Wednesday, April 11, 2012


მოსწავლე: ნინო ჭიკაიძე
პედაგოგი: ლიაჩხაიძე
2012 წელი

მთის შვილი...

მთის შვილი ავად გამხდარა,
მთისკენ აქვს პირი მზესაო,
სადღაც ოცნებაც გამქრალა
ფანდურს სიმები წყდებაო...
ამ მიტოვებულ სახლებში
მხოლოდ სიჩუმე ბინადრობს,
მე კი შორიდან გიმღერი,
შორიდან განცდებს გიამბობ...
შენს კალთებზედა ვივლიდი,
ავამღერებდი ოცნებებს,
დილით მზეს გავუღიმებდი,
მოვსვამდი წმინდა წყაროებს,
გზად დაგიკრეფდი გვირილებს,
ფიქრებს თამამად გიმხელდი,
გიძღვნიდი მოკლე სტრიქონებს,
მთვარეს დილამდე ვუმზერდი..
მთაო ! ოცნებით გიმღერი,
გათბობს ფერები ცისაო,
შენთვის ვარ შვილად მოსული,
შენშია ფერი მზისაო...

უფალო! ნუ გამიწყრები,
შემინდე ნაბოდვარიო,
მხოლოდ შენ გესმის ფიქრები
მთიულის ნაფერალიო....


მონატრება

დილა გათენდაო, - ყვირის მაღვიძარა...
დილა უმწეო და დილა ნამიანი...
ვდგავარ ფანჯარასთან,
სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...
სული დაგუბებულ წვიმას შეუერთდა...
ზეცას სილაჟვარდე თითქოს გაპარვოდა,
წვიმა მოღალატე მიწას მიეტმასნა...
უკვე ტკივილამდე...
სუნთქვა მომაშველე, თორემ უმზეობა ვიცი სულ გამყინავს...
ვდგავარ უმწეო და ვდგავარ ნამიანი,
მინდა გაქცევა და წინ ვერ გადავმდგარვარ...
დილით გამაღვიძა ჩემმა მაღვიძარამ,
კვლავაც მაუწყა,რომ დილა თენდებოდა...
ჩემი დღე დამდგარა, ჩემი დღე დამდგარა...
ვდგავარ ფანჯარასთან, სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...


გაძარცვული სული...

დღითიდღე უფრო და უფრო ვიცლები, თითქოს მოსწყვიტეს მზეს მზის სხივები, გამომაცალეს ფეხქვეშ მიწა და ახლა უმწეოდ ნიავს მივყვები... დავეძებ ჩემი სახლის საძირკველს, მაგრამ მომტაცეს და შორს წაიღეს... წამართვეს უფლება - ,,დედა” სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... ვეღარ ვპოულობ ვერც უფლის ტაძარს, დავყვები ნიავს აღმა და დაღმა... მომწყვიტეს დედის მკერდსა და კალთას და ნიავს მისცეს ჩემი გზის მართვა... გამძარცვეს, სული სულ გამიყინეს, მზის სხივის სითბოც არ მაპოვნინეს, წამართვეს უფლება - თბილი სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... დამჩემდი... სიტყვები სიტყვებს ვეღარ პოულობს, რა უცნაური სითბო დამჩემდა, მზემ ცივ მთვარესთან როგორ იომოს მხატვარი ფერებს უკვე არჩევდა... გაწოლილია ჩვენს შორის ხიდი, აქ, შენს სუნთქვამდე მოსვლა ძნელია... მხატვრის ნახატში მატულობს ფიქრი, მხატვრის ნახატი უკვე ძვირია... უკვე საშინლად ამოგიჩემე, მე ამ ფერებში ვრჩები მალულად, სიტყვები სიტყვებს გადაემტერნენ, მზე ცის ნახატში გადამალულა... ამოგიჩემე...უკვე საოცრად..


უცნაური...(სევდიან ნოტებზე)

მოდი... შენ მაინც მესაუბრე უსიტყვოდ, ფიქრით, მკრთალი ღიმილით, მოდი... ვუშენოთ ჩიტებს ბუდე მზით გამთბარი, მთვარით ნათელი, მოდი... გავშალოთ ოცნებები ამ ცარიელ, თეთრ სივრცეებში, მოდი... ვეღარ მოვერევი ამდენ ბარგს და დავეცემი... გზები მიდის, ნეტავ საით? გშორდები, თუ დაგეწევი... მეშინია... აქ უშენოდ ბეწვის ხიდზე ვერ გავივლი... მოდი...მოდი...გადავშალოთ ოცნებები სივრცეში, ავამღეროთ კლავიშები გათოშილი ფიქრებით...  

თემა: ჩემი ფიქრები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე

სკოლა:თბილისის 32-ე საჯარო სკოლა
კლასი: მე-9 მოსწავლე: ნინო ებრალიძე
მასწავლებელი: ასმათ ჭარელიძე
2012 წელი




