადში
ლექსები,
როგორც გაყინული
სისხლის წვეთები.
მითხარი, რა გსურს,
ამ უვალ გზას
საით მიჰყვები?!
ან რისთვის გინდა,
ცამ წარსულის
სევდა გაწვიმოს...
შენ შეგიძლია
დამარხული
მტვერში სიტყვები
ლაზარესავით აღადგინო
და განაბრწყინო.
მწუხარების ჟამს
ვერ იგუებ
სამოსელს ფერადს
და ვერც ტკივილებს დაიამებ
დიბა-ფარჩებით,
გაყინულ ძვლებზე
უნაზესი
ბგერების პერანგს
სუდარასავით შემოიხვევ
და გადარჩები!
რად გელანდება
ტრამალი და
სურნელი ავშნის,
ხანდახან უცხო,
წარმართული ჟინით ენთები
და მერე
ცხელი სიზმრებიდან
შემოგაქვს ცხადში
ლექსები,
როგორც გაყინული
სისხლის წვეთები.
საღამო ჯვრის მონასტერთან
ღამის უცნაურ სურნელით ვთვრებით,
ვერცხლისფერდება თანდათან არე
და ისე უცებ გამოჩნდნენ მთები,
თითქოს ხელიდან დასცვივდა მთვარეს.
ვარსკვლავი კრთის თუ ხმალნი კვესავენ,
ცაა თუ ქართლის დროშა ცისფერი...
გზისპირებიდან ყველა კესანე
ნანა დედოფლის თვალით გვიცქერის.
სხვანაირ ეტრფის მცხეთას ქართველი,
ძველი დიდება დრომ ვერ დაბინდა,
ისევ ელვარებს უცხო ნათელი
წარსულის მძიმე სარკოფაგიდან.
შორს სვეტიცხოვლის ჩამოჰკრეს ზარებს,
ჩვენც ვუსმენთ ამ ხმებს, ქარით მონატანს,
ჩამოვარდება არაგვში მთვარე
და ნინო ვაზის ჯვარით მონათლავს.
დედის სახლისკენ
შენ გენაცვალე, ბუხრის კვამლო,
დედის სახლისკენ
გულისხეთქებით მიმავალს და
მუხლებჩაკრეფილს,
სამების სერთან
პირველი შენ მომეგებები,
შენ გამომძახებ:
„ დედაშენი კარგად არისო!“
ჩემსას როგორ გაიგებდი
ჩემსას როგორ გაიგებდი,
ვით მახრჩობდა ყელზე ღვედი, -
შენ ამოხველ ღიმილიდან,
მე ცრემლიდან ამოვედი.
ღრუბლის რიდე მოიბურა,
არ მაჩვენა მზემან სახე,
არცრა ხვეწნა შეგასმინე,
ვერცრა ცრემლი დაგანახე.
სხვებმა მოგახურეს ფარჩა,
სხვებმა გაგიშალეს ყანდი,
შენი გზისკენ მაცქერალი
ყველა გზაზე დავგვიანდი.
მერმე ჩემკენ შემობრუნდი
სხივმიმკრთალი მთვარე ვითა,
სიხარული დამვიწყნოდა,
ვეღარ შეგხვდი ღიმილითა.
ლალ-ბადახში გამფანტვოდა,
ჰანგს გადასჩვეოდა საზი,
ვარდი აღარ შემრჩენოდა,
ვერ გაგიგე ფიანდაზი.
ცეცხლი აღარ შემრჩენოდა
სულ ვეფხვის და ლომის არჩივს,
შენ შენს კოშკში მიგაბრუნე,
მე ჩემს მწარე ცრემლთან დავრჩი.
ნუ დამპირდები
გადმოიხედავს იის თვალით
კლდის მწირი ეხი,
ველზე თეთრონი
გამწარებით რომ ჩაჰხრავს ლაგამს,
მე გავიხსენებ
მონატრებულ ჟრუანტელს ცეცხლის,
მე გავიხსენებ იმ სიმღერებს, -
შორსა და მაღალს.
ტყემლის ყვავილებს
გულწითელა ჩიტები კენკენ,
გუშინ არ იყო,
ამ რტოებს რომ გრიგალი რევდა...
შენ სიყვარულის მონატრებას
მოჰყავდი ჩემკენ,
მე გავურბოდი
მარტოობის საშინელ სევდას.
ხევის ჭრილობებს
ქარი ღრუბლის ნაფლეთებს ჩასჩრის
და უფსკრულების ამოკვნესას
არეს მოაფენს...
გემუდარები,
ნუ მპირდები ჩინსა და მაჩინს,
ნუ დამპირდები
სიყვარულის გარდა ნურაფერს!
ჩამკიდე ხელი,
მომატარე გალობით ზეცა,
შვებით ითრთოლებს ჩემს ბაგეზე
ხეები ათასი...
ტანთ აბრეშუმის სამოსელი
არც როდის მეცვა,
მაგრამ სულს ჰქონდა სინატიფე
დიბა-ატლასის.
შორს სიმღერებად გადატყდება
ლერწამის ღერო
და ვნებით კრთება
ვერცხლისფერი პირბადე მთვარის
და ქართლის ცაზე
ყელწაგდებით მიცურავს წერო,
მიცურავს წერო -
სიყვარულის ქათქათა ჯვარი.
ისეთი ლამაზი არი
ხანდახან ამიფრინდება
ჭალისპირს უცხო ციცარი,
სხვანაირ სითამამით და
ჭრელ საყელოთი ვიცანი.
მიდის და ქარში მიღელავს,
ხან ჩქერებს მისდევს მდინარის,
მოზიდული მაქვს ისარი,
მივდევ ოფლგადამდინარი.
არ ვიცი, ჩემი ბედია
თუ ზეცისაა ზიარი,
ღმერთო, არ მომაკვლევინო,
ისეთი ლამაზი არი!
ანანური
შენთვის დროის სვლაც არის ბათილი,
გამობრწყინდები მთებში მზესავით, -
ბრძენი და მშვიდი, ვით თინათინი,
ულამაზესი, როგორც ნესტანი.
მოვალ და ღვთიურ მადლით ვივსები,
შორითაც ნათლით მავსებ ასევე,
ბინდში თეთრ პერანგს ქსოვენ ნისლები
და დილით სპეტაკ ტანზე გაცმევენ.
მადლობა უფალს, დამდგარა დარი, -
მომხვდური მოყვრად შემოფიცულა
და ვით ხევსურეთს ნაჭედი ფარი,
ღრუბლებში მთვარის დისკო მიცურავს.
არც მტვრადქცეული მტერნი ახლობენ,
არც გაჰყივიან შორით სარანგნი
და მხოლოდ ღამით შენს სიახლოვეს
ტარიელივით გმინავს არაგვი.
ტყის პირას
ტყის პირას ია მგუბარი
შუქს გაფენს, ნაშალ-ქვითკირო,
მათი თვალების ციმციმმა
ლამის მეც გადამიბიროს.
მაინც ვერ ვეტრფიალები,
რაც უნდა სურვილით მიცქირონ, -
ვაჰთუ, იების მოკლული
სხვა ყვავილთ აღარ მიტირონ.
ნუ გეშინია
ზოგჯერ თუ ნათობს,
ზოგჯერ ჟამი მიდის ბინდებით,
დაწყნარდი, სულო,
რა უეცარ ელდით ღონდები...
ნუ გეშინია,
ზეცისკენ რომ გაფრინდები,
ვარსკვლავთა სარკმლებს
გაგიღებენ ანგელოსები.
ეს ყრუ სოფელი
არ იქნება შენი მსაჯული,
აღარ შეარხევს
ნამალავი ცრემლი წამწამებს
და ეს სხეული,
ტკივილებით გამოტანჯული,
დაამდება და
ძველებურად ვერ გაგაწამებს.
ბავშვივით კეთილს,
გულალალს და ზოგჯერ ჟინიანს,
შეგიწყნარებენ,
რადგან მონა იყავ ოცნების...
მიენდე უფლის თბილ ხელებს და
ნუ გეშინია,
ვარსკვლავთა სარკმლებს
გაგიღებენ ანგელოსები.
