მოკლედ, მოხვალ და ნახავ.
– კარგი, ბატონო!
– არ დამიწყო ახლა ქართული ნომრები, კაცს რომ დილას დაპატიჟებ და ღამის ორ საათზე მოგადგება ძმაკაცებით. საღამოს რვა საათზე ზუსტაად!
– ჩვენი დროით?
– ჩვენი დროით!
– კი, ბატონო!
– აბა, ჩაო!
– რაო?
– ნახვამდის!
– ნახვამდის!
იგი წავიდა წელის ირიბი რხევით და იქვე კედელზე აყუდებული ვიღაც მუტრუკის ღმუილი და მკერდზე მჯიღის ბრახუნი დაიმსახურა.
კაცი რომ ვახშამზე დაგპატიჟებს და გამაძღარი ესტუმრები, ამაზე დიდი სიბრიყვე და სისულელე ქვეყნად წარმოუდგენელია. მართალია ,არც მთლად წაქცევაზე მისვლა ვარგა, მაგრამ კარგა გვარიანად მოშიებული კი უნდა იყო. ამ ტრადიციით აღზრდილი მივადექი ვიოლას ბინას ზუსტად საღამოს 8 საათზე. ვიოლას მისაღებ ოთახში, სკანდინავიის ქვეყნები მცირე გამონაკლისის გარდა, სამხრეთ–დასავლეთ ევროპა სუფევდა.
– თენგიზ, აცეკვე! ხომ ხედავ, ბიჭები არ გვყოფნის, – მისვლისთანავე შემომაჩეჩა ვიოლამ თავისი მეგობარი და ჩვენ საოცრად მინორული ბლიუზის ტაქტზე შუა ოთახში შევცურდით. იგი ცეკვავდა ნაზად და თვალს არ მაცილებდა, მე ვცეკვავდი უხეშად და თვალს ვარიდებდი.
მას ფრანგული სუნამოს „შანელის“ სურნელი ასდიოდა, მე – საავიაციო ბენზინისა.
– თქვენ რა გქვიათ? მკითხა მან და ფილტრიანი სიგარეტის იისფერი კვამლი შემომაბოლა.
– მე თენგიზი, თქვენ? – ვკითხე და პრიმის შავი კვამლი მივაფუტუნე.
– მე – თათია. თქვენ ევროპაში ხართ ნამყოფი?
– არა. თქვენ?
– ო, მე გარშემო.
– რატომ, შიგნით არ გიშვებდნენ?
– ასტრაუმნო! – გამიღიმა მან, საჩვენებელი თითი ცხვირზე დამაჭირა, – ზრრრრ... – დარეკა და გადაიკისკისა.
– თქვენ თმებს იღებავთ? – ვკითხე მე და თმაზე ხელი გადავუსვი.
– ო, არა, ზღვაზე გამიხუნდა. თქვენ?
– რა მე?
– ასე შავი თმები რატომ გქვთ?
– შავ ზღვაზე გამიშავდა
– ასტრაუმნო!.. – გამირიმა მან ისევ. ისევ ასწია საჩვენებელი თითი და ისევ უნდოდა ჩემს ცხვირზე ზარი დაერეკა, მაგრამ ბლიუზი შეწყდა და მე მადლობის ნისნად თავი დავუკარი.
თათიას თითი შუბლზე მომხვდა. ორთავეს გაგვეცინა. ცეკვა შეწყდა. ორთავე სავარძლეში ჩავესვენეთ. სალონური საუბარი ჩემს პირდაპირ მჯდომმა შიომ დაიწყო:
– წაიკითხეთ მერაბ ფხალაძის ლექსები?
– გამოვიდა? – იკითხა ვიოლამ.
– ვგიჟდები მაგ ბიჭზე, ფრანგულ მინიატურებს მაგონებს... – თქვა თათიამ.
– ის რა გვარია, კარგ მოთხრობებს რომ წერს და რომ არ უბეჭდავენ? – ვერ გაიხსენა ლულუმ.