,,ცხოვრება მესაათის ბუდრუგანას ჰგავს. ჩვენ, ადამიანები მის ვიტრინაში გამოფენილ შესაკეთებელ, სხვადასხვა ფირმის, ჯურის, ფორმის, ზომის, წონის და მექანიზმის მქონე საათებს... ზოგი მათგანი უზომოდ გაცვეთილია და მოშლილია სამუდამოდ. ზოგი წინ გარბის, ზოგი უკან რჩება, ზოგს ზამბარა აქვს გაწყვეტილი... ზოგს რა სჭირდება და ზოგს რა. ზოგი რა დეტალის გამოცვლას საჭიროებს და ზოგი რისას. ერთ მარადიულ უზარმაზარ უზომო ჟამში, ღვთაებაში გაჩერებულია თუ წიკწიკებს თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა ჟამთა აღმწერელი და აღმნუსხველი. მესაათე კი ვითარცა ღვთაება ზის, ხელისგულზე უდევს ჩვენი ერთი ციცქნა სხეული. უზარმაზარი ღვთიური თვალით- გამადიდებელი შუშით გვათვალიერებს დიდხანს. ხანდახან არც თუ ისე დიდხანს, ხანდახან უბრალოდ დაგვხედავს და თუ სთქვა- ამას აღარაფერი ეშველებაო- და გვერდზე გადასდო, გათავებულია ჩვენი საქმე,”-ამბობს ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე და ვხვდები, სიტყვაკაზმული მწერლობის უდიდესი მოამაგე თავის ხურჯინში საგზლად ალაგებდა იმ ძვირფას ქმნილებებს,ასე რომ გაუადვილებდა სვლას მიწიდან ზეცამდე და მესაათესაც არასოდეს მოუნდებოდა ამ წიკწიკა საათის გვერდით გადადება... ვკითხულობ ნოდარ დუმბაძის მშვენიერ მოთხრობებს და სული მევსება სინაზით,სითბოთი და სიყვარულით...ვგრძნობ,მისი შემოქმედება მეხმარება დავძლიო სულიერი სისუსტე და ვიბრძოლო ზნეობრივი სრულყოფისათვის. მოთხრობა ”HELADOSI“ არის პაექრობა ბენძენ იანგულისა და თბილისელ ჯემალს შორის.ბერძენ ჭაბუკს არ ეთმობა ვენეციის გზატკეცილის ყოჩობა და ცდილობს დაიმორჩილოს ჯემალი,რომელმაც სიტყვა და ხელი შეუბრუნა დაუმარცხებელ რაინდს,იანგულიმ შური ვიოლინოზე იძია.... იმ დღეს დასრულდა თბილისელი ”ჰარიფის” მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა - ბრძოლა არსებობისათვის.ყოველ დღე იბრძოდნენ ბიჭები,იბრძოდნენ პატიოსნად,არ ისმოდა გინება,არ სცემდნენ წაქცეულს.ჯემალს,ყოველი ბრძოლის დროს,თვალს სჭრიდა და აკრთობდა იანგულის მკერდზე ლათინური ასოებით ამოსვორინგებული სიტყვა ”HELADOS”. თქვა,ბერძენი ბიჭი დამარცხდა,თუმცა დუელი კვლავ გრძელდებოდა,რადგან იანგულის საკუთარი თავისთვის უნდოდა დაემტკიცებინა სიძლიერე... ბიჭებს მალე მოსწყინდათ ომი და გინებაზე გადავიდნენ,უშვერი სიტყვებით ამკობდნენ ისინი ერთურთს და მერე,როცა სალანძღავი სიტყვების არსენალიც შემოელიათ,კოკას რჩევით ჯემალმა დედა შეაგინა ბერძენ მემწვანილეს...ამის შემდეგ ნახევარი წლის მანძილზე გრძელდებოდა ქართულ-ბერძნული ”შენი დედა ვატირე”.იანგულის გინება ავემარიასავით ესმოდა ჯემალს.მაგრამ ერთ დღეს ბენძენმა ბიჭმა დედა აღარ შეაგინა ჯემალს.მიზეზი? მან გაიგო,რომ თბილისელს დედა არ ჰყავდა...ამით დამთავრდა ომი...ძალიან მალე ნაცემი იანგული მიადგა ნინა ივანოვნას კარს,ჯემალმა გაიგო,რომ თურმე სოხუმელი ბერძნები ელადაში ბრუნდებოდნენ,სამშობლოს ებრუნდებოდა იანგულის მამაც,თავად იანგულის კი არ ეთმობოდა სოხუმი,ვენეციის გზატკეცილი,შავი ზღვა,რკინიგზის ხიდი,მეგობრები,ულამაზესი მიდამო....მისი ელადა სოხუმი იყო და სამშობლო უფრო ღრმად ჰქონდა ჩამარხული გულში,ვიდრე მკერდზე ამოსვირინგებული სიტყვა ”HELADOS”.საქართველოზე შეყვარებული ბიჭი სასტიკად სცემა ხრისტო ალექსანდრიდმა,მისთვის გაუგებარი იყო,რატომ არ სურდა მის შვილს შინ,სამშობლოში დაბრუნება. ... სოხუმის პორტში ბერძნებით სასვე თეთრი პოსეიდონი იდგა. სოხუმელები ცრემლებით აცილებდნენ თავიანთ სისხლსა და ხორცს შორეულ სამშობლოში,ელადაში მიჰყავდა ნაცემი იანგულიც მამას. -ჯემალ,მე მიყვარს დედაშენი,-ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ყოფილ მეტოქეს გემზე მყოფი იანგული,რომელიც წავიდა,მაგრამ ძალიან მალე სამუდამოდ დაბრუნდა სამშობლოდ მიჩნეულ სოხუმში. ... ვკითხულობდი მოთხრობას და ვტიროდი,მებრალებოდა იანგული,რომელიც ცხოვრებამ ისე გათელა,როგორც დიდოელი ლეკი თელავს ნაბადს,უდედოდ გაზრდილს,მოუცლელი მამის ანაბარა მიტოვებულს ქუჩა მიაჩნდა საკუთარ სახლად,ვენეციის გზატკეცილი ეძვირფასებოდა,მას არ ჰქონდა სხვა სამშობლო საქართველოს გარდა,ამიტომაც არ ეთმობოდა და გულში ღრმად ჰქონდა ამოჭრილი სიყვარული იმ ქვეყნისა,სადაც იშვა და გაიზარდა,სიკეთის სხივმა გაუთბო გული,იგრძნო ტკივილიც და სიყვარულიც...