ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს, —
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
დაე, იქუხოს და გაავდარდეს,
ცხმორთან, ანანურთან, შენაქოსთან,
დიდი სიძულვილი არ მადარდებს, —
მცირე სიყვარულმა შემაშფოთა.
სულო, სულ სიზმრებში მიხიზნულო,
ტალახს ვისი ხელი არ გაყრიდა...
იმას რა მოვკითხო, ვინც გყიდულობს,
ჯავრი იმისი მჭირს, ვინც გაგყიდა.
ლურჯი ბილილები დამკარგვია,
დამრჩა სახე ცრემლით ნაღარავი...
მახვილის სიმრავლე რას გარგია,
მკლავი, მომქნეველი, აღარ არი.
ახლა ვეღარაფრით გამაკვირვებ,
ქარმა ფოთოლიც არ შემარჩინა...
ორგულთა სიმრავლე არ მატირებს,
ერთგულთა სიმცირემ შემაშინა.
აკვანი
(მიტოვებული სოფლის სურათიდან)
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და
უკარფანჯრებო შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.
ჯარაზე — თეთრი ობობას ქსელი
და წვიმა მივსებს ფერად ჭინჭილებს
და ვეფერები მთრთოლარე ხელით
აკვანზე შებმულ მძივს და ღინჭილებს.
ჩამქრალ ერდოებს ჭოტი უკივის
და კარს ჯვრის სახედ აკრავს ფიცარი
და მოძალადე თურქ-სელჯუკივით
გრძელ კიბეებზე არბის ჭინჭარი.
და როცა ბინდი დადგება გარეთ,
არსად კერიის შუქი არ ღვივის,
ღია ფანჯრიდან გადმოდის მთვარე
და შენს აკვანში წვება ბალღივით.
ფერფლი წაჰყრია კერაზე ნახშირს,
გზად გადუვლიათ მაღალ ანწლებს და —
ღმერთო, რა ვნახე! — შენეულ სახლში
ქარი ცარიელ აკვანს არწევდა.
ქსანზე რომ...
შენ ნუ იფიქრებ, რომ დავიღალე,
ან წვიმა შემაკრთობს სადმე მარტოს,
ქსანზე რომ ბოკვრებს გავზრდი ხვალე,
ჩემს საქართველოს შეემატოს.
შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად,
ქარში ფრიალებენ პეპელები...
ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ,
მთელ საქართველოს ვეფერები.
კაი ყმის ხელით ვკვდებოდი
ლომისით ბინდი ჩამოდის,
ლეშზე ხარობენ აფთრები,
არ ჩამოჰყვები ბნელ ღამეს,
მალვით არ ჩამისაფრდები.
და როცა მუხრანის ველზე
მთვარე შავ ჩრდილებს დამაყრის,
გულდაგულ გადამიდგები
მოყმე პირბადრი, ამაყი.
ორნივ ლაღნი და უკადრნი
სახელით, ციხე-ქავითა,
ცა წითდა ჩემი ფრანგულით,
შენ დამასწარი წამითა.
მთვარე გორს უკან ჩავიდა,
მეც ვილეოდი, ვდნებოდი,
გულს მაინც მადგა ნათელი —
კაის ყმის ხელით ვკვდებოდი.
და ბოლო ამოქშენამდი
სული გათენდა, ამზევდა,
ავიწიე და... გაკოცე
ჩემგან გაჩეხილ მხარზედა.
No comments:
Post a Comment