Thursday, March 25, 2010

მე ვუმღერი ჩემს მშობლიურ ენას


მშობლიური ენის სიყვარულს დედის მუცლიდან ვსწავლობთ,იგია ჩვენი უპირველესი საკონტაქტო ენა,რომელიც უფრო გვაახლოვებს საყვარელ ადამიანებთან.
დედაენის საშუალებით გადმოვცემთ ემოციებს:სიხარულს,სიყვარულს,წყენას,გაბრაზებას,ტკივილს და
რაც ყველაზე მთავარია,მისი წყალობით თვით შემოქმედსაც ვესაუბრებით.

ქართული ენა უკიდეგანო და მდიდარია.მან ბევრ ქარიშხალს გაუძლო;მის ამტანობას საუკუნეებმა ფერი ვერ უცვალა და დღეს ჩვენამდე მოაღწია ისეთი სრულყოფილი სახით,როგორიც დღესდღეობით არის...

მე ,როგორც ერთ რიგით ქართველს ,უფლება არ მაქვს დიდების შარავანდედით არ შევამკო ის გმირი ქართველები,ვინც ენის შენარჩუნება-განვითარებისათვის თავი არ დაზოგა.

მადლობა იმ დიდ ქართველ პატრიოტებს,ვინც წინ აღუდგა მცდელობას,წაერთმიათ ჩვენთვის უფლება დედაენის სიყვარულისა, და,მიუხედავად საფრთხისა, არ შედრკნენ,მხარი მხარს მისცეს,შეერთდნენ და ენას ძალა შეუნარჩუნეს,ქართველთა ვაჟკაცობამ და ერთსულოვნებამ მტერი დააჩოქა და ხელი ააღებინა ბოროტ განზრახვაზე.ამის შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან:ენა,მამული,სარწმუნოება.თუ ამას არ ვუპატრონეთ,რა კაცები ვიქნებით,რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..."-გვიანდერძა დიდმა ილიამ და ჩვენც ვალდებულნი ვართ თაობიდან თაობას გადავცეთ ეს ანდერძი,რადგან ყოველი ქართველი მოვალეა თავისი სიცოცხლე ქვეყნის,ერისა და ენის სიყვარულს მიუძღვნას.

ჩემი ენა ჩემი ქვეყნის ისტორიაა.
ენა დიდი დავითისა და მეფეთმეფე თამარისა,დავით გურამიშვილისა,ხანძთელისა,ამაგდარი სულხან-საბასი,ილია მართლისა და სხივნათელი აკაკისა,ენა-შოთას "ვეფხისტყაოსნით"მოვარაყებულ-მოჩუქურთმებულო.ქართველ გენიოსთა მარგალიტებით მოქარგულო!

"ო,ენავ ჩემო"კურთხეულო და მადლიანო,ჯიშიანო და ძარღვიანო,ენავ სიცოცხლისა და სიხარულის მომნიჭებელო,ჩემო სისხლო და ხორცო,ენავ ფარნავაზიანო!
შენ მსოფლიოს უდიდესი საოცრება ხარ,უანგარიშოა შენი საუნჯეთა სალარო!
ფესვები ისე ღრმადა გაქვს გადგმული ქართული მიწის წიაღში,რომ ვისაც შენი მოსპობა სწყურია, ჯერ ისტორია უნდა წაგვართვას,წარსული უნდა შეგვიბღალოს.

ქართული მზე-ენაა,მრავალფეროვანი და მრავალსახოვანი,მზესავით დაგვნათის თავზე და თავისი უშრეტი სხივებით გვათბობს.ყველა ენისათვის შესაშურია მისი სიტყვაუხვობა,დედასავით თბილი და ტკბილი სანაცვლოდ არაფერს ითხოვს,გარდა იმისა რომ არ დავამახინჯოთ,არ წავწყმიდოთ და გვიყვარდეს,მას ხომ სიყვარული ასაზრდოებს!

დედაშვილობის ენავ!ენავ ჩემი ოცნებისა და ფიქრებისა!ენავ ქართული მრავალჟამიერისა და იავნანისა,ჩვენო სიამაყევ და თვალის ჩინო,ჩვენი შთაგონების ენავ,შენში ჩააქსოვა ქართველმა ქართველმა გრძნობები და განცდები!ღვთის საგალობელო წმინდა ხარ,ვიჩოქებ შენი სიდიადის წინაშე და არასოდეს მომბეზრდება შენი მოფერება.

