Sunday, November 21, 2010

გიორგი ზანგური-პოეტი და მსახიობი

 დავიბადე ქ. თბილისში 1982 წლის 14 ოქტომბერს

2007 წელს გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული და CD
,,ამიშვი ცამდე”

2007 წელს ვიყავი მიწვეული ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. Dდრამ. თეატრში სადაც ვითამაშე ნინო სადღობელაშვილის პიესაში

,,ბამბაზიის სამოთხე” ბათუ არჩბას როლი.

2007 წელს დაიდგა ცვლილებების თეატრში ჩემი პიესა ,,დონორები”

2006 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული ,,ჩემს თანადედამიწელებს”

2005 წლიდან ვმუშაობ მიხელ თუმანუშვილის სახ. Kკინო მსახობთა თეატრში. ამავე წელს ვითამაშე ქეთი პატარაიას პიესაში ,,ხვალ შობაა” ლეო ტაბიძის როლი.

2004 წელს დავამთავრე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისს სამსახიობო ფაკულტეტი. უნივერსიტეტში ვითამაშე ვილიამ სომერსეტ მოემის პიესაში ,, აღთქმული მიწა” ფრენკ ტეილორის როლი.

ასევე ჟან პოლ სარტრის პიესაში ,,ბუზები”.იუპიტერის როლი

2004 წელს სამეფო უბნის თეატრში ვითამაშე შიო არაგვისპირელის

მოთხრობის მიხედვით შექმნილ პიესაში ,,გიულიჰ” მიტროს როლი

2000 წელს ჩავაბარე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1998 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 141 საშ. შკოლა.
__________________________________________________
                       პოეზია
           .....................................
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
იქნებ მთვარე ვარ
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით...
ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერე ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.



ვურჩიოთ რამე



ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”
giorgi zanguri


უშნოდ ლამაზია ეს ქალი

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.

 ცა მეტი
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი;
ფერებს იცვლიან ცისარტყელები
და ცა მეტია, ფერებზე მეტი,
მზიან ლოლოებს მოვეფერებით,
ჩემს ფანჯარასთან რომ წასკდათ წვეთი,
ზამთრის დარიან ამინდს ტირიან.
სიცივემ იკლო თებერვლის ცამეტს,
ჭადარი იფხანს ტოტებს ტილიანს,
კვირტებსაც ცა მეტს გვპირდება, ცა_ მეტს.
მარტი ახლოა, წვიმაზე ახლო,
იებიც ადრე მოვიდნენ, ადრე,
დღეს მომენატრე და ჩემში სახლობ,
დღეს მომენატრე.
მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია.
ფეხი მე არა, ქუჩას ერევა,
შენთან მოვდივარ, დღეს ცამეტია,
მარტის ცამეტი და მემღერება.
აპრილში ისევ დაიწყო თოვა
ღრუბელმა არა, გათოვდა ვაშლი;
ხვალ-ზეგ მაისის ცამეტი მოვა
და იასამნის ლოგინსაც გავშლი...
ჩავწექით ერთად ივნისის ცამეტს,
ივლისის ბოლოს იგრძენი ბავშვი.
აგვისტოს ზღვა მეტს გვიპდება ალერსს,
საღამოს მზე მყავს _ ორსული ნავში.
სექტემბრის ექვსში ვიჩხუბეთ კვირით.
თარს დღეს შევრიგდით რატომღაც _ ცამეტს.
კვლავ გამეღვიძა შენს თმაში დილით,
მელოტ ოქტომბერს უთვლიდნენ წამებს;
ნოემბრის სისხამს დახვრიტეს წვიმით.
დეკემბრის ცამეტს შეგვცივდა, მახსოვს!
და ჩვენს ქუჩაზე ტრამვაის სიმი
თეთრ ძაფს მოჰგავდა ხელთათმნის საქსოვს.
შენ მიხვდები, რომ დღეს
იანვრის ცა მეტია, ვიდრე
ადამიანთა ცრურწმენა
რომ თარსი რიცხვია ცამეტი...





არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.


შეშლილი მარშალი

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარიტ"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თQვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!




“უძრავი ქალაქი”

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო…
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო…

მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა,
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება…

მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია,
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა…

უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ,
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ…

ლამპიონი, ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით,
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა, ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით…

მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის,
კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის…

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო…
დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი…
ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში…
რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც…
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია…

No comments:

Post a Comment