Monday, November 22, 2010

მანანა ჩიტიშვილის პოეზია

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ


ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...

ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, —

ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.



დაე, იქუხოს და გაავდარდეს,

ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,

დიდი სიძულვილი არ მადარდებს, —

მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.



სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,

ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...

იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,

ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.



ლურჯი ბილილები დამკარგვია,

დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი...

მახვილის სიმრავლე რას გარგია,

მკლავი, მომქნეველი, აღარ არი.



ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,

ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...

ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,

ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.





         აკვანი


(მიტოვებული სოფლის სურათიდან)

ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,

გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და

უკარფანჯრებო შენეულ სახლში

ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.



ჯარაზე — თეთრი ობობას ქსელი

და წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებს

და ვეფერები მთრთოლარე ხელით

აკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.



ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის

და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი

და მოძალადე თურქ-სელჯუკივით

გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.



და როცა ბინდი დადგება გარეთ,

არსად კერიის შუქი არ ღვივის,

ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარე

და შენს აკვანში წვება ბალღივით.



ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,

გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და —

ღმერთო, რა ვნახე! — შენეულ სახლში

ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.

ქსანზე რომ...


შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე,

ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს,

ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე,

ჩემს საქართველოს შეემატოს.



შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად,

ქარში ფრიალებენ პეპელები...

ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ,

მთელ საქართველოს ვეფერები.

კაი ყმის ხელით ვკვდებოდი



ლომისით ბინდი ჩამოდის,

ლეშზე ხარობენ აფთრები,

არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,

მალვით არ ჩამისაფრდები.



და როცა მუხრანის ველზე

მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,

გულდაგულ გადამიდგები

მოყმე პირბადრი, ამაყი.



ორნივ ლაღნი და უკადრნი

სახელით, ციხე-ქავითა,

ცა წითდა ჩემი ფრანგულით,

შენ დამასწარი წამითა.



მთვარე გორს უკან ჩავიდა,

მეც ვილეოდი, ვდნებოდი,

გულს მაინც მადგა ნათელი —

კაის ყმის ხელით ვკვდებოდი.



და ბოლო ამოქშენამდი

სული გათენდა, ამზევდა,

ავიწიე და... გაკოცე

ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.

მანანა ჩიტიშვილი- პოეტი ქალი. იცნობდეთ!

მანანა ჩიტიშვილი


ნომინაცია ― “ერის ტკივილი ლექსად”



მანანა ჩიტიშვილი ― დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს, ახალგორში. 1974 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. იბეჭდებოდა ჟურნალებში ,,ცისკარი”, ,,მნათობი” და გაზეთში ,,ლიტერატურული საქართველო”. გამოცემული აქვს ლექსების შვიდი კრებული. მიღებული აქვს 5 ლიტერატურული პრემია.



დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. Mმისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. 2003 წელს ამერიკის ბიოგრაფიის უნივერსიტეტმა შეიტანა კრებულში ,,თანამედროვე ეპოქის ცნობილი ადამიანები”.



საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო პოეტური კრებული “სიყვარულია მარადი”. ქალბატონ მანანას პოეზია ერთდროულად სათუთიცაა და ძლიერიც, ნატიფიცაა და ძარღვიანიც. პოეტი იმავდროულად მებაღეა “სიტყვის ლექსში ყვავილად გამფურჩქვნელი”. იგი საოცარ შედარებებს პოულობს სამშობლოსადმი მისი დამოკიდებულების გადმოსაცემად: “ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ, მთელ საქართველოს მოვეფერები”.



თუმცა ახალგორელი პოეტის უმთავრესი სატკივარი სვეგამწარებული მამულია და სწორედ აქ არის მისი ლექსი ყველაზე მეტად ძარღვიანი. ამ მხრივ გამორჩეულია ლექსების ციკლი “ქართლი, მშვენიერი ქართლი”. მას შესანიშნავი გარდასახვის უნარი აქვს. სამშობლოს ტრაგიკული ბედით დათრგუნულს შეუძლია მოერიოს სევდას და ომახიანად შესძახოს: “მზე დაადგება იალნოს, ბოკვრებს წამოშლის ალგეთი, ასჯერ რომ დამცეთ ტიალნო, ასჯერ არწივად ავდგები”. ქალბატონ მანანას ცხოვრება და ლექსი ერთურთისაგან განუყოფელია ― იგი ისე ცხოვრობს, როგორც წერს. თავად სიტყვაძუნწ შემოქმედს უხვსიტყვაობა არ უხდება. მასზე სათქმელს მისი ლექსი ამბობს:



“აღარ ვიცი, ვინ არ როგორ შევაჩვენო,



ქსანს და არაგვს უცხო მუმლი შესევია,



ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,



გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია”.

