სკოლა:ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლა
კლასი:მე-11
მოსწავლე: სალომე ზურაბიანი
მასწავლებელი: ლია ჩხაიძე
2012 წელი
„მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია“, - არტურ შოპენჰაუერი. შეუძლებელია არ დაეთანხმო შოპენჰაუერის ამ გამონათქვამს. ადამიანები, რომლებიც არიან გენიოსები და, შესაბამისად, განსხვავებულები, არიან ყოველთვის მარტოსულები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ბედნიერები არიან... ბედი და უბედობა ადამიანის ცხოვრების თანამდევი მოვლენაა. ადამიანი იბადება და უბრალოდ, ან უნდა იყოს მასის რიგითი წარმომადგენელი, ან გენიოსი. თვალს ვავლებ რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნარ-ეკლიან ცხოვრების გზას და ვრწმუნდები, რომ ის იყო პიროვნება, რომელიც ცდილობდა რომ დარჩენილიყო საზოგადოების რიგით წარმომადგენლად, არადა მისი სული მაღალ მატერიაში საფრენად იყო გამზადებული. ღვთისაგან გაჩენილი ადამიანი მარტო არასდროსაა, უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მაშინ გრძნობს მარტოობას, როცა ვერ უგებენ... თუმცა ეს პრობლემა ბარათაშვილს არასდროს ჰქონია, მას ყველა ყოველთვის უგებდა, მაგრამ თავად იყო პიროვნება, რომელსაც სურდა თავისი ფიქრები და გულისტკივილი ნაკლებად მოეხვია სხვისთვის თავზე. ჩემი აზრით, პოეტის განსხვავებულობა, ამაღლებულობა, გონებრივი თვალით სხვაგვრი ხედვა იყო მიზეზი მისი სულიერი ობლობისა. მიუხედავად ამისა, ბიოგრაფები და თანამედროვეები მას მხიარულ ახალგაზრდად გვიხატავენ, დამცინავ, გონებამახვილ, კარგ მოცეკვავედ, თარისა და ჭიანურის დამკვრელად, ქალების მოტრფიალედ, მეგობართა წრის სულად და გულად. პოეტი თავის ლექსებსა და კერძო მიწერ-მოწერაში გვევლინება პესიმისტ, სკეპტიკოს ადამიანად. სხვა რომანტიკოსებთან შედარებით, ბარათაშვილი უფრო პათეტურია, მაგრამ უფრო ღრმაც. მას ახასიათებს ნათელი აზროვნება, შინაარსისა და ფორმის ჰარმონიული მთლიანობა. ძირითადი იდეა, რომელიც გაისმის მის პოეზიაში არის პესიმისტური განცდა ცხოვრების ამაოებისა, ადამიანის მისწრაფებათა უნაყოფობისა, ჩივილი სულიერი ობლობისა, სამყაროს მოსალოდნელი დაშლისა. ეს არსებითად მეტისმეტად განყენებული იდეაა, მაგრამ პოეტმა შეძლო მისი დაკავშირება ღრმა პირად განცდებთან და ლირიკული პეიზაჟის გარემოცვასთან. ბარათაშვილი ხომ არა მხოლოდ გენიალური შემოქმედი, არამედ მართლაც განსაკუთრებული ინტელექტუალური და ემოციური თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. თავისი სულიერი წყობით იგი გაცილებით მაღლა იდგა თანამედროვეებზე, და სწორედ ამის გამო, ასე მწვავედ განიცდიდა საკუთარ „ობლობას“ ადამიანთა შორის. ეს მარტოობა მისთვის იყო არა ლიტერატურული პროზა, არამედ ნამდვილი ჯვარი, რომელსაც იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ატარებდა. ბედი და უბედობა ერთგულ მეგობრად აედევნა მარტოსულ პოეტს და ერთის იმედად არასოდეს ყოფილა. არც უბედობა ტოვებდა და არც ბედი ახარებდა სამუდამოდ. ცხოვრების ზღვაში შესულს ისე უტევდა ძლიერი ტალღა, თითქოს მისი გაწირვა და დაღუპვა განეზრახოს... პოეტიც არ ნებდებოდა... ის ხომ სულით ძლიერი და მეამბოხე ადამინია... „არა ბედთან შეგუება, არამედ ბრძოლა“ - ეს იყო მსი დევიზი... ყველაფერში გარკვევა კი უნდოდა. სურდა ყველაფრისათვის დაერქმია საკუთარი სახელი. სიკეთეს სიკეთედ აღიქვამდა, ბოროტებას - ბოროტებად... იდუმალი ხმა კი არ ასვენებდა, ჩასძახოდა და არიგებდა: „ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი, ვინძლო იპოვო შენი სამშვენი...