"ქართული ენა არის ღმა და უნაპირო,ბრძენი,თავმდაბალი,მიუწვდომელი,ვითარცა გონება და სიყვარული.მასშია მთელი საქართველო.
გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული,ცხოველმყოელი სხივივით საამო..."-ასე ამკობს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქართულს.
სანამ ენა ჩვენი ამაყად წელგამართული დგას ფეხზე,ჩვენ არაფერი გვიჭირს:"რა ენა წახდეს ერი დაეცეს",თუ ეს რგოლი ჯაჭვისა გაწყდა,მაშინ ერს გადაშენება უწერია...

დედაენავ!დედაბოძო ქართული არსისა,ბურჯო მამულის ერთიანობისა და სიმტკიცისა,გულში გიხუტებთ,თავს გევლებით და მზრუნველობას არ მოგაკლებთ.იდიდოს შენმა სახელმა და გენაცვალოს ყოველი ქართველის სიცოცხლე...



სოფო მენაბდიშვილი
VIII-5 კლ.მოსწავლე

Wednesday, March 24, 2010

მარიამ კასრაძის შემოქმედება

მარიამი ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლის  მე-8  კლასის მოსწავლეა...

უყვარს კითხვა,წერა,წაკითხულზე მსჯელობა....

გონიერება და სწავლისადმი სერიოზული დამოკიდებულება მას ნებისყოფას

უწრთობს,ფანტაზიას უვითარებს....

თვალი მივადევნოთ მის ნაწერებს....




      იმ დღეს, დავალების წერას გვიან შევუდექი... მოთხრობა უნდა დამეწერა, ვიფიქრე ზოგიერთი მწერლის შემოქმედებისათვის გადამეხედა. ჩემს საყვარელ ადგილებს გადავხედე დუმბაძისა და დოჩანაშვილის მოთხრობებში...  ამ წიგნშივე შევხვდი გოდერძი ჩოხელის "ნაწილიანს", მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მქონდა, თან ძალიან გვიანი იყო, გულმა ვერ გამიძლო და კიდევ ერთხელ წავიკითხე. შემდეგ დავალების შესრულებას შევუდექი. ერთ ადგილზე ბევრს ვფიქრობდი, თავი ხელებში ჩავრგე და ჩამეძინა... გოდერძი ჩოხელი მესიზმრა, ხელში თავისი წიგნი "ადამიანთა სევდა" ეჭირა, გამომიწოდა და მითხრა "ეს დაგეხმარებაო." 

      თქვა და წასვლა დააპირა მაგრამ მობრუნდა და მითხრა:

     - ერთი რამ მინდა, რომ გახსოვდეს, ის, ვინც ჩემს ოჯახს იცნობს და ელაპარაკება, ისევე როგორც შენ, მათი სახით ჩემთან ლაპარაკობსო, იმისთვის მე რომ აქ ვარ და შენთან ლაპარაკი შემიძლია შენს დამრიგებელს უმადლოდეო.

      ... არ ვიცი ამას რა დავარქვა: სიზმარი თუ ხილვა... დაწვრილებით არ მახსოვს შემდეგ რა მითხრა, მაგრამ ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და გამიხარდა კიდეც... კვირა დღეს, მოსახსენიებელში მოვიხსენიე და მისმა სიტყვებმა - "მადლობთ, შენი ლოცვა მომივიდა და ბედნიერი ვარო," საოცრად გამაბედნიერა.

      სკოლაში, გოდერძი ჩოხელის კვირეულის ბოლოს, ღონისძიებაზე რამდენი ლექსი და მოთხრობიდან ამონარიდი მოვისმინე, მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა სიტყვები: რა მნიშვნელობა აქვს სიყვარული როგორია იღბლიანი თუ უიღბლო, სიყვარული სიყვარულიაო...ახლაც, ამ გამოცხადებისას ეს სიტყვები გამახსენა და მკითხა:" - მიხვდი მაგ სიტყვებით მე რომ დაგელაპარაკეო?..." მას შემდეგ ვიხსენებ, რატომ მითხრა ეს თუმცა ვერ მივმხვდარვარ. ყოველ დღე რაღაც მახსენდება მისი საუბრიდან და იმედი მაქვს, ერთ დღეს გაურკვევლობა აღარ დამრჩება.