 მანანა ჩიტიშვილი გაზიარება




ლექსი

(ერთხელ რომ ვიგრძნო...)

აკვანი

აპრილი ქსანზე

არაგვზე

არც არაფერი მომხდარა

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ

გაზაფხული ქართლში

დედას

ვისაც ვუყვარდით

თეთრი ყვავილი

ისეთი ლამაზი არი

კაი ყმის ხელით ვკვდებოდი

მამის ხალათი

საღამო ანანურთან

ქსანზე რომ...

შაშვი

შენ ჩემი ლოცვა გიშველის

შენს მკერდთან

შეხვედრა მამაჩემთან ლეთას გადაღმა

ჯვრის უღელტეხილზე

 მანანა ჩიტიშვილი გაზიარება




ლექსი

(ერთხელ რომ ვიგრძნო...)

აკვანი

აპრილი ქსანზე

არაგვზე

არც არაფერი მომხდარა

ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ

გაზაფხული ქართლში

დედას

ვისაც ვუყვარდით

თეთრი ყვავილი

ისეთი ლამაზი არი

კაი ყმის ხელით ვკვდებოდი

მამის ხალათი

საღამო ანანურთან

ქსანზე რომ...

შაშვი

შენ ჩემი ლოცვა გიშველის

შენს მკერდთან

შეხვედრა მამაჩემთან ლეთას გადაღმა

ჯვრის უღელტეხილზე

(ერთხელ რომ ვიგრძნო...) გაზიარება გადმოწერა




მანანა ჩიტიშვილი



ერთხელ რომ ვიგრძნო, თუნდაც სულ ოდნავ,

შენი ფეხის ხმა ჩემს კართან დადის,

მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,

შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.



მთებიდან მთებში მიდის გზაწვრილი,

მთებიდან მთებზე ფრენენ ფოთლები,

არ შეიძლება ჩემი გაწირვა

სულ ასე, ხელის ერთი მოქნევით.



წაჰყრია ღადარს სიჩუმის მტვერი,

ეზოში ყვავის ბალბა და ანწლი,

თითქოს ვიღაცამ ამხადა ჭერი

და რა ხანია, ზედ გულზე მაწვიმს.



გადმოუფრინე ჩემს ზეცას, ჰოდა

წამომეფარე მაგ ფრთების ადლით...

მე მქონდეს შენი სუყველა ცოდვა,

შენ გქონდეს ჩემი სუყველა მადლი.




საქართველოს რესპუბლიკა


2010-05-12 მღელვარე სიხარული

მანანა ჩიტიშვილთან შესახვედრად სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში პოეზიის უამრავი მოყვარული მოვიდა. ყველას უნდოდა, უკეთ გაეცნო პოეტი, რომლის ლექსებიც კარგა ხანია შეიყვარეს.

საღამოს წამყვანმა ერეკლე საღლიანმა აღნიშნა, რომ ქართული პოეზია არ არის, რასაც ტელეეკრანიდან გვაძალებენ. მთელი ჩვენი განძი კულისებშია გადამალული. "მანანა ჩიტიშვილმა საკუთარი პოეზიის პოპულარობას ამჯობინა სიღრმისეული წვდომა და ძიებანი. გვიყვარს არა იმიტომ, რომ უბრწყინვალესი პოეტია, არამედ იმიტომ, რომ პოეტის ცხოვრებით იცხოვრა. წამიც კი არ უცხოვრია უსიყვარულოდ და ულექსოდ. აქ, ამ საღამოზე უკვე მოციქული არის თავად მანანას ლექსი. ამ ლექსების კითხვისას, ასე მგონია, პირდაპირ დიალოგში შევდივარ მანანასთან.

დიდი მადლობა მეუფე სტეფანეს და ქალბატონ ნინო ჭინჭარაულს, რომ განსხვავებული საღამოების ჩატარების საშუალება მოგვეცა."

მანანა ჩიტიშვილი: "ყოველი შემოქმედისთვის უდიდესი ბედნიერებაა მისი შემოქმედების ტაძარში წარმოდგენა, პოეტისთვის ლექსი ლოცვაა, რითიც უფალს სატკივარს უზიარებს. დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთადაა ის უზენაესი, რომელიც სხვაგვარად ისმენს სიტყვას. მინდა, რომ ღირსეულად წარვდგე. მადლობელი ვარ უზენაესისა, რომ ლექსის წერით დამაჯილდოვა, მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანისა, უზომო ბედნიერებაა, თუ ჩემი სტრიქონით ტკივილის დაამება შევძელი."