“ ვერ იპოვა მან შესაფერისი ადგილი ამ წუთისოფელში... უბედობამ იქედანვე დარია ხელი, გიმნაზიის კიბიდან რომ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა... თვალწინ დაიმსხვრა სამხედრო კარიერაზე ოცნება... ოცნებების მსხვრევა არა ახალია მისთვის, ნაცნობია... ვითომ არ კმაროდა, დატყვევბული სამშობლოს წუხილი რომ უკლავდა გულს, პირად სიყვარულში გაუმართლებლობამაც მოუკლა გული... თვალებში ჩახედა, დაუპირისპირდა იმ ბოროტ სულს, რომელიც კეთილ ანგელოზად ეჩვენებოდა, სინამდვილეში კი, გზას უბორკავდა, უხლართავდა და გასაქანს არ აძლევდა: „განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო სულო ბოროტო“- ეს არის პროტესტის გრძნობა... ეს არის უნარი, რომელიც აძლევს ძალას, წინ აღუდგეს უმსგავსობას, უსამართლობას, უმეცრებას, შეცვალოს ძველი და შეიყვაროს ახალი... გაკვალოს გზა, რომლისთვისაც პოეტური რაში - მერანი აურჩევია. მაგრამ, ისმის კითხვა, გადალახავს კი სევდიანი რაინდი „ბედის სამზღვარს?“ საქართველო ოდითგანვე პოეტთა ანუ სულის მუსკოსთა ქვეყანაა.ყველა პოეტი პოეტია,ქართველი პოეტი კი ორჯერ პოეტია.პოეზიას გენეტიკური კოდი მართავს,ცარიელ ადგილზე მათლაც არაფერი იბადება.თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ქართველ პოეტთა შორის, ნ.ბარათაშვილი მოვლენაა - ყველაზე მეტად იდუმალი და თვითმყოფადი,რომანტიკული სულისკვეთებით აღსავსე,შეძლება ავხსნათ მარტოსულობის მთავარი მიზეზები.პირველი ეს იყო ქვეყნის ბედი და უბედობა,რომელსაც, როგორც საკუთარს, ისე განიცდის მგოსანი.1832 წლის შეთქმულებათა განდევნის შემდეგ თვით საზოგადოებასაც შიშიც ზარი დაეცა შეთქმულებათა ხვედრით. ეჭვი არ არის,მიძინებული იყო ყოველგვარი ადამიანური გრძნობა,შიშით ალბათ ფიქრიც კი ეძნელებოდათ.არაფერი აღარ იყო საზოგადოებაში ისეთი,რაც გასცილდებოდა ცხოვრების უბრალო და არამნიშვნელოვან მოვლენებს: ჭორები,მითქმა-მოთქმა,ზნეობრივი გახრწნილობა,უსულობა და უგულობა,-აი,რა სუფევდა იმ დროს და რა იყო ბარათაშვილის ტკივილის მიზეზი.სწორედ ამ პერიოდში დაიბადა საქართველოს ,,ობოლი სული...“ მას უნდოდა გვერდით ჰყოლოდა სული შემგნები მისი ტანჯვისა,სული მისი ოხვრის დამაამებელი,კვნესის მანუგეშებელი,ჭირის ოფლის შემშრობი,ჭირთ გამქარვებელი, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვერც კაცში და ვერც ქალში ვერ იპოვა ასეთი სული. ქვეყნის უბედობას ბარათაშვილი სიყრმიდანვე მკვეთრად განიცდიდა.მშობლიური ქვეყნის წარსულის სურათები ადრევე იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს მის პოეტურ წარმოსახვაში.ეროვნულ გრძნობის ადრეულ გაღვიძებას ხელს უწყობდა პოეტის აღზრდა პატრიოტულ გარემოში.მისი მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა,მაგრამ დაგვიტოვა პოეტური ეპოსის შესანიშნავი ნიმუშიც ,,ბედი ქართლისა“,რომელშიც მოცემულია მშობლიური ისტორიის ღრმა მხატვრული შემეცნება.ამ პერიოდში ბარათაშვილი გაბედულ ნაბიჯს დგამს რეალიზმისკენ. ქართლის ბედის დიდი მოზარე თავის პოემაში,,ბედი ქართლისა“გვიჩვენებს ჩვენი ხალხის გმირულ ნებისყოფას,ქართველი კაცის მომხიბვლელ ხასიათს, საქართველოს მთების,მდინარეებისა და მდელოთა მშვენიერებას. თუ ღრმად ჩავუკვირდებით ამ პოემას, მასში დავინახავთ მთელ საქართველოს.