მას მამის,ხრისტო ალექსანდრიდის,მსგავსად არ ეძახდა საბერძნეთში მყოფი მამა-პაპის სისხლი და ამიტომ მოვალედ არ თვლიდა თავს იქ წასულიყო.. ქართული მიწა იზიდავდა და,როგორც ჩანს,სიყვარული სოხუმის მიწისა იმდენად ძლიერი იყო,რომ იანგული დაუსხლტა მამის ძლიერ ხელს და შავი ზღვის ტალღებს მინებდა თეტრ ”პოსეიდონს” გამოქცეული. იანგული ტკივილია,რომელიც იმდენად მწარეა,ვერ დაითმენ და ვაჟკაციც ქალისებრ აცრემლდები... მეც დავტირი ბერძენ ჭაბუკს,რომელსაც ძალიან უყვარდა და მშობლიურად მიაჩნდა ქართველთა და აფხაზთა სამკვიდრო-სოხუმი,მან,მიუხედავად თვისი ბერძნული წარმოშობისა,არ იცოდა მშობლური ელადის სიტკბო და სიყვარული,ამიტომ ელადა მისთვის მხოლოდ გულზე,მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ასოებით დასვირინგებული სიტყვებით იწყებოდა და მთავრდებოდა,ნამდვილი,მარადიული სიყვარულით კი ის მიწა უყვარდა,სადაც თვალი გაახილა და ”სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე”... რა შეიძლება ვთქვა ხრისტო ალექსანდრიდზე..შვილისაგან განსხვავებით მან,მართლაც,იცის მშობლიური ელადის სიტკბოება,განიცდის ნოსტალგიას,ეჩქარება სამკვიდროში დაბრუნება და ვერ ეგუება შვილის ურჩობას.მას იანგულის სურვილი სოხუმში დარჩენისა შვილის ახირება ჰგონია,რადგან მისთვის უცხოა ის განცდა,იყო ბერძენი და ელადის ნაცვლად სოხუმზე ფიქრობდე... არ ვიცი, სად დაიბადა ხრისტო.იქნებ საბერძნეთში,ან იქნებ სოხუმშიც... იქნებ დედა ბერძნულად უმღერდა ნანინას,მიტოვებული სამშობლოს ხატებას გულზე ამოსვირინგებულ სიტყვაზე უფრო ღრმად უმარხავდა და სიკვდილის წინ,ვიდრე უკანასკნელი სუნთქვა გაეცლებოდა,ჩასძახოდა:შენ მაინც დაბრუნდიო მშობლიურ ელადაში,ვინ იცის?! ვფიქრობ იანგულზე,ხრისტო ალექსანდრიდზე...ორივე მებრალება და მეტირება,მათი თავგადასავალი მახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას-ფერეიდნელთა სევდას,სულ ახლახან საკუთარი სამკვიდროდან (სოხუმიდან და ცხინვალიდან)აყრილ ქართველებს,ვკითხულობ წიგნებს,ვესაუბრები მშობლიურ მიწას მოწყვეტილ ადამიანებს,რომლებიც ცხოვრობდნენ აქ,საქართველოში,მაგრამ ცოცხლობენ იმედით თავიანთ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებისა,არ ასვენებთ დარდი და სევდა და მზად არიან დაბრუნდნენ იქ,საიდანაც იძულებით აყარეს... თუკი იანგულის თავგადასავალი წაგიკითხავთ და გიტირიათ,თუკი ფერეიდანელ ქართველთა გულის ნადებს ჩასწვდომიხართ და სიბრალული გიგრძვნიათ,თუკი ერთ ლტოლვილ ქართველთან მაინც გისაუბრიათ,ალბათ მიხვდებით,რომ,როგორც ხეს უჭირს იცოცხლოს ფესვებს მოწყვეტილმა,ასევე ადამიანებს ეძვირფასებათ და არ ეთმობათ მიწა,სადაც შობილან,გაზრდილან და საიდანაც უზმობდნენ აჩრდილები მამა-პაპათა. თავდაპირველად იანგული გავიცანი ქუჩის ხულიგან ბიჭად.ასეთები თითქოს უნდა გძულდეს,გეზიზღებოდეს,მაგრამ მე მის მიმართ სიძულვილი,მით უფრო ზიზღი არ მიგრძვნია,რადგან მასში,მიუხედავად ქუჩის ბიჭობისა,დავინახე პატიოსნება,ღირსება,სიამაყე,დიდი სიყვარული.იანგული უპატრონოდ ყოფნამ და უყურადღებობამ აქცია ქუჩის ბიჭად ,ხულიგნად,ამიტომ აღარ შეაგინა ჯემალს,ავემარიასავით ლამაზი სიტყვებით,როდესაც გაიგო,რომ მისი მეტოქე ობოლი იყო... მიდის იანგული სოხუმიდან,ემშვიდობება ყველას და ყველაფერს,ისეთი მზრუნველობით აბარებს ჯემალს თავის აპოლონს,რომ ამ პერსონაჟის მიმართ თუნდაც ეს მონაკვეთი სიმპათიით განგვაწყობს... მჯერა,იანგული სიტუაციის მსხვერპლი გახდა,მზრუნველი მშობლების ხელში ის კარგი ვაჟკაცი დადგებოდა... რამდენი იანგული დადის ქუჩაში დღესაც,რამდენი თბილი გული ივსება სიცივით და ტკივილით,რამდენი კეთილი თესლი ხვდება ეკალ-ბარდსა და ქვა-ღორღში,ვინ იცის?!არადა,”საქართველო,შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!” ადამიანური სითბო,დედაშვილური მძლეთამძლე სიყვარული და კაცთმოყვარე ბუნება იანგულისმაგვარ ბიჭებს საზოგადოებისათვის სასარგებლო კაცებად აღზრდის.მეცოდება იანგული,მეცოდებიან მისი მსგავსი ყმაწვილები საზოგადოებისა და ქვეტნისატვის დაკარგული შვილები,ამიტომ ხშირად,ძალიან ხშირად ვფიქრობ მათზე და მეტირება.. ... და რადგან ძნელია იცხოვრო ფესვებმოწყვეტილმა,რადგან იანგული სევდაა დღევანდელი საქართველოსი,რადგან ვკითხულობთ მზესავით თბილი გულის მქონე კაცის ქმნილებებს და გვეტირება,იქნებ მეტი გვეფიქრა მშობლიური ბედიდან აყრილ ადამიანებზე,გაგვეთავისებინა მათი ტკივილი და ნორჩი ტოტები ბერმუხებთან ერთად მშვიდობიანი გზით დაგვებრუნებინა სამკვიდროში, ვიდრე კიდევ ესმით ადგილის დედის ძახილი, ახსოვთ ,,ლურჯი მთები,თეთრი სანატორია”, ვიდრე არ გაცივებულან ,,სინათლის მზენი” , მზით გამთბარ-გაცისკროვნებული გულები და აგონდებათ ,,კარალეთის დღეები”... ჩემს ნაფიქრსა და ნააზრევს, განცდილსა და აღქმულს ისევ ნოდარ დუმბაძის უკვდავი სტრიქონებით დავამთავრებ: ,, საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს. თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.”

