Tuesday, December 22, 2009

გვრიტებო,გვრიტებო..................



გილოცავთ 2010 წელს!

ულევი წარმატება და სიხარული გქონოდეთ!

სანთლის ციმციმში გეღიმილოთ,

ჩვენო ,,გვრიტებო!”

ასმათლია.

Thursday, December 17, 2009

ბარბარობას გილოცავთ!













დიალოგი
-დე , ვინ იყო ბარბარე?

-ღვთის მოწამე, შვილო.

-რა თქმა უნდა.წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ოლიმპოში. მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს.ბარბარეს დედა მალე გარდაიცვალა. იგი ოჯახის ერთად-ერთი შვილი და მამისგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ძალზე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. მამამისმა მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

-დე, რატომ ჩაკეტა მამამისმა კოშკში?

-შვილო, მას მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვის.

-და, როგორ გახდა ის წმინდანი?

-ცოტა ხანში ბარბარეს მამას საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვარება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანობა და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ოლიოპოსი ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო.

-როგორ შეხვდა მამა შვილის გაქრისტიანებას?

-მამა ვერ შეეგუა შვილის გაქრისტიანებას და ბარბარე სიკვდილით დასაჯა.

- მადლობა, დედა, რომ გამაგებინე დღევანდელი დღის მნიშვნელობა.

-შვილო, დაიმახსოვრე,რომ ბარბარე ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება.

სოფო სამხარაძე
მე-7 კლასისმოსწ.

ახალი წელი მობრძანდება ახლის იმედით...


რა მოგაქვს ,წელო ახალო?
(დიალოგი)


-რა არის ახალი წელი,დეე?საჩუქარი?
-არა,ახალი წელი სასწაულის და სითბოს დღეა.
-რა შეუძლია ახალ წელს?
-ახალ წელს შეუძლია თითოეულ ადამიანს საახალწლო სული აჩუქოს...........
-და საახალწლო სული რას ნიშნავს?
-სითბოს,შვილო....
-საახალწლო სული რომ მაჩუქოს ახალმა წელმა,ამისათვის რაა საჭირო?
-საჭიროა,რომ ახალ წელს ბევრი ვიშრომოთ და ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ........
-შრომაში რა შედის?
-სწავლა.
-მე მეგონა,რომ ახალი წელი მხოლოდ საჩუქრების მომტანი იყო................
ახლა კი მივხვდი,რომ მას ახალი სიხარული,ბედნიერება და წარმატება მოაქვს..............
მარიამ აზიკური

მარი აზიკური

Tuesday, December 15, 2009

მოსწავლეთა ნამუშევრები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე...



ვეხმიანები მწერლის სულს....

გოდერძი ჩოხელის შემოქმედება სავსეა პატრიოტული განწყობითა და სევდით, რომლითაც შეპყრობილი იყო მწერალი. მას გული სტკიოდა საქართველოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მის ნაწარმოებებში კარგად ჩანს უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი.

გოდერძი ჩოხელი ცდილობდა, დრო არ დაეკარგა, აღეწერა თავისი გრძნობები, განცდები მხატვრულად. იგი აღწერდა საქართველოს ბუნებას, ქართულ კულტურას, ქართველი ქალისა და მამაკაცის ტრადიციულ ცხოვრებას... მან დაგვანახა ბევრი კარგი ფაქტი და ბევრიც სევდიანი ცხოვრების სურათი.

შემოქმედი კარგად ხედავდა საქართველოს გაჭირვებას და ამ ყველაფრით გულდამძიმებულმა მწერალმა თავის მოკვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ხელი შეუშალეს... მისი სიკვდილით საქართველო მაინც ვარ გადარჩებოდა, პირიქით, უდიდეს სევდაში ჩაიძირებოდა. ჩაიძირებოდა ბურუსში, ჭაობში... ყველა წუხილს მიეცემოდა, რადგანაც უდიდესი პატრიოტი, საქართველოს ნამდვილი შვილი, რომელსაც სამშობლოზე გული მართლა შესტკიოდა და ზოგ თვალთმაქცს არ ჰგავდა, საკუთარი ხელთ მოისწრაფებდა სიცოცხლეს. თვათმკვლელობა უდიდესი ცოდვაა, რის გამოც იუდა ისკარიოტელი ჯოჯოხეთში მოხვდა. ჯოჯოხეთში, სადაც ცეცხლი და ეშმაკი ბატონობს... ღმერთს კი გოდერძისათვის ასეთი მომავალი არ ემეტებოდა, ამიტომაც უფალმა შეაჩერა იგი...

გოდერძი გარდაიცვალა ორი წლის წინ. მისი სული ალბათ ეხლა სამოთხეში, ღმერთთან ახლოს იმყოფება... ის ახლაც ადევნებს საქართველოს თვალს, ახლაც გული შესტკივა სამშობლოზე. საქართველოზე, რომელმაც უდიდესი ტანჯვა გამოიარა, რომლის ყოველი გოჯი ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ადამანები წუთისოფელს ხორციელად ტოვებენ, მაგრამ მათი ხსოვნა მუდამ ჩვენთანაა. გოდერძი ჩოხელი მუდამ ჩვენს გულებში იცოცხლებს, იცოცხლებს ჩვენთვის და საქართველოსთვის!..

ანანო ლაზარაშვილი

მე-8 კლასის მოსწავლე




როცა შენს საფლავთან ვდგავარ...

დამთავრდა, ჩაბარდა მოგონებებს კიდევ ერთი უმშვენიერესი დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ეს დღე სევდიანიც იყო და სასიამოვნოც,ამაღელვებელიც და შთამჩეჭდავიც...
ყოველი წამი, წუთი თუ საათი, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი იყო ჩემთვის.მე ამ დღეს სულიერი სიმშვიდის დამკვიდრების დღეს დავარქმევდი.
დედათა მონასტერში ვპოვე სულიერი სიმშვიდე, იქ რთული ცხოვრებაც იოლი მომეჩვენა, ბოროტება-კეთილად, სიძულვილი-სიყვარულად, მოწყენილობაც-სიხარულად აღვიქვი. იქ ყველაფერი ლამაზი იყო,ლამაზი როგორც არასდროს...
ალბათ იკიტხავთ, რა იყო ლამაზი?-ადამიანთა ურთიერთობა, დამოკიდებულება, პატივის მიგება ღირსეული ადამიანისთვის.
გოდერძი ჩოხელი, ქართველი მწერალი, რომელიც სიცოცხლეში არ დაუფასებიათ, მის სულს მივაგეთ პატივი და კიდევ ერტხელ თანავუგრნეთ ოჯახს.
გული მწყდება რომ ყველაფერი კარგი ასე მალე მთავრდება, როგორც ეს დრო, როგორც ეს დღე...