პოემაში შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა,არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება.პოეტი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს.პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეფის შთამაგონებელი ხმა, ეს არის მხცოვანი გმირის,მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ.ამ ამბის დრამატული ტონი თავიდან ბოლომდე გასდევს ბარათაშვილის პოემას.ამასთან მისი შესანიშნავი პოეტური ეპოსის სტრიქონები გამთბარია ეროვნული ოპტიმიზის გრძნობით.ავტორი ეროვნულ ოპტიმიზმს ორგანულად უკავშირებს საერთო განმათავისუფლებულ იდეებს და საქართველოს ეროვნული ორგანიზმის განმთლიანების მიმდინარე პროცესს.იგი ხარბად ისუნთქავდა ეპოქის რევოლუციურ განწყობილებას და გრძნობდა,რომ თავისი სამშობლოს თავისუფლებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლეოდა იმ ძლიერ დუღილს,რომელსაც რუსეთისა და ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოწინავე აზროვნებაში ჰქონდა ადგილი,როგორც ისტორიული შორსმხედველობით დაჯილდოებული ადამიანი,ბარათაშვილი დროის სქელ კრეტსაბმელში ჭვრეტდა თავის ეროვნულ განთიადს,რომელის შორეული მომავლის ჰორიზონტზე პირველ სხივებს გამოსცემდა. ბარათაშვილის მარტოსულობის მეორე მიზეზი ეს იყო კარიერის მსხვრევა-მას ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა და უნდოდა სამხედრო საქმის მოწყობა,მაგრამ ამ შემთხვევაში ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა და მისი ოცნება ოცნებადვე დარჩა,ნაადრევად,ბავშვობაში დაკოჭლდა,როს გამოც ცხადია ამ ოცნებას ვერ აისრულებდა.ის ასევე რუსეთში სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა,მაგრამ უსახსრობამ,მატერიალურმა სიდუხჭირემ ცხადი გახადა,რომ იგი ამ მიზანსაც ვერ განნახორციელებდა. გთავაზობთ ფრაგმენტს ბარათაშვილის პირადი წერილიდან,რომელიც მან გარდაცვალებამდე მისწერა თავის ბიძას-გრიგოლ ორბელიანს და რომელშიც კარგად ჩანს ის იმედები,რასაც ის სამხედრო კარიერაზე ამყარებდა,აქაც,ისევე როგორც თითქმის ყველა ნაწარმოებში,იდუმალ,შინაგან ხმას ახსენებს: ,,...მე იმას ვამბობ , რომ შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესო ხვედრისაკენ,გული მეუბნება რომ, შენ არ ხარ ახლანდელი მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არ მძინავს,მაგრამ კაცი მინდა,რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილ ადგილას. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ,რა ხელმწიფურად დავხედავ ჩემს ასპარეზსა!“ სამწუხაროდ, მის ცხოვრებაში ასეთი კაცი არ გამოჩნდა.პოეტი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან,რომ კაეშანი ვერ მოიშორა.ამასთან დაკავშირებით კიტა აბაშიძე ასეთ აზრს გამოთქვამს: ,,ვინ მიხვდეს და მისწვდეს ცხოვრების საიდუმლოს? იქნება იმ შემთხვევამ, რომელმაც დაბადა იგი, ასეთი პირობებიც სპეციალურად მიუსაჯა..?იქნება მისი პოზიციისათვის სწორედ ამ კაეშნითა და სევდით გამოწვეული გარემოებანი იყო საჭირო,რომელშიც ის მუდამ იმყოფებოდა.” ჩემი აზრით,ამ წერილში ავტორის მსჯელობას საკუთარ ხვედრსა და მოწოდებაზე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად. აქ ირეკლება ის იმედები,რომლებსაც ჭაბუკი პოეტი სამხედრო კარიერაზე ამყარებდა.