Friday, February 22, 2013

ექვთიმე-განძის მცველი,მკვლევარი,მეცნიერი,არქეოლოგი,ისტორიკოსი,ერის გუშაგი


ექვთიმე თაყაიშვილი ერთხანს პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ლევილის მამულში. ამავე დროს, იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის, რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდი"- თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "გეორგიცა" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ საქართველოს განძის თუნდაც მცირე ნაწილი. ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი.

ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე. მართალია, ობოლენსკაიამ ვერ მიიღო უფლება დადიანების განძზე, მაგრამ იგი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: ხსენებულ წელს გაუქმდა საფრანგეთში საქართველოს საელჩო და მის ნაცვლად შეიქმნა "ქართული ოფისი". განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია საფრანგეთის მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი განძის საქართველოში დაბრუნება. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ - ელჩს საფრანგეთში . ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე იგი აქტიურად თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აქვეყნებდა სამეცნიერო ნაშრომებს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. 1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად, 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით "ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ". მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.


No comments:

Post a Comment