მანანა ჩიტიშვილმა გააცოცხლა ქსანი თავისი ტოპონიმებით. დღეს ეს ხეობა ოკუპირებულია და იქ ყოველგვარი ქართული იდევნება. გაზაფხული და შემოდგომა უპოეტოდ როგორ ჩაივლიდა. მაგრამ წლეულს ვერც კი გაიგო გაზაფხულის შებრძანება ქსანზე. ქსანზე რომ ბალახს ხელს გადავუსვამ, მთელ საქართველოს ვეფერებიო, - წერს მანანა და ახლა აქედან, თბილისიდან ეფერება მის ნაპირებსა და ხეობებს. მხრებით ქართლის ცა მიჭირავსო, - და მძლავრი სიტყვით ამხნევებს მოყვასს.

მამა ელიზბარს ზეპირად სცოდნია მანანას ყველა ლექსი, ომების შემდეგ თუ კიდევ სულში რაიმე გადამირჩა, ეს მანანა ჩიტიშვილის ლექსების დამსახურებააო, - გაგვანდო იმ საღამოს. ჯანსუღ ჩარკვიანმა კი სიმღერა და ტირილი უწოდა მანანა ჩიტიშვილის პოეზიას - ქართველი კაცის ყოფა ოდითგან სიმღერა და ტირილი იყოო.

სიტყვით გამოვიდნენ: ტარიელ ხარხელაური, ელგუჯა ლებანიძე, მეუფე ესაია, შოთა ტოგონიძე...

ტარიელ ხარხელაური: "ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი, გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია..."ამ არამიწიერი გმინვით სცადე ჩვენი გამოფხიზლება, ჩვენი ფიქრისთვის სწორი მიმართულების მიცემა და დაუნდობლადაც გვითხარი, თუ რა უნდა იყოს გონების მარადიული თავსასთუმალი... ჩემს ფიქრს სწორედ ეს ორი სტრიქონი არ აძლევს მიძინების, თვალის მილულვის საშუალებას."

თამარ შაიშმელაშვილი: "მანანა ჩიტიშვილი ერის იდუმალ სულს ეხება. პოეტი და ერის სული ერთმანეთს გადახლართვია. გალობენ, გალაღებულან და გულოვნებენ სიტყვები, სიტყვები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ. ეს სისხლმდინარი, მფეთქავი ლექსი დამდგარა მტრის პირისპირ. ირგვლივ ბინდია, ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ, გზა ლოდებით ჩახერგილია. ლექსი და სული პოეტისა ეომება ტანკსა და მახვილს."

მარიამ სახვაძე, 22-ე სკოლის მოსწავლე: "საქართველოში უამრავი ნიჭიერი პოეტია, მაგრამ საზოგადოება მათ ნაკლებად იცნობს. ამ საღამოს მიზანია, უფრო მეტი შევიტყოთ მათზე. ჩვენც, მოსწავლეებიც საკუთარ შემოქმედებას გავაცნობთ და ეს ურთიერთგაზიარება შედეგს გამოიღებს."

სამებაში შეკრებილთ თავი დაამახსოვრეს: ნუცა მშვენიერაძემ, გია ხუნდაძემ, ბექა ბაკურაძემ...

ერეკლე საღლიანის თქმით, ბავშვებს ბავშვობა დაუკარგეს და სკოლებში სულს უმახინჯებენ. მანანას პოეზია საგანძურია, რომელზეც მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს. ასწავლის ადამიანობას, ვაჟკაცობას, სიყვარულს, სამშობლოს განცდას.

ლექსს გალობა ენაცვლებოდა. ანსამბლების - "ქალგულოს," "კვირიას" მიერ შესრულებული (ხელმძღვანელი გომარ სიხარულიძე) სიმღერები მანანას პოეზიას სასიამოვნოდ მოუხდა.

საგალობელთან ერთად მეუფე თადეოზმა დალოცა საღამო. მისი აზრით, ეს ზეციური სახელი - მანანა ამ დღეს ძალიან მოუხდა, რადგანაც მისი სული ზეციური მესაიდუმლეა. " ჩვენ გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. ბედნიერი ვარ, მანანას გვერდით რომ გავატარე ეს წლები. მინახავს ცხენით მოჯირითე, სივრცეებში გაქროლებული... მანანა იმ საკვირველ ქალბატონებს უნდა შევადარო, სოლომონ პირველის დროს ხრესილის ომში ქართველ ვაჟკაცებთან ერთად რომ მონაწილეობდნენ."