       ვფიქრობ, გოდერძი ჩოხელის სული დამეხმარა იმაში, რომ მეორე დღეს სასწაული მოვახდინე, როცა მასწავლებელმა ჩემი მოთხრობა წამაკითხა და ყველა სულგანაბული მისმენდა... კიდევ უფრო გამიძლიერდა სიყვარული და პატივისცემა ჩემი საყვარელი შემოქმედისადმი.

                                     

                                                                                             მარიამ კასრაძე

                                                                                                                                                                                      2009 წელი


საუბარი სიმებთან...


         სუსხიანი საღამო იდგა. ნოემბერი იწურებოდა. წვიმდა... თუმცა ამინდის მიუხედავად ქალაქში სიწყნარეს არ დაესადგურებინა. ქუჩებში მრავლად მოძრაობდა ტრანსპორტი და ხალხიც თავის საქმეზე დარბოდა,ფუსფუსებდა. აქა-იქ გაისმოდა მეტროს ყრუ გუგუნი. ამ ყველაფერს აკვირდებოდა დიდი, თეთრი შენობიდან გამოსული 15-16 წლის გოგონა. თუ შეათვალიერებდით ერთი შეხედვით, მასში განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც დაინახავდა მის თვალებში იმას, რაც ყველა ადამიანში არ დევს. ტანთ ჯინსები ემოსა, შავი ქურთუკი და ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული. შეკრული თმა ერთ ადგილას ჩამოშლოდა და სათვალეს ნახევრად უფარავდა... უი, სულ დამავიწყდა, იგი მრგვალ სათვალეს ატარებდა. ფიქრით სადღაც დაჰქროდა. ვინ იცის, იქნებ სახლში, იქნებ მეგობრებთან, იქნებ სკოლაში ანდა მშობლებთან ზეცაში...მისი სხეული სულს დაეტოვებინა და უთავბოლოდ დაჰქროდა სადღაც. გოგონა მიდიოდა, ნელა, აუჩქარებლად, ვერც კი ამჩნევდა მის გარშემო მოძრავ ხალხს. თავი ჩაეღუნა და ფიქრობდა მწარედ. აი, მეტროსაც მიადგა, შევიდა და ადგილი დაიკავა. ისევ მწარე ფიქრები,მაგრამ ნეტავ ვის ადარდებს ეს? აგერ, გვერდზე ორი გოგონა პატარა სარკეში იხედება და თმის ფერს იმოწმებს, აი გვერდზე მჯდომი ბანკირი ფულს ითვლის... დანაღღვლიანებული ამოვიდა მეტროდან და ნელი ნაბიჯით გაუყვა სახლის გზას. უკვე ბნელოდა, გზა ლამპიონებს გაეჩირაღდნებინათ.აი, სახლსაც მიაღწია. უძალოდ, უიმედოდ დააკაკუნა. კარი შავებში ჩაცმულმა მოხუცმა გააღო.

- მოხვედი შვილო? 

          მაგრამ პასუხად, მხოლოდ ერთხელ დაუქნიეს თავი. გოგონამ ჩანთა დადო, ქურთუკი გაიხადა, აცრემლებულ ბებიას შუბლზე ემთხვია და მეორე ოთახში გავიდა.

          არ გეგონოთ, მის სახლს ხუთი ოთახი ჰქონოდეს, მხოლოდ ორი, ისიც ღარიბულად მოწყობილი. შესასვლელში ძველებური, მრგვალი ხის მაგიდა იდგა, თავისი ძველი სკამებით, იქვე კუთხეში პატარა დივანი, რომელსაც საწოლად იყენებდნენ. ტელევიზორი, ტელეფონი ან მსგავსი რამ მათი სახლისთვის უცხო იყო, ხოლო მეორე ოთახში შენიშნავდითპატარა მაგიდას, რომელიც ნოტებით იყო დატვირთული, ერთ-ერთ კუთხეში ძველებური, შავი პიანინო იდგა. კლავიშები, სულ გაყვითლებოდა, მასზე მდგარი სანთლები თითქმის ჩამწვარიყო. გოგონასთვის ეს იყო მთელი ავლადიდება, ბინა, თავშესაფარი, მშობელი... 