თაკო წილოსანი

VIII-5 კლასის მოსწავლე



ვარდის სურნელით ყველას მთრობელი,
ეს არის გენიოსი- გოდერძი ჩოხელი...


ჩვენ ბევრი რამე შევისწავლეთ და გავიგეთ გოდერძი ჩოხელის შესახებ. მის კალამს მუდამ თან სდევს სევდისმომგვრელი ამბები, რომელიც ხშირად თვითონ მას გადახდენია თავს და თავისი თვალით უნახავს. მერე ეს ყველაფერი ფურცლებზე გადაუტანია და ჩვენამდე მოუტანია. გოდერძი ჩოხელი თავისი კუთხის- გუნამაყრის ხეობის მეხოტბეა. რამდენი მთა და ხე, ბუჩქი და ღრუბელი, ცხოველი და ფრინველისათვის ჩაუდგავს ენა და აულაპარაკებია, მერე ისე აულაპარაკებია, რომ მათი მოსმენისას არ შეიძლება სევდამ არ მოიცვას ჩვენი განწწყობილება და თVალზე ცრემლი არ მოგვადგეს. თუ მანამდე ბუნების მგოსნად იყო ვაჟა-ფშაველა, ახლა მას გვერდით გოდერძია. გოდერძი ჩოხელს წერა ძირითადად განმარტოებით, მთის კალთებშიი უყვარდა. მას შეეძლო დაუსრულებლად ეწერა და ჩვენთვის ბუნების გულისნადები გაენდო. თუ ბუნებას სტკიოდა-ტკიოდა მასაც, თუ უხაროდა-უხაროდა მასაც. ძალიან მოკლე გამოდგა მისი სიცოცხლე, მას კიდევ ბევრი რამის თქმა და ბევრი რამის გაკეტება შეეძლო, მაგრამ ავადმყოფობამ სძლია, უღალატა და თან გაატანა ყველა ის გულისნადები, რომელიც სურდა მომავალი თაობებისთვის გადაეცა. გოდერძი ჩოხელი ყველასია, ყველას ეკუთვნის და დაუვიწყარია, ის მუდამ იარსებებს ჩვენს გულებში, მმის ნაწარმოებებს დახუნება არ უწერია.
თუკი ჩვენმა ახალგაზრდებმა ასე შეიყვარეს მისი პიროვნება, ესეიგი ჩვენს მომავალს გადაშენება არ უწერია...


გოგა წერუაშვილი
VIII-5 კლასის მოსწავლე






გოდერძი ჩოხელი სიკეთის მასწავლებელი


,, ნუღარ მოიგონებ აქაობას, აქ შენნაირებს არ იხდენენ“- ეს სიტყვები მართლაც რომ შეესადაგება გოდერძი ჩოხელს.
მე-20 საუკუნის უნიჭიერესი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი დაიბადა 1954 წელს სოფელ ჩოხში.
გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისა თუ რომანების გმირები გუდამაყრელები არიან. ავტორის სიტყვებითვე ,, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია, მთები ყდებად აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია . მზე და მთვარე მნათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ.“ ჩვენ კი გულდასმით ვუსმენთ მწერლის მიერ მონათხრობ უცნაურ თავგადასავლებს ნახვად, ირმად, თევზად ქცეული ადამიანებისასას და თითქოს გვჯერა კიდეც, რომ ჩვენს ყოპაშიც შემოაბიჯეს მხარეზე ნაძვამოსული ადამიანი.
ჩოხელის ნაწარმოებებში უთანასწორო ბრძოლა ხშირად მთავრდება კეთილზე ბოროტების მეუფებით, სიცოცხლეზე სიკვდილის გამარჯვებით, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია მწერლისა იმისტვის, რომ ბოროტების გამარჯვების ჩვენებით მკითხველის უფრო მოაწყუროს და შეაყვაროს სიკეთე.
სიკეთისა და ბოროტების შერკინებას ასახავს მოთხრობა ,, სამანის იქით დასახელებულნი.“ საფიხვნოში მჯდარი თემის კაცნი საწყაოთი ზომავენ ადამიანურ ქმედებებს, მსჯავრი გამოაქვთ და ცოდვილებს სამანს იქით ასახლებენ.
გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება და ამქვეყნად არსებობა სიკეთის მსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ანდერძით ჟღერას სიტყვები გენიოსი შემოქმედისა ,, ეცადეთ სიკეთეს ემსახუროთ სიკვდილამდე და სამანს აქეთ იცხოვროთ და დაიმარხოთ.“









,,ლუკას სახარება“-ფილმი და ჩემი ფიქრები....


ჩვენ ვნახეთ ცნობილი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ფილმი „ ლუკას სახარება“. მასში მოთხრობილია ბიჭუნასა და მისი ბებიას ამბავი. იქ ასევე არის სკოლა , სადაც დირექტორი ბავშვებს ცემს.

ბიჭს, რომელიც ამ ფილმში თამაშობს, ლუკა ჰქვია და ის გოდერძი ჩოხელის შვილია. ლუკა სკოლიდან სახლში რომ დაბრუნდა, მას ბებია გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ ის სიმარტოვეს არ შეუშინდა და ცხოვრებას ისევ თავისი შრომით აგრძელებდა. მე ლუკაზე კარგი შთაბეჭდილება შემაქმნა, რადგან ის არ შეუშინდა ცხოვრების რთულ გზას და დირექტორის მისადმი წამებას. ის ვაჟკაცურად მოიქცა, როცა მას წაართვეს მამის დანატოვარი წიგნი „ლუკას სახარება“. ის დირექტორს არ შეუშინდა და წიგნი წამოიღო.

მე ამ ფილმმა მასწავლა,რომ მარტოობის ჟამს დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ჩვენი ცხოვრება უნდა მივანდოთ უფალს.

მარიამ წერეთელი
მე-6 კლასელი

სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი

რა არის ცხოვრება? მე ვფიქრობ რომ ცხოვრება ეს სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია. ეს ორთაბრძოლა მართავს თითოეულ ჩვენგანს და აგრეთვე  მთელ სამყაროს. ზოგჯერ სიკეთის ქმნა გვეადვილება, ზოგჯერ კი ბოროტებას ჩავდივართ დაუფიქრებლად და დაუნდობლად.

