ზმნისწინთა მართლწერა
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ავღნიშნე; გავნაგრძე; ანთავისუფლებს; ანხორციელებს; ანზოგადებს
რას ნიშნავს ზმნისწინი
ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.
ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო
რატომ ვუშვებთ შეცდომებს?
თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.
ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;
ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.
რა უნდა გვახსოვდეს
ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)
გან გან – ვ – ათავისუფლე
წარ წარ – ა – დგენს
აღ აღ – ვ – ნიშნე
- არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ანხორციელებს, აღდგენს, ღზრდის, ანთავისუფლებს…
- ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!
შეცდომები რომ არ დავუშვათ
ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.
სწორია:
- ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
- ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
- ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
- აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
- განვაგრძე
- ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
- აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
- ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა
დააკვირდით:
სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში – ათავისუფლებს)
გამონაკლისი:
ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)
ყველა დანარჩენი აღ ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე
ფილოლოგი
No comments:
Post a Comment