Friday, December 7, 2012

ნოდარ დუმბაძის ნაფიქრალი


სიტყვა პაოლო იაშვილზე



  მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.
M მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.
M მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.
  რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ.
  რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.
  მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.
  ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.
  და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.



გალაკტიონი

 
  გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა.
ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან, ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა.
. .
  სინამდვილეში აი რა მოხდა:
  გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რახან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

* * *


  ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედის მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის მქონე კვაზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა თუ ბარში გაბნეულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - `ვეფხისტყაოსნად~ ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

  რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ, ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემლჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და ამ თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.
  სად უნდა ვსდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაჰქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავისით იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.
  გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის - `აი რა მზის სიზმარიას~ მსგავსად წაღმა - უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა. Aამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.
  ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს.
რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა დაუთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო. . .
  სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.


ჩემი გალაკტიონი



  გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა.
. .
. დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - `ჩემი გალაკტიონი! ~
  ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან `მზიან ღამეში~ აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
- გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
- გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
  იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო,
გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად . .
.
  ...და მართლაც, რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ, და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად
მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.


მიხეილ ჯავახიშვილი


  ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.
B ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის:
  პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო . . .
  ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა. . .
  მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა. .
.
  ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის.
  ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.
  ტკივილი ტკივილად დარჩა.
თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი.
A ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი.
 იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.
 ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. Eესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. Aასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.



ნიკო ლორთქიფანიძე



  მცირერიცხოვან, ანუ, ეგრეთ წოდებულ, პატარა ერებს დიდი გული აქვთ. აქედან გამომდინარე, ტკივილებიც და სიხარულიც შესაბამისად დიდი გააჩნიათ, და ამიტომ ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა იციან.
  როგორც ირკვევა, მცირერიცხოვანი ერების ადგილი და ფუნქცია კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ადრევე განსაზღვრა ბუნებამ, რაკი არ აღჭურვა ისინი გლობალური, ზებუნებრივი ფიზიკური თუ ეკონომიკური შესაძლებლობებით. სამაგიეროდ, ზოგიერთი მათგანი გაუგონარი თავდაცვის უნარით, სხვადასხვა ჭირთა და სენთა მიმართ მძლავრი იმუნიტეტით დააჯილდოვა – მისცა მათ ანბანი, ენა ხატოვანი, გონიერება და ძირითადად სულ სხვა მისია დააკისრა: კერძოდ ის, რომ სულიერი საზრდო მიეცათ ადამიანებისთვის.
  ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერების რიგს მიეკუთვნება საქართველო.
სხვანაირად ვერც მე და ვერც თქვენ ვერ დავასაბუთებდით ამ ერთ მტკაველ მიწაზე ფარნავაზ განმანათლებლის, იაკობ ცურტაველის, დავით აღმაშენებლის . .
. რუსთაველის, გურამიშვილის, საბა-სულხანის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას, გალაკტიონის და სხვათა დაბადებას.
  ძნელი დასაჯერებელი და დასასაბუთებელი შეიქნებოდა ჩვენი დღევანდელი იუბილარის ქებათა ქებაც.
  ჩვენ ხშირად გვეშინია სიტყვა გენიოსის ხმარებისა. საშიში არაფერია, იგი ასეა განმარტებული ლექსიკონში:
  `უდიდესი შემოქმედებითი ნიჭის მატარებელი ადამიანი~.
  საშიში მხოლოდ ის არის, რომ ეს განმარტება ვინმე უღირს ადამიანს არ მივუსადაგოთ, თორემ ნიკო ლორთქიფანიძის მიმართ ეს განმარტება იმდენად ბუნებრივია და სისხლხორცეული, რომ ხანდახან გიკვირს კიდევაც, ნუთუ ეს არ იცოდნენ მისმა თანამედროვეებმა, ნუთუ თავიდანვე ვერ გრძნობდნენ ამას! საქართველოს მიწაზე, სხეულით მის გატანჯულ სხეულს ეკვრის, თავი საქართველოს მკერდზე აქვს მისვენებული, ყური კი მის ჯიუტად მბორგავ გულზე აქვს მიყურებული. Mის მძიმე, ღრმა, მაგრამ ძლიერი სუნთქვა ესმის და მისი პირით ლაპარაკობს.