სიკეთე ღმერთია, ნათელი, ხოლო ბოროტება ეშმაკი ანუ წყვდიადი, და ჩვენც შესაბამისად ხან ღმერთს ვემსახურებით და ხანაც ეშმაკს ვუკმევთ გუნდრუკს. ჩვენ მიერ გაკეთებული მადლი უფალთან გვაახლოვებს,ხოლო ცოდვას ეშმაკისკენ მივყავართ.

ხშირად ჩვენს მიერ ჩადენილი სიკეთე თითქოს ჩვენსავე კეთილდღეობაზე გვაქვს მორგებული და ის ,ერთი თვალსაზრისით, შეიძლება სიკეთედ ჩაითვალოს, სხვა მხრივ კი -არა. საერთოდ ჯობია, ისეთი მადლი, რომელსაც ყველა კუთხიდან ერთი შედეგი ექნება, ლაქა არ წაეცხება.

ხშირად გამიგია მოსაზრება :ადამიანები სიკეთის ფასს ვერ მიხვდებოდნენ, ბოროტება რომ არ არსებობდესო. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. როგორ შეიძლება ვერ აფასებდე იმ სინათლეს,სიხარულს,აღმაფრენას ,რასაც უფალი ჰქვია. ვაკეთოთ სიკეთე, ბოროტებას ყველა კარი ჩავურაზოთ და დედამიწაზევე გვექნება სამოთხე.

ჩემი განცდები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებასთან ზიარების შემდეგ



დღესდღეისობით ბუმბერაზი მწერალი გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი, როგორც ყველა გამოჩენილი ადამიანი, არ იქნა სიცოცხლეში აღიარებული, მაგრამ სიკვდილი ყველაფერს ცვლის, და დღეს მის სახელს ხშირად მოიხსენიებენ საზოგადოებაში.

ჩვენი სკოლაც ა საზოგადოების  ნაწილია და ჩვენც ვეზიარეთ მის უნაკლო ნაშრომს. მე მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ,,ლუკას სახარებას“. მართალი გითხრათ ,ამ ფილმის ყურების შემდეგ ცრემლები ძვლივს შევიკავე. აქ საუბარი იყო პატარა ბიჭზე ,რომელიც მხოლოდვ12 თუ 13 წლისა იქნებოდა და წარმოიდგინეთ ,მას არ ჰყავდა მშობლები, ზრდიდა ავადმყოფი ბებია და გვერდში ედგა ერთადერთი მეგობარი ძროხა-ნიკორა. თითქოს ღმერთმა მას ეს ყველაფერი არ აკმარა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სკოლაში წითელი კვერცხების მიტანის გამო აწამებდნენ, ჯვარს აკიდებდნენ და არბენინებდნენ წრეზე, სახლში მისულს კი ბებიაც მკვდარი დახვდა, ასე ობლად დარჩენილი მხოლოდ ნიკორას იმედზეღა იყო. სიტყვებით აღწერა ძალიან ძნელი იქნებოდა იმ ეპიზოდის, როდესაც ლუკა ცხარე ცრემლებით ტიროდა საფლავზე და ბებიას ეუბნებოდა, რომ მას იგი ძალიან მოენატრა.

მე ლუკას სახარების ნახვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ,უფრო უკეთ გამეცნო გოდერძი ჩოხელის შემოქმედება და ყველას, სწორედ, ამავეს ვურჩევდი.

                                                                         მარიამ გერგედავა

ფილმის ნახვის შემდეგ...

გუშინ ქართულის მასწავლებელმა გვიჩვენა არაჩვეულებრივი ფილმი ,,ლუკას სახარება''.ეს ფილმი მოგვითხრობს პატარა ობოლ ბიჭზე ,რომელიც ბებიასთან ერთად სოფლის ერთ ღარიბულ სახლში ცხოვრობდა.ლუკა მართლაც ბევრ სისასტიკეს იტანდა დირექტორისგან სასწავლებელში ,მაგრამ მაინც არ კარგავდა სწავლის ხალისს.

ამ ფილმმა პატარა ლუკას გულში ჩამახედა და დამანახა, თუ რას გრძნობდა თუნდაც მაშინ ,როდესაც მამის სამახსოვროდ დატოვებული,, სახარების ”სკოლაში მიტანისთვის ძალიან მკაცრად დაისაჯა.მაგრამ მე ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი მაშინ, როდესაც ლუკას უზარმაზარი ზის ჯვარი აკიდეს მხრებზე და მხოლოდ იმიტომ ,რომ მან სააღდგომო კვერცხები მიიტანა სკოლაში.

არ შეიძლებოდა თვალი დამეხუჭა და არაფერი მეთქვა ათეისტ დირექტორზე, რომელსაც ბავშვების ცემა მართლაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.დირექტორს თვალებზეც კი ეტყობოდა ,თუ როგორ სიძულვილს გრძნობდა ბავშვების მიმართ.არ შეიძლება ოდნავი სიყვარული მაინც გქონდეს მოსწავლეების მიმართ და ასე სასტიკად ექცეოდე.პატარა ლუკა, ყველაფრის მიუხედავად გაბედულად ხვდებოდა განსაცდელებს.მე ძალიან კარგად მახსოვს ბავშვების სახეები მაშინ ,როდესაც ლუკას ჯვარი ჰქონდა მხრებზე აკიდებული.ზოგი ტიროდა,ზოგი იცინოდა,ზოგი კი სიამაყით შეჰყურებდა, მაგრამ ალბათ ეს სიამაყით სავსე თვალები იმის მანიშნებელი იყო ,რომ მან ,ყველაფრის მიუხედავად ,ფარ-ხმალი არ დაყარა და გაბედულად იდგა.ამ ფილმს არ ჰქონია ბედნიერი დასასრული, რადგან პატარა ლუკას ბებია გარდაეცვალა და მარტოდმარტო დარჩა ,მაგრამ პირველად დავინახე მის თვალებზე სიხარულის ცრემლები, როცა მისი მეგობარი ნიკორა დაბრუნდა. ის აღარ იყო მარტო ,მას გვერდით ჰყავდა ერთადერთი საუკეთესო მეგობარი.


ჩემი განცდები

გოდერძი ჩოხელის ფილმის

,,ლუკას სახარების'' შთაბეჭდილებებით


დირექტორია კაცი ურწმუნო,

მიტომ რომ ლუკას არ უგდო ყური,

ლუკას გამცემი,იუდა არის,

ვით მიგუზალი ჯოჯოხეთური.

ყველამ გაიგდო ლუკა წიხლებქვეშ,

აფციაური გრძელ ჯოხს ურტყამდა

მხოლოდ ერთ გოგოს ეცოდებოდა,

არ უყვიროდა და არც ტუქსავდა.