"ქსნის ხეობა დიდი ტკივილია ჩემთვის. დადგება დრო, მზე ამოვა ქსნის საერისთავოში... სამებაში პოეზიის საღამო დიდი მადლია, რომელიც ჩემი ქსნის ხეობისთვის მინდა. მადლობელი ვარ, რომ ეს მღელვარე სიხარული გაიზიარეთ. სხვა სიტყვას ამ საღამოს ვერ ვუწოდებ. რაღაც ლამაზი მინდა გაგაყოლოთ ჩემი სულისა.. ლექსზე უფრო უკეთესი საჩუქარი არ მეგულება," - აღნიშნა მანანა ჩიტიშვილმა.

                                                                 /ავტორი: ნატა ნიბლაძე /

Sunday, November 21, 2010

გიორგი ზანგური-პოეტი და მსახიობი

 დავიბადე ქ. თბილისში 1982 წლის 14 ოქტომბერს

2007 წელს გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული და CD
,,ამიშვი ცამდე”

2007 წელს ვიყავი მიწვეული ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. Dდრამ. თეატრში სადაც ვითამაშე ნინო სადღობელაშვილის პიესაში

,,ბამბაზიის სამოთხე” ბათუ არჩბას როლი.

2007 წელს დაიდგა ცვლილებების თეატრში ჩემი პიესა ,,დონორები”

2006 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული ,,ჩემს თანადედამიწელებს”

2005 წლიდან ვმუშაობ მიხელ თუმანუშვილის სახ. Kკინო მსახობთა თეატრში. ამავე წელს ვითამაშე ქეთი პატარაიას პიესაში ,,ხვალ შობაა” ლეო ტაბიძის როლი.

2004 წელს დავამთავრე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისს სამსახიობო ფაკულტეტი. უნივერსიტეტში ვითამაშე ვილიამ სომერსეტ მოემის პიესაში ,, აღთქმული მიწა” ფრენკ ტეილორის როლი.

ასევე ჟან პოლ სარტრის პიესაში ,,ბუზები”.იუპიტერის როლი

2004 წელს სამეფო უბნის თეატრში ვითამაშე შიო არაგვისპირელის

მოთხრობის მიხედვით შექმნილ პიესაში ,,გიულიჰ” მიტროს როლი

2000 წელს ჩავაბარე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1998 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 141 საშ. შკოლა.
__________________________________________________
                       პოეზია
           .....................................
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვარე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერე ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.



ვურჩიოთ რამე



ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”
giorgi zanguri


უშნოდ ლამაზია ეს ქალი

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.

 ცა მეტი
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...





არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.


შეშლილი მარშალი

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარიტ"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თQვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!




“უძრავი ქალაქი”

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო…
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო…

მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა,
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება…

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია,
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა…

უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ,
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ…

ლამპიონი, ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით,
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა, ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით…

მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის,
კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის…

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო…
დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი…
ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში…
რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც…
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია…

Friday, November 12, 2010

აკაკის წერეთლის ,,ბაში-აჩუკი”-ჩონგურის სიმთა ერთ ჰანგზე მღერის ეროვნულ-რელიგიური სიმფონია

ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლის ლიტერატურულ სალონში , ზუსტად 1 წლის წინ , ხმიანობდა ქართველი მწერლისა და კინო-რეჟისორის -გოდერძი ჩოხელის სული....და,მისი  სულის უკვდავსაყოფად მიძღვნილი კვირეულის დროს შეიქმნა ლიტერატურული წრე ,,სამოთხის გვრიტები”.
      





































მოსწავლეები ფიქრობენ აკაკიზე....

Tuesday, November 9, 2010

დათო კრაწაშვილი i 8 Votes Quantcast Posted in Literature | Tags: დათო კრაწაშვილი, David Kratsashvili

დათო კრაწაშვილი – David Kratsashvili (1963 – 1980)
***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
***
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელია ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
მოდი, ამანთე სანთელივით, ნახე ხატი და სალოცავი,
თვალები ფართოდ გახელილი, ღიმილი ასე საოცარი,
რატომ დღემდე ვერ შევამჩნიე, ვის უნდა ვუთხრა საყვედური,
რატომ დღემდე ვერ დავამჩნიე ჩემს ბილიკს შენი ნაფეხური,
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელი ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
***
მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…
***
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”
***
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

i

8 Votes
Quantcast