A ამიტომ არის იგი ნაწილი საქართველოს სხეულისა და ამიტომ არის იგი გენიოსი.
  იქნებ სწორედ ამ გარემოების გამო შეძლო მან, ჩვენ შორის ყველაზე უკეთ დაეახლოვებინა საქართველოს წარსული დღევანდელობას.
  . . . შესაშური ბიოგრაფია აქვს ნიკო ლორთქიფანიძეს.
გაიხსენეთ, რომელი მწერლის ბიოგრაფიას ამშვენებს საქართველოში, და თუნდაც მის გარეთ, ორი დუელი, არა პირადი ღირსების, არამედ სამშობლოს, ერის წმინდა სახელის და ღირსების დასაცავად.
  ნიკო ლორთქიფანიძისნაირი მწერლები კი არ იბადებიან, არამედ ჩნდებიან და გამოეცხადებიან ხოლმე ხალხს. ასე გამოეცხადა იგი 1880 წელს საქართველოს; მერე სრულიად ჭაბუკმა მაცხოვარივით შეიხედა მამამისის ტაძარში და, რა იხილა იგი სავეს ჩარჩებითა და მოვაჭრეებით, ასე შეიცხადა იგი:
  ` . . . იყიდება საქართველო, მინდორ-ველით, ტყით, ვენახით, სათესით, წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით, მშვენიერი ენით . . .
ვაჟკაცური ხასიათით, სტუმართმოყვარეობით, თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდით, გონებამახვილი ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით . . . იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვარით . . .~
  მერე მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად, გამორეკა ყველა ურჯულო, უმწეო და მოვაჭრე ამ ტაძრიდან, ჩადგა მის კარში და დღემდე დგას, რათა მის კარიბჭეს მორწმუნის, გამრჯის, კეთილშობილის და სპეტაკი სულის კაცის გარდა, არავინ გადააბიჯოს და არ შევიდეს ამ სათნოების ტაძარში.


მუხრან მაჭავარიანი


  მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ.
Mმოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.
  გვეგონა ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.
  ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.
  დაახლოებით ასე ილაპარაკა:
  - მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი . . . მე მჯერა!
  და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა.
ანა კალანდაძე


  გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გაეშალა და მეორეს უკითხავდა
- ნახე რას წერს - `ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო~.
ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ?
- არ გამიგიაო, - ეუბნებოდა მეორე და იცინოდა.
  1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გაწყდა.
  ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს `ფულსა და კრედიტში~, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი `ლიტერატურა და ხელოვნება~ გამომიწოდა და მითხრა: `читай думбадзе, вслух читай!~ ვკითხულობდი:

D და რა ქალი?! ხელის გულით სატარები,
  რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი,
  ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები,
  შეხედეს და . . .
შეუკურთხეს გამჩენი . . .

  რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი.
  ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე.
  .
. . და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა.
იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.



არჩილ სულაკაური


  ოცდაათი წელიწადია ჩვენ ვუკითხავთ ერთმანეთს ლექსებსა და მოთხრობებს, და ოცდაათი წელია გაუთავებელი შინაგანი თრთოლვა და შეგირდის შიში მაქვს მის მიმართ. Aამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსოვს არჩილის სუსტი ლექსი ან სუსტი მოთხრობა, ჩემი კი – რამდენიც გნებავთ.
  ყოველი მისი ნაწარმოები, ჩვენს ყმაწვილკაცობაში ჩემზე რაღაც სულისშემძვრელ იდუმალ და რაღაც დიდი აღმოჩენის მაგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაშინ ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებდით, რაღაცის დაუცხრომელი ძიების სურვილი გვაწვალებდა, ეს დალოცვილი კი იდგა ტრიალ მინდორზე და სადაც დაჰკრავდა ბარს, ყველგან რაღაც განძი, ძვირფასი სამკაული ან მხოლოდ მისთვის ამოსაცნობი პალიმფსესტი და ეტრატი ამოჰქონდა.
M მე იგი უკვე დაბრძენებული დამხვდა უნივერსიტეტში და როდესაც ლიტერატურულ წრეში გამოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილებები მექმნებოდა, თითქოს იგი მწერლობის დიდ ხელოვნებას კი არ ეუფლებოდა, არამედ აქეთ გვასწავლიდა და ყველაფერი ეს, სადღაც გულის სიღრმეში ეწყო ძალიან ღრმად და, როგორც კარგი მეურნე, იმ მძიმე ომის წლებში, იძულებულ ხელმომჭირნეობას დაჩვეული კაცივით, მშვიდად, წინდახედულად, გამიზნულად, მაგრამ კეთილი და ალალი გულით გვილაგებდა წინ.
  მას შემდეგ, როდესაც მან თავის ხალხს სთხოვა, მაცალეთ მივდგებ – მოვდგები და ყველა ვალს გაგისტუმრებთო, მე მივხვდი რას წარმოადგენს ჩემთვის არჩილ სულაკაური და მე ჩავწვდი ისე, როგორც შემეძლო, მისი სულის არსსა და საიდუმლოს.
  უკეთესი მეგობარი, უკეთესი ძმა, უკეთესი მესაიდუმლე, მასწავლებელი, შემოქმედი, წრფელი და მართალი კაცი ძნელად მოიძებნება ჩემს თაობაში.
  ამას წინათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არჩილმა შესანიშნავი ლექსი წაიკითხა, რომელიც ასე მთავრდებოდა: `მიყვარხარ!~ და როდესაც ტაშმა იგრიალა, არჩილმა აუდიტორიას მადლობა მოახსენა, გმადლობთ, რომ დამიჯერეთო.