სკოლის მთავარი მასწავლებელი

უფრო სწორედ კი გამწვალებელი,

არვის ინდობდა,სულ ყველას სცემდა

ვინც კი მის ნებას პატივს არ სცემდა.

ლუკა ითმენდა,მედგრად ითმენდა,

მაგრამ სასჯელი ვერ კი დაცალა

სასჯელი უფრო გაუარესდა,

როცა ბებია გარდაეცვალა.

საწყალი ლუკა სულ მთლად დაობლდა

არავინ ჰყავდა მას ხმის გამცემი

ღმერთმა ნიკორა გამოუგზავნა,

საჩუქრად მისი მედგრად დათმენის.

პატარა ბავშვის,დაობლებულის,

ასე დამთავრდა ეს ისტორია,

სახლში მარტოა,თითქმის სულ მარტო,

მაგრამ ის მაინც ბედნიერია.

დავით ბეჟანიშვილი

მე ექვსე კლასის მოსწავლე


ჩემo ფიქრები გოდერძი ჩოხელზე...


მთა ახლოსაა ზეცასთან, მზესთან, სიწმინდესთან, უფალთან.
მთაში გაიზარდა გოდერძი ჩოხელიც. სწორედ ამიტომ ის ახლოსაა უფალთან.
რაღაც უხილავი ძაფებითაა გადახლართული მასთან. იგი უფლის ჭეშმარიტი შვილია. შვილი, რომელსაც ტკიოდა ყველას გასაჭირი, უყვარდა ყველა.
სახელი ეს უძვირფასესი რამაა, რაც ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე რჩება . გოდერძი ჩოხელმა დატოვა სახელი, რომელიც მარად ცოცხალია , ჩვენს გულებში ანტია და ჩვენს სულის სიამაყეს სძენს. ის მარადიულობას ეზიარა, გაღმა, ,,სამანს იქით" გადავიდა მისი სული და წაიღო ადამიანთა დარდი და სევდა.
ჩემო დიდო წინაპარო, ღვტთიური მადლითაა გაჯერებული თქვენი ყოველი პწკარი, სულში გვწვდება და ისეთ სიმებს გვითრთოლებს, რაზეც ყველას არ ,მიუწვდება ხელი. ,, მე ერთი პატარა მოტხრობა '' ვარ იმ წიგნში, რომელსაც დედამიწა ჰქვია. შეგიყვარეთ თქვენი სისადავით, თქვენი უსაზღვრო სიყვარულით. ამას ვერაფერი წაშლის ჩემი გულგონებიდან. ალბათ მართლა ,, თქვენი სულის გარშემო ბრუნავს დედამიწა,'' რადგან სიცოცხლეშივე მისი ჭირისა და ლხინის მოზიარე იყავით, მისი ყოველი ამოსუნთქვა გესმოდათ. თქვენ ყველა ჟამისა და ეპოქის ხართ, არ ჩაქრეთ, სანამ ბუნება იარსებებს, სანამ ერთი, ბალახი ყვავილი, კლდე, მთა, მდინარე იარსებებს. თქვენ უბრალოდ სხვა სამყაროში დაგასახლდით, ,, სულის სამყუდროში,'' რომელსაც ყველგან და ყველაფერში დაეძებნათ. თქვენი ,, თავგადასავალი'' არასოდეს დამთავდება, თქვენ ჩვენში იარსებებთ სამარადჟამოდ. სიკვდილის მერე ყველას როდი უწერია დიდი სიცოცხლე, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და თქვენ ის გირსეულად დაიმსახურეთ. თქვენი ყოველი მოთხრობა ხომ ადამიანთა სიყვარულის საგალობელია. ნეტავ. რას დუდუნებენ ,, მთები, საწუთროს დევები, მხარგაშლილები მაღლები, არაგვზედ წყლის დასალევად ჩამოსულები,დამსხდრები'' ალბათ რაც უთქმელი დაგრჩათ ,იმას გვიამბობენ, ეს რომ გავიგოთ თქვენი მადლი უნდა გვეცხოს. ხომ აგისრულდათ სურვილი, ,, სიკვდილი ვალიაო'' ამბობდით, თქვენ მოიხადეთ ვალი ყველას წინაშე. შეგვინახე დედამიწავ, შენზე შეყვარებული სულდიდი წინაპრის ძვლები შენს წიაღში. შეგვინახე მისი სათუთი სხეული და გადაეცი, რომ მისი ნაცვლად მის სიტყვა დააბიჯებს დედამიწაზე ჩვენი გულებით და არასოდეს დადუმდება.
სოფიკო მენაბდიშვილი


ფიქრები ,როცა თქვენს სულს ვეხმიანები....


მე ვარ ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლე. ქართულის გაკვეთილი ძალიან მიყვარს. ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და ქართულის მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ მოგვეწყო დიდი ქართველი კინორეჟისორის და ასევე პოეტის, გოდერძი ჩოხელის კვირეული. დღეს 16 ნოემბერია, მისი გაედაცვალების დღე და აი ბავშვებმა და მასწავლებლებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით მის საფლავზე. საფლავზე წასასვლელად და თავის გამოსაჩენად კი ვისწავლეთ ლექსები, დავირიგეთ სიტყვები და ა.შ. 4 გაკვეთილის შემდეგ კი ჩავატარეთ გენერალური რეპეტიცია და გეზი ავიღეთ მცხეთისაკენ,კერძოთ დედათა მონასტერისაკენ.რომ მივედით მოვილიცეთ ,მამა ლაზარე მოვიდა და დავესწარით პანაშვიდს. როგორც , კი წირვა დასრულდა, დიდ მწერალსა და რეჟისორს შევეხმიანეთ თავისივე სიტყვებით, ისევ მივილოცეთ და გზაში კარგათაც გავერთეთ.
ამ დღემ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გავეცანი გოდერძიჩოხელის შემოქმედებას, რომელიც ჩემი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა. ძალიან მომეწონა ლექსები, მოთხრობები, ნოველები. მომხიბლა მისმა რომანტიულმა გრძნობამ და მამშვიდებდა კიდეც მოთხრობები. ძალიან ლამაზი დღე იყო, მაგრამ როგორც ყოველივე დღე მთავრდება, ისე უჩვეულოდ დამთავრდა ეს დღეც.

