Wednesday, March 24, 2010

მარიამ კასრაძის შემოქმედება

მარიამი ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლის  მე-8  კლასის მოსწავლეა...

უყვარს კითხვა,წერა,წაკითხულზე მსჯელობა....

გონიერება და სწავლისადმი სერიოზული დამოკიდებულება მას ნებისყოფას

უწრთობს,ფანტაზიას უვითარებს....

თვალი მივადევნოთ მის ნაწერებს....




      იმ დღეს, დავალების წერას გვიან შევუდექი... მოთხრობა უნდა დამეწერა, ვიფიქრე ზოგიერთი მწერლის შემოქმედებისათვის გადამეხედა. ჩემს საყვარელ ადგილებს გადავხედე დუმბაძისა და დოჩანაშვილის მოთხრობებში...  ამ წიგნშივე შევხვდი გოდერძი ჩოხელის "ნაწილიანს", მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მქონდა, თან ძალიან გვიანი იყო, გულმა ვერ გამიძლო და კიდევ ერთხელ წავიკითხე. შემდეგ დავალების შესრულებას შევუდექი. ერთ ადგილზე ბევრს ვფიქრობდი, თავი ხელებში ჩავრგე და ჩამეძინა... გოდერძი ჩოხელი მესიზმრა, ხელში თავისი წიგნი "ადამიანთა სევდა" ეჭირა, გამომიწოდა და მითხრა "ეს დაგეხმარებაო." 

      თქვა და წასვლა დააპირა მაგრამ მობრუნდა და მითხრა:

     - ერთი რამ მინდა, რომ გახსოვდეს, ის, ვინც ჩემს ოჯახს იცნობს და ელაპარაკება, ისევე როგორც შენ, მათი სახით ჩემთან ლაპარაკობსო, იმისთვის მე რომ აქ ვარ და შენთან ლაპარაკი შემიძლია შენს დამრიგებელს უმადლოდეო.

      ... არ ვიცი ამას რა დავარქვა: სიზმარი თუ ხილვა... დაწვრილებით არ მახსოვს შემდეგ რა მითხრა, მაგრამ ეს სიტყვები გულში ჩამრჩა და გამიხარდა კიდეც... კვირა დღეს, მოსახსენიებელში მოვიხსენიე და მისმა სიტყვებმა - "მადლობთ, შენი ლოცვა მომივიდა და ბედნიერი ვარო," საოცრად გამაბედნიერა.

      სკოლაში, გოდერძი ჩოხელის კვირეულის ბოლოს, ღონისძიებაზე რამდენი ლექსი და მოთხრობიდან ამონარიდი მოვისმინე, მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა სიტყვები: რა მნიშვნელობა აქვს სიყვარული როგორია იღბლიანი თუ უიღბლო, სიყვარული სიყვარულიაო...ახლაც, ამ გამოცხადებისას ეს სიტყვები გამახსენა და მკითხა:" - მიხვდი მაგ სიტყვებით მე რომ დაგელაპარაკეო?..." მას შემდეგ ვიხსენებ, რატომ მითხრა ეს თუმცა ვერ მივმხვდარვარ. ყოველ დღე რაღაც მახსენდება მისი საუბრიდან და იმედი მაქვს, ერთ დღეს გაურკვევლობა აღარ დამრჩება.

       ვფიქრობ, გოდერძი ჩოხელის სული დამეხმარა იმაში, რომ მეორე დღეს სასწაული მოვახდინე, როცა მასწავლებელმა ჩემი მოთხრობა წამაკითხა და ყველა სულგანაბული მისმენდა... კიდევ უფრო გამიძლიერდა სიყვარული და პატივისცემა ჩემი საყვარელი შემოქმედისადმი.

                                     

                                                                                             მარიამ კასრაძე

                                                                                                                                                                                      2009 წელი


საუბარი სიმებთან...


         სუსხიანი საღამო იდგა. ნოემბერი იწურებოდა. წვიმდა... თუმცა ამინდის მიუხედავად ქალაქში სიწყნარეს არ დაესადგურებინა. ქუჩებში მრავლად მოძრაობდა ტრანსპორტი და ხალხიც თავის საქმეზე დარბოდა,ფუსფუსებდა. აქა-იქ გაისმოდა მეტროს ყრუ გუგუნი. ამ ყველაფერს აკვირდებოდა დიდი, თეთრი შენობიდან გამოსული 15-16 წლის გოგონა. თუ შეათვალიერებდით ერთი შეხედვით, მასში განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი მაინც დაინახავდა მის თვალებში იმას, რაც ყველა ადამიანში არ დევს. ტანთ ჯინსები ემოსა, შავი ქურთუკი და ზურგჩანთა ჰქონდა მოკიდებული. შეკრული თმა ერთ ადგილას ჩამოშლოდა და სათვალეს ნახევრად უფარავდა... უი, სულ დამავიწყდა, იგი მრგვალ სათვალეს ატარებდა. ფიქრით სადღაც დაჰქროდა. ვინ იცის, იქნებ სახლში, იქნებ მეგობრებთან, იქნებ სკოლაში ანდა მშობლებთან ზეცაში...მისი სხეული სულს დაეტოვებინა და უთავბოლოდ დაჰქროდა სადღაც. გოგონა მიდიოდა, ნელა, აუჩქარებლად, ვერც კი ამჩნევდა მის გარშემო მოძრავ ხალხს. თავი ჩაეღუნა და ფიქრობდა მწარედ. აი, მეტროსაც მიადგა, შევიდა და ადგილი დაიკავა. ისევ მწარე ფიქრები,მაგრამ ნეტავ ვის ადარდებს ეს? აგერ, გვერდზე ორი გოგონა პატარა სარკეში იხედება და თმის ფერს იმოწმებს, აი გვერდზე მჯდომი ბანკირი ფულს ითვლის... დანაღღვლიანებული ამოვიდა მეტროდან და ნელი ნაბიჯით გაუყვა სახლის გზას. უკვე ბნელოდა, გზა ლამპიონებს გაეჩირაღდნებინათ.აი, სახლსაც მიაღწია. უძალოდ, უიმედოდ დააკაკუნა. კარი შავებში ჩაცმულმა მოხუცმა გააღო.