ფუფუნება და განცხრომა გრძნობას სიმძაფრეს აკლებს,ტანჯვა და უსიმოვნება მეტი ძალით აგრძნობინებს პოეტს ცხოვრების მძიმე საიდუმლოს,ამიტომ შესაძლებელია, ისტორიაც ისე გულქვად მოექცეს ზეცით კურთხეულ პოეტს,როგორც მისი თანამედროვეები მოექცნენ. აი, ამაში მდგომარეობს მარტოსული პოეტის ტრაგიზმი .ბედი და უბედობა,როგორც სიკეთე და ბოროტება,ბრჭყალებით რომ ჩასჭიდებია ერთმანეთს. რაც შეეხება მარტოსულობის ბოლო მესამე მიზეზს,ეს იყო სიყვარულში გაუმართლებლობა,როგორც მოგეხსენებათ, იგი შეყვარებული იყო ეკატერინე ჭავჭავაძეზე. უყვარდა გატაცებით,გულწრფელად,რომანტიკულად... სწორედ ამ გრძნობამ გახადა განსხვავებული სხვებისაგან.თუ დავაკვირდებით,მის ამდენ საიდუმლოებასთან ერთად აღმოვაჩენთ ასევე სიყვარულის ბარათაშვილეულ გაგებასაც,სიყვარული მას წარმოუდგება,არა როგორც ხორციელი ტკბობის წყარო,არა როგორც ამქვეყნიური,წამიერი სიამოვნების ნაირსახეობა,არამედ როგორც მშვენიერ სულთა მარადიული კავშირი,რომელიც არ მოითხოვს ,,გულის ვნებათა დადუმებას.“იგი აღნიშნავს იმ მკვეთრ ზღვარსაც,რომელიც ,,აშიკობასა“და ჭეშმარიტ სიყვარულს შორის არსებობს.ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი ნიჭია,რომელიც ღმერთა არგუნა ადამიანს,ვისაც ეს ნიჭი არ გააჩნია უბედურია.ბარათაშვილი სხვა თუ არაფრით,ამით მაინც იყო ბედნიერი,რომ მაინც განიცადა ის გრძნობა,რასაც ნამდვილი,ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია და რასაც ერთეულები განიცდიან.ეს ის გრძნობაა,რომლის გამოც ღირს ცხოვრება და არსებობა,ჩემი აზრით,ბარათაშვილის ცხოვრების ერთადერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო...ეს იყო მისი ბედიცა და უბედობაც,მწარე სიმართლეცა და ტკბილი ტყუილიც... სიყვარული არის ამ ქვეყნად წამიერიც და საუკუნოც,სიცოცხლისა და სიტკბოების მომტანი ძალა,რომელსაც ვერ ვიტყვით ბარათაშვილზე.მისი სიყვარული არ იყო წამიერი,იყო საუკუნო, ამავე დროს არა სიტკბოების მომტანი,არამედ პირიქით,მაგრამ მაინც სათუთი და ფაქიზი.ეს ის სიყვარული იყო,რომელმაც პოეტი არა რეალურ,არამედ პირიქითმიღმა სამყაროში ამოგზაურა, ,,დაამეგობრა“ ციურ სხეულებს,ალაპარაკა ბუნებასთან, მტკვართან, მთვარესთან... ცხოვრებისგან უარყოფილი პოეტისათვის უტყვი და უსულო ბუნება გახდა ერთადერთი,ყველაზე კარგი მეგობარი.მათ შორის სწორედ რომ სიყვარულის ძალით დამყარდა ასეთი მტკიცე,შეურყეველი და ერთგულებით აღსავსე კავშირი,რომელიც ეღირსა პოეტს თავის ისედაც მწარე ცხოვრებაში.ეს ექსტაზი პოეტისა ბუნების წინაშე ერთადერთი საგანი , რომელსაც არც ბედი შეეცილა და არც ის საზოგადოება,რომელსაც ეღირსა სახარბიელო ბედნიერება ასეთი კაცის თანამედროვეობისა... სიყვარული გრძნობაა,რომლის გარეშე არ ღირს ყოფნა...სიყვარული ნიჭიცაა,რომლის გარეშე ხარ ცარიელი...სულით ობოლი პოეტისთვის ეკატერინე იყო პიროვნება,რომელსაც მისი სიამაყიდან გამომდინარე,არ სურდა ამ გრძნობის სააშკარაოზე გამოტანა...აბა, რის სიმბოლოდ შეიძლება ჩავთვალოთ მის მიერ ნაჩუქარი ცისფერი ლარნაკი...ან მისი ფიქრები ტატოსთან ბაასისი დროს: ,,აჰ ნეტავი ნაკლები იმეტყველოს და მეტი იმოქმედოს“... რას შეიძლება მივაწეროთ მისი სიტყვები,თუ არა იმ დიდი სიყვარულს,რომელსაც იგი მის მიმართ განიცდიდა ... ,,გულდახურული ხარ, როგორც კედელი,მაღალი როგორც მთა,ვერ შევაღე შენი გულის კარი,მუდამ მაშინებს შენი სიღრმე და სიმაღლე...” ეკატერინეს არ შეუძლია წარმოიდგინოს,რა გიგანტურ ძალას ახსნიდა ბორკილებიდან,რა უსაზღვრო გენიას მისცემდა გასაქანს თავისი უბრალო თანხმობით,რომ ასეთი მსხვერპლი გაეღო.