იმ დღესაც, ჩვეულებრივად ჩანთიდან ნოტები ამოიღო და ინსტრუმენტთან დაჯდა. ნოტები გაშალა, სული დაიბრუნა და ახალი მოგზაურობისთვის მოემზადა. გრძელი, მარმარილოსებრ ნატიფი თითები სათუთად შეახო კლავიშებს და თითქოს პიანინოს, მკვდარი გულის სიმები შეურხია, იფიქრებდით ეფერებაო ინსტრუმენტს, გულს ულბობს ამ სასტიკ სამყაროშიო. თითქოს მისნაირი ობოლი იპოვა და თავის ამბავს უყვებაო. გული მოგიკვდებოდათ მისი მელოდიისთვის რომ მოგესმინათ, პატარა, მეოცნებე გოგონა ოცნებობს ლამაზ, სითბოთი სავსე ოჯახზე, საჭმელზე... მისი გრძნობები პიანინოს გადასდიოდა და იგი საოცარ ჟღერადობას აძლევდა მათ, სადღაც გულის სიღრმეში სწვდებოდა ადამიანს და მივიწყებულ კუნჭულებს უნათებდა. მისი მუსიკა სულ სვა იყო. მისი ტრაგიზმი სხვა სახის იყო და, როგორც ყოველთვის, მუსიკა, ხომ ტრაგიზმის თანამგზავრია.ორივე თითქმის შერწყმულიმცნებებია, ისე არ არსებობს ერთი მეორის გარეშე, როგორც მეორე პირველის გარეშე. მუსიკა, ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, მისი განცდების საოცარი გამზიარებელი. ამ შემთხვევაში არც გოგონა ყოფილა გამონაკლისი, იჯდა და უამბობდა პიანინოს საფიქრალს და გამვლელ-გამომვლელნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს:

- ნეტავ ვინ არის?

- ასეთი ნიჭი უნდა იკარგებოდეს?

            თუმცა სურვილი არც არავის გასჩენია გაეგოთ ამ კითხვებზე პასუხი. გოგონა ყოველ ღამე იჯდა, ყვებოდა, უთანაგრძნობდა სიმებთან საუბრით, ათბობდა ცივ ღამეს, სიცოცხლით ავსებდა ოთახს, ყოველდღე სხვადასხვა მელოდიას უკრავდა, იგი არ ჰგავდა არავის დაკრულს. წერდა გამალებით, გატაცებით წერდა და წერდა... და არც კი იცოდა რისთვის ან ვისთვის.

            განვლო წლებმა... დიდ დარბაზში მსმენელის მხურვალე ტაში არ წყდებოდა...ლოჟაში აცრემლებული გოგონა იდგა უზარმაზარი თაუგულით და დიდი ტკივილით. ეჰ, ნეტავ დედაც მოსწრებოდა ამ დღეს... 

       ... განა არ შეიძლება მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვწირავენ სიცოცხლეს, განა არ შეიძლება მოვეფეროთ სიცოცხლეშივე?

    ... როგორ არა, შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები მაშინ იგებენ ერთმანეთის ფასს, როცა კარგავენ...



                                    მარიამ კასრაძე



 


Wednesday, March 10, 2010

პროექტი:,,ორი შიო მღვიმელი”










№32 საჯარო სკოლის მე-6 პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი:,,ორი შიო მღვიმელი”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ერთი ფსევდონიმის მქონე 2 დიდებულ ადამიანზე:

ერთია-წმინდა ბერი შიო მღვიმელი.

მეორე-მწერალი შიო ქუჩუკაშვილი.

გაკვეთილი ინტეგრირებული იყო.მონაწილეობდა 5 ჯგუფი:

1.ისტორიკოსები

2.რელიგიის

3.ხელოვნების

4.ლიტერატორები

5.ისტ

Tuesday, March 9, 2010

მე-9 კლასი დამრიგებელთან ერთად

ეკა ხონელიძე-მე-9 კლასის დამრიგებელია..............























შეხვედრა მოძღვართან............