- მოხვედი შვილო? 

          მაგრამ პასუხად, მხოლოდ ერთხელ დაუქნიეს თავი. გოგონამ ჩანთა დადო, ქურთუკი გაიხადა, აცრემლებულ ბებიას შუბლზე ემთხვია და მეორე ოთახში გავიდა.

          არ გეგონოთ, მის სახლს ხუთი ოთახი ჰქონოდეს, მხოლოდ ორი, ისიც ღარიბულად მოწყობილი. შესასვლელში ძველებური, მრგვალი ხის მაგიდა იდგა, თავისი ძველი სკამებით, იქვე კუთხეში პატარა დივანი, რომელსაც საწოლად იყენებდნენ. ტელევიზორი, ტელეფონი ან მსგავსი რამ მათი სახლისთვის უცხო იყო, ხოლო მეორე ოთახში შენიშნავდითპატარა მაგიდას, რომელიც ნოტებით იყო დატვირთული, ერთ-ერთ კუთხეში ძველებური, შავი პიანინო იდგა. კლავიშები, სულ გაყვითლებოდა, მასზე მდგარი სანთლები თითქმის ჩამწვარიყო. გოგონასთვის ეს იყო მთელი ავლადიდება, ბინა, თავშესაფარი, მშობელი... 

იმ დღესაც, ჩვეულებრივად ჩანთიდან ნოტები ამოიღო და ინსტრუმენტთან დაჯდა. ნოტები გაშალა, სული დაიბრუნა და ახალი მოგზაურობისთვის მოემზადა. გრძელი, მარმარილოსებრ ნატიფი თითები სათუთად შეახო კლავიშებს და თითქოს პიანინოს, მკვდარი გულის სიმები შეურხია, იფიქრებდით ეფერებაო ინსტრუმენტს, გულს ულბობს ამ სასტიკ სამყაროშიო. თითქოს მისნაირი ობოლი იპოვა და თავის ამბავს უყვებაო. გული მოგიკვდებოდათ მისი მელოდიისთვის რომ მოგესმინათ, პატარა, მეოცნებე გოგონა ოცნებობს ლამაზ, სითბოთი სავსე ოჯახზე, საჭმელზე... მისი გრძნობები პიანინოს გადასდიოდა და იგი საოცარ ჟღერადობას აძლევდა მათ, სადღაც გულის სიღრმეში სწვდებოდა ადამიანს და მივიწყებულ კუნჭულებს უნათებდა. მისი მუსიკა სულ სვა იყო. მისი ტრაგიზმი სხვა სახის იყო და, როგორც ყოველთვის, მუსიკა, ხომ ტრაგიზმის თანამგზავრია.ორივე თითქმის შერწყმულიმცნებებია, ისე არ არსებობს ერთი მეორის გარეშე, როგორც მეორე პირველის გარეშე. მუსიკა, ხომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, მისი განცდების საოცარი გამზიარებელი. ამ შემთხვევაში არც გოგონა ყოფილა გამონაკლისი, იჯდა და უამბობდა პიანინოს საფიქრალს და გამვლელ-გამომვლელნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს:

- ნეტავ ვინ არის?

- ასეთი ნიჭი უნდა იკარგებოდეს?

            თუმცა სურვილი არც არავის გასჩენია გაეგოთ ამ კითხვებზე პასუხი. გოგონა ყოველ ღამე იჯდა, ყვებოდა, უთანაგრძნობდა სიმებთან საუბრით, ათბობდა ცივ ღამეს, სიცოცხლით ავსებდა ოთახს, ყოველდღე სხვადასხვა მელოდიას უკრავდა, იგი არ ჰგავდა არავის დაკრულს. წერდა გამალებით, გატაცებით წერდა და წერდა... და არც კი იცოდა რისთვის ან ვისთვის.

            განვლო წლებმა... დიდ დარბაზში მსმენელის მხურვალე ტაში არ წყდებოდა...ლოჟაში აცრემლებული გოგონა იდგა უზარმაზარი თაუგულით და დიდი ტკივილით. ეჰ, ნეტავ დედაც მოსწრებოდა ამ დღეს... 

       ... განა არ შეიძლება მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვწირავენ სიცოცხლეს, განა არ შეიძლება მოვეფეროთ სიცოცხლეშივე?

    ... როგორ არა, შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები მაშინ იგებენ ერთმანეთის ფასს, როცა კარგავენ...



                                    მარიამ კასრაძე



 


No comments:

Post a Comment