თემა: დიდი პოეტი და იდეოლოგი - არსენ იყალთოელი ( XI-XII საუკუნე)


 სკოლა: ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლა
კლასი: მე-9 მოსწავლე: ნინო ებრალიძე
პედაგოგი: ასმათ ჭარელიძე


არსენ იყალთოელი XII საუკუნე

დავით აღმაშენებლის ეპიტაფია ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.”
ჩვენს მშობლიურ ენას ბურჯად და მესაჭედ ედგნენ ადამიანები,რომლებიც, სამშობლოს სიყვარულით გულაღტკინებულნი, იღვწოდნენ, ქმნიდდნენ, აჩუქურთმებდნენ თავიანთ ნააზრევსა და განცდილს, და შთამომავლობას უტოვებდნენ, როგორც უტყუარ მასალას, ჩვენი სახელოვანი წარსულის მოსაგონებლად.......რათა ვიცოდეთ, ,,რანი ვართ” და ,,რანი ვყოფილვართ”...სად გვიხნავს, სად გვითესია, რა მოსავალი მიგვიღია........ ძნელია, გამოარჩიო ღირსეულ მამულიშვილთაგან ერთ-ერთი და მასზე ისაუბრო, მაგრამ ამჯერად მე ყურადღებას არსენ იყალთოელზე შევაჩერებ.სხვებძე სხვები იტყვიან.ახალს ვერაფერს მოგახსენებთ,მაგრამ მინდა ჩემმა თანატოლებმა დაინახონ მისი სულიერი პორტრეტი,გაითავისონ და , მინდა დავრწმუნდეთ, რომ ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის”. არსენ იყალთოელი გახლდათ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, იდეოლოგი, მეცნიერი (ანატომიისა და ფიზიკის მცოდნე და სხვა). მას დიდი დამსახურება მოუძღვის ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ეროვნული იდეოლოგიის წინაშე. არსენ იყალთოელმა განათლება მიიღო კონსტანტინოპოლის მანგანის აკადემიაში. შემდეგ შავ მთაზე მოღვაწეობდა. მთარგმნელობითი მოღვაწეობა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების მერე დაბრუნდა მანგანის აკადემიაში. შემდეგ დავით აღმაშენებლის მოწვევით გელათის აკადემიაში მოღვაწეობდა. მერე კახეთში იყალთოს აკადემია დაარსა. დავით აღმაშენებლის სიკვდილის მერე, 1125 წლიდან დამკვიდრებულა შიო მღვიმის მონასტერში, თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს აღარ უცოცხლია. მას ახასიათებენ როგორც: „თარგმანსა და მეცნიერთა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელს ყოველთა ეკლესიათა“. იგი უფრო დოგმატურ, პოლემიკურ და კანონიკურ ლიტერატურას თარგმნიდა. თარგმნისას მაქსიმალურად ცდილობდა ბერძნულ დედანს მიჰყოლოდა. როგორც ამბობენ, ამის გამო ოდნავი ძალდატანებაც გამოსდის ქართულ ენაზე. თვითონ წერდა: „თუ სიბნელე რაჲმე სადმე ანუ სიდუხჭირე შესდგამს, იგი ბერძნულისა შედარებულობისაგან არს და არა ქართულთა სიტყვათა დაშვენებასა ვერმეცნიერობისაგან“. არსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ცნობილი ავტორისა და 11 ანონიმის თხზულებაა. მათ შორის: ანასტასი სინელის „წინამძღვარი“, ლეონ პაპის „ეპისტოლე“, თეოდორე აბაკურას „საკითხავნი საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“, იოანე დამასკელის „დიალექტიკა“ და „გარდამოცემა“ (ჯერ ეფრემ მცირესთან ერთად, მერე ცალკე), „სიტყვისგება ჰურიათა მიმართ“, „თავნი სომეხთა წვარსენ იყალთოელმა თარგმნა „დოგმატიკონი“, რომელშიც 9 ალებისანი ოცდაათნი“. გარდა ამისა, გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფი“, ფოტი პატრიარქისეული რედაქციის 14-ტიტლოვანი „ნომიკანონი“, რომელსაც მისი თარგმანით „დიდი სჯულის კანონი“ ეწოდება. ჯერ კიდევ შავ მთაზე მოღვაწეობისას ეფრემ მცირეს ხელმძღვანელობით თარგმნიდა ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკურ თხზულებებს და სხვა. იყალთოს აკადემია IX საუკუნეში დაარსებულა, თუმცა არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგად არსებობა შეუწყვეტია. XII საუკუნეში კი იყალთოში დავით აღმაშენებლის სახელმწიფო კარის მრჩეველი, სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი ჩავიდა და აკადემიის აღდგენა დაიწყო. წარმოშობით იყალთოელი, გვარად მაყაშვილი იყო, წყაროებში ვაჩეს ძედ იხსენიება. მისი თაოსნობით, 1114-20 წლებში იყალთოს აკადემიას ფუნქცია დაუბრუნდა. არსენ იყალთოელი აკადემიის პირველი რექტორი იყო. მან თარგმნა და ერთ კრებულში `დოგმატიკონი~ (ყველაზე სრული ნუსხაა შ-1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები: ანასტას სინელის `წინამძღვარი~; იოანე დამასკელის `წყარო ცოდნისა~, მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი; თეოდორე აბუკარის პოლემიკური ეპისტოლენი; მიქაელ ფსელოსის `პირმშოსათვის~; კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური თხზულებანი; არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე `დიდი სჯულისკანონი~, გიორგი ამარტოლის `ხრონოღრაფი~ და სხვ. არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო სქოლიოებს. აღსანიშნავია, რომ მას მოიხსენიებენ ანატომიის მცოდნედ _ `ანატომიკოსად~ (ანტონ I, იოანე ბაგრატიონი). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია `ვინ ნაჭარმაგევს მეფენი~. არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკური საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი _ დოგმატიკური. ფილოსოფიაში სქოლასტიკის, არისტოტელიზმის მიმდევარია. მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხანანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს. არის ვარაუდი, რომ რუის-ურბნისის კრების განჩინების დამწერი და მასზე დართული დავით აღმაშენებლის ხოტბის ავტორი, დავით აღმაშენებლის ორი ანდერძის ჩამწერი, ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ მთარგმნელი, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასტული რედაქციის ავტორი -არსენ ბერი (არსენ ვაჩესძე) და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნება უნდა იყოს. არსენ ბერისეული დავით აღმაშენებლის ხოტბა - „მეფესა დავითს“ და არსენ იყალთოელისეული დავით აღმაშენებლის ეპიტაფია („ვის ნაჭარმაგევს მეფენი“) იმდენად მაღალმხატვრული პოეტური ნაწარმოებებია, რომ არ არის გამორიცხული, ერთი გენიოსის დაწერილი იყოს. გარდა ამისა, არსებობს სხვა არგუმენტებიც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩვენ ორი სხვადასხვა გენიოსი გვყავდა (ორი კი არა, მეტიც). პირადად მე, ორი არსენის, არსენ ბერისა და არსენ იყალთოელის, იგივეობა დამაჯერებლად მიმაჩნია. შესაძლოა არსენ იყალთოელი იმ ყრმათა შორის იყო, გიორგი მთაწმინდელმა რომ წაიყვანა კონსტანტონოპოლში აღსაზრდელად. დღეს გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, კიდევ ერთხელ ვიგრძნოთ სიამაყე ჩვენი დიდი იმპერატორის საქმეებით, დავტკბეთ მისი მეგობრისა და თანამებრძოლის, დიდი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედის, არსენ იყალთოელის პოეტური და იდეოლოგიური ტალანტებით. მეცნიერებაში გამოთქმულია აზრი, რომ არსენ ბერი, შემდგენელი რუის-ურბნისის ,,ძეგლისდებისა” და არსენ იყალთოელი ერთი და იგივე პიროვნებაა, რასაც ჩვენც ვიზიარებთ.რუის-ურბნისის საეკლესიო კრების წინასიტყვაობა საოცრად მაღალმხატვრული და პოეტურია, როგორც ,,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია”, შესაძლოა, ეს ორივე ნაწარმოები ერთი უნიჭიერესი პიროვნების შექმნილი იყოს. არსენ ბერის მაღალმხატვრული ქმნილება "დავით აღმაშენებლის ეპიტაფია”, გამოხატავს დიდი საქართველოს შექმნის იდეოლოგიას. დღეისათვის "დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის” ორი რედაქციაა ცნობილი. უფრო სწორად, ეპიტაფიის პირველი სტრიქონის ორი ვარიანტი იბეჭდება ხოლმე სხვადასხვა გამოცემებში. პირველი ვარიანტი ამგვარია: ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამეხსნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამეხსნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს, – აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამეხსნეს.” ასეთი რედაქციით აქვს გამოქვეყნებული დავით მეფის ეპიტაფია პავლე ინგოროყვას, (მანამდე სხვებსაც). როგორც ჩანს, მას უნახავს ეპიტაფია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზედ გელათში, როცა ის ჯერ კიდევ იკითხებოდა. სხვები პირველ სტრიქონს სხვაგვარად გვაწვდიან: "ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდივე პურად დამესხნეს”. და სხვა. ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, პირველი სტრიქონის რომელი რედაქცია იქნებოდა უფრო სწორი დავით აღმაშენებლის პერიოდისთვის, ისტორიზმიდან გამომდინარე. რიცხვი შვიდი ქართულ წარმოდგენაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიტყვა მშვიდობა ნაწარმოები უნდა იყოს შვიდ-ობიდან ანუ ჰარმონიიდან და სხვა. ძველ ქართულ წყაროებში საქართველო სიმბოლურად შვიდი სამეფოს ერთობას წარმოადგენს. "ვეფხისტყაოსანშიც” საქართველოს ალეგორია ინდოეთი შვიდი სამეფოსაგან შედგება. თავისთავად ცხადია, რომ ეპიტაფიაში თუ გამოვაქვეყნებთ "შვიდნივეს", არავითარი შეცდომა არ იქნება და მიმანიშნებელი იქნება იმისა, რომ დავით აღმაშნებელი იყო სუზერენი, მფლობელი, "მასპინძელი" შვიდი მეფისა. ეს ნიშნავს, რომ იგი იყო დიდი ხელმწიფე, მეფეთა მეფე, შვიდი მეფის მეფე – იმპერატორი. ისევ, როგორც ეპიტაფიის მეორე და მესამე სტრიქონები სიტყვაკაზმულად, მაღალმხტვრულად, გენიალურად მოკლედ და ლაკონურად გამოხატავენ დავით აღმაშენებლის ღვაწლს, პირველი სტრიქონიც მის სტატუსს წარმოგვიდგენს. მეორე სტრიქონი: "თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამეხსნეს”, გადმოგვცემენ ისტორიას ქვეყანისა, სადაც გაბატონებულნი იყვნენ უცხოთესლნი და ისინი "გასხა", გარეკა წმინდა მეფემ, გაათავისუფლა სამი დამპყრობლისაგან (სპარსი, თურქი, არაბი) საქართველო. მესამე სტრიქონიც არა მხოლოდ პოეტურია, იგი ისტორიულია და იდეოლოგიურია. "თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამეხსნეს”. მართლაც დავით აღმაშენებელმა მკვიდრად გააერთიანა ამერი და იმერი. ამ სტრიქონში ქართული თემების ერთ ერად უფრო შედუღაბებაა გადმოცემული. მეოთხე სტრიქონი განსაკუთრებულად მაღალმხატრულია, პოეტურია, ემოციურია, ფილოსოფიურია, უზადოა. ბრწყინვალედ და უბრალოდ არის მოძებნილი და გადმოცემული