მე-8 კლასი
მარიამ ჯალაღანია

პაროდია.ავტორი:ნინიკო ებრალიძე


ტრაქტორის ქვეშიდან დანახული სამყარო

როგორ გგონიათ, შეიძლება თუ არა, უძაანმაგრესი მოგზაურობა ძველი ტრაქტორის ნაწილებში დაიწყოს?!
-შეიძლება, თუ პატარა თეთრი ჭია ხარ და თან მაყვალა გქვია...
მოკლედ, ეს ჩვენი მაყვალა მანქანის ნაწილებში გაიჭედა და ბოლოს ქუჩაში ერთ ტრიალ მინდორზე ამოყო თავი.
რა სულელური ადგილია,-გაიფიქრა ჭიაყელამ და დაიწყო თავისი ბედის ლანძღვა-გინება... უცებ მაყვალას გზაში შეეფეთა თავისნაირი ჭიაყეlა,მაგრამ ის სალათისფერი იყო...
-ტრაქტორით ჩამობრძანდით?-იკითხა მასპინძელმა.
-დიახ, ტრაქტორით ჩამოვედი,-მიუგო მაყვალამ, უკანალი აიბზიკა, ოდნავ დამცინავი და ამაყი სახე მიიღო და გულში გიიფიქრა:რა იცის ტრაქტორების ამ გაწეწილმაო...
-თუ შეიძლება მითხარით, ქალბატონო, მეუღლე გყავთ?
-რა გოიმური გამოთქმებია,- გაიფიქრა მან და უპასუხა:-არა, არ მყავს...
-ხო, არც მე არ მყავს ცოლი. რა უბანში ცხოვრობ? საბუთალოზე თუ ვაკეში?
-არც საბურთალოზე და არც ვაკეში, მე დიღმის მასივში მაქვს ბინა. რა არის, რამე პრობლემაა?
-არა, არაფერი, ისე მაინტერესებდა.
-შენ სად ცხოვრობ?
ზაზას ცოტა არ იყოს შერცხავა ეთქვა, სად ცხოვრობდა, მაგრამ სხვა გზა ჰქონდა.
-მე გლდანში, ტირიფის ხეზე მაქვს ბინა, ხომ არ მესტუმრებოდი?
-რა ვიცი, ვნახოთ... გადავწყვეტ... შენი მობის ნომერი მითხარი და დაგირეკავ, ან მოგწერ.
კარგი, კარგი, მოგცემ, აბა ჩაინიშნე: 895-15-31-60
ზაზა სულმოუთქმენლად ელოდა მისი GIRL FRIEND-ის SMS-ს. მაყვალამ მოიწერა კიდეც.ლამაზო! მოვდივარ და დაბლა დამხვდი PLIZZZZ.
OK, კარგი, მოვფრინავ,- უპასუხა ზაზამ. იგი ისეთი გახარებული და აღფრთოვანებული იყო ამ მესიჯით, რომ მართლაც აღარ ახსოვდა, როგორ ჩაირბინა ხუთი ტოტი...
მაყვალა უკვე ძალიან აგვიანებდა, როგორც იქნა მოვიდა, ზაზას გაეღიმა და თან გაიფიქრა, მეშველა, მეშველაო...
მწვანე ჭიაყელამ, ანუ ზაზამ, დაგვიანების მიზეზი ჰკთხა მაყვალას.
-შენ არ იცი? დაგვიანება რომ ვიცით ქალებმაო, პრანჭვით უპასუხა მაყვალამ და ზაზას ეშმაკურად ჩაეცინა. მწვანე ჭიამ მანდილოსანს სახლში ასვლა შესთავაზა, ფიქრობდა მაყვალას ყვავილს ვაჩუქებ და მის გულს მოვიგებო. ასეც მოიქცა, მაგრამ , როდესაც თეთრ ჭიას ზაზამ ყვავილი გაუწოდა, მაყვალამ მას ეს ყვავილი თავზე გადაატეხა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ბინიდან...
გავიდა დრო...
ერთ მშვენიერ დღესმაყვალა და ზაზა შემთხვევით შეეფეთნენ ერთმანეთს. ორივე იმ მიდამოებში სეირნობდა, სადაც თავდაპირველად გაიცნეს ერთმანეთი. საბედნიეროდ, ისინი მიხვდნენ, რომ შეჰყვარებოდათ ერთმანეთი... და ახლა თქვენ თვითონ მიხვდით, რა მოხდებოდა...

მწერლის სახელოსნო

გოგონების კამათი
,,ერთხელ ცუდ გუნებაზე გამეღვიძა. საძაგელი დღე იდგა. წვიმა შხაპუნობდა, ქროდა ქარი და ქუჩაში თამაში შეუძლებელი იყო. მე ბრიტასთან და ანასთან წაჩხუბებული ვიყავი. წინა დღეს კლასობანას ვთამაშობდით, ბრიტამ და ანამ შარი მომდეს, ხაზს ფეხი დაადგიო, მე კი არ დამიდგამს.“ ახლავე დაწვრილებით მოგიყვებით რაც მოხდა გუშინ.
ასფალტზე გაკეთებულ ნახაზზე ვხტუნაობდი, როდესაც გაისმა ბრიტას ხმა:
-გეყო, მერამდენედ უნდა მოგვატყუო, ახლავე შეწყვიტე თამაში!-დამიყვირა გაბრაზებულმა.
-რას გულისხმობ, ვერ ვხვდები-ვკითხე გაკვირვებულმა
-რას და, ხაზს ფეხი დაადგი, თამაშს კი მაინც განაგრძობ!-დიალოგში ჩაება ანა
-არ მეგონა ასეთი თვითმარქვია და მატყუარა თუ იყავი-თქვა ბრიტამ.



-მე თვითმარქვია არ ვარ-თავი ვიმართლე-თვითონ იტყუებით!
-რა?.. ხედავ რას ბედავს!-თქვა ანამ.
-თვალსა და ხელს შუა გვატყუებს, ცდილობს გაგვაბრიყვოს-იყვირა ბრიტამ
-მე არავის გაბრიყვებას არ ვცდილობ, ისედაც თქვენზე უკეთ ვთამაშობ და მოსაგებად ტყუილი არ მჭირდება-გული მომივიდა მე.
-რა?..-გაკვირვებულ ანას ხმა ჩაუვარდა.
-ისედაც მადლობა თქვით ,თქვენნაირ სუსტებს რომ ვეთამაშები-დავამატე მე.
-ჰოდა, თუ ასეა, ახლავე წადი, შენთან თამაში აღარ გვინდა!-ერთდროულად დამიყვირეს გოგონებმა.