მოსწავლე -ახალგაზრდობასთან მოძღვრის შეხვედრა და საუბარი სულიერების ლამაზ გაკვეთილად იქცა........

დეკანოზი გიორგი ყიფშიძე......


მოძღვარმა №32 საჯარო სკოლას სასიამოვნო ინფორმაცია მოაწოდა:

2010 წლის 11 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დალოცავს №32 საჯარო სკოლას...












Saturday, March 6, 2010

საკუთარი თავის შესაცნობად


,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,ვინ არის ,სიდამ მოსულა,სად არის,წავა სადაო?!”-ამბობს დავით გურამიშვილი.


ადამიანია იგი,ვინც თავი შეიცნო .

შეიცანი  შენი თავი,ეს ყველაზე ძნელია:თავმოყვარეობა ყოველთვის აჭარბებს ჩვენს ღირსებებს.

ვინც შეიცნო საკუთარი ცოდვები,იგი გამოსწორებისკენ ნახევარ გზაზე დგას.მაგრამ ვისაც არ შეუცნია თავისი ცოდვები,მას ჯერ არც მარხვა დაუწყია და არც-ლოცვა.

ვინც თავს რაიმედ მიიჩნევს,იგი სინამდვილეში არაფერია,თუმცა თვითონ ასე არ ფიქრობს.

მანამ არ დაიძინო,ვიდრე არ გაანალიზებ ცოდვებს,რომლებიც დღის განმავლობაში ჩაიდინე.

მიუკერძოებელნი ვიყოთ საუთარი თავისადმი,რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს.

Friday, March 5, 2010

პოეზიის საღამო



2010 წლის 5 მარტს ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლაში გაიმართა პოეზიის საღამო.
გამარჯვებულები:

Wednesday, March 3, 2010

თამუნა ზუბიაშვილის შემოქმედება


ამ ნაწერებში ერთი ცნობისმოყვარე გოგონა ცხოვრობს თავისი ტკივილითა და სიხარულით,გატაცებებითა და რეალობით,იმედებითა და ფიქრებით....მისი ჩანახატები დიდ ტკივილს გამოხატავს...ტკივილი რეალობასთან შეუგუებლობითაა გამოწვეული....

გოგონა ფიქრობს,რომ მას ვერ უგებენ,ან უგებენ,მაგრამ არა ისე,როგორც მას უნდა...ამაშია მისი ორიგინალურობა...ამიტომაა იგი გამორჩეული სხვათაგან....წლები თავისას მოიტანს...მერე შეხედულებებიც შეიცვლება ცხოვრებაზე....ბევრი ნათელი წერტილი გამოანათებს და იმ დიდ კოცონად აბრიალდება,სიყვარული რომ ჰქვია სახელად....

გზას დაგილოცავ,ჩემო თამუნა!

არ დადო კალამი....

შენ ბევრი უნდა წერო....


ლია მასწავლებელი



ბეწვის ხიდი...

ამბობენ,ცხოვრება ბეწვის ხიდია და თუ ნელა არ გაივლი,ჩაგიწყდება და ჩავარდებიო...ჰოდა,მე კი არ მივდივარ,მივრბივარ ამ ბეწვის ხიდზე...ვინ იცის,რამდენჯერ ჩავვარდნილვარ,მაგრამ რაღაცას თუ ვიღაცას წამოვუყენებივარ და აი,ისევ აქ ვდგავარ,ამ დაგლეჯილ,გაცვეთილ ხიდზე...

მინდა გადავხტე და ყველაფერი დავამთავრო ამით,მაგრამ მიბმული ვარ და ვერ ვინძრევი,მეშინია,რომ დავიმტვრევი...რომ იქ,იმ წყვდიადში ბოლოს შუქი არ გამოჩნდება...

მაგრამ ამ ბეწვის ხიდმაც დამღალა,უსასრულომ,მაღალმა,მიუწვდომელმა და სასტიკმა,მარტო ხეტიალმა დამღალა ...ცხოვრება...ცხოვრება...სიცოცხლე...სიკვდილი...მერე ისევ სიცოცხლე და ისევ სიკვდილი!

ერთი,ორი,სამი...ეს რა არის?რა თუ ვინ?!ბგერები!ბგერები! რითმი დარღვეულია.არასწორად უკრავენ ისედაც შეშლილ,დამახინჯებულ მელოდიას.