ყოველივესი, თუნდაც დიადის დასასრული – სიკვდილი, ამაოება. ასევე მასში არის ჩაქსოვილი მთელი ერის გოდება წმიდა მეფის დაკარგვის გამო. ამასთან, ქრისტიანული რწმენა, ადამიანის განსვენება, გარდაცვალება. ახლა მოვუბრუნდეთ პირველ სტრიქონს. ვარიანტი, რომელიც სულ თავიდან შემოგთავაზეთ, გადმოგვცემს, რომ დავით მეფემ თორმეტი მეფე დასვა ნაჭარმაგევს "პურად”. ანუ იგი იყო თორმეტი მეფის მეფე, სუზერენი, იმპერატორი. ვფიქრობ, ეს ვარიანტი უფრო სწორი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს ვარიანტი გადმოცემული აქვს "ხელმწიფის კარის გარიგების” უცნობ ავტორს. ეს ნაწარმოები უნდა შექმნილიყო მეთოთხმეტე საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის დროს. "ხელმწიფის კარის გარიგების” თავში "ხელქვეშეთ მეფე-მთავართა დაჯდომის წესი” ვკითხულობთ: "და ზოგთა ვიეთმე ასრე უწერია, ვითა ტრაპიზონელი და შარვანშა, შანშე და სომეხთა მეფე რა მოვიდნენ, საჯდომი ერთი არ არის ოთხთავე. მამა არსენ იყალთოელი, ეგეთი კაცი მტყუანი როგორ ეგების? ამას შაირსა არა იგი იტყვის: "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად ჩაესხნეს”. მაშინ ორნი ოსთა მეფენი და კახთა მეფე, და ალვანთა მეფე, წანართა მეფე, სამნი ტაოელნი მეფენი და სომეხთა მეფე და ტრაპიზონელნი და შარვან შაჰენნი, – ესენი ჩაესხნეს ნაჭარმაგევს და თორმეტნი დასხდეს”... (ქართული მწერლობა, V, “გარიგება ხელმწიფის კარისა”, გვ. 81, თბილისი 1988). "ხელმწიფის კარის გარიგებით" მტკიცდება, რომ სწორია ვარიანტი “თორმეტნი”. ეს მთელ კავკასიას აღნიშნავს, ალეგორიულად მთელ დედამიწას. ასევე თორმეტი მოციქულის, საიდუმლო სერობის, დროის თორმეტი მონაკვეთის და ა. შ. სიმბოლიკას წარმოგვიდგენს. თუმცა, ეს ფრაზა სიმბოლური არ არის, ის ისტორიულ რეალობასაც გამოხატავს. ეს ფრაზა ამტკიცებს, რომ სხვა ქართულ და არაქართულ სამეფოთა გარდა დავით აღმაშენებელს ემორჩილებოდა ძველი ქართული ქვეყანა, "სამეფო”, ქალდია-ტრაპიზონის სამთავრო. ეს ადმინისტრაციული ერთეული ბიზანტიის მფლობელობაში იყო მანამდე. 1071 წლის მერე თურქებმა დაიპყრეს. თურქებიდან ქალდიამ თავი საკუთარი ძალებით გაითავისუფლა, კონსტანტინოპოლის დახმარების გარეშე. შემდეგ ბიზანტიის იმპერიასა და ტრაპიზონის სამთავროს მმართველ გავრათა საგვარეულოს შორის სიტუაცია დაიძაბა (პავლე ინგოროყვა, ჭანეთ-ლაზეთის ისტორიის საკითხთა გამო, გვ. 21-22, თბილისი 2003). მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენმა ყველა სეპარატისტულად განწყობილი მხარე მკაცრი მეთოდებით დაიმორჩილა, ქალდიას საფრთხე ძველი დამპყრობლისაგან არ შეხებია, ჩვენი აზრით, დავით აღმაშენებლის დამსახურებით და გაბრების საგვარეულოს მეცადინოებით. იმ დროიდან იწყება (აღდგა) დიდი საქართველოს გავლენის გავრცელება ტრაპიზონ-ქალდიაში ანუ შუა და დასავლეთ ლაზეთის მხარეში. იმ დროს, როცა დავით აღმაშენებელი გახდა თორმეტი მეფის სუზერენი, ამ თორმეტი სამეფოდან შვიდი გაუქმებული იყო და საქართველოს უნიტარული სახელწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. შვიდივე "სამეფო" ეთნიკურად ქართული იყო. მათ გამგებლებს, რომელთაც ნიშნავდა საქართველოს იმპერატორი, `მეფისა ადგილსა მჯდომები” ეწოდებოდა. ეს სამეფოები იყო: 1. კახთა (ეს სამეფო დავით აღმაშენებელმა 1104 წელს შემოუერთა საქართველოს, "ხელმწიფის კარის გარიგებაში" ეს სამეფო დასახელებულია მესამედ); 2. ალვანთა (1120 წელს შემოერთებული ყაბალა, ალვანთა ქვეყანა, "ხელმწიფის კარის გრიგებაში” მეოთხედ დასახელებული); 3. წანართა (“წანარეთის სამეფო”, "ხელმწიფის კარის გარიგებაში” მეხუთედ დასახელებული); 4-5-6. სამი ტაოს სამეფო (ტაო-კლარჯეთის ძველი სატახტოები); 7. "სომხითის” – ლორე-ტაშირის სამეფო (ძველი ქართული მიწა-წყალი, დასახლებული უმეტესწილ ქართველებით, სადაც სომეხ კვირიკიანებს დაარსებული ჰქონდათ ე.წ. სომეხთა სამეფო – ცენტრით სამშვილდე. ეს სამეფო თურქებმა დაიპყრეს ჯერ, ხოლო შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა და დაუბრუნა საქართვლოს). ამ შვიდ ქართულ სამეფოთა გარდა დავით აღმაშენებლის მფლობელობაში როგორც ავტონომიური სამთავრო შედიოდა ქალდია – ტრაპიზონის ქართული ქვეყანა, რომელსაც იმ დროს მართავდა გრიგოლ გაბრა. ამას გარდა, დავით აღმაშენებელი იყო მფლობელი არაქართული წარმოშობის სამეფოების, ისინი "ხელმწიფის კარის გარიგებაში” მითითებულია: 1-2. ორი ოვსთა სამეფო (ოსური სამეფოები ჩრდილო კავკასიაში); 11-12. შარვანის საშაჰოები (1123 წელს შემოერთებული შირვანის და დრუბანდის ავტონომიური სამეფოები). დავით აღმაშენებლის ეპიტაფიით სიმბოლურად ირკვევა, რომ საქართველო არის ღვთის რჩეული ხალხი, თორმეტი სამეფოსგან შემდგარი სახელმწიფო. დიდი საქართველო შექმნა დავით აღმაშენებელმა თავის თანამებრძოლებთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვლენოვანი ადგილი ეკავა, დავით აღმაშენებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, "სასოს და განმანათლებელს დავითისა, ბერსა არსენის".  