* * *
რამდენი დარდით ვნებულხარ,
გულო, ამყოლო ქარებსა,
რამდენჯერ დავუღუპივარ
ჩემს სიმართლ-სიალალესა.
რამდენჯერ დამიკოცნიხარ,
ცისკარო, ქართლის ჭალებსა,
მუხლჩოქვით შეგვედრებივარ
არგათენებას მალესა.
რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ,
ნაღველს მასმევდნენ მწარესა,
შუბლზე ნათელი უფლისა
ღვთის რისხვად ჩამითვალესა.
ძმათაგან ბეჭში დაჭრილი
წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა...
რამდენჯერ გაბრუნებულხარ,
ცრემლო,
მომდგარო თვალებსა!
ვაითუ, გაგვთქვას თეთრმა შროშანმა
ბინდისფერ ღელეს მისტოპავს კვიცი,
შორს ვარსკვლავეთის ისმის „ოსანა“...
ამ სიყვარულზე მე და შენ ვიცით
და კიდევ...ველის თეთრმა შროშანმა.
ვუსმენ წყაროთა უწყინარ ქილიკს,
გულო, რა ცეცხლის ბაგას დაები...
რას ვიფიქრებდი, თუ ბოლო ბილიკს
ამ სილსმაზით ამიყვავებდი.
საიდან მოველ, სად მაქვს დარბაზი, -
არ ვიცი!
არც შენ მკითხო: „ვინა ხარ?“
მიტომ გეჩვენე ასე ლამაზი,
რომ ჩემს წიაღში ლექსებს ვინახავ.
ბინდისფერ ღელეს გასტოპავს კვიცი,
კვლავ ვარსკვლავეთის ისმის „ოსანა“...
ეს სიყვარული შროშანმაც იცის,
ვაითუ, გაგვთქვას თეთრმა შროშანმა.
ვიცი, ის ცრემლი ვისია
ქსნისპირას ორბი აფრინდა,
მწვერვალს გადასცა ნისლიანს,
უბეს რომ ცრემლი გისველებს,
ვიცი, ის ცრემლი ვისია.
ესეც შორიდან შეგნიშნე,
თვალებს მარიდებ ახლოდან...
ვის დააყარე ის ცრემლი,
მე რომ გულს უნდა დამყროდა?!
იცის კი შენმა ლამაზმა,
ვისთვის ხარ ფერნამკრთალები,
რომ ჩემი დასაკოცნელი
სხვამ დაგიკოცნა თვალები.
წამწამებს დარდი წალეკავს, -
ამდენ ხანს შენაკავები,
სულ სხვის ალერსში ჩამოდნა
ჩემთვის სახვევნი მკლავები.
ქსნისპირას ორბი აფრინდა,
მწვერვალს გადასცდა ნისლიანს,
უბეს რომ ცრემლი გისველებს,
ვიცი, ის ცრემლი ვისია.
ვისაც ვუყვარდით
ვინ აკაკუნებს ჩემს სარკმელზე
ამ დილას სისხამს?
ქარია, ალბათ,
გზა აებნა იქნებ მათხოვარს...
მშვიდობა ყველას,
შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით,
მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ.
ამ სასტიკ ქარში
სული ჩემი მარტოდ ვალალებს,
არ ჩანს მშველელი,
საიმედო თუნდაც დროებით
და ჩემს მშვენიერ,
სინათლისგან დახლეჩილ თვალებს
კვლავ ენატრებათ
მყუდროება საღამოების.
ჩამოდის თქეშად
უგუნურთა ცოფი და რისხვა,
განმსჯელი არ ჩანს,
მივავიწყდით იქნებ მაცხოვარს...
მშვიდობა ყველას,
შორ წარსულში ვუყვარდით ვისაც,
ვისაც ვუყვარდით,
მაგრამ ახლა აღარ ვახსოვართ!
სამასი არაგველის გახსენება
ბაბუა ალუდაურს
წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები,
ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ
თუ არაგველთა თამამი ხმლები
კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
„ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!“ –
ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს...
სამას კაი ყმას, მთებით მომავალს,
ბარში სამასი უცდის სამარე.
თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა,
შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი...
ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან
კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი.
ნისლო, რა მწარე ნაღველით თვრები,
სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ, -
დღესაც არაგვის მრისხანე მთები
ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან.
წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები,
ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ
თუ არაგველთა თამამი ხმლები
კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.
თუ ისე მიმტრო საწუთრომ
თუ ისე მიმტრო საწუთრომ,
ერთად დამიმხო ცხრა კარი,
დავლად წაიღო მომხდურმა
ჩემი ნათიბი, ნამკალი.
თუ მტერს ვერ გადავეწიე, -
გული ჯავრისგან დავკალი,
ვერ ჩამიხვია სწორფერმა
მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით.
ნურცავის ზღაპრად უამბობ,
არცვის უჩვენო გზა-კვალი,
ვინ მე და სულის განლევა, -
სიკვდილთან თრთოლა-კანკალი,
მოდი და ლექსის სტრიქონი
გულზე ხმალივით დამკარი!
შორია ინდოეთამდე
ხან მზე თაკარა,
ხანაც სუსხით დავიზაფრები,
ვითა დავღამდი,
ალბათ ისე უნდა გავთენდე...
ტაძრები,
როგორც შორეული ცის მონაზვნები,
ბნელ ღამეებში
ელვის მბრწყინავ სანთლებს ანთებენ.
ეს გორაკები
ალისფერმა ვარდებმა კოცნეს,
შეიმკო გზები
ანწლისა და კუნლის გიშერით...
ამაღამ მთვარეს, -
საღარიბოდ მიმავალ მლოცველს,
ინდოეთს მივდევ
ბედნიერი და ფეხშიშველი.
რარიგ შორია
გზები, ჩვენი სულის მლამბავი,
ხსოვნაც შორია
ინდოეთის ვარდის და მიწის,
თუმც ნესტანის და ტარიელის
ტრფობის ამბავი
ჯერაც სანიშნო კოცონივით
მოჩანს და იწვის.
შეწირვა
მსხვერპლსა მთხოვდი, სიყვარულო,
ვით მესისხლე, - ალი-კვალი,
არცა მკლავდი,
არც მარჩენდი,
არც საზავოდ შემეკარი.
არ მიცდია ფონის გასვლა
გინა -ვერცხლით,
გინა - ლალით,
სხვა რა მქონდა უკეთესი? –
ჩემი სული დაგიკალი.
ჯვრის უღელტეხილზე
ძირს ნახატივით დავტოვეთ მლეთა,
მყინვარი -
ხევში ჩამდნარი ვერცხლი...
წყაროსთან თავშლით შებუდნულ ქალებს,
მთიულის ქალებს უნთიათ ცეცხლი.
და თოვლი,
როგორ თეთრი ქალწული,
წევს შორიახლოს უცხოდ და ურჩად
და მყინვარწვერი -
ქათქათა ძუძუ,
ნისლის უნაზეს პერანგში უჩანს.
შატილში
(ტრიპტიქი არჩილ ციციშვილს)
* * *
მაცნე მოედი შატილსა,
წამს დაყოვნება არ უნდა,
აღარც ლუდს ხარშვენ ხევსურნი,
წინ არც შენ შემხვდი, ალუდავ.
„ ჯავრი ქისტივით დამეცა!“ –
ვკივი,
თვლემს ციხე ზარმაცად...
მხოლოდ ერთ ლოდმა საფლავის
უცნაურ გაიბარბაცა.
* * *
აემ ციხესამც ჩამკეტა,
წყალი არღუნის მასვა და
შენამც საჩემოდ დაგწერა,
აღარ გამიშვა არსადა.
ფეხთ ჭრელი წინდა ჩამაცვა,
თავს ფაფანაგი დამხურა,
გზები მინამქროს დიდთოვლმა,
არც როდის გააზაფხულა.
წეღანაც თვალი წაგკიდე, -
რაღაც სხვანაირ კრთებოდი,
რა მშვიდად მივიძინებდი,
თუკი შენ მოგიკვდებოდი.
* * *
გაღმა გორაზე რა ტყეა,
რა აშრიალებს ლაღადა?!
წლებს ვითვლი,
როგორც ნატყვიარს,
გულზე დაჩნეულს დამღადა.
ჰკიდია ნამის კურცხალი
შატილს ლურჯთვალა იასა,
საფრად დრო მიზის -
მუცალი,
დანდობილ მაშლის ტყვიასა.
წერა-მწერალი თანა მდევს,
გზა მისგან ვის დაუცავსა...
ღმერთო,
ნუ მომკლავ, მანამდე
რჯულს არ ვუხსენებ მუცალსა!
შენ თურმე სხვა ცის ბინადარი ხარ
როგორ არ მითხრეს მზემ და მარიხმა
ან ვარდთ მწუხარედ რად არ შემხედეს?! –
შენ თურმე სხვა ცის ბინადარი ხარ,
მანდ რა ეშმაკად შემოვეხეტე.
ჩვენს იღბალს ახლა
ღრმა ძილით სძინავს,
არა აქვს აზრი არა მოლოდინს,
უნდა მენახე დიდი ხნის წინათ,
გვერდს ძუ ვეფხვივით ამოგწოლოდი.
ჟამმა სასტიკი მათრახით მხედნა,
ძლივს ჩანდა ნისლში ჩემი ცისკარი...
ჩვენ სხვადასხვა დრო გვარგუნა ბედმა,
სიჭაბუკის ჟამს ვერ მოგისწარი.
წვიმს...
ჩუმი მოთქმა მოისმის ხეთა,
ვინ ჩამიხერგა ეს გზა ლოდებით...
გულიდან სისხლად სტრიქონი წვეთავს,
მე ვკვდები,
კი არ გემშვიდობები.
როგორ არ მითხრეს მზემ და მარიხმა
ან ვარდთ მწუხარედ რად არ შემხედეს?! –
შენ თურმე სხვა ცის ბინადარი ხარ,
მანდ რა ეშმაკად შემოვეხეტე.
ალბათ, აპრილში
წავიდა მარტი,
თოვლიანი ჩამოშრა ახო,
წვიმის წვეთები მოჰკაწრავენ
ჭვარტლიან მინას...
ჯერ ისევ აქ ვარ,
ყველაფერი ჯერ ისევ მახსოვს
და ძველებურად
კვლავ თამამი სიზმრებით მძინავს.
ალბათ, აპრილში,
მზე რომ მწვანე აბრეშუმს ლამბავს
და როცა უფლის ბარათივით
მოდის სამყურა,
ქარი გადამხდის
ამ ვარდისფერ ატლასის საბანს
და გულზე
ქართლის ჭრელყვავილა
მინდვრებს დამხურავს.
ქართლის გზაზე
ეს ოქროვანი ყანები - ვისა
ან ეს კუნელის შავი გიშერი?..
წვიმს ქართლის გზებზე და ციხე ქსნისა
ბერიკაცივით ჩანს თავშიშველი.
ცა - ამორძალის სიზმრით ნანახი,
უხსოვარ დროდან მე რომ მიცდიდა...
ვინ თქვა სიმშვიდე, როცა ბალახიც
სატევარივით მოდის მიწიდან.
და როცა ქარი აჟღერებს ქვიშას,
ვეღარ დავივლი ამ გზებს ხალვათად,
ჩემს ათრთოლებულ ტანს ახსოვს შიში
შაჰ-სულთანების ჰარამხანათა.
ეს ოქროვანი ყანები - ვისა
ან ეს კუნელის შავი გიშერი?..
წვიმს ქართლის გზებზე და ციხე ქსნისა
ბერიკაცივით ჩანს თავშიშველი.
დედას
დედი, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რანაირ მიჭირს...
შენ მაინც ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
მილოცავ დანას შებმული ჭინჭით.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედი, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: ,,არსად არ მეჩქარება."
შენ დამიამებ ყველა წყლულს მტკივანს,
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დედი, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს.
დიდი ხნის მერე
დიდი ხნის მერე
მე ვუსმენდი საყვარელ მოტივს,
გადაეცალა თითქოს წარსულს
ერთბაშად მტვერი,
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ!" –
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ!" –
ეს იქნება ძალიან ბევრი.
დაბზარულ ყავარს
ღაპაღუპით ჩამოსდის წვეთი,
მადლობა ზეცას,
მითანაგრძნო ამჯერად ურვით,
რა დაერქმევა მონატრებას
შორეულ ბედის
ანდა ხსოვნაში
ხანჯალივით ჩატეხილ სურვილს.
და ძველ ჭრილობებს
დროის ჩქარი მდინარე ლოკავს,
არ ილეწება თუმც ყოველი
ჟამთასვლის კევრით...
რომ ვთქვა: ,,მახსოვხარ!" –
ეს იქნება ძალიან ცოტა,
რომ ვთქვა: ,,მიყვარხარ!" –
ეს იქნება ძალიან ბევრი.
მამის ხალათი
შაბიამნისგან გაცრეცილი
გარდაცვლილი მამის ხალათი
ჰკიდია ბოძზე
და შვილები რომ გვერდზე გავუვლით,
ისე ჩუმად შეაკანკალებს,
რომ აშკარად ვგრძნობ,
ჩვენთვის თავზე ხელის გადასმა,
ჩვენი ალერსი,
გულში ჩაკვრა
ვით ენატრება.
ტყემალი
ისე აყვავდა გზისპირს ტყემალი,
ისე უცებ და ისე მალულად,
თითქოს ამდგარა თეთრი ქალწული
და ქორწილიდან გამოპარულა.
მე კი შეხვედრა ვერ მოვასწარი,
ვერ გამოვექეც ზამთრის გრიგალებს,
მოდი, მომკალი, ჩემო ცისკარო
და გაზაფხული გადაიბრალებს.
კაი ყმას შაჰყვარდი
,,მითქომ, ჩემო ქალო,
მა ხანჯალს მოეშვი!" –
გულსგარეთ მიწყრება პაპა იორამი,
,,ერისთავს ქალი რამ ჰყვანდა და
შავჰყვარდი..." –
ათასმერამდენედ ბოღმით იმეორებს.
,,კაი ქალ კი იყო, მა... ცოტა ტანთხელი,
როგორც ბუდეშურის ნაჩრდილი ტევანი" –
მიყვება პაპა და იმ ერისთავის ქალს
ხან ნინო ჰქვია და ხან კი - ქეთევანი.
,,ირაო ვიყავ და სხვა რა მეტიალა,
ერთი მუშტის დაკვრით ქვამარილს ვნაყავდი..."
მერე მეხვეწება ათასმერამდენედ:
,,პაპის მზევ, როგორმე კაი ყმას შაჰყვარდი!"
მენატრება გაზაფხული
მენატრება გაზაფხული,
მზის ოქრო და ხვატი,
ტყემლის ტოტზე ჩამომჯდარი
თეთრპერანგა მარტი.
სიყმაწვილე მენატრება, -
უღვინოდაც მთვრალი,
მაყვლის ბარდთან გახელილი
იის ლურჯი თვალი.
მთვარის შუქით ვერცხლისფერად
მონისლული არე
და თეთრ-ცისფერ ენძელებში
გავლებული მზვარე.
და ასკილის ნედლ ღეროდან
გამოთლილი სტვირი,
სიყვარული მენატრება -
ვ ტ ი რ ი !
სიზმარში გნახე
ვარსკვლავნი ამოკიჟკაჟდნენ,
ცამ დაიძინა ვეღარა,
სიზმარში ვნახე, მანდ ვიყავ,
გულზე ყაყაჩო მეყარა.
შორს ჩანდნენ მთები ატენის,
დამსხდარნი დარბაისლებად,
ხევის ჩიბუხში ჩატენილ
ბინდს აბოლებდნენ ნისლებად.
არც არას ჯანღი მაკრთობდა,
არც არას - ცივი ნაწვიმი,
სწორფერი ვიყავ კაი ყმის,
თავს დამბრუნავდა არწივი.
* * *
მე ვშენდებოდი
სისხლით, წვიმებით,
მარილიანი ოფლით და ცრემლით
და ყველა ლოდი
ჩემივ ხელით იყო გათლილი.
მე ვშენდებოდი
გუმბათიან სალოცავ ტაძრად,
მაგრამ იმდენჯერ გამეხირა
ზურგში ისარი
და კიდევ იმდენს
მოზიდული ხელთ ეპყრა მშვილდი -
ციხედ ავშენდი!
ქართლის ეტიუდები
* * *
ქსანი დასიცხული მოზვერივით
თეთრ ლოდებს ლოკავს
და კავკასიონს ჟრუანტელად მიჰყვება ,,ლილე".
გზაა მთებსშუა გაჭიმული
ვეება თოკი,
ზედ რომ ჰკიდებენ მზის ჩასვლისას
ხეები ჩრდილებს.
* * *
კვირაცხოველთან,
მიტოვებულ ნიშის მახლობლად,
ყოველ გაზაფხულს
სამად სამი ია ამოდის
და შორეული ლურჯი სინათლით
ივსება ნიში,
ჩუმად არიან,
ცუმად მოვლენ,
ჩუმადვე წავლენ,
ვითომ ჩუმად და...
გაზაფხულს კი გაიყოლებენ.
* * *
ქარი არწევდა
გუბურებში არეკლილ მთვარეს,
ასე უხვად რომ დაპნეოდა
გზებზე ღამეს
და ქუჩა კი თვლემდა
უპატრონო ლოთივით გარეთ
დამკრთალ გუბეებს
თვალებივით ახამხამებდა.
* * *
ვენახის ბოლოს
სიბერისგან დაღრეცილ ტოტებს,
როგორც გოგენის უჯანსაღეს,
ტაიტელ ქალებს,
მზითა და სიცხით
გალიგვული ძუძუებივით
ჰკიდია ორი ვებერთელა
ყვითელი კომში.
* * *
თუმცა ბუხარი
სასახლეში ჯერ ისევ ღვივის,
მზისგულ ფერდობებს დაჰფენია
ნოხი ხატულა, -
თითქოს ქალწული
უნაზესი და ოდნავ ცივი-
მარტი,
ადრიან წამომდგარა
ქარგვით გართულა
და ვარდისფერი,
ყელს შემწყდარი მარცვლები მძივის
თოვლის ქათქათა სარეცელზე
მიმოფანტულა.
* * *
ნეკერჩხლის ცალ ფლოსტს
აითრევს ქარი
და ასე -
სველი და ხორკლიანი
მოისუნსულებს
გათოშილ ბუჩქნარს,
რომელზეც ხვადი კატის თვალებით
წითლად ანთია
კენტი ასკილი.
* * *
მიირწეოდა მანქანა ბნელში,
სილაზე კვალი რჩებოდა მკრთალი
და კლდეებს შორის მანქანის შუქი
გარბოდა, როგორც შიშველი ქალი.
* * *
როდის იწყება გაზაფხული?
იქნება, მაშინ,
მინდვრების სარკმელს
იქითა მხრიდან
ენძელა რომ მოუკაკუნებს,
ფრთხილად რომ გასწევს
თეთრი თოვლის
ქათქათა ფარდას
და შემკრთალი რომ გამოიხედავს.
* * *
ღამემ გადუხსნა ყველა იარა,
რაც აქამომდე მკერდში ელაგა
და იდგა, როგორც მარტიანთ ქვრივი
და მხარზე ედგა მთვარის ხელადა
და გაშიშვლებულ სატევარივით
ცხმორის ციხესთან ქსანი ელავდა.
* * *
დაჰკვირვებიხარ,
პაწაწინა ლურჯი ბილილა
ქსნის პირას
ასე შეუმჩნევლად,
კდემით რომ ყვავის,
ვით უხდება
მთელ საქართველოს.
მამულისადმი
დაბადებიდან სულ შენს ვალს ვიხდი
ჩემი წინაპრით და მისხის-მისხით,
მე უკვე მივხვდი,
მე უკვე მივხვდი,
გჭირდება ჩემი ოფლიც და სისხლიც.
თუ ვეღარ გნახო,
მზე მოფარფაშე
ჩემს სამზეოზეც ჩანდეს დახრილი,
მკვდარს ნუ დამარქმევ,
მიწის ქარქაშში
ჩამაგე ისე,
როგორც მახვილი.
სიხარული მოიგონე
წუთისოფლის ცხარე თონე
თუ ჩაგიწვავს ყველა გუნდას,
შენ სიცილი მოიგონე,-
ცრემლს რა მოგონება უნდა.
ვარდიფერი სთხოვე ატმებს
მარგალიტი, განა - მიწა,
ხამი შალი მოინატრე,
ვითომ სტავრას მოგეწყინა.
ხან მასხარის გთხოვენ ყირას,
ხან - შეშლილის კაბით ფრიალს,
ვინ გაუძლო სხვანაირად
ამ საწუთროს შფოთვა-ტრიალს.
გული შვებით მოიფონე,
გლეჯდეს ჯავრის მგელი თუნდა,
სიხარული მოიგონე,-
დარდს რა მოგონება უნდა.
ვინ ნახა
ისევ და ისევ ამ ბებერ ციხეს
ბებერი მგლისა გადასდის ფერი,
ადრეა ჯერაც, ეგრე ნამეტან
ნუ ჩაითბუნე კერა და ჭერი.
ნუ გადახედავ ამ მთებს და ველებს
არაფრისმთქმელი, უნდილი მზერით,
შეხე, ქართლისკენ მიმავალ გზაზე
ისევ ავარდა სვეტებად მტვერი...
მახვილი! –
თორემ მარტოდენ სიტყვით
გაბრუნებული ვინ ნახა მტერი.
ჩვენი პორტრეტი
ე. მ. - ს
გაიამინდა,
ქარიშხლებშიც ღირსებით ვვლიდით,
პეშვით მოგვქონდა
მზის შუქი თუ მთვარის არილი...
შენ - ფიქრიანი,
მოზომილი და სათნოდ მშვიდი,
მე ასე -
ქარში გადაყრილი ნაღვერდალივით.
არც საყვედური,
გაპარული არც ხმაში გესლი,
თუმც ყველა ტყვია
ზურგში გვქონდა
ურცხვად დახლილი...
და ვდგავარ ახლა:
შენ - ზნესრული არსით და ფესვით,
მე ასე -
ცაში მოქნეული ელვის მახვილი.
შეხვედრა მამაჩემთან ლეთას გადაღმა
იმ ღამით, როცა ლეთას მოვადგები,
როცა ქარონი ჩამისვამს ნავში
და მღვრიე ტალღებს
ჩვენი ნავი ნელა გაჰყვება,
როგორც არ უნდა ღრმად გეძინოს, -
გაგეღვიძება!
ელდანაკრავი სიმწრისაგან დაიკბენ მაჯებს,
ახლობელთაც არაფერს ეტყვი,
თან არავის გამოიყოლებ, -
ვაითუ, მერე მათი ნახვის სურვილმა მძლიოს.
მარტო,
სულ მარტო მოადგები უდაბურ ნაპირს,
გულგახეთქილი ბუჩქის უკან აიტუზები,
ფრჩხილებით ქვას და მიწას მოპოტნი,
ახლოს მიიყრი,
მოაგროვებ,
დაიმარაგებ
და მერე, როცა გაიგონებ ნიჩბების ტლაშუნს,
დაჭრილ მგელივით
ბუჩქებიდან გამოვარდნილი
გაბოროტებით და ხმამაღლა
დამიწყებ ძახილს:
,,აქეთ რა გინდა,
აქეთ, - არა, არ წამოხვიდე!..
შე ძაღლის ლეკვო,
ვიდრე დროა, გაბრუნდი უკან!"
ყოველთვის მშვიდი გინებასაც არ დაინანებ,
ბრაზით, უმწეოდ,
ხელუკუღმა დამიშენ ქვა-ღორღს,
თან სახელსაც არ დამიძახებ,
თან სახესაც არ დამანახებ,
ვითომდა სხვა ხარ,
ვითომდა მანდ მესისხლე მიცდის...
,,გაბრუნდი-მეთქი, წადი-მეთქი!
არ გესმის ჩემი?" –
შენი გრიალი გააყრუებს უდაბურ ჭალებს,
მაგრამ ქარონი ნაპირთან რომ ნავს მოაყენებს,
ჩიტივით საწყლად აბუზული მომიხვალ ახლოს,
მთრთოლვარე ხელით მომისინჯავ
სახეს და სხეულს
და ხმის კანკალით
უსასოოდ იმასღა მკითხავ:
,,მოგიკვდეს მამა,
რამე ხომ არ გატკინე, შვილო?"
და უბედური,
და უმწეო,
და ბედნიერი
ჩუმად ჩამიკრავ ნაჯაფარი ხელებით გულში
და სიმწრისაგან
მღელვარებით სუნთქვაშეკრული
ყელიდან ძლივსღა ამოღწეულ
ბგერებით მეტყვი:
,,როგორ დაღლილი,
გატანჯული,
ნაიარევი,
როგორ სულაწიოკებული
მომიხველ, შვილო!.."
შენთან ვარ ვიდრე
ეს ღამეც მიდის,
ვით მრავალნი ჩავლილან, ისე,
მხოლოდ სიზმრებს თუ შემორჩებათ
სინაზე მთვარის...
მე მინდა გითხრა,
ვიდრე აქ ვარ და ვიდრე მისმენ,
თორემ ვინ იცის,
ხვალ საითკენ გადაგვხრის ქარი.
განდო ყოველი დაფარული,
შენთან ვარ ვიდრე,
დავეცე მუხლზე
ან ქადაგად შევდგე ამბიონს,
რომ სურვილებმა,
რომ თუკი გამყვნენ იმქვეყნად კიდევ,
საფლავის ლოდი
ქუხილით არ ამოანგრიონ.
* * *
ჟამო, როგორ მიქარწვიმე,
ულოს მიგრეხ ნარ-ეკალით,
ვაი, ჩემო სიყმაწვილევ,
იმ დროს მაინც დაგეკალი.
ჩანელებულს ვუცქერ ღადარს,
სად დავკარგე აბედ-კვესი,
ტყეში შაშვი ბევრია და
ნეტა სტვენა რად არ მესმის?!
ბილიკები გამისალკლდა,
წლებს ვლეწავ და ვუძლებ ხვატებს,
კევრს რომ ერთი კოხი აკლდა,
ადგნენ,იციც მომიმატეს.
გამოჟონავს ხშირად ხმაში
სევდა, ცრემლში ანალესი -
ტყიდან გადიკარგა შაშვი,
თუ... მე სტვენა აღარ მესმის.
გაზაფხული ქართლში
ეჩურჩულება ქარი ისლიანს,
მზე ნორჩ მურყანებს მოსავს ფერადით,
გაღმა სერებზე თეთრი ნისლია,
თუ... ანგელოზებს დარჩათ პერანგი?!
აქ სულ სხვაგვარი შუქით ვინთები,
სხვა ძალით მხმობენ აქეთ მთები და
თბილად მიმზერენ ქართლის მინდვრები
ბალახის მწვანე წამწამებიდან.
ჩემი სიმდიდრე და საესავი
არც ის მთაა და არც ეს მურყანი, -
გზისპირს ქალი დგას ატმის ხესავით
და თბილ ხელებში ბავშვი უყვავის.
როგორ გაბედე
ანათებს ღრუბელს
მინავლული ნათელი მთვარის,
ყვავილი ნორჩი
ზეცად მიაქვს ქარიშხალს ვერაგს...
შენ ვით გაბედე,
მიუხურე სიყვარულს კარი,
შენ ვით გაბედე,
აარიდე გაზაფხულს მზერა!
და ახლა მკერდზე
სისხლიანი ჭრილობის ფეთქვას
დაჰყურებ ღიმით,
საწუთროზე განა თუ მდურვით,
ო, სიყვარულის მშვენიერმა,
სასტიკმა ღმერთმა
რა დაუნდობლად,
რა უწყალოდ იძია შური.
არავინ უწყის,
უკვდავება ამნაირ წყლულის
რას დაგპირდება,
სამერმისოდ ან რას გიქადის...
და თოვლის ცივი არტახებივით
შემკრთალი სული
განფენილია სივრცეებში
ცისკრით ცისკრამდი.
ვეღარ დაჰკორტნის შენს ღამეებს
ყორანი მშვიდად,
ვარდის ფურცლებზე
ათასფერად ბრწყინვალებს ნამი,
შენ უკვე იცი,
ამ წუთებად ყოველი ღირდა,
ღირდა ზამთარიც
მონატრებად ასეთი წამის.
ატმის ყვავილით დაჩითული
გადიფრენს ქარი
და ცაზე ტოვებს
ცხელ სუნთქვას და
ნაკვალევს ფერადს...
როგორ გაბედე,
მიუხურე სიყვარულს კარი,
როგორ გაბედე,
აარიდე გაზაფხულს მზერა!
მუხრანის ველზე
ფერდობზე თრიმლის კოცონი ჩაქრა,
გადაეხვეწა ამ მინდვრებს გნოლი,
მუხას ჭილყვავი ესევა, მაგრამ
არც - მშვილდი,
აღარც - უფლება სროლის.
რა უღვთო ხელი ეხლო ამ მიწებს,
თითქოს ბრმა მცელავს მიჰქონდა სვრელი,
თვალწინ ქსნის ციხის ნანგრევი მიწევს,
არც - ცრემლი,
აღარც - უფლება ცრემლის.
სიყვარულია მარადი
შორს ღრუბელივით ირევა
გადაზნექილი ლელი,
ღიმი რა მალე ილევა,
რა გვიან შრება ცრემლი.
და თუმცა სისხლი გადაგდის,
გახრჩობს ცრემლების ბურთი,
სიყვარულია მარადი,
სიძულვილია წუთი.
ნუ სჩივი ჩამქრალ იმედებს,
შენს გზას სხვა ქარი უქრის...
სიკეთეს ღმერთი იმეტებს,
ბოროტს ეშმაკი გვჩუქნის.
ღრუბელს ქარები ბურდავენ,
შენ ავი ელდით ნუ თრთი,
სიყვარულია უკვდავი,
სხვა დანარჩენი - წუთი.
შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ
არც ავთანდილი, არც ბადრი არ ხარ
და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე,
შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,
შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.
ნუ მეტყვი ოღონდ,
ყვავილებს ამოს
ვის უკრეფ ანდა ვის ბაღს უგალობ...
ამ მშვენიერი წუთების გამო
სამარადისოდ გმადლობ, უფალო!
თუმც სახეს მიწვავს ცრემლების თქორი,
გულს მაინც უჯობს, ასე ახსოვდე -
შენ უნდა დარჩე მარადჟამს შორი
და ვერასოდეს მოგიახლოვდე.
იქნებ სჯობს, ფრთები დავკეცო მოშლით,
ნუ მკითხავ ოღონდ, - როდის ან როგორ,
გამოგამწყვდიო ლექსების კოშკში
და სტრიქონ-სტრიქონ გამოგიზოგო.
ვინ მომცა ბედი, ეს ფიქრი ახდეს,
ცის კიდეს თვითონ დაგიდგი ტახტი,
შენზე ტირილით რას უნდა გავხდე,
თუ სიყვარულით ვერაფერს გავხდი.
არც ავთანდილი,
არც ბადრი არ ხარ,
და მაინც გეტყვი, რაც გულში ვთალე, -
შორიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,
შორიდან უფრო მიყენებ თვალებს.
ყამარი
"წავიდა ყამარი ზეცაში, მთვარესთან
და იქ დაიმალა".
ხალხური ეპოსიდან
ცაში რა გინდა, ყამარო,
მთვარესთან რად იმალები?...
სულ რომ შენს გზაზე გავცვითო
ჩემი თეთრონის ნალები,
მაინც ცრემლს არ გაჩვენებდი
სურვილით განამკრთალები,
ერთს ისეთს ამოგხედავდი,
ცას ჩამოვხევდი თვალებით.
ვიდრე ვარ
საგაზაფხულოდ ავჭერი
ნედლი ასკილის ღერი
და ფეხშიშველი ბიჭივით
ხნულში ჩამდგარი ვმღერი.
სერდასერ ნისლის ბაირაღს
მიაფრიალებს ქარი,
ვაითუ, ჯანღი კი არა,
დუშმნის ჩამოდგა ჯარი.
სულ ემაგ შიშით გამზარდე,
მაღვიძე ყოველ დროჟამს,
ნისლებიც მამსგავსებინე
ჩემი მამულის დროშას.
მამშიე, დამჭერ, დამღალე,
ნუ მიბნევ მარტო ვარდებს,
შენს ჭირისუფლად მიგულე,
შენს საპატრონოდ მზარდე.
და როგორც მთაში ბილილას,
ქარი მომცელავს ვიდრე,
მუხლმოყრით მეც მაამბორეთ
ქართლის ქათქათა მინდვრებს.
ვიდრე ვარ, უნდა ვაფრინო
გული მეშვიდე ცამდე,
მოვკვდები,
ქსნის სათავესთან
სატევარივით დამდეთ!
რანაირ წავალთ
ეს ლურჯი ცა და ჩურჩული ყანის
გადამდის გულზე მდუღარე ლავად,
ჩვენც მოველთ,
ვითა მოსულან სხვანი,
ისაა საქმე,
რანაირ წავალთ.
მშვენიერ ზღაპრებს,
დე, სხვები მოჰყვნენ,
მე ვიგლოვ ტირიფს,
ქარიშხლით დახრილს...
ვაი, ამ გზაზე დაჩოქილ მოყმეს,
ვაი, ამ გზაზე გატეხილ მახვილს!
შორით მიმზირე
შორით მიმზირე, ვარსკვლავო,
ეგრე შორიდან მიცინე,
ხან მიმემალე ღრუბელში,
ხან ნისლი ჩამოიცილე.
ხანდახან გამომიბრწყინდი
ემაგ ტყისპირას, ახოსთან,
თორემ სუყველა ჩამიქრა,
რამდენიც მომიახლოვდა.
პაპაჩემი იყო და...
- თუ შენც გულში გქონდა ჩავარდნილლი,
რავი, უარი კი მიანაყე...
ჰაი, შე პატარა კუდიანო,
ჰაი, შე ძალისძალა სიამაყე!
ავდევდე მაგნაირ ბალღ-ბულღებსა,
კარგა ვუტირებდი დედას ჯერაც...
გამჩენძაღლს, ქალი არსად გაეგო, რო
ეგრე ჰაიჰარად დაგიჯერა.
პაპა გენაცვალოს, მაგ ხნობისა
თოფის წამალივით უცებ ვტყროდი,
უნდილი რამ ჩანდა, შვილო, თორე
განა მე თავად არ ვეტყოდი:
,,აჰა, ეს ნაბადი მეცხვარული,
არც კი გამოჩნდება გარეთ ქოში..."
ე ჩემ შავრა ცხენსაც ვაჩუქებდი,
იმით გაგაფრენდა ყაბარდოში.
იქ ერთი ნაძმობი მეცხვარე მყავს,
ჩამოტყავდებოდა ნისლა ხარი...
ვეტყოდი, იმის პაპა ვყოფილიყავ,
პაპაშენი ვიყავ და...
ვერ ვუთხარი.
ანისში
ქარივით ქროდა თეთრონი,
ფლოქქვეშ ბრუნავდა ქვიშა და
ჩქარობდი,
კოხტას შეთქმულ ძმებს
არ ჩაეთვალე მშიშრადა.
მაშინ ვერც იგუმანებდი,
ვერც სხვა გეტყოდა მისნადა, -
თაფლის ის ცხება ანისში
რომ უკვდავებას ნიშნავდა.
საღამო ანანურთან
ნელა შემოხსნის აპრილი კარებს
და სერებს მწვანე ტერფით დაივლის,
ანანურს იქით - ახალი მთვარე...
ანანურს აქეთ - ვაშლის ყვავილი.
ახლოს - ია და ლორთქო ბალახი,
შორს - ფშავის მთები, ჩამობინდული...
არაგვი გდია, როგორც კალმახი,
მთვარის ნემსკავით ამოზიდული.
პაპის ნათქვამი
- წყაროზე ვიყავ, ლაფანი დავალბე,
წერილს კითხულობდა მარტიანთ ლელაო:
,,რაც ქალაქს წავედი, - ბალღი იწერება -
სუყველა მენატრება..."
ჰმ, ,,ყველაო!.."
მჭედლიანთ გოგოც ეგრე იწერება,
მახარეს ბიჭიც, - წრიპუა გენა:
,,გვაგონდებაო..."
,,გვენატრებაო..."
რა კარგები ყოფილან, უყურე შენა!
ვითომდა დარდით არ არიან,
მაÁ, გულზე ბოღმა არ დაგორდება?! –
აბა, ე თოხი მააგონდეთ,
აბა, ე ბარი მააგონდეთ,
აბა, ე ცელი მააგონდეთ,
სუ რო ყვავილები აგონდებათ!
სოფლური პურის სუნი ენატრებათ,
განა ის, მზეში რო ყანას მკიან...
სხვისი მამკილი და გამამცხვარი
ჰო, რატო არა, კარგი კია!
ვენახი მარტო ღვინო თუ ჲგონიათ,
ქვევრში ჩასხმული რო მაიხმარონ...
ბალახი არ იყო,
მთიდან რომ მაჲქონდა,
ვანოს დეეცა და დაიტანა,
აბა, ის ბალახიც გაიხსენონ...
,,ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო!" –
ამიტომ თუ სოფლებს რო ჩვენ გვანდობენ...
,,ვაზი გადახმაო!"
,,კერა გადაქრაო!" –
გაზეთში ლამაზათ ხო დარდობენ.
,,მაგრა იყავითო!" –
იქიდან გვარიგებენ,
რამდენი სიტყვებია, რა გოდება...
ხვალ აე ახოებს ვინ გაჲტეხს, თორე...
ხვალ აე ნაფუძებს ვინ დაჲთესს, თორე...
გამჩენძაღლები,
მარტო ყვავილები აგონდებ
რამ დამასიზმრა
მწყრების ქვითქვითში მწიფდება ყანა,
შორს დარჩა ცივი ქარების ქორი,
დღეები თითქმის ერთმანეთს ჰგვანან,
მეც ნამეტანი ჭკვიანად ვცხოვრობ.
ცას ზოგჯერ ელვის გადახსნის ხმალი
ქსნის ხეობიდან ბებერ მცხეთამდე,
სასაცილოა, ოჯახის ქალი
გერქვას და...
ასეთ სიზმრებს ხედავდე.
დღისით მორჩილად მადგას უღელი
და მორს მივათრევ ძლივს, დაცურებით...
რამ დამასიზმრა, ღმერთო, წუხელის
გადაწყვეტილი აპეურები.
ქსნის პირას
ქსნის პირას მცირე ვენახი,
ჭალა, ქარები ქრიან...
წყალს აქეთ - ალვა მაღალი,
წყალგაღმა - ნორჩი ღვია.
როცა მზე ალმაცერდება,
მოდის საღამო გრილი,
უცებ ისკუპებს ბიჭივით
ალვის გრძელკანჭა ჩრდილი.
გადავა გაღმა ნაპირზე,
თუნდ ტალღა სცემდეს მღვრია
და ქალწულს, მწვანეკაბიანს,
მუხლქვეშ უწვება ღვიას.
შენ რომელ მხარეს გაფრინდი,
ვისკენ მიჰფინე ჩრდილი,
ვის მიმწუხრს მოუმყუდროვე,
ვის გაუცინე დილით.
თუ მზის ამოსვლა იკურთხა,
ტბისპირ - შრიალი ლელის,
ღმერთო, ის ალვაც დალოცე,
მზის გადახრას რომ ელის!
ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო
ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო,
ცრემლის ნუ გიდგას გუბები,
ნაშობი ცისკრის სხივიდან
ბნელში ვერ ჩავიღუპები.
ტანი რომ მიწაზე მიდგას,
თმას მივარცხნიან ღრუბლები,
ჟამდაჟამ კარი იღება,
ცად უფალს ვესაუბრები.
ვინ იცის
თუნდა სიმშვიდით სუნთქავდეს სახლი,
შორს თუ ნიავი ატოკებს ლაქაშს,
ჯერ არც რა მოკლედ დააბა ძაღლი,
არც სატევარი ჩააგო ქარქაშს.
არვინ შეგესწროს ცრემლებით მთოველს,
ცას დაუმალე დარდი მალევე,
თორემ იდუმალ, ვინ იცის, რომელ
სათოფურიდან გითვალთვალებენ.