,,მეც ავდექი და წამოვედი სახლში. ბრიტამ და ანამ კი კიდევ დიდხანს ითამაშეს კლასობანა. ფანჯარასთან ვიდექი და რომ არ დავენახე, ფარდას ამოფარებული ვუყურებდა მათ თამაშს. ვფიქრობდი ანას და ბრიტას ჩემს სიცოცხლეში აღარ ვეთამაშები-მეთქი.

ქეთი გაბინაშვილი


„ ჩვენი სიცოცხლე ერთი დიდი ჯაჭვია“

ჩვენი სიცოცხლე ერთი დიდი ჯაჭვია,რომელიც მრავალი რგოლისაგან შედგება.ეს რგოლები ადამიანის განვლილ გზას მოგვაგონებს,რომელთაგან ზოგი სუსტია,ზოგი-ძლიერი.ამ ჯაჭვის სიგრძე თანდათან იზრდება,მაგრამ შესაძლებელია მოულოდნელად შეწყვიტოს ზრდა და გაჩერდეს,ანუ ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას უცებ გამოეთხოვოს და იმქვეყნიური ცხოვრება განაგრძოს,რომელიც სამუდამო,უსასრულოა.

ძნელად წარმოსადგენია ადამიანი,რომელსაც ამქვეყნიური დასასრულის არ ეშინოდეს.მაგალითად ილია ჭავჭავაძე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერდა :,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო“.სწორედ ამიტომ,ადამიანი უნდა ცდილობდეს გამოსწორების გზაზე დადგეს,რადგან ამ ქვეყნად მოდის იმისათვის,რომ სამუდამო ცხოვრებისათვის გაემზადოს,ხოლო სამუდამო საცხოვრებელი-ორნაირია და ეს ადამიანზეა დამოკიდებული,რომელს აირჩევს,სამუდამო ნეტარებას თუ სამუდამო სატანჯველს .იგი მკვდარი არასოდეს იქნება,რადგან გარდაცვალების შემდეგ სიცოცხელს გააგრძელებს, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელიც დღესაც ცოცხლობს და იცოცხლებს,უბრალოდ,მათ ამქვეყანაზე სახელი დატოვეს ისეთი,რომ მათი დავიწყება ქართველ ერს არ შეუძლია და მათი გმირობა და თავგანწირვა რომ არა,ჩვენი მშობლიური სარწმუნოება და თვით საქართველო დღეს არ იქნებოდა.ჩვენმა ქვეყანამ და ქართველმა ერმა დღემდე ქრისტეს და ქრისტიანობის დიდი სიყვარულით მოაღწია.მათ მოგვცეს ცხოვრების მაგალითი და ჩვენც უნდა შევეცადოთ მათთვის მიბაძვას და სიცოცხლის ჯაჭვიც მხოლოდ ძლიერი რგოლებისგან უნდა შედგებოდეს...

ქურციკიძე ქეთი

მე-8-4 კლასის მოსწავლე

რ ე კ ლ ა მ ა

ქალბატონებო და ბატონებო!

შემობრძანდით “სამოთხის გვრიტების“ საიტზე

და ნახეთ “გვრიტების“ შემოქმედება,

უამრავი სურათი და საინტერესო ინფორმაცია,

რაც თქვენი ქვეყნის შეცნობაში დაგეხმარებათ.


ქეთი გაბინაშვილი
,,პატარა გვრიტი“

Monday, December 14, 2009

,,სამოთხის გვრიტების“დედობილები....

რეკლამა


ქალაქ თბილისის 32-ე საჯარო სკოლის ქართულის ორმა პედაგოგმა დააარსა ლიტერატურული

წრე, რომელსაც სახელი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოების მიხედვით დაერქვა.

„სამოთხის გვრიტები“- ასე ჰქვია ამ არაჩვეულებრივ ლიტერატურულ წრეს, რომელშიც 40-ზე მეტი

ბავშვია გაწევრიანებული. ამ წრის დამფუძნებელი ორი უმშვენიერესი ქალბატონი, ლია ჩხაიძე და

ასმათ ჭარელიძე „სამოთხის გვრიტებთან“ ერთად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. გვაცნობენ

ქართველი მწერლების შემოქმედებას. მეც „სამოთხის გვრიტების“ წევრი ვარ და ეს ძალიან მეამაყება.


ჩვენი მისამართია:
32-ე საჯარო სკოლა, მე-2 სართული,
„ლიტერატურული სალონი“.


გაწევრიანება ყველას შეუძლია.
ანანო ლაზარაშვილი
„პატარა გვრიტი“ :)









ორადორი მეგობარი:ლიკიკო და ასმათუნი

Sunday, December 13, 2009

ჩვენი გზა....


,,იმ საფეხურებს ნუ კი შეხედავ,

რომელიც უკვე გაიარე,არამედ მათ,

რომლებიც კიდევ გასავლელი დაგრჩა”.

,,იმას ნუ კი უყურებ,

რამდენი გაიარე,არამედ იმას შეხედე,

რამდენი დაგრჩა კიდევ გასავლელი”.

Saturday, December 12, 2009

წითელკეპკა.ავტორი:ნიკა გრძელიშვილი

იყო და არა იყო რა...იყო ერთი გოგონა.მას წითელკეპკას ეძახდნენ,რადგანაც სულ წითელი კეპკა ეხურა...ეს კეპკა ძალიან უყვარდა,რადგან ის ბებიამ უყიდა ლილოს ბაზრობაზე............



ერთხელ წითელკეპკას ეს საყვარელი ბებია ავად გაუხდა.გოგონას სახლში რაღა გააჩერებდა?! დედამ კალათაში ჩაულაგა :ვალიდოლი,კაპლი,წნევის აპარატი,რაფაელო და ორლიტრიანი კოკა-კოლა.წითელკეპკამ მოიმარჯვა კალათა და გზას გაუდგა.თემქის ,,ზაბორს”გასცდა თუ არა,დიდი ლენცი ტახი შემოეფეთა და ასე უთხრა:

-წითელკეპკიანო,საით გაგიწევია?

-სანზონაში,ღრმაღელესთან 16-იანებში ბებიაჩემთან მივდივარ.

 ტახმა სანზონა ხუთი  თითივით იცოდა და წითელკეპკას უთხრა:

-მე მოკლე გზა ვიცი,გინდა გასწავლო?

  წითელკპკას  მოეწონა იდეა და ტახის ნათქვამ გზაზე გაეშურა.

ტახი უცებ მივიდა 16-იანებთან.ტახს ლიფტის ფული არ ჰქონდა და მე-16 სართულზე 

უცებ აშლიგინდა.........ეშვებით აჩეხა კარი,შევარდა....და ბებია შეჭამა........