1. პროექტი - დღევანდელი ყოფითი პრობლემები.
2.პროექტის მოკლე აღწერა - საზოგადოების დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს.
3.პროექტის ვრცელი აღწერა- ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ ქვეყანაზე. ირგვლივ უინტერესოდ და მძიმედ მიდის საზოგადოების ცხოვრება. ნაწილი ფუსფუსებს და შრომობს ფუტკარივით, ზოგი მაღალი თანამდებობითაა უზრუნველყოფილი და ზოგიც სიღარიბის ზღვარზეა. დიდი წვალების და ტანჯვის მიუხედავად ,ადამიანები ძლივს არჩენენ ოჯახებს, ეკონომიისა და ნაკლები ხარჯვის გამო იშვიათად თუ რთავენ ნათურას და გათბობითაც ხელებს თუ შეითბობენ გაზზე.საშუალო შემოსავლის მქონეოჯახის ორი უფროსი წევრი აუცილებლად უნდა მუშაობდეს,რათა მოსული კომუნალური გადასახადები დროულად ერთმა მაინც გადაიხადოს ,მეორემ კი შვილების კვებაზე იფიქროს, ოღონდ არა დელიკატესები, არამედ უბრალოდ სადილი მიირთვას.უდიდესი ყოფითი პრობლემებით ცხოვრობენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ძვირფასი და სათნო ადამიანები.მოხუცები, რომლებიც კუთვნილი პენსიით ძლივს ახერხებენ საჭირო წამლის ყიდვას,ხოლო ელემენტარულ მოთხოვნილება, რომ ტკბილი საკვები მიირთვან, მეორეხარისხოვნად , ნატვრად რჩებათ. მაღაზიები კი გადაჭედილია სხვადასხვა უგემრიელესი თუ თვალისმომჭრელი პროდუქტით, მაგრამ აქვს კი ყველას იმის საშუალება, რომ ცოტა ხნით მაინც გაიხაროს, ამაყად შეიძინოს ის, რაც მას ძალიან უნდა?!- არა, ის ამას ვერ გაბედავს, რადგან მის უკან ოჯახია. ოჯახი, რომელსაც ყოველდღირად ცხოვრების გზაზე უამრავი ყოფითი პრობლემა ხვდება.
4.მონაწილეთა ასაკი- 15 წლიდან ზევით.
5. ვადები. ხანგრძლივობა- 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში- მოხუცთა თავშესაფარში წასვლა; მოხუცებთან გასაუბრება; ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციის მოწყობა; ტკბილეულით გამასპინძლება.
7.პროექტის მოსალოდნელი შედეგი:
მოხუცები გაიხარებენ...კიდევ ერთი ლამაზი დღე დადგება მათ ცხოვრებაში...მოსწავლეები ისწავლიან უმწეოთა თანადგომასა და დახმარებას........
8.სარგებელი სხვებისთვის: გაიგებენ ,თუ რა დიდი პრობლემების წინაშე დგანან საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი.
9.სამუშაო ენა- ქართული
10.საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი-არ საჭიროებს. 11.ავტორი- ნინო გიორგაძე-მე-10 კლასის მოსწავლე.32-ე საჯარო სკოლა.  