უბრალოდ შეიძლება ჩავთვალოთ,რომ პოეტმა მართლა ვერ გაუბედა,ქალმა კი ვერ შეიგრძნო და ჩვენთვის დაფარული დარჩა იმ ძალუმი პოეტური მარგალიტების ნაკადი,რაც ბარათაშვილის გულში დაგუბებულ ოკეანეს თავისი თანხმობით გამოსავალს მისცემდა... როდესაც ყველაზე ცუდად იყო,გადახედავდა მისი სიყვარულის ერთადერთ სიმბოლოს,თუ შეიძლება ასე ჩაითვალოს,ცისფერ ლარნაკს,რომლის დროსაც სიყვარულისა და ძლიერების ორი ნაპერწკალი იღვიძებდა.ცისფერი ლარნაკი ლურჯი ცის სიღრმეებში სამოგზაუროდ იწვევდა პოეტს...იქ ეწერა მის ფიქრებს გალაღება,ოცნებებს-ახდენა,სევდას- გაქარვება... ბარათაშვილი არ ცდილობს შეუთხზას თავის თავს რომანი.თუ მას უყვარს, ეს არის ნამდვილი,ხალასი სიყვარული,მოსაჩვენებლად არაფერს აკეთებს და მისი სიტყვის უკან ამაყად დგას შეუბღალავი ჭეშმარიტება. ტატო ამ მხრივ არის უდიდესი რეალისტირომანტიკოსებს შორის და უდიდესი რომანტიკოსი-რელისტებს შორის. ,,ჩანს მეტად სპეტაკი,მეტად ციურია ეს სიყვარული, რომ ის ხორციელ სინამდვილედ იქცეს“,-მუდამ ეს ფიქრები აწუხებდა ტატოს და ასეთ მდგომარეობაში მიჰყვებოდა მოდუდუნე მტკვარს,რომელიც მისი ყველაზე კარგი მეგობარი იყო, რომლის ნაპირებსაც ხშირად სტუმრობდა დარდის გასაქარვებლად...,,წინანდლის ვარდი“-სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს ბარათაშვილი კატოს... ,,წინანდალში ზღვა არაა,იასანმის ყვავილიდან გამოვიდა ჩვენი აფროდიტე...“ ეკატერინე ჭავჭვავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი! მეფურია მათი სახეც და სახელიც.სიყრმიდან ერთად უთამაშიათ,ურბენიათ,უმღერიათ,ტოლნი არიან,სწორნი არიან,თითქოს ერთიმეორისათვის შობილან და სწორედ მაშინ,როცა ყველაზე უფრო მშვენიერი,ყველაზე უფრო ბუნებრივი იქნებოდა მათი საბოლოო შეკავშირება,საბოლოოდ შორდებიან ერთიმეორეს... ეკატერინეს ხელს თხოულობს სამეგრელოს მთავარი და სხვა უკეთესე ხვედრი არც არის საძებნელი.ვინ დაეძებს რა განცდებშია ვიღაც ,,სული ობოლი“,უქონელი ტატო ბარათაშვილი! მას რჩება მხოლოდ სიყვარულისა და წერის უფლება.დელფინამ განხეთქილება შეაგდო ტატოსა და ეკატერინეს შორის და ორი ერთმანეთზე უფრო ამაყი სული რისხვით აავსო.ძნელია სიყვარულის გადარჩენა,როცა არცერთ მხარე ს არ სურს თავის მართლება.ორივეს ჰგონია,სხვაზე გამცვალა მეგობარმაო, და სიამაყე ამ შემთხვევაში რისხვის ცეცხლად ენთება.ნამდვილ სიყვარულს მცირე ჩრდილიც იოლად ზარავს და იჭკნობს. იქნება არ აპატია ამაყმა ქალიშვილმა სხვისთვის ლექსების მიძღვნა? იქნებ მართლა დელფინას ან სხვა რომელიმე ქალის ტრფობით ხდება განხეთქილება? ჩვენ არ ვიცით,იყო თუ არა ნათქვამი ეს შხამნარევი ფრაზა ,,არ ვსაჭიროებ სიყავრულსო.“ მაგრამ ყველაფრიდან ჩანს,რომ ითქვა რაღაც ამდაგვარი... ქალის ღირსებას მაშინ ედება ფასი,როცა უყვარს თავგამოდებით ერთი და გაურბის ყველა სხვას. ეკატერინე ყოყმანობს და ორ ბედს შორის ირჩევს მდარეს, მიუხედავად იმისა,რომ მან კარგად იცის,მაინც თვითონ არის პოეტის მუზა,თვითონ შთააგონა უკეთესე ლექსები.