Saturday, February 5, 2011

ნინო ჭიკაიძე


                     რატომ იმალება მზე?!  


      ნეტა თუ გათენდა? ალბათ გათენდებოდა...
ჩემამდე ხომ ვერ აღწევს მზის სხივი! არ ჩანს მზე ჩემი პატარა ქოხიდან...
წავალ, გავივლი, იქნებ დავინახო მზე და გავიგო, დილაა თუ საღამო?!
ჩვეული რიტმით გამოვედი ჩემი სახლის ნანგრევებიდან... ძალიან შემცივდა...
გავიარე დიდი გზა და, როგორც იქნა, მივაღწიე ადამიანებამდე, თუმცა მზე არ ჩანდა, ცაც აღარ იყო ისეთი ლურჯი, როგორც სჩვევია...
,,იქნებ თოვლი უნდა მოვიდეს? ხალხსაც უკვე თბილად აცვია.
აი, ბუხრებიც აუნთიათ... თოვლი, ნამდვილად თოვლი აპირებს მოსვლას, ზამთრის სუნი მცემს... ღმერთო, რა ბედნიერებაა! ალბათ 1-ლი დეკემბერია...
აი, თურმე რატომ არ ჩანს მზე, ფიფქებს უთმობს გზას...“ - ამ ფიქრებით გავუყევი ფიფქების მოლოდინში მომლოდინე ქუჩებს...
ჩამივლიდნენ გვერდზე ახალგაზრდები და, როგორც ყოველთვის, ჩემს დანახვაზე გაიცინებდნენ, ან ზიზგიანი თვალებით დამიწყებდნენ ყურებას. არ მესმის, რა დავუშავე მათ?
შემდეგ გამოჩნდებოდნენ მოხუცი ბებიები, პაპები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, სევდიანი თვალებით გამომაყოლებდნენ ხოლმე მზერას...
მათ ხელებში თვალს მოვკრავდი პურს და სინანულით ვაცქერდებოდი, თითქოს პირველად მეხილოს იგი... დავაპირებდი თუ არა, მეთხოვა, ერთი ნაჭერი მაინც მოეცათ ჩემთვის, მაშინვე ორივე ყურში ჩამესმოდა ხალხის წუწუნი დღევანდელ ყოფაზე, როგორ ამბობდნენ: ,,ამ მთავრობამ დაგვტოვა მშიერი“. ამის გაგონებაზე კი ვეღარ ვბედავდი, მეთხოვა მათთვის პურის პატარა ნაჭერი, ალბათ სახლში მათაც მშიერი ბავშვები და ოჯახის წევრები ელოდებოდნენ...
ისევ ჩვეული რიტმით, ფეხშიშველმა გავაგრძელე გზა ზამთრის სუნით გაჟღენთილ ქუჩებში. ვფიქრობდი, იქნებ სადმე რამე მეპოვა, ან გამოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ იტყოდა, მთავრობამ დაგვტოვა მშიერიო და თავისი ნებით მომიტეხდა პურის პატარა ნაგლეჯს...
უეცრად ბავშვის ტირილის ხმა მომესმა და უკან მივიხედე. პატარა გოგონას ქვაზე ფეხი წამოეკრა და წაქცეულიყო. მივედი, რომ ამეყენებინა და პატარა თვალებზე ცრემლები მომეწმინდა, მაგრამ მაშინვე მოვარდა ახალგაზრდა ქალი, ხელში აიყვანა წაქცეული შვილი, დიდი მხურვალებითა და სიყვარულით ჩაიკრა გულში... ღმერთო, რა სითბოს იგრძნიბდა ახლა ეს პატარა გოგონა დედის მკლავებში!.. მე კი მციოდა და უფრო შემცივდა... მე ხომ ვეღარასდროს ვიგრძნობ სითბოს, გზაზე წაქცეულსაც ხომ ვეღარ ამაყენებს დედა და ვეღარ ჩამიკრავს ასე გულში, მე ხომ ვეღარ ვიგრძნიბ დედის სუნთქვას და ხელებს... ღმერთო, როგორ მცივა...
არ მყავს მეგობრები, არავის უნდა შეეხოს ჩემ გაყინულ ხელებს, ამით მაინც რომ გამითბონ ისინი... ამიტომ მოუთმენლად ველოდები ისევ ფიფქებს, მე ხომ მხოლოდ მათთან შემიძლია ვითამაშო და ჩავკიდო სუსხიანი ხელები... სიცივით გავათბობთ ერთმანეთს !
ვაგრძელებ ისევ გზას...
ისევ ქუჩები, ისევ ზიზღიანი თვალები, გაყინულ ფიქრებში ბოდიალი... ხალხის სახეზე ისევ ირონიული ღიმილი..
.რა თქმა უნდა ,ჩემს მიმართ... აი, ჩემი ქოხის ნანგრევებიც... ობოლ მაწანწალას ქოხიდან არასდროს არ ჩანს მზე...



