როდის დაიბადა ხელმეორედ პოეტი მანანა ჩიტიშვილი
"რა იცის ქსანმა, რომ სიტყვების უკვდავ ტაძარში, დაბადებიდან მონაზონად ვარ აღკვეცილი" - ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ლექში წერს მანანა ჩიტიშვილი, რომელიც თავის ლექსში ყველაზე ხშირად ერის ტკივილს გადმოგვცემს. ქალბატონი მანანას ცხოვრებას ერთად გადავავლოთ თვალი. - დავიბადე ისტორიულ ადგილას, ქსნის საერისთავოში, რომელიც დღეს რუსების მიერაა ოკუპირებული. ქსნის ხეობის ერთ პატარა სოფელ კორინთაში გავატარე ბავშვობა. გადმოცემის მიხედვით, რომელსაც ლეგენდის სახე აქვს, თორნიკე ერისთავმა ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს ორი ძმა ქალაქ კორინთოდან წამოიყვანა. ლეგენდის მიხედვით, ერთი ძმა დაუსახლებია ქსნის ხეობაში, ხოლო მეორე კასპის რაიონ სოფელ საკორინთოში. ჩემი სოფელი იყო ერთგვარი პატარა ცენტრი სასოფლო საბჭოსი, თავისი დამახასიათებელი ყველა დაწესებულებით.
იმ პატარა 30 კომლიან სოფელში თითქმის არ არსებოდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით იქნებოდა დაკავებული. ხალხი მუშაობდა: რვაწლიან სკოლაში, პურის საცხობში, ვეტერინარულ და სამედიცინო პუნქტებში, ბიბლიოთეკაში, კლუბში... დედ-მამა დაწყებითი კლასების პედაგოგები იყვნენ, მაგრამ დედამ ადრე დაანება სკოლას თავი, რადგან სამი შვილს გვზრდიდა, მამა კი სიცოცხლის ბოლომდე სკოლაში მუშაობდა - გამგე-მასწავლებელი იყო. ბავშვების სიმცირის გამო, პირველ კლასში შეგეძლო, ოთხი კლასის მასალა აგეთვისებინა. თუ, რა თქმა უნდა, ამისი სურვილი, ნიჭი და მონაცემები გქონდა.
ჩვენს სკოლაში ოთხ კლასს რომ მოეყარა თავი, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ამიტომ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს გაკვეთილები ერთად გვიტარდებოდა. რვაწლიანი სკოლა იქ დავამთავრე. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ამავე დროს მასწავლებლებისგან განებივრებული, რადგან ძალიან კარგად ვსწავლობდი. ყველა სახეობის ოლიმპიადაში ვმონაწილეობდი და ვიმარჯვებდი. სკოლისთვის საჭირო ვიყავი და სიცელქეს მპატიობდნენ. არ მახსოვს შემთხვევა, ოთხიანი მიმეღო, თუმცა ორიანი კი მიმიღია, ისიც მეგობრების კარნახის გამო, რომლებიც გაკვეთილის ჩასაბარებლად იყვნენ დაფასთან გაძახებული.
- თქვით, რომ ოჯახში სამნი იყავით...
- დიახ, მე ყველაზე უფროსი ვარ, ჩემ შემდეგ და და ძმა გაჩნდნენ.
- ხომ არ ეუფროსებოდით?
- არა, ყოველთვის ძალიან დემოკრატიული და ლიბერალური ვიყავი (იღიმის). მათ ხშირად უჩნდებოდათ სურვილი, რაიმე ეკითხათ ჩემთვის, რადგან შემეძლო პასუხის გაცემა. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ V+-VI კლაში არისტოფანეს ტრაგედიები უკვე წაკითხული მქონდა. კითხვა ძალიან ადრე ვისწავლე, ოთხი წლის ასაკში. ხუთი წლის უკვე გამართულად ვკითხულობდი. არ ვიცოდი მხოლოდ წლების კითხვა და როცა სკოლაში მიმიყვანეს, სკოლის დირექტორმა მერვე კლაში შემიყვანა. ერთ-ერთ მერვეკლასელს ისტორიის სახელმძღვანელოდან რაღაც მონაკვეთი წააკითხა და მერე წიგნი მე მომაწოდა. ვუთხარი, წლების გარდა, ყველაფერს წავიკითხავ-მეთქი. თავისუფლად წავიკითხე. ამის შემდეგ იმ კლასის ბავშვებმა დამიმარტოვეს და ასე რომ შევარცხვინე, კარგად მცემეს (იცინის).
კარგი მეხსიერება მქონდა, განსაკუთრებით კარგად ვიმახსოვრებდი ლექსებს, ამიტომ ვისაც არ ეზარებოდა, დამიჭერდა და თუკი რამ იცოდა, მასწავლიდა. რასაკვირველია, ეს იყო ის უფროსი თაობა, რომელიც სტალინის ზეობის პერიოდში აღიზარდა და ძირითადად მასწავლიდნენ ლექსებს სტალინზე. თითისტოლა ბავშვი ვამბობდი ლექსებს დიდ ბელადზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ლექსების შინაარსი არ მესმოდა (იღიმის). მახსოვს, რომ პირველად ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არსენას ლექსმა, რომელიც ბიბლიოთეკაში მომუშავე მეზობელმა ქალმა მასწავლა. ლექსი თავიდან ბოლომდე ვიცოდი, დამაყენებდნენ სოფლელები და მეც ჩავაბულბულებდი ხოლმე. ჩემი ბავშვობის პერიოდიდან ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებისა და საერთოდ, ქართლის მცხოვრებელთა არაჩვეულებრივი ქართული მეტყველება.
ჩვენს ოჯახს ტრადიცია ჰქონდა, რომ საღამოობით ქალები იკრიბებოდნენ, თან ხელსაქმე მოჰქონდათ, ჩაის სვამდნენ მურაბით და საუბრით ერთობოდნენ. მათ შორის იყვნენ გამორჩეულად მხატვრულად მთხრობელებიც. ეს იყო ჯადოსნური ამბები დევებზე, ჭინკებზე. მათ შორის იყო სონა ბაბო, რომელმაც უამრავი შელოცვა, თქმულება და ზღაპარი იცოდა. ერთხელ ისე გვიამბო მადლიანი და ცოდვიანი ადამიანის იმქვეყნიური გზების შესახებ, რომ გეგონებოდათ, იმ ქვეყნად ნამყოფი იყო და საკუთარი თვალით ჰქონდა ეს ყველაფერი ნანახი. თუ დღეს განსხვავებული ლექსიკა მაქვს ჩემს ლექსებში და ამას ხშირად აღნიშნავენ, ეს სწორედ იმ ადამიანებისგან გამომყვა, რომლებიც ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ.
ბავშვობაში მარტო ხეტიალი მიყვარდა. ჩემი ტოლი ბავშვები სოფელში სულ ორი-სამი იყო და ისინიც ბიჭები. ჩვენს სოფელში სულ ერთი გვარი ცხოვრობდა, თინიკაშვილები, (დედა სწორედ ამ გვარისაა) და იქ ქორწინება არ მომხდარა. ერთმანეთი არავის შეჰყვარებია, რადგან ყველა ერთმანეთის ნათესავი იყო და ყველანი ერთ "სახლში" და-ძმასავით ვიზრდებოდით. ტყეში თითოეულ კენჭს ვცნობდი. ვიცოდი, სად ამოდიოდა პირველად ყვავილები და სად მწიფდებოდა მაყვალი, შინდი, ზღმარტლი. მიყვარდა ფესვებისა და ტოტების შეგროვება. ტყეში ერთგან ჩემი მყუდრო ადგილი მქონდა, სადაც დანას ვინახავდი და რასაც ვიპოვიდი, იქ მიმქონდა და ვამუშავებდი.
