წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში
წამებული (+786)
8 (21)
იანვარი
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის
მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს
საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა
ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა
სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით
ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა
კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი
მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და
ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს
საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო
აფხაზეთში: „მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან
ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან
აბოს. „განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს
მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა
თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ
ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა
შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი
გახარებულმა ასე უპასუხა: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის,
არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან
წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად
ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის
ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის
დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა
ქრისტიანებს გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის
ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა
ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ
გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან
უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით
დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად
დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ
სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და
უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი
იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ
მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს,
ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი
I, თბილისი, 2001 წ.
No comments:
Post a Comment