პროექტი


1.პროექტი- ,,ენის სიწმინდის დაცვა"
2.პროექტის მოკლე აღწერა - ქართული ენა უდიდესი საუნჯეა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
3.პროექტის ვრცელი აღწერა - ქართული ენა მდიდარია, თუმცა სამწუხაროა, რომ დღეს მრავალი პრობლემა აქვს. დღესდღეისობით მას ძალიან ბევრი ადამიანი ამახინჯებს სხვადსხვა ტერმინებით. ენის სიწმნდის დაცვის საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალისტებს. მათ საუბარში არაერთი შეცდომა იპარება, როგორც გრამატიკული, ასევე სტილისტური. ხშირად ისინი ხმარობენ უცხოურ ტერმინებს, რაც დიდი დანაშაულია. ჯურნალისტის მეტყველებას გადამდები ძალა აქვს და თუნდაც უნებლიე მიბაძვის საფრთხეს ქმნის.
4.მონაწილეთა ასაკი- ჩემი აზრით, ეს თემა ნებისმიერი ასაკისთვის მისაღებია, მაგრამ ამჟამად პროექტი ჩატარდება მოზარდებში, დაახლოებით 15-17 წლის ბავშვებში.
5.ვადები, ხანგრძლივობა- 2 კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- ინტერნეტის გამოყენება; ფორმატის გაკეთება, სადაც მოცემული იქნება სწორი და არასწორი ფორმები; ჟურნალისტების საუბარზე დაკვირვება და ბოლოს დიდი დისკუსია.
7.პროექტის მოსალოდნელი შედეგები- მე ვთვლი, რომ ეს თემა დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, თითოეული ადამიანის გულში გავაღვივოთ მშობლიური ენის სიყვარული.
8.სარგებელი სხვებისთვის- გაეცნობიან ამ პროექტის მთავარ არსს , რის გამოც გაკეთდა ეს ყველაფერი . შესაძლოა ბევრმა მართლაც შეწყვიტოს სხვადასხვა ტერმინების ხმარება და ქართული ენის დამახინჯე ბა.
9.სამუშაო ენა- ქართული.
10. საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი-ქართული.
11.ავტორი- ლიკა რაზმაძე. მე-10 კლასი.32-ე საჯარო სკოლა. 

Sunday, October 16, 2011

ვაჟა-ფშაველას კვირეული

                                        24-28 ოქტომბერი:

  1. ,,ვაჟა- ბუნების მგოსანი”-ერთი ლამაზი გაკვეთილი.
  2.  ფილმის ჩვენება.მთაწმინდის პანთეონში მისვლა საფლავზე და პატივის მიგება.
  3.  ნახატების გამოფენა,შემოქმედებითი კონკურსი.
  4.  პოეზიის საღამო
  5.  ექსკურსია ჩარგალში 




















სვეტიცხოვლობას გილოცავთ.........

უფალი შეგეწიოთ!


ტროპარი:

კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სვეტისა წმიდისა და კვართისა საუფლოსა ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკვდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

 

 


კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივ-ბრწყინვალისა, რომელი ჰნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კვართსა ზედა, და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძვასა საყდარსა, და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხამენ: გიხაროდენ სვეტო ბრწყინვალეო.

 



ხოლო ოდეს მოიწია ჟამი და მოვიდა ნეტარი ესე დედაკაცი, მოციქული და მახარებელი ძისა ღმრთისაჲ, წმიდაჲ ნინო, პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა უცხოჲ და ვითარცა მწირი, ვითარცა შეუწევნელი, ვითარცა უსმი და უტყვი, რომელიცა აწ მექმნა ჩუენ ტყუე იგი დედოფალ, უცხოჲ იგი – დედა, შეუწევნელი – შესავედრებელ ყოველთა, და უტყვი იგი – ქადაგ ძლიერ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა გულის სიტყუათა, ამან წმიდამან აღანთო გულსა ჩემსა სანთელი ნათლისაჲ და შუვაღამეს ოდენ მეჩუენა მე მზე მბრწყინვალე, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისა ნათელი მისი არა მოაკლდეს უკუნისამდე. და მექმნა ჩუენ მოძღუარ და შემრთნა ჩუენ ერსა ქრისტესსა ნათლის-ღებითა წმიდითა და პატიოსნისა ძელისა თაყუანის-ცემითა. და მომცნა ჩუენ სჯული ახალი ცხორებისაჲ და სიხარულისაჲ და ღირს-მყვნა გემოჲს-ხილვად საიდუმლოთა უხრწნელთა ზეცისათა. მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელიცა მასწავა და აღვაშენე ეკლესიაჲ სალოცველად სამოთხესა მას მამათა ჩემთასა, და მას შინა სუეტი ესე ნათლისაჲ, რომელიცა მე ყოვლად ვერ შეუძლე ყოვლითა ძალითა და ცნობითა კაცობრივითა, ხოლო ღმერთმან მაღალმან მოავლინა ერთი მსახურთა მისთაგანი და წამის-ყოფითა მისითა ქუეყანით ცად აღიწია. და თვით თუალნი თქუენნი ხედვენ საშინელებასა და საკვირველებასა მისსა და მერმე კურნებათა მათ მისთა.
წმ. მეფე მირიანი
მოქცევაჲ ქართლისაჲ. შატბერდის კრებული, თბ. 1979 წ.