Saturday, October 10, 2015

გოდერძობა გუდამაყარში

ნისლით, უდიდესი სევდითა და სიამაყით შემოგვეგება გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი.... ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული ჰანგი, ,,მზიან-ჩრდილიანი" სიხარული ზეიმობდა უჩვეულოდ ახმაურებულ ჩოხში....სიკეთე და სიყვარული იფრქვეოდა ირგვლივ.... მზე და ნისლი, სიხარული და სევდა, მონატრება და მადლიერება, ღიმილი და ცრემლი, მოკრძალება და მომავლის იმედი ჩაწნულ-ჩაგრეხილიყო ერთმანეთში....
უჩვეულო განწყობა გვდევდა თან.... ბედნიერებისა და სიამაყის გრძნობას გვიათკეცებდა ცადაზიდული მთები, ნისლით გაერთიანებული ცა და მიწა.... მართლაც, ,,გადაშლილ წიგნს" ჰგავდა გუდამაყრი....
შევყურებდით წითელ-ყვითელი ფერებით მორთულ ხეობას, სტუმართმრავლობით გახარებულ გუდამაყრელებს, ამ მადლიან მიწაზე თავმოყრილ საამაყო და მოსაფრთხილებელ ადამიანებს და ვივსებოდით მადლიერებით... გვინდოდა, მადლობა გვეთქვა ამ დაღლილი და მაინც მომღიმარი ხალხისა და ამ საოცარი მიწისათვის, რომელმაც მოგვიტანა ბედნიერი წუთების განცდა და გვაჩუქა გოდერძი ჩოხელი.....
.....ვტოვებდით სევდის რაინდის სამკვიდროს, ნელ-ნელა იცლებოდა გუდამაყარი... ამ მადლიან მიწასთან შეხებით კიდევ უფრო ახლობელი გახდა დიდი ერისკაცის სევდა... მოდის ზამთარი... გადათეთრდება მთა და ბარი და ძალიან გაუჭირდებათ უფლის იმედად მყოფ გუდამაყრელებს... ახლა მაინც ვუჭირისუფლოთ იმ კაცის სევდას, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო და აწუხებდა ბოქლომდადებული და ჭინჭარმოდებული სახლები და ეზოები... ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქ მაცხოვრებელთა სახლებიდან გამოდიოდეს სინათლე, გამორბოდნენ ბავშვები და ზეცისაკენ მიიწევდეს კვამლი, ნიშნად სიცოცხლისა და უკვდავებისა... ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზით თუ დავუამებთ ტკივილს სევდით გულდახრული მოზარისა და ჭირისუფლის სულს.....




No comments:

Post a Comment