- დღემდე მოგყვებათ ბუნების ამგვარი სიყვარული?
- ძალიან მიყვარს ტყე და მთა. ბევრისთვის საყვარელია ზღვა, მაგრამ მე ის მაშინებს და მთრგუნავს. ტყე ბებიაჩემივითაა, რომელიც ქვედაბოლოს ჯიბიდან რა სასუსნავს ამომიღებდა, თვითონაც არ ვიცოდი. ეგ კი არა, დღემდე არ ვიცი, რამდენი ქვედაბოლო ეცვა და რამდენი ჯიბე ჰქონდა (იღიმის). ტყეც ასეა, დიდ სითბოს ავლენს და რას შემოგთავაზებს არ იცი.
- ლექსების წერა როდის დაიწყეთ? როდის მოვიდა პირველი სტრიქონები?
- მაშინ ცამეტი წლის ვიყავი. მეც ამ რიცხვში ვარ დაბადებული და საერთოდ, ცამეტი ჩემთვის ბედნიერი რიცხვია.
- ანუ იმ ცრურწმენების არ გჯერათ, რაც ამ რიცხვს უკავშირდება...
- არა, საერთოდ არ მჯერა. როგორც გითხარით, ბავშვობაში ძალიან ბევრი ლექსი ვიცოდი, რომელიც ემოციურად ჩემზე ძალიან მოქმედებდა. საერთოდ, ყოველთვის ჭარბად გამოვხატავდი ემოციას, როგორც სიყვარულში, ისე, როცა უსამართლობას და არაზნეობრიობას ვაწყდები. დღემდე ასე ვარ, თუნდაც ვიცოდე, რომ ეს ცუდ შედეგს მომიტანს. მოკლედ, შემოდგომა იყო. ულამაზესი ფერები მიიღო ტყემ.
აივანზე ვიჯექი და უცბად გონებაში რაღაც სტრიქონები ამოტივტივდა. ვიფიქრე, ალბათ რომელიღაც სტროფი გამახსენდა-მეთქი, მაგრამ პირველი სტროფის შემდეგ, გაგრძელება რომ ვერ შევძელი, სიტყვა-სიტყვას მიეწყო, დალაგდა მეორე სტროფი და მესამეც. როცა გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი ლექსი იყო, ერთდროულად შევიგრძენი ელდა, შიში, ბედნიერებაც. შემეშინდა, კიდევ შევძლებდი თუ არა დაწერას, თუ მხოლოდ ის დღე იყო განსაკუთრებული. იმ დღეს კიდევ ვცადე და სამი ლექსი დავწერე, მაგრამ ქართლსა, კერძოდ, ქსნის ხეობის მთიანეთს ლექსის ტრადიცია არ აქვს, ისე როგორც ვთქვათ ფშავსა და ხევსურეთს. სულ ვამბობ, უდაბნოში წყალმცენარე რომ ამოვიდეს, დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი. ლექსი თუ მიყვარდა, ან სადმე ვამბობდი და თან მხატვრულად, იმ სტრიქონებით მაჯავრებდნენ და ამაზე სოფლელები ხშირად იცინოდნენ ხოლმე.
ამის შემდეგ როგორ გავამხელდი, რომ ლექსები დავწერე?! მქონდა სამი ლექსი და არ ვიცოდი, მათთვის რა მექნა, ბოლოს, კონვერტში ჩავდე და რაიონული გაზეთის რედაქციაში გავგზავნე. მაინტერესებდა მათი აზრი, რას მიპასუხებდნენ, ეს ნამდვილად იყო ლექსები, თუ არა. რას წარმოვიდგენდი, რომ სამივე ლექსი დაიბეჭდებოდა. ტოლებმა და ჩემზე უფროსმა ბიჭებმა დამცინეს, მაგრამ ამის გამო ლექსის წერისთვის თავი არ დამინებებია.