მოვა მარტი
მოვა მარტი,
ლურჯი ია
აყვავდება გაღმა ახოს,
მე რაც დარდი მინახია,
შენ ღმერთმა ნუ დაგანახოს.
რა ცეცხლს მალავ ზოგჯერ, ნავლო,
წამოსცდებათ ცრემლი ტინებს...
შენ რომ დარდი არ გასწავლო,
მეც იმისთვის გავიცინებ.
მაინც მოსდევს სხივი ნიავს,
თუმც ცა ნისლით მებურება,
ერთი თეთრი შროშანია,
მაღლა მთებში მეგულება.
დრო ხან მღერას მაცალებდა,
ხან მქოლავდა ქვა და ლოდით,
სოფელი სხვას მაძალებდა,
მე ჩემს ნებას მივდიოდი.
სამთავროსაკენ
ზინა კვერენჩხილაძეს
როცა დაისი
მცხეთის გორებს იისფრად ლანძავს,
მოპირთავდება ჩუმი ცრემლით
როცა თვალები,
შიშველი ფეხით მიაშურებ
ძველთაძველ ტაძარს
და წუთისოფლის ქარბორიას
იქ ემალები.
სიტყვაა შენთვის
ლოცვაცა და მკურნალიც წყლულის,
თუმცა საწუთრო
ზოგჯერ აქაც გაწვდენს საცეცებს,
ბედისმწერლებმა
მერამდენედ გატკინეს გული
და მკვდრადშობილი იმედები
შემოგაჩეჩეს.
სულო, მაღალო,
ჟამთ სიავე როდი გაკვირვებს,
მაგრამ ტყვიისფერად თუ დამძიმდა
ყოფნის წუთები,
სამთავროსაკენ
მტკვრის მაყვლოვან მისდევ ნაპირებს
და წმინდა ნინოს ნაფეხურებს
ესათუთები.
ჩემი ლექსები
გულო, რა მძიმე დარდით მევსები,
შეხე, რა ყოფით ყვავის ტყე-ველი...
თქვენ არ გაოცებთ ჩემი ლექსები -
უცხო და...
ასე შეუმჩნეველი?!
დღეები ჩუმი ცრემლებით ვკერე,
უნაღვლო წარსულს მისხლით ვიზოგავ,
არ გიკვირთ, ამდენ ტკივილის მერე
სულმა რომ ტანჯვით არ დაიჩოქა?!
არ ვიცი,
ლექსს ვწერ თუ თქვენზე ვფიქრობ,
ვცდილობ, გარიდოთ დღეებს თოვლიანს,
მე ის სილაღე ვაჩუქე სტრიქონს,
ხშირად რომ თვითონ არცა მქონია.
ეს გაზაფხული ჩემს სისხლში ფეთქავს,
ყველა ყვავილში მზის სულს ვეძებდი...
მხოლოდ სიცილი მომქონდა თქვენთნ
და ტკივილისთვის ვერ გიმეტებდით.
გულო,ნუთუ კვლავ დარდით მევსები?
შეხე, რანაირ ყვავის ტყე-ველი...
მართლა არ გიკვირთ ჩემი ლექსები -
ასე უცხო და...
შეუმჩნეველი?!
შავი მიმინო
რა უნდა,
შავი მიმინო
რა სულ ჩემს ცაზე ტრიალებს,
ვერსაით ტყვია მოვარტყი,
ვერც ისრით გავატიალე.
თუნდ ბროლის კოშკი ამიგე,
თუნდ ერდო გადამისარკე,
ერთხელაც ჩამომიქროლებს,
წამიღებს შავი ტყისაკენ.
ვერც დარდის მოთქმა მიშველის
და ვერც თოფის ხმა მამისა, -
ზედ მკერდზე ამიყვავდება
შავი ყვავილი ღამისა.
მანამ კი მტრების საჯავროდ
ბევრჯერ ვიფეთქებ, ვიალებ...
რა უნდა,
შავი მიმინო
რა სულ ჩემს ცაზე ტრიალებს.
აღარ გიხსენებ
გაცვდნენ რიდენი და ამბარჩები,
არც სადედოფლო სამოსი მფარავს...
მე რამდენჯერაც გთხოვე: ,,დავრჩები,"
შენ იმდენჯერვე მითხარი: ,,არა!"
ქარი წაიღებს ალუბლის ფოთოლს,
მე ვით მიყვარდი რა იცის ქარმა...
ალბათ ამ მთებში სულ მალე მოთოვს,
გაძარცვულია ოქრო და ქარვა.
წლებმა იმ გზებთან ისევ გამყარეს,
იქნებ არც ღირდეს უკან მოხედვა,
მე სულ სხვა მხარეს...
მე სულ სხვა მხარეს...
ქარი კი თვალებს შენკენ მოხვეტავს.
მეც წავალ და მთებს შევეხიზნები,
ახლა წვიმების ცრემლში რომ არ ჩანს...
აღარ გიხსენებ, მაგრამ სიზმრები,
სიზმრები შენი ერთგული დამრჩა.
ქსნის ციხესთან მტერი დამხვდა
ქსნის ციხესთან ისევ დამხვდა
მტერი - შავზე შავი სვავი,
ვერც იმერეთს გადვეხვეწე
ქართლის ბედკრულ მეფესავით.
ვეღარც არაგვს ავყევ აღმა,-
თოვლზე კიანთობდა კვალი...
აქაური ალბათ მძლევარს
აქვე უნდა მოვეკალი.
სხვა რა მექნა, მივკიოდი
ნავენახარ-ნამკალებთან,
წლობით ნაუქმები მკლავი
მახვილს ვეღარ აკავებდა.
ვითომ კიდეც ვგულოვნებდი,
ვაელვებდი კიდეც გორდას,
ამდენი ხნის დამონებულ
სულს სილაღე აღარ ჰქონდა.
,,ქართველებო!" –
მშველელს ვუხმე
ერთი ღმერთის ანაბარამ,
საქართველო კი არადა
ფეხზე კაცი არ ამდგარა.
ჩქარა მკერდის ჟრუანტელი,
ჯავრით გამიშავდა უპე,
ცხრაგან ნადენ სისხლით - არა,
ცრემლით მევსებოდა უბე.
ქსნის ციხესთან მტერი დამხვდა,
მადლობა ღმერთს,-
დავიღუპე!..
წუხელის
წუხელის უცხო წაწალი -
ცისკარი მკლავზე მეწვინა,
არ ვიცი,
მეცხრე ცას ვიყავ,
არ ვიცი,
ედემს მეძინა.
შავად მოექცეს საწუთრო,
მთვარეს ვინც გააგებინა,
ჩამოაბნელა ირგვლივი,
პირზეც ღრუბელი ეფინა.
ცისკრის და ჩემი ნაწილი
გრიგალ-ქარს გააწეწინა,
თითქო არცროდის მოვწონდი,
რავი, რაღაზე ეწყინა.
***
ერთხელ რომ ვიგრძნო,
თუნდაც სულ ოდნავ,
შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის, -
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.
მთებიდან მთებში მიდის გზა წვრილი,
მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები...
არ შეიძლება ჩემი გაწირვა
სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით.
წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი,
ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი,
თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი
და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს.
გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა,
წამომეფარე მაგ ფრთების ადლით...
მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,
შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.
გამოზაფხულდა
მწვანე ფაფარით ჩანან ახლა
სამების მთები
და ჟრუანტელი ტალღასავით
გულზე გადამდის...
მთელი წელი ხომ
მოთმინებით ბაგაზე ვები,
მთელი წელი ხომ
მორჩილებით ვღეჭე ლაგამი.
გამოზაფხულდა!-
მინდა, მინდვრად იმ ქარს ვუყელო,
ცაში რომ ღრუბლის
მოქათქაღე აფრა გაშალა,
ოღონდაც ახლა მიმატოვეთ
ერთად სუყველამ,
ოღონდაც ახლა გადამაძრეთ
თავზე ავშარა.
რომ თავისუფლად
ერთხელ მაინც დავბრიცო გზები
და დაქანცული დავეწაფო
წყაროს სათავეს...