არ მინდა ,არა,ამის მოსმენა!არ მინდა,მაგრამ უფრო იმატებს მისი ღრიალი.მაყრუებს ჯოჯოხეთიდან ამოძახილი ხმები.როგორც ჩანს ,კიდევ ვიღაც გამოიჭირეს-ცოდვებით დამძომებული,ბეწვის ხიდიდან თვითნებურად გადამხტარი...

ისევ გავრბივარ,გავრბივარ და ვერ ვჩერდები.ჩაწყდება ხიდი?ჩავვარდები? და იქნებ სჯობს მოხდეს,რაც მოსახდენია!იქნებ სჯობს ამ ხიდის მიღმა?!

იქნებ ფრენა ვისწავლო!ფრენა!ფრენა და არ დავეცე!

იცინეთ,იცინეთ!თქვენ ხომ მეტი არაფერი შეგიძლიათ!ისე იცინეთ,რომ თქვენივე ნერწყვმა დაგახრჩოთ,საკუთარ სისხლში იცუროთ!

რას მოითხოვთ ჩემგან?!მეც დავლიო ის მომწამვლელი წყალი,რომ თქვენნაირად დავინახო ყველაფერი?!ცხოვრება ხალისიანი მომეჩვენოს და ვიცინო?!ვიცინო ისე,რომ საკუთარმა ნერწყვმა დამახრჩოს?!საკუთარ სისხლში ვიცურო ?!

მიყურეთცარიელი უაზრო მზერით და იცინეთ!

იცინეთ!

მე არ აგყვებით,მე გავაგრძელებ გზას ამ ცხოვრებისამაოებაში,ვიქანავებ ბეწვის ხიდზე და დაველოდები,როდის დასრულდება ეს საზისღარი მელოდია...მერე წავალ,გადავხტები და სულ არ ვინერვიულებ,იქ რა იქნება-წყვდიადი,სინათლე თუ...ეშმაკების ხარხარი!ალები!ჯოჯოხეთის ალები!

-და ,როგორც იკაროსი,მეც ისე დავასრულებ?

-დიახ!

იყოს ასე.მან სცადა გაფრენა,სცადა გაფრენილიყო.იქნებ სჯობს ცვილის ფრთებით გავფრინდე და იქვე დასრულდეს,ვიდრე დიდხანს იწანწალო ამ ამაოებაში,არარაობაში,ქვესკნელსა და ზესკნელს შორის,არყოფნაში,სიკვდილისა და სიცოცხლის მიჯნაზე,ანგელოზებსა და დემონებს შორის...

ჰოი,ბაბილონის გოდოლის ნანგრევებში ხართ და ვერ ახერხებთ გამოსვლას,არც გინდათ!გეშინიათ ახალი სამყაროსი,ახალი ხედვების.გირჩევნიათ,თავზე დაგემხოთ ყველაფერი,ვიდრე ახალი შექმნათ.

ხო და არცა ხართ ღირსნი!იყავით წყვდიადში გამოკეთილები,არ ისწრაფოთ სინათლისაკენ...მე კი შემეშვით!ვერ ჩამითრევთ,თქვენი დაცინვით ვერ შემაშინებთ!ნანგრევებში ჩარჩენილი ბრბო ხართ.

...ვიყო მარტო,სამარადისოდ...მარტო ვიარო...ვივლი ყინვაში,სიცივეში,მარტოობაში...მე ვიპოვი ,,გმირი ულალუმის” სამარეს და მერე.მშვიდობით,წყვდიადით თვალებგამოცარიელებულო და გრძნობებისაგან დაცლილო ,,ბაბილონის ტყვეებო”...







ნაცრისფერი გვირაბის მიღმა

და ეს წყეული დღეც ჩაესვენა...

მკლავს მარტოობა....

სიჩუმე მეფობს...

დავრჩი მარტო მე,ჩემს აუგ,ბნელ ფიქრებთან ერთად....

სადღაც წყვდიადში,სიბნელეში,სიცივეში,სუსხიანი ღამის პატარა სენაკში მოვთავსდი...