– მასეთი რამდენიც გინდა იმდენია. შენ რომელზე ამბობ? – ჰკითხა ბენომ.
– აი ის, წვერგაუპარსავი, თმადაუვარცხნელი და ჭიპამდე პერანგჩახსნილი რომ დადის.
ძალიან აბსტრაქტულ რაღაცეეებს წერს, კონკრეტულობაში.
– სტეინბეკი თუ წაიკითხეთ ბოლო? – გვკითხა ვიოლამ.
– ისე გადავხედე და, მართალი გითხრა, სადღაც რაღაცაში ძალიან ისეთია... პრინციპში, მე მაგალითად, ის უფრო მომწონს. რა ქვია? აი ის, კინოც რომ გადაიღეს მერე, დიდი თევზი რომ დაიჭირა და... წვერები რო აქვს, თოფი რომ გაუვარდა, – ტუჩები მოიკვნიტა შიომ.
– ჰემინგუეი! – გამოვიცანი მე. ლულუს დედამ, კალენტი ბიცოლამ, კონიაკი შემოიტანა და მაგიდაზე პატარა სათითურებს შორის ჩადგა.
– კონიაკზე გამახსენდა, რემარკზე რას იტყვით? – გვკითხა თათიამ და თვალები მოწურა გამომცდელად.
რემარკზე ყველამ ვთქვით, რომ იგი ძალიან ბევრს წერს კონიაკზე, რომ იგი სადღაც რაღაცაში ჰგავს, რა ჰქვია იმას?.. ის რომ დაწერა, სულ რომ სვამენ და ესპანეთში რომ არიან, ლოთი ქალი რომ არის, ხარებს რომ ეჩხუბებიან იმაზე, რა ჰქვია იმას? ჰოდა, იმას ჰგავს სადღაც რაღაცაში. მერე ბნომ პარიზში მიღებული შთაბეჭდილებები მიამბო.
– პარიზში არ ყოფილხარ? – მკითხა მან.
– პარიზში არა, – დავიმორცხვე ისე, თითქოს მოსკოვში ვყოფილიყავი ნამყოფი.
– გახსოვთ, გოგოებო, სტოკჰოლმიდან კოპენჰაგენზე გავლით პარიზში რომ ჩავედით? – გოგოებს ახსოვდათ.
– სასტუმროდან პირდაპირ უნივერმაღში გავქანდით, ლუვრის ახლოს რომაა, „ბო მორშე“...
– მერე? – მომკლა ცნობისმოყვარეობამ.
– მერე? – ვეკითხები გამყიდველს, – მეილონის საროჩკა არ გაქვთ–მეთქი?
– აუჰ! – გამიკვირდა მე.
– კეს კე ვუ ვულე? – მკითხა გამყიდველმა.
– რაო, რა მინდაო?
– ვიცი და არ გეუბნები? ვიმეორბ, საროჩკა, საროჩკა...
– ვას ვოლენ ზი? – მეკითხება ისევ.
– სა–როჩ–კა, – დავუმარცვლე მე.
– უოტ დუ იუ ლაიკ? – შემეკითხა კიდევ და შტერივით მიყურებს.
– კი მაგრამ, რუსული არ იცოდა იმ უპატრონომ? – გავბრაზდი მე.
– რუსული კი არა, ის მოთხოვე ახლა გამყიდველს! – გაეცინა ლულუს.
– ვაი, სირცხვილო! – გავწითლდი მე.
– აბა, ბიჭო, მოკვდა სირცხვილით.
მაგათ არაფრის არ ცხვენიათ, – თქვა თათიამ.
– მერ, მერე? – გამომელია მოთმინება.
– მერე რა, სანამ არ შემოვიხიეთ ტანზე, ვერ გავაგებინეთ, ასე არ იყო, გოგოებო? – დაამთავრა საინტერესო ამბავი ბენომ.