მთელი წელი ხომ
მოთმინებით მაგიტომ ვები,
მთელი წელი ხომ
მორჩილებით ვხრავდი სადავეს.
***
მე კვლავ ვიხსენებ იმ გაზაფხულებს,
ავსებულს მზით და თეთრი მტრედებით,
ისე სუფთაა თვალები შენი,
რომ საჩემოდაც არ მემეტები.
საღამოობით, შენი ბავშვობა
როცა ამივსებს ხელებს ვნებიანს,
მოფრინდებიან ცრემლის ჩიტები
და წამწამებზე ჩამოსხდებიან.
ქსნის წყალთან
მოზარე უნდა ისეთი,
დილას რომ შაშვმა იტირა,
ქსანზე ვარ
სიმწრის მარილს ვლოკ,
მხრებით ქართლის ცა მიჭირავს.
რად დასცხრი, გულო, კაი ყმის,
გორდავ, შენ რადღა ჰგვიანობ?!
სისხლით ნაღები ნისლები
ცხმორის თავს გადადიანო.
უცდიან ლომისის მთები
ლომისფერ დროშის შერხევას,
უწინ არწივთა სამკვიდროს
ყვავ-ყორნის გუნდი ეხვევა.
ჩემი სახლი და საძვალე
რჩება დუშმანს და მაცილსა,
ღამით ქსნის ბებერ ციხიდან
გმინვა მოისმის კაცისა.
ქსნის წყალო, მთების მორბედო,
გასწი, იარე ჯიუტად,
ჩემ დედის ძუძუ მოჭრილი
ქართლს მარცხის ნიშნად მიუტა!
***
მინდა
ეს განცდა
ბოლომდე მიმყვეს, -
ასე აგებდნენ
ტაძარს და მურყვამს...
ლექსებს კი არ ვწერ,
მე ვეძებ სიტყვებს,
სიტყვებს,
რომელთაც
ერთურთი უყვართ.
თიბათვე
სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,
პირბადი ქალი გადივლის ბოგირს...
ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი, -
დანატრებული დიაცის ლოგინს.
ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,
სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე...
ყველა ღიღილო ნაზი და ლურჯი,
აგონებს ქალის ნამიან თვალებს.
მორჩა...
ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,
თავს მიჰხრის,
სერზე გადივლის სანამ, -
როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,
მინდორში თივის ზვინები ჩანან.
ტრფიალს არ დაგვიძრახავენ
ტყისპირებს ჩავლოკ მწყურვალი,
ზეცას ღრუბლები თალხავენ,
ნისლებს,
კლდით გადმოჩეხილებს,
ქარნი ხევებში მარხავენ.
მეც ეგრე დამლევს სურვილი, -
ჭალას ყორნები დამხრავენ,
ვიდრე ერთფერი დღეები
ჩამომხვეწ-ჩამომძახავენ,
უბე შემიხსენ, ცისკარო, -
გვნახონ,
თუ ერთად გვნახავენ...
უფლის ხელდებულთ ყვავილნი
ტრფიალს არ დაგვიძრახავენ.
შემოდგომა. მაღაროსკარი
რაც უნდა ჩამიარაკონ,
აქ სულ სხვა ფიქრით ვღელავ, -
ტიალო ფშავის არაგვო,
ვაჟას ცრემლებისხელავ.
თუ ეს დღეც ღმერთმა ინება,
არ ვარ საწუთროს მდურვით,-
რამდენი ეკვლევინება
გულზე გადავლილ სურვილს.
ფოთლის ოქროსფერ ვარაყით
ტყე რომ სიტურფეს ჩემობს,
ამოქუხდება ხარლაღი
მაღაროსკარის ზემოთ.
გულო, შე ჯავრით ნადაღო,
ნალესო ცრემლის კირით...
ნეტავი შენა, ხარლაღო,
მოგენატრება, -
ჰ ყ ვ ი რ ი !
სიყვარულის ყვავილი
ახლა სოფლის სიმუხთლეზე აღარ ვდარდობ,
სხვა მზით მავსებს კაბენი თუ უბისა,
გული ჩემი - სურვილების სასაფლაო,
სული ჩემი - ხელდებული უფლისა.
ამ მიწაზე სტუმარივით არ მივლია, -
გული ცისკრად ანთია და მარმარებს...
ეს ღიმილი სიყვარულის ყვავილია,
ცრემლი - მწარე მარტოობის სამარე.
ხან სტრიქონი შინ ლეკივით მივარდება,
ზღურბლთან მიბამს ფაფარაშლილ იაბოს,
ყველა ლექსში საქართველო ილანდება
და უწმინდეს სანთელივით კიაფობს.
არა,
სოფლის სიმუხთლეზე აღარ ვდაობ,
მზით მავსებენ კაბენი თუ უბისა...
გული ჩემი - სურვილების სასაფლაო,
სული ჩემი - ხელდებული უფლისა.
ყივჩაღის კიდევ ერთი გახსენება
ქსანი - მინანქრის ლურჯი ტიხარი,
ალვაზე - ბუდე, როგორც ბეჭედი...
ოღონდაც ახლა მაინც მითხარი -
მეტრფე იყავ... თუ ხიფათს ეძებდი.
ნელ-ნელა ქრება მთებზე ნათელი,
შორით მოისმის აფთრის ხარხარი...
თუმც არასოდეს იყო ქართველი
მტრის უცაბედი და უნახავი.
მაგრამ სუყველა ჟამმა წახვეტა
და დავიწყების ნისლი დაჰხურა,
შენ ვინ იყავი ისეთი ნეტავ,
დრომ რომ აქამდე ვერ გაგიხუნა.
ეგ გული ქართულ ხმალით დამიწდა,
ჩაუქრო ყველა სურვილ-ვნებანი
და მაინც დღემდე ვერ დაავიწყა
ქართველს შუღლი და ჯიბრი შენდამი.
კიდევ ათას წლებს ლექსში დამიცდი,
თუმც შენი ტრფობა ალბათ მეძრახვის,
მაგრამ მუხრანთან ვარ და არ ვიცი
ქარი უსტვენს თუ...
კვლავ შენ მეძახი.
შენს მკერდთან
ვაგუბებინებ წამწამებს
სიმწვანეს ქართლის მინდორთა,
აღარც ის ლექსი მაწამებს,
უწინ რომ შენთვის მინდოდა.
მგლეჯს შენს მკერდს, როგორც ასკერი,
მოყვასი - ცრუ და მარტივი
და ცრემლი, უკანასკნელი,
ფართხალებს ჩიტის ბარტყივით.
ცას მიდის კვამლი სავსავით,
ღრუბელს სხვა ფერად ახამემბს,
შენს მკერდთან პეპელასავით
ვზივარ და ფრთებს ვახამხამებ.
ირღვევა ჩემი ქვითკირი,
ისლი იბნევა ღერებად, -
შენ ვერცვინ ჩემებრ გიტირებს,
ვერც ჩემებრ მოგეფერება.
სულს, სიყვარულის დაღიანს,
არ ძალუძს, სხვას ფეხთ ეგოროს...
მოვკვდები ასე თვალღია,
მტერს რომ მღვიძარი ვეგონო!
სიტყვის ტაძარში
ამ ფერად მინდვრებს
ლოცვანივით ქარი გადაშლის,
შორ სამრეკლოზეც გაჟღერდება
ბგერა კეთილი...
რა იცის ქარმა,
რომ სიტყვების უკვდავ ტაძარში
დაბადებიდან
მონაზონად ვარ აღკვეცილი.
იბერიელთა უძველესი
ხმა და რიტმები
სულს ეწვნოდა და მათრთოლებდა
თითქმის აკვნიდან,
აღარც კი მახსოვს,
ეს გრძნეული ჯადო სიტყვები
მარგალიტებად
ყელზე ვისმა ხელმა დამკიდა.
ჯერ აქ ვარ ისევ,
ჯერ საწუთროს სრბოლას მივყვები
და როს ჩემს დღეებს
მოევლება მწუხრის არშია,
ძველთუძველესი ტაძრებიდან
მოვლენ სიტყვები
და ლექსებს ჩემსას
იბერიის მზეში გაშლიან.
No comments:
Post a Comment