Tuesday, November 9, 2010

დათო კრაწაშვილი i 8 Votes Quantcast Posted in Literature | Tags: დათო კრაწაშვილი, David Kratsashvili

დათო კრაწაშვილი – David Kratsashvili (1963 – 1980)
***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
***
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელია ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
მოდი, ამანთე სანთელივით, ნახე ხატი და სალოცავი,
თვალები ფართოდ გახელილი, ღიმილი ასე საოცარი,
რატომ დღემდე ვერ შევამჩნიე, ვის უნდა ვუთხრა საყვედური,
რატომ დღემდე ვერ დავამჩნიე ჩემს ბილიკს შენი ნაფეხური,
დღეს ჩემი სული ტაძარია და სანთელი ასანთები,
დღეს მხოლოდ შენ ერთს გაბარია ტაძრის კარების გასაღები.
***
მერე შენ დაჭკნები
ვით ია ლარნაკში
ღამით წყალი რომ არ გამოუცვალეს
მოვლენ მეგობრები და
დაგამძიმებენ
ასე სცოდნიაო სიყვარულს უცაბედს
ასე სცოდნიაო შენ ყურს არ დაუგდებ
ჯანდაბას ჭორები ქალური
იყო დრო-გიყვარდა
იყო დრო-უყვარდი
თუნდ იმ დღეებისთვის
ღირდა სიყვარული…
***
აბა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხედავ სამყაროს.
არ გჯერა?
თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს”.
ო! ისე ლამაზად მეყვარები,
შენს თავს შენ თვითონვე შეგაყვარებ,
არა გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
გიპოვი სადმე და ქვეყანას დაგიმტკიცებ.
მე შენი თვალებით შევხედავ ყვავილებს.
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ,
”პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები”
***
ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

i

8 Votes
Quantcast

No comments:

Post a Comment