ჰაერი ცივი იყო...სუნთქვას ვცდილობდი.თითო ჩასუნთქვაზე ვგრძნობდი,თუ როგორ ივსებოდა ჩემი ფილტვები მძიმე ,ცივი ჰაერით...თვალები მიელავდა და ვგრძნობდი.რომ ცრემლები მომდიოდა...ისინი დაძინებას ლამობდნენ,მე კი არ დავანებე...მაფიქრებდა უმცირესობიდან უკიდურესობა და უკიდურესობიდან-უმცირესობა...მაფიქრებდა ირონიის ხიბლი.ცხოვრების დრამა,სადაც ჩემი როლი კელაპტარივით ანათებდა....

-ვაიმე!!!...

რაღაც ვიგრძენი .

-ეს რა არის?!

ვიღაცის ხელია...ცივი,ყინულივით ლივლივა.ცივი ხელი შეეხო ჩემს გულს და მთელი სხეული გამიყინა...ყოველ უფრედსი დამიარა მისმა სუსხმა...უცნაური გრძნობა დამეუფლა....ხელის ტითები ისე მივჟუოდა,თითქოს დენმა დამარტყა...

შემდეგ თვალებსაც მოსწყინდათ ამდენი უაზრობა და დაიძინეს...

არ ვიცი ამის შემდეგ რამდენი დრო გავიდა.უცებ თვალები გავახილე...გავახილე და...რა დავინახე!-მოკაშკაშე მზე!უკიდეგანო თეთრი სივრცე!

საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი.მივიხედ-მოვიხედე.რაღაც ნეტარებას ვგრძნობდი...უკან გავიხედე და ...ჩემს უკან ნაცრისფერი გვირაბი შევნიშნე...

წამით შევტოკდი...დავიბენი....

შემდეგ კი გვირაბისაკენ გავეშურე...შევედი...ძალიან ბნელოდა...თითქოს სუსხი იკბინებოდა...ჩემი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო....ერთ კუთხეში ვიღაცის მძორი ეგდო...კარგად ვერ ვხედავდი და მივუახლოვდი...დავხედე და დავინახე გატანჯული,გაციებული სახე,თვალებიდან სისხლიანი ცრემლები გადმოსულიყო და ლოყებზე მიჰყინვოდა...ჩემი გვამი შევიცანი....

ვერ გეტყვით,ამ გვირაბში რამდენი ხანი დავყავი იმის გამო,რომ დროის მონაცვლეობას ვეღარ ვგრძნობდი...იმ სიბნელიდან გამოვედი,სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე...ავხედე მოკაშკასე მზეს და მივხვდი-კარგია ციხის მიღმა!...შენი თავისუფალი სული!...



ცისარტყელა

მივაბიჯებდი ტალახიან ბილიკზე...

ბილიკს დასასრული არ უჩანდა...მე კი ვერ ვხვდებოდი,სად ან რისთვის მივდიოდი....უბრალოდ მივდიოდი,მივაბიჯებდი ამ სამყაროს კანონზომიერებაში...დროდადრო ჩემს გარშემო ყველაფერი ფერებს კარგავდა.სამყარო-ფერებს,მე კი-გრძნობებს...

ჩემს გულს მხოლოდ სევდამ არ უღალატა,ის გამუდმებით ჩემში იყო....

არც ჩემს გარშემო ჩანდა ვინმე....მე კი ისევ მივაბიჯებდი და ვფიქრობდი:,,ნეტავ და,საით?რას ველი?იქნებ შემომრჩა იმედი რაიმე მიზნის დასახვისა?”...

,,მიზნები”...

მწარედ ჩაიცინა ჩემს გულში სევდამ!

ჩემს თავს გამუდმებით კითხვებს ვუსვამდი...მათზე პასუხებს კი ვერ ვპოულობდი....

ჩემს უკან რაღაც საშინელი ჩხავილი გაისმა....მივიხედე...უზარმაზარი არწივი დავინახე,გულში ისარი გასჩროდა ,მაგრამ ისრის მსროლელი არსად ჩანდა....მსხვერპლს სისხლი არ სდიოდა.უმწეოდ ეგდო და საცოდავად ფართხალებდა....