– მიკვირს, როგორ ნიშნავენ ისეთ ხალხს გამყიდველად, ერთი ხუთი ენა მაინც თუ არ იცის! – განცვიფრებით აიჩეჩა მხრები ვიოლამ და მაგიდასთან მიგვიპატიჟა. შიომ სათითურები შეავსო, ვიოლამ თითო ფინჯანი შავი ყავა დაგიდგა და ხუთმა კაცმა ერთად გავაქანეთ ხელი პაპიროსის ქაღალდივით სიფრიფანად დაჭრილი ნამცხვრისკენ.
ნამცხვარი გაქრა. მოიტანეს მეორე წყება. ყავას სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა და მისი სურნელი ნესტოებიდან პირდაპირ მშიერ კუჭში მიექანებოდა ძლიერი ჭავლით.
– ხელოვნებას გაუმარჯოს იმ ასპექტში, ჩვენზე რომ დიდ ემოციურ იმას ახდენს სადღაც რაღაცაში, რა თქმა უნდა, ინტელექტუალურად, – თქვა შიომ და სათითე პირში გადაიმხო.
კომიაკი გადაჰკრა და თვალები ააპარპალა.
– უუჰ, პიკასო! – გაასავსავა ხელები თათიამ, მერე კონაკი გადაჰკრა და თვალები ააპარპალა
– წარმოგიდგენიათ, ბებერია და ისევ ხატავს. ოგ, მაგის მათხოვარი! – ამოიოხრა ვიოლამ. ლულუმაც ამოიოხრა, მაგრამ არაფერი არა თქვა, მხოლოდ თავი გააქნია, არ გამახსენოთო და ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭერი დაითრია.
– ერთი ყავა, თუ შეიძლება კიდევ, ვიოლა, – შეუკვეთა თათიამ და განაგრძო.
– ჭურში ვზივართ, გენაცვალე.
ევროპას ყავით უდგას სული, აბა, ჩვენ რომ მივუსხდებით მაგიდას ღორებივით და ვშთანთქავთ; ეს კატლეტიო, საცივიო, მწვადიო, ტოლმაო, სუკიო, შემწვარი სულგუნიო, ბორშჩიო, ჭყინტი ლობიოო...
მუშტისხელა ნერწყვი გადავყლაპე და თათიას მუდარით სავსე თვალები მივაშტერე – გეყოფა, ნუ შემშლი–მეთქი. თათია განაგრძობდა:
– ეჰ, ევროპა. შეხვალ კაფეში, გენაცვალე, და სადაა პური? – ეს უკვე ზედმეტი იყო.
პურის ხსენებაზე ენაზე დამბლა დამეცა, კისრის ძარღვები დაწყვეტამდე დამეჭიმა და პავლოვისეული რეფლექსები ერთად ებრდღვნენ ჩემს ლიმფურ თუ სანერწყვე ჭირკვლებს.
– ამიტომ არიან, გენაცვალე, ტანადები და ფეხადები, ნახე ბარდო, ნახე სილვანა, ნახე მერლინ მონრო და სოფია ლორენი, – თქვა ლულუმ, მერე ცარიელ თეფშზე ნეკით შეაგროვა ნამცეცები და მორიდებულად ჩაიყარა პირში.
– ცივილიზაცია, გენაცვალე, ცივილიზაცია... როდის მივალთ იქამდე, პაპუასები ვართ, ნამდვილი პაპუასები, როგორც მიკლუხო იტყოდა, მაკლაი, პაპუა...
– პური! – დავიკვნესე მე.
– რა?! – მკითხა გაკვირვებულმა ვიოლამ.
– პატარა ნაჭერი პური და ყველი, თორემ გული წამივა, მშიერი ვარ წამოსული.
სალონში უკმაყოფილო და დამცინავი ცურჩული ატყდა. ვიოლა სამზარეულოში გავიდა და იქიდან გამხმარი პურის ყუა და გაქვავებული ყველის ნაჭერი გამომიტანა.
– უკაცრავად, თენგიზ, სადილი არ გაგვიკეთებია, არ გვეგონა...