დავით დადიანია ის პიროვნება,რომელზეც არჩევანი შეაჩერა ჩვენმა ,,ვარდმა“. სწორედ სიყვარულის დიდი ტკივილია გამოხატული ბარათაშვილის იმ წერილში,რომელიც მან მაიკო ორბელიანს მისწერა, წერილში მოიგონებს იმ მშვენიერ ,,ვეჩერს“, რომლის დროსაც ძალიან მხიარული იყო, მაგრამ თურმე,როგორც ვგებულობთ სრულიად უმიზეზოდ, უანგაროდ... ისევ ეწვია მას მეგობარი სევდა და ნაღველი, რომლის გამოც იმ ღამემ ჩაიარა, როგორც ერთმა ლამაზმა სიზმარმა... წერილი გაჯერებულია მარტოობის სიმწარით,მიუხედავად იმისა,რომ მას გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდა, მაინც ობოლია ამ სავსე,ვრცელ სოფელში.დიდ გულისტკივილს გამოთქვამს,როდესაც ამბობს: ,,ვინც მაღლის სულის მექონი მეგონა,მას სული არ ჰქონია!ვისი გონებაც მრწამდა ზეგარდმო ნიჭად,მას არც თუ განსჯა ჰქონია,ვისიცა ცრემლნი მეგონებოდნენ ცრემლად სიბრალულისა,თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა,წვეთნი საშინელის საწამლავისა“-ალბათ რთული მისახვედრი არ არის,ვისაც შეიძლება გულისხმობდეს იგი ამ სიტყვებში...იმ სიყვარულს,რომელიც ეგონა რომ მაღალი სულის პატრონი იყო,რომელმაც მრავალი ცრემლი დაღვარა და თვითონაც დააღვრევინა,მაგრამ რა? ამ ყველაფერმა იმ ლამაზი სიზმარივით ჩაიარა... ,,ძნელი არის მარტოობა სულისა, მას ელტვიან სიამენი სოფლისა“ ჩემი აზრით,ამ სტრიქონებიდან გამომდინარე,მარტოსულ ადამიანს ,,სიამენი სოფლისანი“არ გაურბიან,მაგრამ თვითონ სულით ობოლი ადამიანი იმდენად ცუდადაა, რომ თავად ან გაურბის, ანდა ვერ აღიქვამს მას,რადგან ასეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფს არასდროს ავიწყდება ის ადამიანი, ვის გამოცაა ასეთ სიტუაციაში: ,,მარად ახსოვს მას დაკრგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა“ ,,სხვათა ბედნიერებათა სოფლისათა უყურე გულგრლად,ამაყად და გრწამდეს,რომ იგი შეურჩენელნი არიან“, -ეს ის სიტყვებია, რომელსაც ტატო მაიკოს რჩევის სახით უტოვებს და რომლითაც თავად ცხოვრობს...მას სჯერა,რომ სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება კარგს არასდროს მოუტანს ადამიანს და ისიც სწამს,რომ არავის არაფერი შერჩენია და არც შერჩება... ჩემ მიერ წაკითხული, აკაკი გელოვანის ნაწარმოებიდან ,,სვეტი ნათლისა“განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო ერთი დეტალი,რომელშიც გამოხატულია დიდი სიყვარულის ძალა,ჩანს ,თუ რას ნიშნავს ანგარებით შეყვარება ,ან თუნდაც გათხოვება... ის, თუ რამდენად ძნელია,როდესაც სხვის გულისცემას მიჰყვები საკუთარის ნაცვლად... ქორწილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კატინა დის პირით სალამს უთვლის ჩვენს მგოსანს და თან ამ ყველაფერთან ერთად პატიებასაც სთხოვს, ამის გამგონე ბარათაშვილი ძალიან გაბრაზდება და პასუხობს,რომ საჩქარო გაემგზავროს თავის ბაბილონში,იქ სადაც მისი ნაბუქოდონოსორი დაკიდულ ბაღებს გაუშენებს და ჩემი ბრალი ნუ იქნება,თუ იმ ბაღებში ბულბულის ნაცვლად ზოგჯერ თუთიყუშნი უგალობენო.მას სჯერა, რომ ბედის შერისხული ბედთან შერიგებას არ აპატიებს.დარწმუნებით ამბობს, რომ მას შეუძლია ჩაიმარხოს უმაკოება სულისა,რწმენა მშვენიერებისა და იმედი განთიადისა,რადგან ეს უკანასკნელი ხომ ყველაზე ბოლოს კვდება...მიუხედავად იმ ტკივილისა,რომელიც ბარათაშვილმა მიიღო თავისი აფროდიტესგან,მაინს საუკეთესოს უსურვებს ცხოვრებაში და მთელი გულით უნდა რომ ბედნიერი იყოს,მაგრამ არ იცის ეს რამდენად ახდება და ამიტომ მაიკოს ეკითხება:იქნება კი? შეიძლება ითქვას, რომ ეკატერინე თავისმა სიამაყემ დაღუპა,ის თავის განცდებს არ წერდა და არც ვინმეს უმხელდა,მაგრამ რასაც სატრფოს ენა და პოეტის კალამი ფარავს,ის არ დაფარა ქალის გულმა,სრულიად ჯანსაღი,ბედნიერ თავადის ასულს გული შეწუხებია საკუთარ ქორწილში.