გულდამძიმებული ისევ ჩემს ბილიკს მივუბრუნდი...გზა გავაგრძელე....პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა...რაღაც შინაგანად მღრღნიდა....ნაბიჯი გადავდგი...საფეთქლებზე სისხლის დიდი ნაკადი მომაწვა...მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა...მუხლები მომეკვეთა...ძირს დავეცი და ტალახში სულმთლად ამოვისვარე...

ადგომა არც კი მიცდია...

ლოყებზე სისველე ვიგრძენი....ჯერ ვიფიქრე,რომ ვტიროდი....შემდეგ კი მივხვდი,რომ მაწვიმდა...გზა უარესად ატალახდა...მე კი ვიწექი და აღარაფერზე ვფიქრობდი...

უცებ....

გულზე ცეცხლი წამეკიდა...

დავინახე,ისარი ჩამსობოდა....

ვერც კი გავაცნობიერე,ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა....

გაუნძრევლად ვიწექი..

ნეტავ,ვინ ისროლა ისარი-მეთქი?-ვფიქრობდი.ვიცქირებოდი გაოგნებული.ჩემს ირგვლივარავინ ჩანდა....

ვიგრძენი,რომ აღარ მაწვიმდა.

თვალთახედვის არე ვიწროვდებოდა და ვიწროვდებოდა....

ბუნდოვნად ვხედავდი,მაგრამ მაინც ვაცნობიერებდი სამყაროს ფერად ფერებს...

ჩემს წინ წინ ცისარტყელა გადაჭიმულიყო...

გავიღიმე და....ეს ღიმილიც ტუჩებზე შემაცივდა....

თვალები გაბრწყინებული დამრჩა...

სხეული ყინულად მექცა,გავქვავდი....

გულში ჩაღვრილი სითბო კი ვეღარ ერეოდა გათოშილ სხეულს....

ამ სამყაროსგან მოშორებით...

ვფიქრობ,ვოცნებობ,ვხუჭავ თვალებს და მივდივარ სადღაც უფსკრულში...

სადღაც იქ,სადაც ოცნებები ახდება,სადაც თავისუფალი ხარ...

სადაც ყველას უყვარხარ...სადაც არავინ განგსჯის..

.სადაც შენი ბედნიერება ყველას უხარია...

სადაც ყველა შეგიყვარებს ისეთს,როგორიც ხარ...

სადაც სიკეთეს უანგაროდ სჩადიან...

სადაც შენი ემოციები ფასობს...

თვალებს გავახელ...

თითქოს თბილი ჰავიდან სადღაც ყინვაში შეიჭრები...სადაც ხვდები,რომ რეალობაში ხარ და ოცნებებიარ ახდება.სადაც ხარ მონა ბრბოსი,და ეკუთვნი კიდეც ამ ბრბოს...სადაც პირში გიცინიან და ზურგს უკან გჭორავენ...სადაც ყველა გაკრიტიკებს და განგსჯის,თითქოსდა ამის უფლება ჰქონდეთ..სადაც ყველა პირველობისათვის იბრძვის და დაუნდობლად იშორებს მოწინააღმდეგეს...სადაც შეგიყვარებენ,თუ შენც მათნაირი გახდები,მაგრამ იციან კი,რა არის სიყვარული?!სადაც ყველაფერს გაყვედრიან...სადაც შენს ემოციებს ცივი ირონიით დასცინიან...სადაც ხარ მგელი,რომელიც გისოსების მიღმაა,სარკმლიდან მთვარეს დაინახავს თუ არა,სევდიან ყმუილს დაიწყებს...

დავჯდები კუთხეში...ავტირდები...ხალხი ცივ თვალებს შემომანათებს...გამყინავი ირონიით გაიცინებს...

მე კი ვხუჭავ თვალებს და ისევ მივდივარ ამ სამყაროსგან მოშორებით....

Monday, March 1, 2010

მარტი მოსულა,მოსულა.....


გაზაფხულის პირველი თვე....

გაზაფხულის სურნელების პირველი სხივის შემომფრქვევი თვეა მარტი.....

გაზაფხულის დასაწყისშივე აღინიშნება 2 შესანიშნავი დღესასწაული:3 მარტი და 8 მარტი.

                      გილოცავთ,ქალნო,ამ ზეიმს,

                     გეხუროთ წმინდა მანდილი,

                     სულ ბედნიერად გაგევლოთ,

                     ცხოვრების დიდი მანძილი...