Wednesday, April 11, 2012


მოსწავლე: ნინო ჭიკაიძე
პედაგოგი: ლიაჩხაიძე
2012 წელი

მთის შვილი...

მთის შვილი ავად გამხდარა,
მთისკენ აქვს პირი მზესაო,
სადღაც ოცნებაც გამქრალა
ფანდურს სიმები წყდებაო...
ამ მიტოვებულ სახლებში
მხოლოდ სიჩუმე ბინადრობს,
მე კი შორიდან გიმღერი,
შორიდან განცდებს გიამბობ...
შენს კალთებზედა ვივლიდი,
ავამღერებდი ოცნებებს,
დილით მზეს გავუღიმებდი,
მოვსვამდი წმინდა წყაროებს,
გზად დაგიკრეფდი გვირილებს,
ფიქრებს თამამად გიმხელდი,
გიძღვნიდი მოკლე სტრიქონებს,
მთვარეს დილამდე ვუმზერდი..
მთაო ! ოცნებით გიმღერი,
გათბობს ფერები ცისაო,
შენთვის ვარ შვილად მოსული,
შენშია ფერი მზისაო...

უფალო! ნუ გამიწყრები,
შემინდე ნაბოდვარიო,
მხოლოდ შენ გესმის ფიქრები
მთიულის ნაფერალიო....


მონატრება

დილა გათენდაო, - ყვირის მაღვიძარა...
დილა უმწეო და დილა ნამიანი...
ვდგავარ ფანჯარასთან,
სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...
სული დაგუბებულ წვიმას შეუერთდა...
ზეცას სილაჟვარდე თითქოს გაპარვოდა,
წვიმა მოღალატე მიწას მიეტმასნა...
უკვე ტკივილამდე...
სუნთქვა მომაშველე, თორემ უმზეობა ვიცი სულ გამყინავს...
ვდგავარ უმწეო და ვდგავარ ნამიანი,
მინდა გაქცევა და წინ ვერ გადავმდგარვარ...
დილით გამაღვიძა ჩემმა მაღვიძარამ,
კვლავაც მაუწყა,რომ დილა თენდებოდა...
ჩემი დღე დამდგარა, ჩემი დღე დამდგარა...
ვდგავარ ფანჯარასთან, სიზმარს დავეძებ და მაინც არსად ჩანხარ...


გაძარცვული სული...

დღითიდღე უფრო და უფრო ვიცლები, თითქოს მოსწყვიტეს მზეს მზის სხივები, გამომაცალეს ფეხქვეშ მიწა და ახლა უმწეოდ ნიავს მივყვები... დავეძებ ჩემი სახლის საძირკველს, მაგრამ მომტაცეს და შორს წაიღეს... წამართვეს უფლება - ,,დედა” სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... ვეღარ ვპოულობ ვერც უფლის ტაძარს, დავყვები ნიავს აღმა და დაღმა... მომწყვიტეს დედის მკერდსა და კალთას და ნიავს მისცეს ჩემი გზის მართვა... გამძარცვეს, სული სულ გამიყინეს, მზის სხივის სითბოც არ მაპოვნინეს, წამართვეს უფლება - თბილი სიტყვისა, მე არც ცისა ვარ და არც მიწისა... დამჩემდი... სიტყვები სიტყვებს ვეღარ პოულობს, რა უცნაური სითბო დამჩემდა, მზემ ცივ მთვარესთან როგორ იომოს მხატვარი ფერებს უკვე არჩევდა... გაწოლილია ჩვენს შორის ხიდი, აქ, შენს სუნთქვამდე მოსვლა ძნელია... მხატვრის ნახატში მატულობს ფიქრი, მხატვრის ნახატი უკვე ძვირია... უკვე საშინლად ამოგიჩემე, მე ამ ფერებში ვრჩები მალულად, სიტყვები სიტყვებს გადაემტერნენ, მზე ცის ნახატში გადამალულა... ამოგიჩემე...უკვე საოცრად..


უცნაური...(სევდიან ნოტებზე)

მოდი... შენ მაინც მესაუბრე უსიტყვოდ, ფიქრით, მკრთალი ღიმილით, მოდი... ვუშენოთ ჩიტებს ბუდე მზით გამთბარი, მთვარით ნათელი, მოდი... გავშალოთ ოცნებები ამ ცარიელ, თეთრ სივრცეებში, მოდი... ვეღარ მოვერევი ამდენ ბარგს და დავეცემი... გზები მიდის, ნეტავ საით? გშორდები, თუ დაგეწევი... მეშინია... აქ უშენოდ ბეწვის ხიდზე ვერ გავივლი... მოდი...მოდი...გადავშალოთ ოცნებები სივრცეში, ავამღეროთ კლავიშები გათოშილი ფიქრებით...  

No comments:

Post a Comment