ჩვენ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ რამხელა უბედურება იქნებოდა ასეთი შემთხვევა, ჯერ თვითონ ეკატერინესათვის და შემდეგ, ბარათაშვილისთვის,რომელიც მიხვდებოდა გულის წასვლის ნამდვილ მიზეზს... თუ ყველაფერს კარგად ჩავუკვირდებით, ბარათაშვილის ცხოვრებაში საკუთარ თავს ამოვიცნობთ,მივხვდებით, რომ ჩვენ, სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს კი არა,თეატრში მოთამაშე მსახიობებს ვგავართ...ისეთებს,რომლებიც კი არ ვცხოვრობთ,არამედ ვარსებობთ და ვიღაცა სადღაც წერს და ერთობა ჩვენით...ვიღაცა ტირის და ისიც იმან შექმნა იმიტომ, რომ უნდა ვიტიროთ, ეს ხომ მისი მოვალეობაა...სადღაც მივყავართ და ჯერ არ ვიცით, რა მოხდება,იმიტომ რომ რეჟისორმა ჩვენი წარსული დაწერა და არ დაუწერია, რომ როცა წავალთ,შემდეგ რა მოხდება...მოვა ერთი დღე და რეჟისორს აღარ დავჭირდებით და გაგვაქრობს,მერე ვიღაცას ჩვენი გვამი შეეცოდება,წაიღებს და საფლავში ჩადებს...თუ ამდენი ტანჯვა და ტკივილი უნდა გადაგვხდენოდა თავს,მაშინ რისთვის შეგვქმნა,რისთვის გაგვაჩინა ღმერთმა? ამიტომაც უკვდავები უნდა ყოფილიყნენ მხოლოდ ადამი და ევა,რათა სხვა არავინ ყოფილიყო და მათზე დაეწერა მარტო? ალბათ ამიტომაც მიანიჭა უკვდავება,რომ საწერი ბევრი ჰქონოდა...მაგრამ მერე ვაშლი აჭამა ევას,რათა მოკვდავები გაეხადა და სხვებიც შეექმნა...ზოგს ლამაზად კლავს, ზოგს კი ცხოვრებას უუშნოებს, როგორც ეს ამ შემთხვევაში იყო...რატომ შეაყვარა ბარათაშვილს ეკატერინე , თუ მას სხვა სჭირდებოდა? ალბათ იმიტომ, რომ დაენახა რომ მას სხვაზე მეტად სჭირდებოდა იგი.. რატომ შეაყვარა დედამიწა? იმიტომ რომ მონატრებოდა...რატომ ასწავლა მონატრება? იმიტომ რომ , ალბათ,ასე ძლიერ შეყვარებოდა... ასე იყო და ასე იქნება... ბარათაშვილსაც ასე უნდა უყვარდეს, ენატრებოდეს, იტანჯებოდეს და ცხოვრობდეს, რადგან ,,ერთი დიდი კალამი და დიდი ფურცელია ყველა ადამიანის ცხოვრება,ასეთი გენიოსისი ხომ განსაკუთრებით... სამი რომანტიკოსიდან, ყველაზე ტრაგიკული ხვედრი ღმერთმა ყველაზე ნიჭიერს, გონებამახვილსა და ,,სულით ობოლ“ ადამიანს ნიკოლოზ ბარათაშვილს არგუნა. ხანმოკლე იყო მისი ცხოვრება, მაგრამ სამი სამარე გამოიცვალა: განჯის,დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონი.ის უცხო მიწაზე უპატრონოდ გარდაიცვალა ყველაგან დაუტირებელი,მანამდე კი იყო უბედობითა და მარტოობით სავსე 27 წელი.ტატოს მთელი სიმდიდრე მისი ლექსები იყო. ყოველდღე მტვრიან ქაღალდებით გამოჭედილ კანცელარიაში იჯდა და ისე მუშაობდა. ალბათ ბედის ირონიაა ისიც,რომ როცა განგება ასეთ ნიჭიერებას დააბერტყავს ადამიანს,დროზე ადრე წყვეტს მის სიცოცხლეს,რადგან გენიოსები სიყრმიდანვე ღმერთისეული სცენარის ამოცნობას ლამობენ ხოლმე... ,,მერანში“, ქართული პოეზიის შედევრში,პოეტის უიღბალო დასასრულია ნაწინასწარმეტყველები,მაგრამ მთავარ იმპულსად კი ბიძამისის ტყვედ ჩავარდნა შეიძლება ვიგულისხმოთ.ლექსის ლირიკული გმირი შეუპოვრად მიიისწრაფის უსასრულო თავისუფბებისკენ და ამის გამო, ყველაფერზე თანახმაა.იგი იმდენად დაღლილია მისი ერთფეროვანი ცხოვრებით,რომ მის შეცვლაში ყველაფერს და ყველას დათმობს,კერძოდ კი,მამულს,ნათესავებს,მეგობრებს,მშობლებს და ,,სატრფოსაც“ კი. იმ იმედით,რომ ვარსკვლევებსა და ციურ სხეულებს გაანდობს თავის გულისტკივილს. ბარათაშვილს სჯერა და დარწმუნებულიცაა იმაში.