ამ დროს წითელკეპკაც მოვიდა და,ჰოი,საოცრებავ........

-შენ აქ რა გინდა?როგორ?საიდან?

გოგონას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ტახი მივარდა და ისიც შეჭამა.უცებ შემოვიდა  ,, ელექტრიკი” და ტახს 220 ვოლტი დაარტყა.შემდეგ ტახს მუცელი გაუჭრა ,წითელკეპკა და ბებია ამოიყვანა,რომლებმაც ელექტრიკს მადლობა გადაუხადეს.

Thursday, December 10, 2009

ეს საქართველოა-ტაო კლარჯეთი

ტაო-კლარჯეთი ოცნებად ექცა ქართველებს....თურმე ამ ოცნების ასრულებაც შეიძლება,თუ მოგზაურის თვალით დანახულს სხვასაც ახილვინებ....

პედაგოგები
ასმათ ჭარელიძე,ლია ჩხაიძე და სიდონია ჟიჟილაშვილი დაეხმარნენ მოსწავლეებს მათი მომზადებული ფილმები ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის...

იყო ცრემლი,გულისწყვეტა,ინტერესი,სინანული....

და სურვილი იმისა,რომ ჩვენი რწმენითა და პატიოსნებით გავხდეთ ღირსნი,
დავიბრუნოთ დაკარგული ,,ღირსება”...


მერვე კლასის მოსწავლემ -ნანა გეგიამ თავად იმოგზაურე ტაო-კლარჯეთში და ნანახი და განცდილი ფილმის სახით გვიჩვენა....

მოსწავლეებთან ერთად ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები:
1.ნელი ჭელიძე
2.ირინა ბაღიშვილი
3.ეკა ხონელიძე
4.ასმათ ჭარელიძე
5.ლია ჩხაიძე
6.სიდონია ჟიჟილაშვილი





ტაო-კლაჯეთი-საქართველოს მოჭრილი მარჯვენა...
ო,როგორ გვტკივა ეს ჭრილობა!
რა მოაშუშებს ამ ტკივილს!



ეს არის ხანძთა(პორტა)


,,მოგზაურის თვალით”-მერვე კლასელთათვის ქართულის სახელმძღვანელოში სპეციალური თავია ამ სათაურით.ჩვენმა გვრიტებმა ამჯერად ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს. 

პროექტი:,,საქართველოა,საითაც წახვალ”

პროექტის იდეა ქართულის გაკვეთილზე დაიბადა....
ქართული ენისადა ლიტერატურის პედაგოგი
ასმათ ჭარელიძე მე-7 კლასში გაკვეთილს ატარებდა...
..,,მკითხველთა კონფერენცია”უკვე ჩატარებული იყო და
აბა,ამ ,,პაწუკებს” რაღა მოასვენებდა..
.
ნინო ებრალიძემ
გამოთქვა აზრი,
ყველას ეამბა იმ კუთხესა თუ ქალაქზე,
სადაც დაისვენა ზაფხულში................
ასე დაიბადა პროექტი
,
,საქართველოა,საითაც წახვალ...”










ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლია ჩხაიძემ მოსწავლეებს უჩვენა თავისივე მომზადებული სლაიდ-შოუ თემაზე:,,საქართველოა,საითაც წახვალ”





პროექტი ,,საქართველოა,საითაც წახვალ”მოსწავლეთა საოცარი მონდომებით განხორციელდა...ზაფხულში ნანახი და განცდილი,მოსმენილი და გააზრებული ზოგიერთმა მოხსენების სახით წარმოადგინა,ზოგმა სლაიდები დაამზადა,ბევრმა ვიდეო-ფილმი შექმნა...ე.ი.ყველამ ერთად ვიმოგზაურეთსაქართველოს სხვადასხვა კუთხეში....

ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი უნარი ისტ-ის ცოდნისა,ლიტერატურაში წვდომისა და ყველაფერი აღწერეს მოგზაურის თვალით...





მოსწავლეთა ნამუშევრები


მშვენიერების სამყაროში

თბილისიდან გეზი აღმოსავლეთისკენ ავიღეთ... ზაფხულის სიცხეს გავერიდეთ... გავცდით ქალაქს... თეთრიწყაროში პირველად მივდიოდი, არც ის ვიცოდი, სად იყო, ან როგორი ხალხი ცხოვრობდა იქ. გზა მაღლობს აუყვა. უცებ წავაწყდით ნაკრძალს, რომელსაც სახელად ჰქვია მუხების ტყე... მივუახლოვდით შესასვლელს და ოი, საოცრებავ! უცებ ჩემს თვალწინ გადაიშალა ულამაზესი მწვანე წალკოტი...

როგორც ჩანს, წინა დღით ნაწვიმარი იყო და ირგვლივ პატარა და საყვარელ სოკოებს ამოეყოთ თავი... პეპლები გარსმეხვეოდნენდა თავს მაწონებდნენ. ხეები კი თავიანთ ტოტებს აშრიალებდნენ და მათ დაბლა ამოსულ ლურჯკაბიან ყვავილებს წყურვილს უკლავდნენ. ირგვლივ ყველაფერი მწვანედ იყო შემოსილი. მივუყვებოდი ბილიკს და თან ვფიქრობდი, რატომ არის ბუნება ასთი სპეტაკი?! ალბათ იმიტომ, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ადამიანები...

ბუნებას კი ასეთი წვლილი ერგო უფლისგან. უმანკოება, სილამაზე, სისპეტაკე, მაგრამ ამავდროულად იგი დაუცველიცაა, იმიტომ, რომ ადამიანს შეუძლია მისთვის ტკივილის მიყენება. შეუძლია მოჩეხოს ხე, მოწყვიტოს ყვავილი და მისი სილამაზით დატკბეს. მაგრამ მერწმუნეთ, ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს, რადგან ყვავილი რამდენიმე დღეში ისე ჩაიფერფლება, როგორც თამბაქო. შემდეგ კი გული დაგწყდებათ და უსაყვედურებთ, ასე მალე რატომ მიმატოვეო... ჩვენ თუ გვაქვს ნება მცენარეებს ნაადრევად წავართვათ უფლისგან ბოძებული სიცოცხლე, მათაც შეუძლიათ ჩვენი ცხოვრებიდან მოულოდნელად გაუჩინარება.