- დღეს უკვე შვიდი ლექსების კრებულის ავტორი ხართ. როგორ იქმნებოდა ეს ლექსები და რა იცვლებოდა წლების განმავლობაში თქვენს პოეზიაში?
- ნუ ჩამეთვლება ეს პათეტიკად, მაგრამ ჩემი ხეობისა და სამშობლოს სიყვარულით ვარსებობ. პირველივე ლექსებში ეს გამოიკვეთა, თაყვანისცემა და მუხლმოყრილი ლოცვა ჩემი ქართლისა და საქართველოსი. პირველი განწყობილებები იყო დედ-მამაზე, მაგრამ ყველაზე ძლიერი პაპისადმი მიძღვნილი ციკლი გამომივიდა.
პაპაჩემი განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ, ორმოცი წლის განმავლობაში მეცხვარე იყო. 35 წლის დაქვრივდა და ხუთი შვილი მარტომ აღზარდა - ჩემს შვილებს დედინაცვალს არ მოვუყვანო. პაპაჩემი იყო ჩემთვის ვაჟკაცობის მაგალითი, თავისი საქმის ენთუზიასტი. პაპაჩემის სახემ დააინტერესა მკითხველი. მის სახეში შევკრიბე ყველა მოხუცის თვისება, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებდა. ყოვეთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს მოხუცები. მათი უმწეობა მებრალება, მინდა, მათ რაღაცნაირად ვუმეგობრო და წლების სიმძიმე გავუიოლო. უამრავი ასეთი მეგობარი მყავს, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს, მსიამოვნებს და საინტერესოდ მიმიაჩნია. რასაკვირველია, პროფესიონალიზმი და ლექსის ტექნიკური სრულყოფა თანდათან მოდის, მაგრამ მე თავიდან მქონდა მხატვრული სახეები და ეს ბოლომდე შემომრჩა.
ვფიქრობ, ჩემს პოეზიაში ესაა ნიშანდობლივი. მინდა, ლექსებში ვხატო, ვხატო ისე, როგორც არავის დაუხატავს და დავინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს. ლექსში "ჯვრის უღელტეხილზე" ვამბობ: "და მყინვარწვერი - ქათქათა ძუძუ - ნისლის უნაზეს პერანგში უჩანს". ან მაქვს ასეთი სახეებიც: "და ყანისპირზე ყვავის სოსანი - ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი, თვალები ლურჯი, იესოსავით"...
მინდა, ლექსი მკითხველზე არა მხოლოდ სათქმელით ახდენდეს ზემოქმედებას, არამედ ფორმით და მხატვრულადაც. ადრე სიტყვის სულ მეშინოდა და ერთხელ ნოდარ დუმბაძეს ვუთხარი კიდეც, ქაღალდის მეშინია-მეთქი. მე ამდენი წლის ვარ და ქაღალდის შიში მეც მაქვსო, - მიპასუხა. ხანგრძლივი შუალედები მქონდა და სულ მეშინოდა, რომ წერას ვეღარ გავაგრძელებდი, მაგრამ დღეს ეს შიში აღარ მაქვს, თითქოს სიტყვები მოვათვინიერე, დარბილდნენ. თითქოს სიტყვის ფერსაც ვგრძნობ, გემოსაც და სუნსაც.
- და რა ფერისა და რა გემოსია თქვენთვის სამშობლო?
- დღესდღეობით, როცა ჩემი ქსნის ხეობა დაკარგულია, ეს სიტყვა ძალიან ნაღვლისფერია, შავად ჩალურჯებული, ჩაიისფრებული და მწარე გემო აქვს. იყო დრო, როცა სამშობლოს ოქროსფრად და ვარდისფრად ვხედავდი. ეს დამოკიდებულია წლებზე, ეტაპებსა და იმ საყვარელი ადგილების მდგომარეობაზე, საიდანაც შენი სამშობლო იწყება.