რომ მის მიერ წინ გადადგმული ეს ნაბიჯი უბრალოდ არ ჩაივლის,რომ ამით მომავალ თაობას გზას გაუკვალავს და ახსნის ბედისაგან შეჭედილ ბორკილს.როგორც უკვე აღვნიშნე,ტატომ თავის ნაწარმოებში საკუთარი ბედი იწინასწრმეტყველა,ნამდვილად ასეა... აბა, კარგად ჩავუკვირდეთ და მივხვდებით,რომ ის სიტყვები,რომელიც მან ,,მერანში“გააჟღერა: ,,ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“ ნამდვილად ახდა,ვერც სამარეში მოისვენა მარად ნეტარმა მგოსანმა,რაც კიდევ ერთი უბედურებათაგანია მისი ცხოვრებისა. პირველი დაკრძალვა 1845 წლის 9 ოქტომბერს მოხდა განჯაში, მეორე-1893 წლის 25 აპრილს,როდესაც პოეტის ნეშტი განჯიდან თბილიში ჩამოასვენეს... ის ნამდვილად ჰგავდა წმინდანის ნეშტის გადმოსვენებას.სადგურში ხალხი თურმე მუხლს იყრიდა მისი ნეშტის წინაშე,პირველად კი ილია,აკაკი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.ხალხმა ეს ყველაფერი იმდენად განიცადა,რომ შავებით იგლოვეს და არ გაიხადეს,როგორც ახლობლებმა,ნათესავებმა,ასევე სულ უცნობებმაც კი. სიტყვით გამოსვლაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მისი თანამედროვეები და გულისტკივილით აღიარებდნენ, რომ ,,ბარათაშვილი იყო კარგი მთქმელი,მაგრამ ჩვენ არ ვიყავით კარგი გამგონნიო“. ყველაზე მეტად საპროგრამო კი აკაკი წერეთლის სიტყვა გახლდათ,რომელშიც იგი მწარე სიტყვებით გამოხატავს გყლსტკივილს სიკვდილთან დაკავშირებით და საყვედურობს კიდევ თანამედროვეებს,რომლებმაც სიცოცხლეში არ დააფასეს, წინ ეღობებოდნენ და თავიანთი დაუფიქრებელი მოქმედებებით ტანჯავდნენ მოღვაწეებს. ამ ყველაფრიდან გადის 45 წელი... ,,დიდუბის პანთეონი“კვლავ ხალხითაა გაჭედილი,მწერლებს დღეს უკვე მთაწმინდის აღმართზე ხელით აჰყავს ის, ვინც ოდესღაც ასე მსუბუქად, თავისი ფეხით ადიოდა და მთელ ღამეებს რომანტიკული სულისკვეთებით ატარებდა. ვინ იცის, რამდენჯერ უტეხია ღამე,თავისი ბედითა თუ უბედობით დათრგუნულს! ამიერიდან ის უკვდავებას ეკუთვნის,აიხდინა თავისი იმედები ციურ და მიღმა სამყაროსთან დაკავშირებით,დღეს უკვე თავზე დასციმციმებს ნათელი უკვდავებისა,შუქვარსკვლავი! ცის ნათელი ეფინება სამივე სამარეს.მთაწმინდა-ეს კი ბოლოს ხსენებული სამუდამო სამარეა მგოსნისა,ვისაც ასე ძლიერ უყვარდა მთაწმინდის მიწა,ცა.ჰაერი, უყვარდა და ამ ყველაფრით ცხოვრობდა კიდეც! აქ განისვენებს ჩვენი ბრძენი მესიდუმლე, ჩვენი გაუხარებელი მგოსანი-ტატო ბარათაშვილი! ჩვენი ხალხის დარდი და დიდება,პიროვნება,რომლის იმედიც მუდამ ჰქონდათ და რომელმაც ისე თუ ასე, მაინც დასძლია ის ყველა პრობლემა, რომელიც არსებობდა მის გარშემო და მზიანი დილა გაგვითენა... დავით გურამიშვილის უკვდავი სტრიქონები მახსენდება: ,,მე უბედური ვიყავ იმიტომ,რომ ჩემი ქვეყანა იყო უბედური“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედიც და უბედობაც საყვარელ მამულს უკვშირდება.თავისუფლება ისეთი მონაპოვარია,რომელიც მსხვერპლად არც არავის და არც არაფერს უნდა შეეწიროს.რომანტიკოს პოეტს კი ესმის ბორკილდადებილი სამშობლოს ურვა და ბედნიერებაც სანთლით საძებნელი გახდომია...ბედიც და უბედობაც ერთგულ მგზავრად ადევნებია და ,,მერნის“დაუცხრომელი ჭენებით მიარღვევს სივრცეს იქ, მიღმა სამყაროში, სადაც უწერია მის ოცნებებს განხორციელებa, იმედებს გაღვიძება, სურვილის ახდენა...
No comments:
Post a Comment