Tuesday, January 26, 2010

წერილი ქალბატონ დოდო თელიას!


...თქვენ ახლა უკვე შორსა ხართ ჩვენგან...ოკეანის გადაღმა,შორეულ ამერიკაში...

ძალიან შორს და მაინც ახლოს,რადგან სიყვარულმა არ იცის სიშორე,საზღვარი...

...ვფიქრობ თქვენზე...ეს ფიქრი სიყვარულია,სითბოა,მონატრებაა...

მინდა მოგეფეროთ,მოგიალერსოთ,შევეცდები სიტყვა ჩავსვა მარგალიტში და გითხრათ თაფლერბოიანი,დაბადაგებული,თბილი და ტკბილი,სასიყვარულო სიტყვები ისე,როგორც ეს თქვენ გჩვევიათ,ჩვენო მშვენიერო,ხმატკბილო ანბანის დედავ,წარსული დიდების დაკარგვის გამო მოტირალო,საქართველოს ჭირისუფალო და ქვეყნის თავისუფლების მოტრფიალე მომავლის მხედარო,ჯერ კიდევ შეუღინღლავ მართვეთა დამფრთიანებელო,მასწავლებელთა მასწავლებელო,მეგზურო და გზის მეჩირაღდნევ,მოძღვართმოძღვარო.მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ გვიყვარს თქვენი სულის ჭაღარა ყვავილი,დაგვაკლდება,ძალიან დაგვაკლდება ხმა,მორგებული მშობლიური ერის სულზე...

მოგვენატრებით,ძალიან ხშირად შეგვახსენებს თავს მოგონებები,შევხედავთ დედაენის კაბინეტს-თქვენს უძვირფასეს სახსოვარს და გაგვახსენდებით...ან როგორ დავივიწყებთ, თურმე ჩქარობდით და არც კი ამხელდით სიჩქარის მიზეზს...

სექტემბერი დადგება და ჩვენს გულ-გონებაში თქვენი სიტყვა გახმიანდება,ყველას დამლოცავო,სიხარულისა და სიყვარულის მესაგზლევ,რადგან წარმოუდგენელია სასექტემბრო ზარის წკრიალი თქვენი დალოცვის გარეშე...

შევიკრიბებით სუფრასთან,ლხინის ჟამს თქვენი ალნაკიდი,ბედაური,მაძღარი სიტყვები აგვამზიანებს,ლხინის უფალო,ჭირში კი....

ჭირში შევეცდებით თქვენებრ ვუჭირისუფლოთ გარდაცვლილს,ოჯახის წევრებს კი ვუთხრათ სიტყვა საიმედო,ჭირსა შიგან გამმაგრებელი,სევდიანთა გულის მკურნალო და ჭირისუფალო....

მიდიხართ!ღრუბლის ტალღებს სერავს თქვენი საჰაერო ხომალდი...ოკეანე დაგვაშორებს,აღმართავს კედელს,მაგრამ დარწმუნებული ვარ იქაც,ოჯახურ გარემოცვაში მყოფო,სამშობლოზე იფიქრებთ,ხშირად გაგვიხსენებთ და,ილიას თქმისა არ იყოს ,,უცხოეთიდან კვლავ მოგვაჭვდენთ თქვენს გულს და თვალსა,კვლავ გაგვიღიმებს შორ ქვეყნიდან ჩვენ თქვენი გული...”

გჯეროდეთ,მარადიულად იკაშკაშებენ თქვენგან ანთებული სანთლები,არ დაჭკნებიან ყვავილები,უხვად რომ თოვეთ...არ გახუნდება სიყვარული,რომელსაც უხვად მიმოაბნევდით,იხარებს და იშრიალებს თქვენ მიერ სიპ ქვაზე დათესილი სიკეთის მარცვალიც...სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს....

გვეყვარებით და ხშირად,ძალიან ხშირად მოგვენატრებით...

მოგეფერებით,მოგესათუთებით ოკეანის გაღმიდან...

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით:ასმათ ჭარელიძე.

26 იანვარი.2010 წელი.

No comments:

Post a Comment