მეორე დილით მზე დედამიწას მოჰფენოდა, მაგამ უეცრად ღრუბლებში მემალებოდა და მეც ვეძებდი, რადგანაც მინდოდა მის სხივებს ჩემი გული გაეთბო... მზის ჩასვლისასგადავწყვიტეთ გაგვესეირნა ლიპის ტბაზე და ასეც მოვიქეცით. წავედით, ბევრი ვიარეთ და მივუახლოვდით. ირგვლივ პატარა ბუსუსები იყო და ეს ამ გარემოს სიმშვიდის ელფერს აძლევდა. წამოსვლისას წავაწყდი ერთ მომხიბვლელ ყვავილს, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო... ხელი რომ მოვკიდე მოსაწყვეტად, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი და მივხვდი, რომ ეკლებმა დამჩხვლიტეს. წამით ჩავფიქრდი და მივხვდი, ბუნების განადგურება არ შეიძლება. მე სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი და რაღაც ძალამ ხელი შემიშალა,გადამარჩინა....
ავიხედე ზემოთ და ცას შავი ღრუბელი გადაკვროდა... როგოც ჩანს, საშინლად აპირებდა წვიმას... იმ ყვავილის მარტო დატოვება არ მინდოდა, მეშინოდა რამე არ მოსვლოდა,. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა... ვერც მასთან დავრჩებოდი და ვერც სახლში წავიღებდი, რომ მენუგეშებინა...

რადგანაც დილით მზე ძალიან აცხუნებდა, გადავწყვიტე ტბაზე წავსულიყავი იმ ყვავილის მოსანახულებლად. მაინტერესებდა, როგორ გაუძლო წინა დღის გრიგალს... შორიდან მოსჩანდა შავხელთათმანიანი კაცი, მარცხენა ხელში მაკრატელი ეჭირა, მარჯვენაში კი ჩემი მეგობარი ლამაზი ყვავილი. ადგილზე გავშეშდი, ენა ჩამივარდა და გავიფიქრე, ამ არსებამ რამდენ რამეს გაუძლო, მაგრამ უგულო ადამიანის გულს ვეგარგაუმკლავდა და შესაბამისად დანებდა.

ამიტომაც ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ნუ წაართმევენ სიცოცხლეს უმანკო არსებებს, მათაც ხომ ისე სწყურიათ ცხოვრება, როგორც - ჩვენ...

გავუფრთხილდეთ ბუნებას!!!

ნინიკო ებრალიძე

მე-7 კლასის მოსწ.



ზაფხულის არდადეგებმა ძალიან ბევრი სიახლე შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. მე მოვინახულე ნათესავები, რომლებმაც თავისთან მიმიწვიეს სვანეთში. სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ამ მხარის სილამაზეზე ბევრი მსმენოდა, მაგრამ მისმა მშვენიერებამ მოლოდინს გადააჭარბა. თავი სამოთხეში მეგონა, დილით გაღვიძება მიხაროდა. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საოიდანაც შუა საუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრონის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუა საუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში. სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს. სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმაღლესი მწვერვალები: შხარა, თეთნულდი, უშბა, ჯანღა...

ქართველი ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მიხეილ ხერგიანის, „კლდის ვეფხვის“ სახელი. მიხეილ ხერგიანის შესახებ ლეგენდებს ბავშვობიდან მიყვებოდნენ და ბევრი თავადაც წამიკითხავს, ანდა დოკუმენტურ ქრონიკებში მინახავს. ვიცოდი, რომ ერთ ქართველ ბიჭს სვანეთიდან ისეთი სახელგანთქმული ალპინისტებიც კი აღფრთოვანებაში მოუყვანია, როგორებიც ჯორჯ ჰანტი, ჟან ფრანკო, არმანდო დარაიტი იყვნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა დიდი პატივისცემით ინახავს მის სახლმუზეუმს, რომელსაც ყოველთვის უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. მეც ვინახულე და აღვფრთოვანდი მისი დამსახურებით. შევიტყვე მისი ერთი ძალზედ სასიამოვნო თვისება: როცა მთაზე ასვლისას მთული მონაკვეთი შეხვდებოდა, თავს სიმღერით იმხნევედბა. ყველასათვის ცნობილია, რომ იგი არაჩვეულებრივად მღეროდა.

ძალიან თბილად მიმიღო იქაურმა ხალხმა და ჩემი სიყვარული დაიმსახურეს. გამიმასპინძლდნენ სვანური კერძებით, რომლებიცაა: კუბდარი, ჭვიშტარი და თავიანთი სუფრის აუცილებელი ატრიბუტი მინერალური წყალი გამომიტანეს კიდეც. მჟავე წყალი განთქმულია თავისი სამკურნალო თვისებებით. წაუშლელია მოგონებები სვანეთზე, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება...

სოფო სამხარაძე
8-5 კლასელი

ფრთიანდებიან გვრიტები...




















როგორ იზრდება სიყვარული!




გამოფენის ინიციატირები

ჯანხოთელი გიორგი და თამუნა ზანგალაძე აკეთებენ ნახატების გამოფენას.....



ნახატები გოდერძი ჩოხელის შემოქმედების გაცნობის შემდეგ შეიქმნა....


გამონათქვამებისა და სურვილების ხე........


                                                              აფიშა



                                             დარდების ხურჯინი....





                                                     თუნგები................

გოდერძი ჩოხელის საღამო



გოდერძი ჩოხელი-მწერალი,პოეტი,კინორეჟისორი....მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა №32 საჯარო სკოლაში.

კვირეულის განრიგი:

1.პატივის მიგება დიდებული ადამიანის ხსოვნისადმი.

სამთავროს დედათა მონასტერში პანაშვიდზე დასწრება.

საფლავის გვირგვინით შემკობა.-16 ნოემბერი

2.გოდერძი ჩოხელის ფილმების:,,ლუკას სახარება”,,სამოთხის გვრიტები”,,ადამიანთა სევდა” ჩვენება და განხილვა.-17-18 ნოემბერი

3.,,ფერებში გაცოცხლებული სამყარო”-ნახატების გამოფენა.

19 ნოემბერი

4.ერთი ლამაზი გაკვეთილი-მიძღვნილი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისადმი.

20 ნოემბერი

5.,,სამთავროს წმინდა მიწაზე დაცემული წმინდა ცრემლი”-შემაჯამებელი ღონისძიება.

21 ნოემბერი.

ასმათ ჭარელიძე.

ლია ჩხაიძე

ასმათ ჭარელიძე-ფილოლოგი.












სტუმრად-მწერალთა კავშირიდან ბატონი

დავით შემოქმედელი


ქალბატონი ნინო ზედელაშვილი,გოდერძის ოჯახის მეგობარი



გოდერძი ჩოხელის მეუღლე-ქალბატონი ნინო მელაშვილი