Thursday, March 25, 2010

მე ვუმღერი ჩემს მშობლიურ ენას


მშობლიური ენის სიყვარულს დედის მუცლიდან ვსწავლობთ,იგია ჩვენი უპირველესი საკონტაქტო ენა,რომელიც უფრო გვაახლოვებს საყვარელ ადამიანებთან.
დედაენის საშუალებით გადმოვცემთ ემოციებს:სიხარულს,სიყვარულს,წყენას,გაბრაზებას,ტკივილს და
რაც ყველაზე მთავარია,მისი წყალობით თვით შემოქმედსაც ვესაუბრებით.

ქართული ენა უკიდეგანო და მდიდარია.მან ბევრ ქარიშხალს გაუძლო;მის ამტანობას საუკუნეებმა ფერი ვერ უცვალა და დღეს ჩვენამდე მოაღწია ისეთი სრულყოფილი სახით,როგორიც დღესდღეობით არის...

მე ,როგორც ერთ რიგით ქართველს ,უფლება არ მაქვს დიდების შარავანდედით არ შევამკო ის გმირი ქართველები,ვინც ენის შენარჩუნება-განვითარებისათვის თავი არ დაზოგა.

მადლობა იმ დიდ ქართველ პატრიოტებს,ვინც წინ აღუდგა მცდელობას,წაერთმიათ ჩვენთვის უფლება დედაენის სიყვარულისა, და,მიუხედავად საფრთხისა, არ შედრკნენ,მხარი მხარს მისცეს,შეერთდნენ და ენას ძალა შეუნარჩუნეს,ქართველთა ვაჟკაცობამ და ერთსულოვნებამ მტერი დააჩოქა და ხელი ააღებინა ბოროტ განზრახვაზე.ამის შემდეგ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან:ენა,მამული,სარწმუნოება.თუ ამას არ ვუპატრონეთ,რა კაცები ვიქნებით,რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..."-გვიანდერძა დიდმა ილიამ და ჩვენც ვალდებულნი ვართ თაობიდან თაობას გადავცეთ ეს ანდერძი,რადგან ყოველი ქართველი მოვალეა თავისი სიცოცხლე ქვეყნის,ერისა და ენის სიყვარულს მიუძღვნას.

ჩემი ენა ჩემი ქვეყნის ისტორიაა.
ენა დიდი დავითისა და მეფეთმეფე თამარისა,დავით გურამიშვილისა,ხანძთელისა,ამაგდარი სულხან-საბასი,ილია მართლისა და სხივნათელი აკაკისა,ენა-შოთას "ვეფხისტყაოსნით"მოვარაყებულ-მოჩუქურთმებულო.ქართველ გენიოსთა მარგალიტებით მოქარგულო!

"ო,ენავ ჩემო"კურთხეულო და მადლიანო,ჯიშიანო და ძარღვიანო,ენავ სიცოცხლისა და სიხარულის მომნიჭებელო,ჩემო სისხლო და ხორცო,ენავ ფარნავაზიანო!
შენ მსოფლიოს უდიდესი საოცრება ხარ,უანგარიშოა შენი საუნჯეთა სალარო!
ფესვები ისე ღრმადა გაქვს გადგმული ქართული მიწის წიაღში,რომ ვისაც შენი მოსპობა სწყურია, ჯერ ისტორია უნდა წაგვართვას,წარსული უნდა შეგვიბღალოს.

ქართული მზე-ენაა,მრავალფეროვანი და მრავალსახოვანი,მზესავით დაგვნათის თავზე და თავისი უშრეტი სხივებით გვათბობს.ყველა ენისათვის შესაშურია მისი სიტყვაუხვობა,დედასავით თბილი და ტკბილი სანაცვლოდ არაფერს ითხოვს,გარდა იმისა რომ არ დავამახინჯოთ,არ წავწყმიდოთ და გვიყვარდეს,მას ხომ სიყვარული ასაზრდოებს!

დედაშვილობის ენავ!ენავ ჩემი ოცნებისა და ფიქრებისა!ენავ ქართული მრავალჟამიერისა და იავნანისა,ჩვენო სიამაყევ და თვალის ჩინო,ჩვენი შთაგონების ენავ,შენში ჩააქსოვა ქართველმა ქართველმა გრძნობები და განცდები!ღვთის საგალობელო წმინდა ხარ,ვიჩოქებ შენი სიდიადის წინაშე და არასოდეს მომბეზრდება შენი მოფერება.

"ქართული ენა არის ღმა და უნაპირო,ბრძენი,თავმდაბალი,მიუწვდომელი,ვითარცა გონება და სიყვარული.მასშია მთელი საქართველო.
გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული,ცხოველმყოელი სხივივით საამო..."-ასე ამკობს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ქართულს.
სანამ ენა ჩვენი ამაყად წელგამართული დგას ფეხზე,ჩვენ არაფერი გვიჭირს:"რა ენა წახდეს ერი დაეცეს",თუ ეს რგოლი ჯაჭვისა გაწყდა,მაშინ ერს გადაშენება უწერია...

დედაენავ!დედაბოძო ქართული არსისა,ბურჯო მამულის ერთიანობისა და სიმტკიცისა,გულში გიხუტებთ,თავს გევლებით და მზრუნველობას არ მოგაკლებთ.იდიდოს შენმა სახელმა და გენაცვალოს ყოველი ქართველის სიცოცხლე...



სოფო მენაბდიშვილი
VIII-5 კლ.მოსწავლე

No comments:

Post a Comment