უბრალოდ...  ამოძახილი...
 

     სიცივე... ისევ სიცივე... მტკივა... ძალიან მტკივა... რამდენი წუთი, წამი რამდენი დღე, ღამე, ო, ღმერთო, რამდენი... ვუყურებ უაზროდ ამ ცარიელ სივრცეს... ვხედავ მხოლოდ ცას და მზეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ვერც მათ ვეღარ ვხედავ... მეშინია...
      სრულიად მარტო მივუყვები წვიმიან გზებს, მაშინაც კი, როცა მზეა... სრულიად მარტო ვდგავარ დაუნდობელ ქარიშხალში, მაგრამ სად ხარ დედა? სად ხარ მამა? მცივა, ძალიან მცივა... ვეღარც მზე მათბობს და ვეღარც ბუხარი, მჭირდება მხოლოდ დედის კალთა და მამის ხელი,რომ ბოლომდე არ გავიყინო... ღმერთო, განა რას გთხოვ? ნუთუ - ბევრს? მხოლოდ - დედის კალთას და მამის ხელს.
      ნეტავ ვიჯდე პოეზიის მატარებელში და მივყავდე ამ სუსხიანი ზამთრიდან იქ, სადაც ყოველთვის თბილა...
      ოხ, ნეტავ მქონდეს ფრთები... ჩავეხუტებოდი ღრუბლებს, გავუყვებოდი ცის ბილიკს და ჩამოვიდოდი გვირილების სამეფოში, სადაც ყოველთვის მზეა... მაშინ ხომ ოდნავ მაინც გავთბებოდი? მაგრამ მხოლოდ ოდნავ...
       დავდივარ ცარიელ სივრცეში ზურგზე ჩანთააკიდებული, რომელიც ძალიან მამძიმებს, თუმცა დამამძიმებს, აბა, რას იზას?!
ამ ჩანთაში ხომ ჩემი ცოდვები ალაგია... ვეღარც უფლის ტაძარში ვბედავ შესვლას... მეშინია, რომ არ მიმიღონ?? 
მაგრამ შენ ხომ ამდენი დაითმინე უფალო ჩვენთვის, შენ ხომ ბევრი ტანჯვა გადაიტანე ჩვენს გადასარჩენად?!
ხოდა, მეც გავუძლებ როგორმე ამ ტკივილს, ამ სიმძიმეს და ამ ცარიელ სივრცეში მოვძებნი შენს სამყოფელს, მუხლმოდრეკილი დავდგები შენს წინ და გთხოვ პატიებას... 
ვიცი, არ მაქვს უფლება, მაგრამ მაინც გევედრები და გთხოვ დედის კალთას და მამის ხელს, მე ხომ სიცივისგან მხოლოდ ეს დამიცავს...
მჯერა, რომ ისევ ამოვა მზე და ვიქნებით ისევ ერთად ღვთის წყალობით...









No comments:

Post a Comment