- ქალბატონო მანანა, ხუთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი ხართ. როდის მოვიდა აღიარება თქვენამდე?
- სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი ლექსები 1972 წელს "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა. ეს იშვიათი მოვლენა იყო იმ დროს. სხვათა შორის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ლენინურ სტიპენდიას იღებდა. არაჩვეულებრივი პედაგოგები მყავდნენ, რომლთაგან ნოდარ ჩხეიძეს გამოვყოფ. მან სულიერი მოძღვრისა და მშობლის მოვალეობა გამიწია. წითელ დიპლომზე დავამთავრე და ისევ სოფელში დაბრუნება ვარჩიე. რაიონულ გაზეთში ვმუშაობდი, ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი რედაქტორის მოადგილედ.
ვფიქრობდი, რომ ამ ხეობისადმი ვიყავი შეწირული, რადგან მიყვარდა ის ადამიანები და საქმე, რასაც ვემსახურებოდი. უამრავი წერილი მომდიოდა რედაქციაში. მათ შორის იყო უნივერსიტეტის პროფესორის ილია ნატროშვილის, ლიტერატურის ინსტიტუტიდან გოგი ზაუტაშვილის და სხვათა წერილები. მწერდნენ შორეულ გადასახლებაში მყოფი პატიმრებიც. მახსოვს ერთ-ერთის ასეთი სიტყვები: ჩემო მიწა-წყალო, გთხოვ, ჩემი გამოწვდილი ხელი ჰაერში არ შემატოვო. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ მეშინოდა იმ ადამიანების და პასუხი არ გამიცია. შიშიც იყო და მორიდებაც, არ ვიცოდი, მათთვის რა მიმეწერა. ახლაც მახსოვს იმ პატიმრების გვარ-სახელები, უბრალოდ ვერ დავასახელებ. ამ და სხვა უცნობი ადამიანების წერილებით ვსუნთქავდი. 1982 წელს პირველი შვილი, პატარა გოგონა დამეღუპა...
თითქმის თხუთმეტი წელი დამჭირდა, რომ ამომესუნთქა. 1986 წელს ბიჭი შემეძინა, ახალგორში ვცხოვრობდით და არ ვიყავი ჩართული დედაქალაქის ცხოვრებაში. 1993-94 წელს თბილისში დავმკვიდრდი, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას ისევ ჩემს სოფელში ჩავდიოდით. ამასობაში მკითხველს დავავიწყდი, ჩემი ხელახალი დაბადება 2007 წლიდან მოხდა. 2008 წელს პატრიარქი ქართველი მწერლების ერთ ჯგუფს შეხვდა. მათ შორის ვიყავი მეც და იმ დღეს ხელმეორედ დაიბადა პოეტი მანანა ჩიტიშვილი.
ორი წლის განმავლობაში 200-მდე ლექსი დავწერე. რა თქმა უნდა, ისინი არათანაბარი ძალის ლექსებია, რადგან პოეტი არ არის ქარხანა, რომელიც დაზგიდან ერთნაირი სახის პროდუქციას უშვებს მაგრამ მკითხველი ტრაბახად ნუ ჩამომართმევს თუ ვიტყვი, რომ სხვანაირი დავიბადე, უფრო თამამი სიტყვასთან და ქაღალდისაც აღარ მეშინია. მადლობელი ვარ იმ დიდი მადლისა, რომელიც პატრიარქთან შეხვედრისას გამომყვა. თითქოს სული გამითავისუფლდა სიკვდილის შიშისგან და სხვანაირად დავინახე სამყარო (იღიმის). დღეს ვმუშაობ, ლექსები მეწერება. გარდა ამისა, ანზორ აბულაშვილთან ერთად გალაკტიონის ერთტომეული შევადგინე, ქართული მწერლობის 35-ე ტომი. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი მოვლენაა (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
No comments:
Post a Comment