– რას ამბობ, ვიოლა! –დავამშვიდე მე და პურს ვებრდღვენი.
თათიამ ვერ გაუძლოი ჩემს ყურებას, ადგა და მაგნოტოფონი ჩართო, „ო ჯეკი ჯოო“ – ააყოლა ჩემს ყბებს მაგნიტოფონმა. შუაზე რომ დავიყვანე პური და ყველი, თათია გვერდზე მომიჯდა და მორიდებით მკითხა.
– ძალიან გამხმარია პური?
– არა უშავს, – ვუპასუხე ისე, რომ ყბა არ გამიჩერებია.
– აბა, მაჩვენე! – მთხოვა თათიამ. მე პური მივაწოდე.
თათიამ პური ჩაკბიჩა და აღარ დაუბრუნებია. არაფერიც, სულაც არ არის გამხმარი. ყველი მომიტეხე, რა? – მოვუტეხე.
– მართლა არ არის გამხმარი? – იკითხა ლულუმ.
– აბა, მაჩვენე?!
თათიამ აჩვენა.
– ვა, მართლა არ ყოფილა გამხმარი! – გაუკვირდა ლულუს.
– მართლა? – გაუკვირდა ბენოსაც, მაგრამ საჩვენებელი პური აღარ იყო.
– ვიოლა, ნახე ერთი, თუ ქალი ხარ, სამზარეულოში იქნებ არის კიდევ პური! – შეეხვეწა შიო.
– ვაიმე, რა ვქნა, რომ არ არის, რაღაც ძველი პურები მიწყვია ქვაბში მერძევის ძროხისთვის.
– მიტა, კაცო, მერძევის ძროხა მოიცდის! – აიქნიახელი ბენომ. ვიოლამ პური ქვაბით შემოიტანა.
„ო ჯეკი ჯოო!“ – იქაჩება მაგნიტოფონი.
– პატარა მომიტეხეთ, – ვიქაჩები მეც
– ვიოლა, ნახე ერთი, ყველი აღარ არის?
– იოლა, ბოლოკი ან ნიორი არა გაქვთ?
– ხახვი და მარილი წამოიღე, ვიოლა!
– უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა, ეს ტყემალი მკვდარს გააცოცხლებს.
– დამარტყი, თუ ძმა ხარ, ზურგზე ხელი, გულზე დამეცა, – მთხოვა თათიამ და ზურგი მომიშვირა.
– ღვინო არა გაქვს, ვიოლა, ერთი ბოთლი?
– ვაიმე, რა ვქნა, ჭანგიანია.
– მოიტა, კაცო, გაავსე, თუ ძმა ხარ, ჩაის ჭიქა. წაიღე, თუ ქალი ხარ, ეს სათითურები, – დადგა თამადად ბენო.
– ამ ყავას რა ვუყო? – სასოწარკვეთილად თქვა ვიოლამ.
– გააცივე და მერძევის ძროხას შეუინახე, კალორიებს მოუმატებს, – დაარიგა შიომ.
– მე ჩაის ჭიქები შევავსე, კალენტი ბიცოლამ, ქრისტემ რომ უდაბნოში სასწაული მოახდინა, იმაზე უარესი ქნა. მაგიდაზე თახთახა ხაჭაპური დადო და მორცხვად დაჯდა ოთახის კუთხეში. „ჩაო–ჩაო ბამბინო“, გვემშვიდობებოდა მაგნოტოფონი.
– გამოთიშე, თუ ძმა ხარ, ეს შობელძაღლი, ახლა ვიწყებ მე ქეიფს, „თბილისო“ არა გაქვთ? – წამოდგა ბენო.
– თბილისო არა, კეკელა და მარო მაქვს, – დაიმორცხვა ვიოლამ.
– დაუკარი, მაგის რჯულიც არ იყოს, აბა, კალენტი ბიცოლა, გაუმარჯოს, მოდი, ჰო!
– იცოცხლეთ, შვილებო!.
No comments:
Post a Comment