მორის ფოცხიშვილი



არის წიგნები, რომელთაც წინასიტყვაობა საერთოდ არ სჭირდება. პირველივე ლექსი კრებულის წინასიტყვაობაა თავისთავად, ხოლო ყველა მომდევნო – ფიქრი, მსოფლმხედველობა და ბიოგრაფია ავტორისა.
ასეთ კრებულად მიმაჩნია მორის ფოცხიშვილის ეს კრებული და ასეთ პოეტად მიმაჩნია იგი თავად . . .
. .
. მასთან ჩემი პირველი შეხვედრა (1950) ამაღელვებელი და ოდნავ სევდის მომგვრელი იყო: იდგა სცენაზე ახალგაზრდა კაცი და ათრთოლებული, ამღერებული ხმით სიყმაწვილეს ემშვიდობებოდა:

 ენკი, ბენკი სიკლისა
ენკი, ბენკი . . . და!
  დღენი სიყმაწვილისა
  გა . . .
ვი…. . .… და…. . .

მახსოვს, როგორ აიჩუყა გული თვითონაც და როგორ აგვიჩუყა გული ჩვენ, მსმენელებს (მაშინ მეც ლექსებს ვწერდი). წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო, ტაში თითქმის ათ წუთს არ შეწყვეტილა – ათი წუთი ტაში ვისაც გამოუცდია, ძალიან ბევრია . .
. და იმ დღიდან წარმატებას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია მორის ფოცხიშვილი.
M მორის ფოცხიშვილი ერთ – ერთი იმათთაგანია საქართველოში, თუ არა ერთადერთი, რომელსაც საკუთარ ლექსებს ხალხი დარბაზიდან კარნახობს და ხმას აყოლებს კიდევაც . . .
  საქართველოში საოცარი რამ ხდება, დღემდე არც ერთი პოეტის იმდენი ლექსი ხალხს არ უმღერია, რამდენსაც მორისის ლექსებს მღერიან. მორის ფოცხიშვილი ქარაგმულად თუ ვიტყვი `ამღერებული ტალანტია~. ხალხი მის თითქმის ყველა ლექსს მღერის, და განა იმიტომ, რომ იგი სასიმღერო მარტივ ტექსტებს წერდეს, არა, მისი ლექსი საოცრად მუსიკალურია და შინაგანი ჰანგით არის ზეაწეული.
M მორის ფოცხიშვილის ლექსს შეხვდებით ყველგან, ესტრადაზე, მაგნიტოფონის ფირზე, რადიოში, ტელევიზიაში, ყველგან – სახლის სარდაფსა და ფანჯარაში, ყველა ოჯახში თითქოს ათას ხმაზე თბილისსა და მის მოქალაქეებზე უსაშველოდ შეყვარებული მკლავგაშლილი პოეტი დადიოდეს ქუჩაში და ქვეყანას ეალერსებოდეს.
M მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მორისს მხოლოდ სასიმღეროდ და სალაღობოდ მოცლილს წარმოვიდგენთ, მას აქვს სულისშემძვრელი და როგორც ტიციანი იტყოდა, ისეთი მეწყერივით ლექსები, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს. Aამ ლექსების მოყოლა არ შეიძლება, არც სიმღერა, ისინი ჩუმად უნდა იკითხო, შენთვის.
მე ამ ლექსებმა შურით ამავსეს, კეთილი შურით და ერთი გაელვება ასეთმა აზრმაც კი გამიელვა: ასეთი ლექსები რომ მეწერა თავის დროზე, ალბათ პროზის წერას არ დავიწყებდი – მეთქი.
   

2 comments: